„მსგავსი სამიტები პუტინის პოზიციებს, რა თქმა უნდა, განამტკიცებს“
"შანხაის თანამშრომლობის" 25-ე სამიტზე სი ძინპინმა ოფიციალურად დააანონსა განვითარების ბანკის დაფუძნება. გეგმაშია, რომ 2026-2029 წლებში კონსორციუმს 10 მილიარდი იუანის სესხები მიაწოდოს ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკულ პროექტებში დასაბანდებლად. ამასთან, სი ძინპინმა წამოაყენა ინიციატივა, რომელსაც "ელექტროიუანი" უწოდა - ანუ ეს არის ცდა, რომ ენერგეტიკული გარიგებებისა და საერთაშორისო ტრანზაქციების ნაწილი სწორედ იუანით განხორციელდეს, განსაკუთრებით ცენტრალურ აზიაში. ეს იდეა მკაფიოდ მიანიშნებს დოლარის დომინანტობის შემცირებასა და ჩინეთის მონეტარული ძალაუფლების ზრდაზე.
ამ ყველაფერს აშკარად აქვს დადებითი მხარე აზიისთვის, რადგან რეგიონისთვის იხსნება ახალი საინვესტიციო არხები, ფინანსური ავტონომია ძლიერდება და მონეტარული მრავალფეროვნება ახალ შესაძლებლობებს ქმნის. თუმცა გამოწვევაც ბევრია. უცნობია, რამდენად გამჭვირვალე და ეფექტური იქნება ბანკის მართვა და ხომ არ გადაიქცევა ეს ჩინეთის პოლიტიკური გავლენის ინსტრუმენტად. ბევრ წევრ ქვეყანას აშფოთებს ეს პერსპექტივა, რადგან შეიძლება ადგილობრივი სუვერენიტეტი კიდევ უფრო დაიჩრდილოს და შესაბამისად, ამას თავად ორგანიზაციაშიც არა ჰყავს აქტიური მხარდამჭერები. სხვა და გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხია, ყოველივე ეს როგორ იმოქმედებს დასავლეთის ინტერესებზე... ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი ის იყო, რომ ამ სამიტზე და შემდეგ დღეებში ცალსახად გამოიკვეთა ჩინეთ-რუსეთის პარტნიორობა, როგორც სტრატეგიული ღერძისა. ეს აჩვენებდა, რომ ორი ქვეყანა საკუთარ თავს წარმოაჩენს დასავლეთის პარალელურ ბალანსად... საერთო ჯამში, ამ სამიტმა ცხადყო, რომ "შანხაის ორგანიზაცია" გრძელვადიან გეგმებს აწყობს სხვადასხვა მიმართულებით, სადაც მთავარი ღერძია ახალი საერთაშორისო წესრიგი, თავისი პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების ფაქტორებით. თუმცა, მეორე მხრივ, ყველაფერი მაინც კითხვის ქვეშ დგას და, ალბათ, დამოკიდებული იქნება, თუ რა პასუხს გასცემს ამას დასავლეთი. ამ საკითხებზე საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორს, იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის მკვლევარ ბიძინა ლებანიძეს ვესაუბრებით.
- საკითხი, რაზეც ფოკუსირდებოდნენ ექსპერტები, იყო ინდოეთის როლი. ჩინეთთან ინდოეთს დიდი ხანია დაძაბული ურთიერთობა აქვს და ინდოეთის პრემიერი რომ ჩინეთში ჩავიდა, იყო კითხვები, ხომ არ ჩაეყრებოდა საფუძველი ახალ, ალტერნატიულ ბლოკს რუსეთის, ჩინეთისა და ინდოეთის მონაწილეობით, რასაც შეუერთდებიან ე.წ. გლობალური სამხრეთის სხვა სახელმწიფოები. ეს დაახლოებით "ბრიკსის" მცდელობებს ჰგავს, რომ შექმნან დასავლეთის ალტერნატიული ბლოკი, მაგრამ თვითონ "ბრიკსშიც" და "შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაშიც" წევრებს შორის სხვადასხვა საკითხზე უთანხმოებაა. ამერიკამ 50%-იანი ტარიფი დაუწესა ინდოეთს იმპორტზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ინდოეთი მთლიანად შეიცვლის კურსს და ჩამოშორდება ამერიკას, შევა ალტერნატიულ ბლოკში, სადაც ჩინეთი, რუსეთი და ინდოეთი ერთად წავლენ ამერიკის წინააღმდეგ. ინდოეთს სურს ბალანსირება, რათა მაქსიმალურად დაიცვას თავისი ინტერესები და მიიღოს მაქსიმალური სარგებელი. პრინციპში, ეს იყო ინდოეთის პოლიტიკა "ცივი ომის" დროსაც. ის მიუმხრობელი მოძრაობის ლიდერი იყო და დღესაც იმავეს ცდილობს. იგივე ითქმის სხვა ქვეყნებზეც, ვინც ამ შეხვედრაში მონაწილეობდა.
- სი ძინპინმა ახსენა რამდენიმე საკითხი, რისთვისაც, მისი თქმით, ეს შეხვედრა გაიმართა. კერძოდ, ეს იყო ჰეგემონიის, ბულინგისა და "ცივი ომის" მენტალიტეტის წინააღმდეგ ზომების მიღება. ამ სამი საკითხის კომბინაცია ჩინეთის პოლიტიკაში რა ბერკეტებს აჩენს?
- ჩინეთი ყველაზე მეტად არის დაინტერესებული ამერიკის წინააღმდეგ ბლოკის შექმნით. ამიტომ იყენებს ამ დისკურსებს - ამერიკული ჰეგემონია, დასავლური ჰეგემონიის წინააღმდეგ ბრძოლა და ა.შ., რაც პოპულარულია გლობალური სამხრეთის ქვეყნებში, ანუ იმ ნაწილში, რომელიც არ ეკუთვნის დასავლეთს. ასევე, პოპულარულია დასავლური ეკონომიკის დომინანტობის წინააღმდეგ ბრძოლა და ამიტომაც იყო ლაპარაკი შანხაის დამოუკიდებელი ბანკის შექმნის შესახებ, რომელიც იქნება, მაგალითად, "მსოფლიო ბანკის" ალტერნატივა. ასეთი ბანკი ერთხელ უკვე შექმნა ჩინეთმა - აზიის განვითარების ბანკი, რომელშიც, სხვათა შორის, დამფუძნებელ წევრებად ევროპული ქვეყნებიც შევიდნენ, ამერიკის ყველაზე მჭიდრო პარტნიორები, მაგრამ ბანკმა ვერ ჩაანაცვლა ვერც "მსოფლიო ბანკი", ვერც "სავალუტო ფონდი" და ვერც სხვა ინსტიტუტები, სადაც წამყვანი ამერიკაა. გარდა ამისა, ჩინეთს სურს დოლარის, როგორც სარეზერვო ვალუტის ჩანაცვლება ჩინური იუანით. ეს პროცესიც ნაწილობრივ მიმდინარეობს, მაგრამ სამიტში მონაწილე სხვა ქვეყნებს ამის დიდი ინტერესი არა აქვთ. დოლარის ჩანაცვლება ისედაც მიდის, ევრო ნაწილობრივ ანაცვლებს...
შეხვედრაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო გაზსადენის მშენებლობაზე შეთანხმება რუსეთსა და ჩინეთს შორის. თუ ეს პროექტი განხორციელდება, წელიწადში 50 მილიარდ კუბმეტრს გაატარებს, რაც ცოტა არ არის, ეს დაეხმარება რუსეთს, დასავლეთის დაკარგული ბაზარი ნაწილობრივ ჩაანაცვლოს. ამაზე დიდი ხანია მიდის საუბარი და რა თქმა უნდა, რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობა და მათ შორის ბიუჯეტის დეფიციტი ნაწილობრივ შემცირდება ამ გაზის გაყიდვის შედეგად მიღებული ფინანსებით. ეს რუსეთისთვის შვება იქნება, მაგრამ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა მხოლოდ გაზის გაყიდვაზე არ არის დამოკიდებული, რუსეთს სტრუქტურულ-ეკონომიკური პრობლემები აქვს, მათ შორის დასავლური სანქციების გამო, რაც მხოლოდ ენერგომატარებლებს არ ეხება. რუსეთს აქვს სტრუქტურული სანქციები, მათ შორის ტექნოლოგიებზე, სერიოზული პრობლემები აქვს ავიასფეროში, პანტაპუნტით ცვივა მისი თვითმფრინავები. ამ ყველაფერს ერთი გაზსადენი ვერ მოაგვარებს. მეორე მხრივ, ისეც არ არის, რომ რუსეთის ენერგომატარებლები ბოლომდე იზოლაციაში იყოს. თვითონ ევროპელებიც ყიდულობენ გაზს და რუსეთი საკმაოდ დიდ თანხასაც იღებს ამით, მათ შორის, წელსაც. თხევადი გაზიც ევროპაში რუსეთიდან სხვა ქვეყნების გავლით მიდის.
- უკრაინის ომის კონტექსტში აქვს შანხაის შეხვედრას მნიშვნელობა? ტრამპმა ამ ომზეც გააკეთა განცხადება, მით უმეტეს, ტრამპი-პუტინის ფაქტობრივად უშედეგო შეხვედრის შემდეგ ასეთ ფორმატში ამ თემაზე აქცენტის გაკეთება რისი მომტანია?
- რა თქმა უნდა, პუტინისთვის ეს დიპლომატიური წარმატებაც არის. ის, რაც უნდოდა დასავლეთს, რომ რუსეთის საერთაშორისო დიპლომატიური და პოლიტიკური იზოლირება მოეხდინა, რეალურად არ გამოვიდა. დანარჩენი სამყარო პუტინთან ჩვეულებრივად არის პოლიტიკურ კომუნიკაციასა და ვაჭრობაში და ეს სამიტი ამისი ერთ-ერთი დადასტურება იყო. დასავლური სამყაროს გარდა, დანარჩენი მსოფლიო ეკონტაქტება რუსეთს. მის ტრადიციულ მოკავშირეებთან დიპლომატიურ პოდიუმზე გამოსვლა იყო პუტინის პოზიციების გამყარება იგივე ჩინეთთან. ჩვენ ჩრდილოეთ კორეას ხშირად ირონიულად ვუყურებთ, მაგრამ ისიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს, მათ შორის, უკრაინის ომში ჯარის საზარბაზნე ხორცად გაგზავნით, რაც ძალიან მნიშვნელოვანი დახმარებაა პუტინისთვის, რომელსაც ქვეყანაში მობილიზაციის პრობლემები აქვს. გარდა ამისა, გლობალური სამხრეთის ქვეყნებთან ჩვეულებრივად თანამშრომლობს, მათ შორის, ინდოეთთან და ამით უმტკიცებს დასავლეთს, რომ რუსეთს მოკავშირეები ეხმარებიან და ეს მის პოზიციებს ამტკიცებს. ის ახალი ენერგოპროექტებიც, რაც დაიგეგმა ჩინეთთან ერთად, გრძელვადიან პერსპექტივაში გაამყარებს პუტინის პოზიციებს. ცხადია, ეს დაუყოვნებლივ არ აისახება ფრონტზე, მაგრამ, ადრე თუ გვიან, მაინც მოუწევთ კომპრომისებზე წასვლა. თუმცა პერსპექტივაში მსგავსი სამიტები და თანამშრომლობის რეჟიმები პუტინის პოზიციებს, რა თქმა უნდა, განამტკიცებს.
- ომის დამთავრებაზე კონკრეტულად ამ სამიტმა რა გავლენა შეიძლება მოახდინოს?
- პირდაპირი და უშუალო გავლენა ამწუთას არ ექნება. ჯერ რუსეთი და უკრაინა უნდა შეთანხმდნენ და მერე ჩაერთონ ამერიკა და ევროკავშირი. ამერიკამ ბევრჯერ სცადა ზავზე შეთანხმება, მაგრამ ტრამპს არ გამოუვიდა, როგორც უნდოდა, რადგან უკრაინა წავიდა წინააღმდეგი და მას ევროპამ მხარი დაუჭირა. მეორე მხრივ, ევროპელები კი ცდილობენ მნიშვნელოვანი როლი ითამაშონ, მაგრამ საბოლოოდ გამოდის, რომ უსაფრთხოების გარანტიების მიცემა უკრაინისთვის ამერიკის გარეშე არ სურთ. მზად არ არიან, რომ უკრაინაში თავიანთი კონტინგენტი ჩააყენონ, მით უმეტეს, რომ ამას არ ეყოფა თუნდაც რამდენიმეათასიანი კონტინგენტი. სერბეთის ომი რომ დამთავრდა, 50-ათასიანი ჯარი ჩააყენა ნატომ კოსოვოში, რომელიც უკრაინაზე, მგონი, 60-ჯერ პატარაა. ამასთან, პუტინმა ხომ განაცხადა, რომ უკრაინაში უცხო ჯარების ჩაყენება მათთვის მიუღებელი იქნება და მათი სამიზნე გახდება. ამიტომაც, ალბათ, პუტინი გააგრძელებს უკრაინაში ომს და საბოლოოდ საკითხი მიდის იქამდე, თუ რაზე შეთანხმდებიან. ერთია ტერიტორიული დათმობები, რაც, ალბათ, ვერ ასცდება უკრაინას, ის ოკუპირებულ ტერიტორიებს ვეღარ დაიბრუნებს, მაგრამ მთავარი ის არის, რა ბედი ეწევა დანარჩენ უკრაინას. რუსეთს უნდა დემილიტარიზებული, ნეიტრალური უკრაინა, რომელიც იქნება საკმარისად სუსტი იმისათვის, რომ მომავლში, როდესაც მოუნდება რუსეთს, ხელახლა შეიჭრას. ევროპელებს კი ეს, რა თქმა უნდა, არ სურთ. ევროპელებს უნდათ დანარჩენი უკრაინა მაინც ხელუხლებელი იყოს, სადაც გავრცელდება უკრაინის ცენტრალური ხელისუფლების კონტროლი, შემდეგ კი გააძლიერონ იმ დონემდე, რომ უკრაინამ დამოუკიდებლად შეაკავოს რუსეთი. სავარაუდოდ, ეს არის ის ცენტრალური საკითხები, რაზეც ჯერ ვერ შეთანხმებულან. ნატოში უკრაინის გაწევრება ამ ეტაპზე, რა თქმა უნდა, გამორიცხულია, და არც ჩანს პერსპექტივა, რომ ომი დღეს ან ხვალ დამთავრდება. ამიტომაც მსჯელობენ, როგორ შეიძლება ისეთი ზავი დაიდოს, რომ იყოს ხანგრძლივი და ორი თვის შემდეგ არ განახლდეს საომარი მოქმედებები.
- აზერბაიჯანის შესაძლო გაწევრება "შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში" ჩვენი რეგიონისთვის რას ცვლის? რა გავლენა ექნება საქართველოზე?
- ნამდვილად საინტერესოა, რომ აზერბაიჯანს სურს ამ ორგანიზაციაში გაწევრება, თუმცა არ ვიცი, ეს რამდენად მოხერხდება. როგორც ჩანს, რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის ინდოეთმაც, ოღონდ რუსეთის გავლენით, დაბლოკა ეს საკითხი. იმ კონფლიქტის გამო, რაც ბოლო პერიოდში წარმოიშვა რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის, რუსეთი ბლოკავს აზერბაიჯანის ინტერესებს, სადაც შეუძლია. თუმცა აზერბაიჯანი მომავალ წელსაც აპირებს ამ განაცხადის გაკეთებას. სავარაუდოდ, რაღაც პერიოდის შემდეგ რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი გადაწყდება და, თუკი აზერბაიჯანი ამ ორგანიზაციის წევრი გახდება, რა თქმა უნდა, საქართველოსაც ირიბად შეეხება. შესაძლოა საქართველოზეც გაიზარდოს წნეხი ან მოტივაცია, რომ საქართველოც დაუახლოვდეს "შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციას", რაც ჩვენი ევროინტეგრაციისთვის კარგი არ იქნება. ვნახოთ, რა მოხდება.
რუსა მაჩაიძე