მეგრული, კავკასიური და ალპური თხები ზემო თელეთში - კვირის პალიტრა

მეგრული, კავკასიური და ალპური თხები ზემო თელეთში

თხა წყვილჩლიქოსანი მცოხნავი ცხოველია. შინაური თხის წინაპარია გარეული თხის ორი სახეობა - ნიამორი და რქახრახნილი თხა. ის ადვილად ეგუება სხვადასხვა ბუნებრივ გარემოს, რის გამოც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაშია მოშენებული. იძლევა რძეს, ხორცს, ბეწვს (მატყლს), ცოცხლობს 9-10 წელიწადს. მისი სამეურნეო გამოყენების საშუალო ვადა 7-8 წელიწადია. ეს არის ძალიან ზოგადი ინფორმაცია ამ შინაური ცხოველის შესახებ. 81 წლის ფერმერი ჯემალ მერაბიშვილი­ უფრო ვრცლად მოგვიყვება, როგორ დაიწყო თხების მოშენება და რა ადგილი დაიკავა ამ შინაურმა ცხოველმა შემდეგ მის საქმიანობაში.

ჯემალ მერაბიშვილი: - მშენებელ-ინჟინერი ვიყავი და სსრ კავშირის დაშლამდე ვიმუშავე. არსად წავსულვარ, ჩემს სამშობლოსა და ოჯახს ვემსახურე. 3 შვილი, 8 შვილიშვილი, 5 შვილთაშვილი მყავს და 5-ს კიდევ ველოდები. ჩემი შთამომავლები­ ექიმები და იურისტები არიან. მეუღლე, სამწუხაროდ, დამეღუპა...

ბიძა მყავდა, დეიდის ქმარი, რომელმაც მითხრა, თხები შეიძინე, დრო მოვა, თხის ნაწარმს ფასი დაედებაო. დავუჯერე და 1995 წლის შემდეგ თხები მყავს. ზემო თელეთში ვცხოვრობ, აქაური ვარ. თავიდან 150 სული თხა გადმოვიყვანე აზერბაიჯანიდან, მაშინ აქ საძოვარი საკმარისად იყო. მერე მინდვრები ჩამოგვაჭრეს, არადა, კარგი ადგილები იყო თხების საბალახოდ. ახლა დაახლოებით 40-50-მდე თხა მყავს.

74bc8767-6542-43e5-a6cb-355e85fdbd94-1757265226.jpg

- ბოლო დროს მოთხოვნა თხასა და თხის პროდუქტზე ხომ არ შემცირდა?

- შემცირდა - თხისა და თხის ყველის გასაღება შემცირდა. არადა, რიგები მქონდა. ბავშვებისთვის მიჰქონდათ, ავადმყოფებისთვის, ბრონქული ასთმიანებისთვის... მომხმარებელი ნელ-ნელა შეცოტავდა. ამიტომ თხების რაოდენობა მეც ცოტათი შევათხელე.

- როგორც ვიცი, გყავთ მეგრული, კავკასიური, ალპური თხები.

- თეთრები სულ ალპურია. თავის დროზე სამი დედალი თელავში ვიყიდე და მათგან გამრავლდნენ, მეტი მომხმარებელი ჰყავს და მეტადაც ვყიდი, მისი ფასი ცოტა კი დაეცა. ხომ ვამბობ, სხვა წლებთან­ შედარებით ვეღარც რძეს ყიდულობენ ისე ხშირად და ვეღარც ციკანს. ამ დროს ციკანი აღარ მყავდა ხოლმე, ყოველ გაზაფხულზე 20-30-ს ვყიდდი. ახლა კი 7 ციკანი მყავს გასაყიდი.

- ალპური თხა რით განსხვავდება მეგ­რულისგან?

- მეგრულს წონა მეტი აქვს, დიდი იზრდება. ხორცი საშუალოდ 30 კილოგრამი გამოდის, ცოცხალი წონა კი 45-50 კილოგრამია. განსხვავება­ ეგ არის. სამ ლიტრამდე იწველიან. ტყუპზე ნაკლებს არ მშობიარობენ, სამიც მოუგიათ.

თხა ნაშიერს მუცლით 5 თვეს ატარებს და მერე მშობიარობს. მაკეობიდან 2 თვეში­ გაშრობაზე გადამყავს. დღეგამოშვებით­ ვწველი, რომ რძის კაპილარები არ დაუზიანდეს. მერე გაშრობიდან 3-4,5 თვეში მშობიარობენ.

ალპური საუკეთესო ჯიშია, ძალიან ჭკვიანი, ეგენიც ტყუპს იგებენ, მაგრამ ცოტა თხელი რძე აქვთ. მეგრულისა და კავკასიურის 5 ლიტრი რძიდან 1,1-1,2 კილოგრამი ყველი ამოდის. ცხიმიანი რძე აქვთ. ახალშედედებული მაწვნის ქილა რომ ამოატ­რიალო, არ დაიღვრება. კარგი მაწონი გამოდის. მოკლედ, ალპური ბევრს იწველება, მაგრამ თხელი რძე აქვს, ყველიც მისი რძისგან ნაკლები გამოდის, უბრალოდ, სახელი აქვს და თან ლამაზია და ესაა. კავკასიური ბევრად ჯობს.

7fea768c-076c-4cc1-99e6-481f6ec3e98d-1-1757265226.jpg

- თხა როგორი მოსავლელ-შესანახია?

- დამიჯერეთ, თხაზე ადვილი შესანახი არაფერია, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ იშრომებ. ცალ-ცალკე არ დადიან, თუ სადმე ერთი თხა მიდის, 100 სულიც რომ იყოს, იმ ერთ თხას მიჰყვება.

- ბაგურ კვებაზე არ გყავთ?

- მხოლოდ მაშინ, როცა თოვლი ან წვიმაა. წელიწადში ლამის 300 დღეს ბალა­ხობენ. დამატებით საკვებად თივასა და ქერს ვაძლევ. ამ დროს წყალი უწყვეტად უნდა ჰქონდეთ, რაკი ხმელ ბალახს - თივას და ქერს ჭამენ. ორი აბაზანა მაქვს და ისინი წყლით მუდმივად სავსეა.

- დედა თხა ზრუნავს ციკნებზე?

- რომ მოიგებს, ციკანთან ახლოს არ მიგიშვებს. თვითონვე აიყვანს, ძუძუს მოაწოვებს, სიარულს ასწავლის... ძალიან მზრუნველი დედაა.

- როცა მოიყვანეთ, იცოდით მათი მოვლა?­

- არა. როგორც გითხარით, ბიძამ მირჩია შეძენა, კომუნისტების დროს თვითონ 3000 სული ცხვარი ჰყავდა, თან ფერმის გამგე იყო და კიდევ ასეულობით სულს ფერმაშიც უვლიდა. იმან მასწავლა ყველაფერი. ამ საქმეს ალღო თავიდანვე ავუღე - წველა ვისწავლე და მათთან ერთად­ სიარული, როცა ვაბალახებდი. გაყოლა დიდად არ უნდათ, რადგან ჭკვიანები არიან, მაგრამ მაინც დავდევ. ძაღლებია გამრავლებული ან რამე საფრთხეს რომ არ გადაეყარონ... ახლა რადგან შედარებით ცოტა მყავს, დამხმარე არ მჭირდება,­ ადრე, 150-ს რომ ვინახავდი, დამხმარე მყავდა. მწველავებიც და მწყემსიც, იორმუღანლოელი აზერბაიჯანელები იყვნენ.

- თხის რძისგან პროდუქტების მიღება მალე დაიწყეთ?

- კი, მაშინვე. უმაღლეს დონეზე ვაკეთებ ყველს, უკვე ვიცი დოზა, რა ტემპერატურაზე უნდა დავუმატო ყველის დედა, 40 წუთს უნდა გავაჩერო, მერე ჩავჭრა, ჩაჭრილი 15 წუთი გავაჩერო, რომ ყველის შრატი დაბლა წავიდეს. შემდეგ ცეცხლზე უნდა დაიდგას. ცეცხლზე დადგმის შემდეგ 5 წუთში ვაგროვებ ყველის მასას და თავები ამომყავს. შრატისგან ნადუღს ვაკეთებ, რაც შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის არის კარგი. ნადუღი ამის გამო მიჰქონდათ, მაგაში ფული არასდროს ამიღია. მხოლოდ ყველსა და რძეს ვყიდდი.

ადრე რძეს ავადმყოფებისთვის, ჩვილი ბავშვებისთვის ყიდულობდნენ. ყიდულობდნენ ფილტვის პრობლემების მქონეები, ასთმიანები.

თავიდან 3-5 ლარად ვყიდდი, ბოლო სამი წელია 10 ლარი გახდა.

- კავკასიურზე თითქმის არაფერი გვითქვამს...­

- თავიდან კავკასიური შევიძინე­, ადრევე მსმენოდა, ალპურს ბევრი მკურნალობა, აცრები, სხვადასხვა რამ სჭირდებაო. ამიტომ არ ვყიდულობდი. კავკასიური შესანახად ბევრად ჯობს, მეტად გემრიელი ხორცი, ყველი და რძე აქვს... უპრობლემოა.

3e1ab6ff-ee66-42e4-9312-fa6182e3e9db-1757265225.jpg

- აცრა მხოლოდ ალპურს სჭირდება?

- მარტო ალპურს. კავკასიური და მეგ­რული 13 თვეში ერთხელ მხოლოდ ჭიაზე უნდა დამუშავდეს... მეტი არაფერი უნდა. ჯანზეც მოდის, მადიანადაც ჭამს და არაფერი აწუხებს. სულ ახალგაზრდა თხები მყავს, ბებრის შენახვა არ არის სასურველი...

- თქვენთან საუბრის შემდეგ ვხვდები, რომ ეს პირუტყვი ძალიან გიყვართ და მათ მოშენებას სხვებსაც ურჩევდით?

- რა თქმა უნდა. საქართველოში თხა ძალიან დაცოტავდა, ამიტომ შეიძინონ და გაამრავლონ. ჯერ ერთი, ჯანმრთელობისთვის მისი პროდუქტი, ხომ ვთქვი, რომ სასარგებლოა. ამხელა კაცი ვარ და ჯანმრთელობას არ ვუჩივი, არც მხედველობა მიჭირს. დილით ერთი ჭიქა თხის რძე რომ არ დავლიო, არ გამოვა. იმუნიტეტსაც აძლიერებს, თხის მაწონი კიდევ ამ ცხელ ზაფხულში გადასარევია. ხორცი ხომ არის და არის, ყველი კიდევ უკეთესი. ჩაიზე თხის ყველსა და პურსაც გეახლებით. ჩემთვის ეს ყველაფერი საკვებიცაა და წამალიც...

მოკლედ, ყველას ვურჩევ, შეიძინონ თხა, გაამრავლონ. ნუ დააცოტავებენ საქართველოში ამ კარგ ცხოველს. ბევრს რომ ეყოლება, 10 ლარი აღარ იქნება ერთი ლიტრი თხის რძე. მერე 5-6 ლარად გაყიდიან. ბევრი ჰქონდეთ და ხალხს ასარგებლონ.

რომ იცოდეთ, ამისთანა ხორცი არც ერთ ცხოველს არა აქვს. ბევრი რამ მაქვს თხაზე წაკითხული. მისი ხორცი და რძე 85 სახის სასარგებლო ელემენტს შეიცავს, რაც არაერთი ცნობილი წამლის შემადგენლობაშია. ამასთან, მათი მოვლიდან და მოშენებიდან გამომდინარე ამხელა პრაქტიკა მაქვს წლების განმავლობაში დაგროვებული და ამიტომაც ვამბობ, რომ ეს ყველაფერი ნამდვილად ასეა. თხა გაზაფხულიდან ათასნაირი სახეობის ბალახს, მინდვრის ყვავილს, მათ შორის სამკურნალოს ჭამს... მოკლედ, მოვამრავლოთ თხები.