„ქვეყანა ერთი დიდი რეალითი-შოუა“
პოლიტიკურ ასპარეზზე ახალი დისკუსიის საგანი გახდა მიხეილ ყაველაშვილი გადაწყვეტილება, რომლითაც პარტია "ლელო საქართველოსთვის" ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეიწყალა. მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, ეს ნაბიჯი გადაიდგა იმისათვის, რომ "არავის დარჩეს იმის თქმის საბაბიც კი, თითქოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეზღუდული კონკურენტუნარიანობის პირობებში ტარდება". თუმცა ოპოზიციურ ველზე უკვე გაჩნდა კითხვები: იყო ეს მხოლოდ კონკურენტული არჩევნების გარანტიისთვის მიღებული გადაწყვეტილება თუ უფრო ფართო პოლიტიკური გათვლის ნაწილი? როგორ იმოქმედებს შეწყალება "ლელოს" პოზიციებზე, რა გზავნილს ატარებს ეს ნაბიჯი ხელისუფლებისა და ოპოზიციის ურთიერთობაში, როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები 4 ოქტომბერს და როგორ საქართველოში გავიღვიძებთ 5 ოქტომბერს? - ამ თემებზე ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საკუთარ ვერსიებს გვთავაზობს.
- "ქართული ოცნების" ეს ნაბიჯები პროგნოზირებადი იყო. ხელისუფლება ცდილობს ოპოზიციური ველი დაშლილი და ერთმანეთთან დაპირისპირებული იყოს. ასეთ ვითარებაში ყველა მხარე საკუთარ ბენეფიტს ეძებს, ხოლო მმართველი ძალა სარგებლობს შექმნილი ქაოსით. ოპოზიციის ნაწილს არ უნდა სჭირდებოდეს იმის ახსნა, რომ "ოცნებასა" და "ლელოს" შორის გარიგება არარეალურია, თუნდაც იმიტომ, რომ ივანიშვილს ისედაც შეუძლია სიტუაციის იმდაგვარად მოდიფიცირება, რომ ყველა მის სასარგებლოდ მოქმედებდეს. რაში სჭირდება ვინმესთან გარიგება და ზედმეტი პასუხისმგებლობის აღება?
- ეს ვერსია ციხიდან გამოსვლისას მამუკა ხაზარაძემაც განავრცო. მისი თქმით, "ქართულმა ოცნებამ" სწორედ იმიტომ გაათავისუფლა, რომ "ლელოს" დისკრედიტაცია მოეხდინა და ოპოზიციაში დაბნეულობა გამოეწვია. თუმცა ფედერალისტმა თამარ ჩერგოლეიშვილმა ასე უპასუხა: "რატომ უნდა უნდოდეს ივანიშვილს ოპოზიციის დისკრედიტაცია, როდესაც ოპოზიცია ისედაც დისკრედიტებულია?"
- პროპაგანდაში არსებობს სიტუაციის გაბუნდოვნების მეთოდი, ამის მაგალითია სინდისის პატიმრების შემთხვევა: ერთი გაათავისუფლეს, მეორეს 2 წელი მისცეს, მესამეს - 8 თვე და ა.შ. რატომ? იმიტომ, რომ სხვადასხვა ტიპის გადაწყვეტილებების გამო მსჯელობა უფრო რთულდება. ვეღარ ვიტყვით ცალსახად, რომ მხოლოდ ტირანული გადაწყვეტილებები მიიღება, რადგან იმავე დროს ვიღაცას ათავისუფლებენ. ამგვარი გაბუნდოვნება ოპოზიციისთვის გამოიყენება: ერთს ტოვებენ ციხეში, მეორეს აპატიებენ. შედეგად, საზოგადოებაში ჩნდება განცდა, თითქოს სიტუაცია არც ისეთი ერთმნიშვნელოვანია. ხომ ნახეთ, რა თქვა ყაველაშვილმა, ხაზარაძის და ჯაფარიძის შეწყალების გადაწყვეტილება იმიტომ მივიღე, რომ არავის დარჩეს იმის თქმის საბაბი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეზღუდული კონკურენტუნარიანობის პირობებში ტარდებაო. ეს არგუმენტი შესაძლოა ბევრისთვის არ იყოს დამაჯერებელი, მაგრამ ხელისუფლებისთვის ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, მათ თქვეს და მორჩა, დგანან ახლა და უყურებენ სეირს ოპოზიციაში: როგორ ადანაშაულებენ ერთმანეთს შეთქმულებებში და ამით კიდევ უფრო დისკრედიტდებიან.
- თქვენი შეფასებით, რამდენად რეალური შეიძლება იყოს პრემიერ ირაკლი კობახიძის განაცხადი იმის თაობაზე, რომ "ოცნების" რეიტინგი ბევრად აღემატება საპარლამენტო არჩევნების წინ დაფიქსირებულ რეიტინგს და შესაბამისად, თუ წინა შემთხვევაში 54,5% მიიღეს, ახლა მიიღებენ 60%-ზე მეტს"?
- არ არის გამორიცხული რეალური იყოს, იმიტომ, რომ დღეს არსებული დაპირისპირებისა და ურთიერთბრალდებების შედეგად, თუკი ოპოზიციაში ვინმე რაიმე პერსპექტივას ინარჩუნებდა, ისიც კარგავს სახეს. როგორც გლეხს არ სურს ყანაში სარეველას გაზრდა და წინასწარ მარგლავს, ზუსტად ამ პრინციპით მოქმედებს ხელისუფლება - როგორც კი თეორიული რისკი იჩენს თავს, მაშინვე ანეიტრალებს. პროპაგანდის ამ სტრატეგიის კიდევ უფრო ეფექტიანობას ხელს უწყობს ოპოზიცია. უფრო მეტიც, თვითონ ასრულებს "ქართული ოცნების" სამუშაოს. სამწუხაროა, რომ ოპოზიციის ლიდერებმა ვერ ისწავლეს ერთმანეთის განსხვავებული სტრატეგიების პატივისცემა. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ოპოზიციური გაერთიანება სინამდვილეში ბლეფია. ამ დროს "ქართული ოცნება" დგას და "ამღვრეულ წყალში თევზს იჭერს". ხელისუფლება ცდილობს დაარწმუნოს საზოგადოება, რომ ოპოზიცია მასზე უარესია. ამ გზავნილს ევროკავშირსა და დასავლელ პარტნიორებსაც აწვდის. ახლა "ქართული ოცნება" ცდილობს აჩვენოს, თითქოს ევროკავშირი და ჩვენი პარტნიორები ყველაფერს მარტივად იღებენ, მაგრამ სინამდვილეში ისინი ამას, რა თქმა უნდა, არ მიიღებენ. მათ შესანიშნავად იციან, რომ მმართველი გუნდი ყველაფერს აკეთებს ძალაუფლების გასახანგრძლივებლად საკუთარი კომფორტისა და "ტკბობისათვის"...
შეიძლება არჩევნებამდე კიდევ ვინმე გამოუშვან, მაგრამ შეიძლება არც გააკეთონ. ძალაუფლება უკვე იმდენად მტკიცედ აქვთ ხელში, რომ ასეთი ნაბიჯი დიდად აღარაფერს ცვლის. მთავრობა ოპოზიციას ისე ექცევა, როგორც კატა ეთამაშება თაგვს - თითქოს თავისუფლებას აძლევს, მაგრამ ბოლოს მაინც თავის ნებაზე აცეკვებს. ზოგადად, "ქართული ოცნების" ქმედებები პოლიტიკურ ლოგიკას იშვიათად ეფუძნება. უფრო ხშირად მათ უკან დგას კონკრეტული პირების შიში, პირადი განწყობები ან ირონია. ხანდახან მეც ვბრაზდები საკუთარ თავზე, როდესაც ვცდილობ მათ გადაწყვეტილებებს პოლიტიკური ახსნა და ლოგიკა ვუპოვო. სინამდვილეში საქმე გვაქვს ერთის ან რამდენიმე კონკრეტული პირის პირად ემოციებთან, შიშთან, ირონიასთან ან აზარტთან. მგონი, ახლაც სწორედ ასეთ ირონიულ გადაწყვეტილებასთან გვაქვს საქმე. სულაც არ გამოვრიცხავ, რომ რამდენიმე ადამიანმა თქვა: "მოდი, ციხიდან გამოვუშვათ ჯაფარიძე და ხაზარაძე და ვნახოთ, როგორ ეჩხუბებიან ოპოზიციაში". დიახ, ქვეყანა ერთი დიდი რეალითი-შოუა. თუ ადრე მონარქები გლადიატორების ბრძოლებით ერთობოდნენ, ახლა ტოტალიტარული ძალა პოლიტიკოსებით ერთობა.
- ხაზარაძემ და ჯაფარიძემ განაცხადეს, რომ დისკრედიტაციის მიუხედავად, მაინც არ შეცვლიან არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილებას. როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორი სტრატეგია აირჩიეს?
- ჩემი და თქვენი პრიორიტეტები შეიძლება გზის სისწორეში ემთხვეოდეს, მაგრამ პოლიტიკური აქტორების მიზნები სულ სხვაა. მართლაც საინტერესოა, რატომ შეიძლება იყოს ახლა მომგებიანი ხაზარაძისთვის, ჯაფარიძისა და გახარიასთვის არჩევნებში მონაწილეობა. გულუბრყვილობაა იმაზე ფიქრი, რომ ისინი თვითმმართველობის არჩევნებს იმდენად მნიშვნელოვან მოვლენად თვლიან, რომ მთელ თავიანთ ძალას სწორედ ამაში დახარჯავენ, ან ამ არჩევნების მოგების იმედი ჰქონდეთ. ვფიქრობ, სულ სხვა გათვლა აქვთ. თვითმმართველობის არჩევნები ასეთ დაპირისპირებაში შესვლად ხომ უნდა ღირდეს, მით უფრო მაშინ, როცა საინფორმაციო ბრძოლა ამ ველზე უკვე წაგებული აქვთ? ამიტომ ვფიქრობ, რომ სულ სხვა მიზანი აქვთ, რომელსაც არ ამბობენ. რა შეიძლება იყოს ეს? ზუსტად ვერავინ იტყვის, მაგრამ ჩემი ვარაუდი ასეთია: ისინი ახლა ყურადღებას ამახვილებენ არა იმდენად თვითმმართველობის არჩევნების მოგებაზე, არამედ მომავალში ოპოზიციის სტატუსის მოპოვებაზე. თუ რეალურად ფიქრობენ, რომ "ქართულმა ოცნებამ" შეიძლება მართლა კანონით აკრძალოს ე.წ. კოლექტიური "ნაცმოძრაობა" (და მათგან გამორიცხული მართლაც არაფერია), მაშინ "ლელო" და გახარიას პარტია თავისთავად აღმოჩნდებიან კანონით დაშვებულ სივრცეში, ხელისუფლების ერთადერთ ალტერნატივად მანამდე, სანამ ახალი პოლიტიკური ძალა გამოჩნდება. სხვა ახსნას ვერ ვპოულობ. ხაზარაძე და გახარია, ალბათ, ფიქრობენ, რომ სულ რამდენიმე თვეში ბოიკოტისტები საბოლოოდ გამარგინალდებიან, ან კანონით აიკრძალებიან და ოპოზიციური ელექტორატი იძულებული გახდება ვიღაცას მაინც დაუჭიროს მხარი ხელისუფლების წინააღმდეგ. თუ ასეა, გასაგებია, რატომ არ ცვლიან არჩევანს და რატომ იტანენ ამდენ ტალახსა და შეურაცხყოფას. თუ ასე არ არის, მაშინ გამოდის, საერთოდ არა აქვთ პოლიტიკური მიზანი. აბა, მე ვერაფრით დავიჯერებ, რომ ამ ყველაფრის ფონზე მათ მართლა სჯერათ თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვება.
- როგორ აფასებთ ხაბეიშვილისა და ბურჭულაძის რესურსებს გახარიასა და ხაზარაძის საპირწონედ, რა გამოუვათ 4 ოქტომბერს?
- სხვათა შორის, 4 ოქტომბრის იდეა ყველაზე ლოგიკურია ყველა დანარჩენთან შედარებით. თუ არჩევნებს პროტესტს უცხადებ, თუ ბოიკოტის რეჟიმში ხარ, თუ ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე უარს ამბობ და თუ არჩევნების სამართლიანობას არ ენდობი, მაშინ ორი გზა რჩება: ან შენი პროტესტი უნდა იქცეს ზეწოლად, ან უნდა მიმართო ბევრად მძლავრ ძალისხმევას. ჩვენ უკვე ვნახეთ საქართველოში მასშტაბური გამოსვლები და ისიც, რომ პროტესტმა ზეწოლა ვერ მოახდინა ხელისუფლებაზე. იმისთვის, რომ პროტესტმა ხელისუფლებაზე რეალური გავლენა მოახდინოს, ხელისუფლებაში უნდა იყოს ლიდერი, რომელსაც დემოკრატიული ღირებულებები, სახელი და პრესტიჟი მაინც აღელვებს. ჩვენს შემთხვევაში "ქართული ოცნება" ასეთი საკითხებით არ არის შეწუხებული. საკუთარი მხარდამჭერების წინაშეც კი პასუხისმგებლობას არ გრძნობს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რჩება მხოლოდ ერთი რამ - უფრო მძლავრი ძალისხმევა და სწორედ 4 ოქტომბერი ყველაზე ახლოსაა ქმედებების ლოგიკასთან. თუმცა ამას დიდი რისკიც ახლავს. ასეთ დროს გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს ლიდერების არსებობა. გავიხსენოთ ოთხმოციანების ბოლო: ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა - განსაკუთრებული ადამიანები, რომლებსაც განსაკუთრებული ხედვა ჰქონდათ. მიუხედავად იმისა, მაშინდელი ხელისუფლება ყველა გზით ცდილობდა მათ განადგურებას, მათ იდეური ძალა არ დაუკარგავთ. შემდეგ იყო ზურაბ ჟვანია, ნინო ბურჯანაძე, რომლებიც ასევე გამოირჩეოდნენ ძლიერი იდეოლოგიითა და რესურსებით. ახლა საკითხავია, ექნებათ ასეთივე შესაძლებლობები ლევან ხაბეიშვილსა და პაატა ბურჭულაძეს? თვითონაც კარგად იციან, რომ ასეთი მასშტაბის ლიდერული რესურსი ნაკლებად აქვთ, ამიტომ უფრო მოქალაქეობრივ თვითორგანიზებაზე აკეთებენ აქცენტს, ეს კი ცალკე რისკის მატარებელია. დიახ, მოქალაქეს შეიძლება ჰქონდეს საკუთარი სიმართლის წილი, მაგრამ მაინც მკვეთრად არიან დამოკიდებული ლიდერებზე. თუ 4 ოქტომბერი იქცევა ისეთ რიგით აქციად, როგორიც რამდენიმე თვის წინ იყო, როდესაც ხელისუფლება მშვიდობიან მომიტინგეებთან დესტრუქციაში შევიდა, და თუ ეს ისევ დაძაბულობის კერად დარჩება, რომელიც ბოლოს უშედეგოდ დასრულდება, მაშინ მივიღებთ მხოლოდ იმედგაცრუებულ ამომრჩეველს და კიდევ ერთხელ დაპატიმრებულ პოლიტიკურ ლიდერებს. ამიტომ ეს ყველაფერი მოითხოვს დიდ გონიერებასა და გააზრებულობას.
ხათუნა ბახტურიძე