რუსეთს უკრაინა, ჩინეთს ტაივანი, ჩრდილოეთს სამხრეთი კორეა - "ამერიკა, შენი აღარ გვეშინია, ჩვენ უკვე სამნი ვართ" ანუ რა ელის მსოფლიოს - კვირის პალიტრა

რუსეთს უკრაინა, ჩინეთს ტაივანი, ჩრდილოეთს სამხრეთი კორეა?! - "ამერიკა, შენი აღარ გვეშინია, ჩვენ უკვე სამნი ვართ" ანუ რა ელის მსოფლიოს

მსოფლიოში ახალი პოლიტიკური თამაშის წესები მკვიდრდება, რომელშიც წამყვანი როლი აშშ-ს ვეღარ ექნება და მისი რეალური სამხედრო-პოლიტიკური საპირწონე იქნება ჩინეთი და არა რუსეთი...

"ჩინეთი მზადაა რუსეთთან ერთად "გლობალური მართვის" უფრო სამართლიანი სისტემის შესაქმნელად", - განაცხადა გასულ კვირას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძინპინმა "თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაციის" სამიტზე, რითაც აშკარად გამოწვევა გაუგზავნა პრეზიდენტ ტრამპს იმის თაობაზე, რომ ჩინეთი რუსეთთან ერთად ისეთი მრავალპოლარული სამყაროს შექმნას აპირებს, სადაც აშშ-ის სამხედრო-პოლიტიკური ჰეგემონიის დრო დასრულდება. ანუ მოხდა ის, რასაც ასე უფრთხოდა აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი, როდესაც თეთრ სახლში მეორედ "შებიჯების" შემდეგ, რვა თვის განმავლობაში, ყველა ღონეს ხმარობდა, პუტინი თავისკენ "გადაექაჩა", რათა რუსეთი არ გამხდარიყო იმ ჩინეთის პარტნიორი, რომელსაც ტრამპის ხელისუფლება უახლოეს მომავალში ამერიკის მთავარ საფრთხედ და პოტენციურ მოწინააღმდეგედ მიიჩნევს. ტრამპი მზად იყო რუსეთთან უთანასწორო ომში მყოფი უკრაინის სასიცოცხლო ინტერესებიც კი გაეღო მსხვერპლად, მისი ტერიტორიის ნაწილის კრემლისთვის "გადალოცვის" სახით, ოღონდ პუტინი-სი ძინპინის ასეთი დაახლოება არ მომხდარიყო.

ეტყობა, ალასკას შეხვედრაც, ძირითადად, სწორედ ამ საკითხს უკავშირდებოდა, თუმცა "შენიღბული" გახლდათ რუსეთ-უკრაინის ომის თემით, რომელზეც, სავარაუდოდ, ტრამპმა პუტინთან სცადა პირისპირ მოლაპარაკებით არ დაეშვა ის, რაც ჩინეთის ტიანძინში სამიტის დროს განაცხადა ოფიციალურმა პეკინმა, რასაც დაემატა ვაშინგტონისთვის კიდევ უფრო უსიამოვნო ფაქტიც. კერძოდ, ამავე სამიტზე რუსეთის პრეზიდენტი, ინდოეთის პრემიერ-მინისტრი და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე ერთმანეთთან ხელჩაკიდებული დადგნენ და ამით ტრამპს მიანიშნეს, ამერიკა, შენი აღარ გვეშინია, ჩვენ უკვე სამნი ვართო!

თვით ის ფაქტიც, რომ ერთმანეთთან დაპირისპირებული ჩინეთი და ინდოეთი, რომელთა საზღვარზეც დროდადრო ორივე ქვეყნის მესაზღვრეები ერთმანეთს თავპირს ამტვრევენ, ერთიანდებიან, შემთხვევითი არ არის, რადგან ინდოეთი თავს ძალზე შეურაცხყოფილად გრძნობს, მას ხომ რუსული ნავთობის შესყიდვის გამო მაღალპროცენტიანი ტარიფები დაუწესა აშშ-მა.

"ანტიამერიკული ღერძის" რეალურად შექმნა და ამოქმედება უკვე ახლო მომავლის საქმეა, რომელ "ღერძზეც" ამ სამი ბირთვული სახელმწიფოს გარდა, მალევე "მიებმებიან" ბირთვული ჩრდილოეთი კორეა და შეიძლება პაკისტანიც და, რა თქმა უნდა... ირანი, რომელსაც ტრამპის "გამოგზავნილი" 14-ტონიანი ბომბების ჩამოყრა არასოდეს დაავიწყდება.

ასევე დაგაინტერესებთ: "დიახ, ახალი მსოფლიო წესრიგი გაფორმდა" ანუ სი ძინპინი შეტევაზე გადავიდა?! - თორნიკე შარაშენიძის ანალიზი: რა ელის საქართველოს გეოპოლიტიკურ ქარიშხალში

21-ე საუკუნის ყველაზე გრანდიოზული სამხედრო აღლუმი - ჩინეთი მსოფლიოს სამხედრო-პოლიტიკურ ლიდერობაზე აცხადებს პრეტენზიას

ტრამპის კოშმარი ახდა ანუ სი ძინპინმა დაიწყო?! - ახალი დიდი ალიანსი, რომელსაც მსოფლიოს თავდაყირა დაყენება შეუძლია

პენტაგონის "ნათლიმამა" ანუ "მომგვარეთ ომის მინისტრი!" - რას უპირებს ტრამპი პუტინის ძმაკაც მადუროს?!

ის, რომ პეკინის ასეთი უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური განცხადება მხოლოდ ლიტონი სიტყვები არ არის და გამყარებულია რეალური ძალით, ჩინეთმა 3 სექტემბერს დაამტკიცა, როდესაც პეკინის ტიანანმენის მოედანზე გამართა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილი 21-ე საუკუნის ყველაზე გრანდიოზული სამხედრო აღლუმი, რომელზეც პირველად გამოაჩინა ბირთვული იარაღის გადამტანი ახალი აერობალისტიკური და ჰიპერბგერითი ფრთოსანი რაკეტები, მეექვსე თაობის საბრძოლო თვითმფრინავები და სტრატეგიული დანიშნულების უპილოტო წყალქვეშა აპარატები. მოკლედ, ყველა ის ულტრათანამედროვე შეიარაღება, რომლითაც ჩინეთს შეუძლია აშშ-ს უდიდესი სამხედრო საფრთხე შეუქმნას. ეს იყო ჩინური წარმოების სამხედრო და საბრძოლო ტექნიკის ნამდვილი ბენეფისი, რომლითაც ოფიციალურმა პეკინმა მთელ მსოფლიოს და უპირველესად აშშ-ს დაანახა ჩინეთის პოლიტიკური ამბიციები, რომ შეცვალოს მსოფლიო წესრიგი და თავად გახდეს დედამიწაზე უპირველესი ლიდერი სახელმწიფო. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძინპინმა, რომელიც პეკინის ტიანანმენის მოედანზე აღლუმს მაღალი ტრიბუნიდან ესალმებოდა, გვერდით, მარჯვნივ, რუსეთის პრეზიდენტი პუტინი, მარცხნიდან კი ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი "მოისვა" და აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპს პირდაპირი სატელევიზიო ეთერით კიდევ ერთი მინიშნება გაუგზავნა - ჩინეთი, რუსეთი და ჩრდილო კორეა, სამი ბირთვული სახელმწიფო ქმნიან ერთ "ანტიამერიკულ ბირთვულ ღერძს".

ჩინეთის გრანდიოზული აღლუმის შემხედვარე აშშ-ის 47-ე პრეზიდენტ ტრამპს კი ისღა დარჩენოდა, რომ სოციალურ ქსელში დაეწერა: "გთხოვთ გადაეცით ჩემი უთბილესი მოკითხვა ვლადიმირ პუტინს და კიმ ჩენ ინს, სანამ შეთქმულებას აწყობთ ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ". ამასთან, პრეზიდენტმა ტრამპმა ერთგვარი გულდაწყვეტით დაამატა: "დიდი კითხვა, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს, არის ის, ახსენებს თუ არა ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი იმ უზარმაზარ მხარდაჭერასა და სისხლს, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩინეთისთვის გაიღო, რათა მას ძალიან არამეგობრული უცხოელი დამპყრობლისგან თავისუფლების უზრუნველყოფაში დახმარებოდა... ბევრი ამერიკელი დაიღუპა ჩინეთის გამარჯვებისა და დიდებისკენ სწრაფვაში.…იმედია, მათ სამართლიანად პატივს მიაგებენ და დაიმახსოვრებენ თავიანთი სიმამაცისა და თავგანწირვისთვის". ტრამპის კითხვას, დააფასებდა თუ არა ოფიციალური პეკინი ჩინეთის გათავისუფლებისთვის ამერიკელების მიერ მეორე მსოფლიო ომის დროს გაღებულ სისხლს, სი ძინპინისგან პასუხი არ მოჰყოლია.

ფაქტია, მსოფლიო მოწყობაში, რომელშიც უკვე დიდი ხანია სრული ქაოსია, სავარაუდოდ, იწყება ახალი გაერთიანებული დიდი ძალის ფორმირება აშშ-ის სამხედრო-პოლიტიკური ჰეგემონიის დასასრულებლად და მასში ლიდერის როლი სწორედ ჩინეთს ექნება და არა პუტინის რუსეთს, რომლის უკრაინასთან ომის ჭაობში "ცურვა" თუკი აქამდეც აწყობდათ აშშ-სა და ევროპას, ჩინეთის ინტერესებშიც იქნება - პეკინი შეიძლება უფრო დაუფარავად დაეხმაროს პუტინს უკრაინის ოკუპაციის გაგრძელებაში, როგორც ამას დიდი ხანია დაუფარავად აკეთებს კიმ ჩენ ინის ჩრდილოეთი კორეა, ოღონდ მოსკოვის სწრაფი და საბოლოო გამარჯვება უკრაინაში პეკინის ინტერესებში არ შედის - პუტინის რუსეთი მეორე პლანზე უნდა დარჩეს.

მაგრამ პირველად რა სტრატეგიული დონის სამხედრო-პოლიტიკური მიზნების შესრულებას დაიწყებენ "ანტიამერიკული ბირთვული ღერძის" წევრი ქვეყნები, რითაც ამერიკას მთელი მსოფლიოს წინაშე დაამცირებენ? რუსეთისთვის ეს უთუოდ იქნება საბრძოლო მოქმედებების გაგრძელება უკრაინაში, ამ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკის სრული გაკონტროლების მიზნით, რითაც პუტინი ერთდროულად რამდენიმე კურდღლის დაჭერას შეეცდება: პირველი - მთელ მსოფლიოს დაანახებს ტრამპის "სამშვიდობო მისიის" სრულ პოლიტიკურ კრახს რუსეთ-უკრაინის ომის შესაჩერებლად; მეორე - მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს ამერიკის ძლიერი სამხედრო-პოლიტიკური მხარდაჭერის გარეშე დარჩენილ ევროპას და ნათლად გამოაჩენს ევროკავშირის წევრი ქვეყნების დაქსაქსულობას უკრაინისთვის დახმარების საკითხში. მესამე - უკრაინაზე გამარჯვებაში რუსეთისთვის დიდ სამხედრო დახმარებას აპირებს ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი, რისთვისაც პუტინის არმიას შეიძლება 100-ათასკაციანი ჩრდილოკორეული სამხედრო კონტინგენტიც კი გაუგზავნოს. ეს ძალიან დიდი ციფრია და, ფაქტობრივად, ოთხი, სრულად დაკომპლექტებული არმიის ტოლფასია, რაც აჩენს ეჭვს, რომ ეს ინფორმაცია შეიძლება გაზვიადებული იყოს... თუმცა თავიდან ბევრს არ სჯეროდა, რომ გასულ წელს კიმ ჩენ ინმა პუტინს 11 ათასი სამხედრო გაუგზავნა კურსკის ოლქიდან უკრაინული საექსპედიციო კორპუსის გასადევნად.

რამდენიმე ათასმა ჩრდილოკორეელმა სამხედრომ უკვე მიიღო რუსეთ-უკრაინის თანამედროვე ომის საბრძოლო გამოცდილება, რომელსაც აუცილებლად გაუზიარებს რუსეთის საოკუპაციო არმიის დასახმარებლად მომზადებული ახალი ჩრდილოკორეული დანაყოფებისა და შენაერთების პირად შემადგენლობას და ისინიც უკრაინის დამცველებთან ბრძოლებში ბევრად მომზადებულები ჩაერთვებიან.

100-ათასიანზე მეტი სამხედრო კონტინგენტი ჰყავდა საბჭოთა კავშირს 1979-89 წლებში ავღანეთში, ხოლო 2001-2021 წლების პერიოდში ამერიკელი და სხვა ქვეყნების (მათ შორის საქართველოს) სამხედროების საერთო რიცხვი ასცდა ამ რაოდენობას, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა არც კრემლისთვის და არც თეთრი სახლისთვის, რომ მათ სრულად გაეკონტროლებინათ ავღანეთის მთელი ტერიტორია.

რაც შეეხება უკრაინას, მის წინააღმდეგ პუტინს ისედაც დარაზმული ჰყავს მილიონამდე სამხედრო და კიდევ 100 ათასის დამატება თითქოს არაფერს შეცვლის, მაგრამ ასი ათასი სამხედროს (ამ შემთხვევაში ჩრდილოკორეელების, რომლებიც ისედაც გამოირჩევიან დიდი ფანატიზმით) თავმოყრა ფრონტის ერთ კონკრეტულ უბანზე უდიდეს პრობლემას შეუქმნის უკრაინის დამცველებს.

რაც შეეხება თავად ჩინეთს, მისი უახლესი სტრატეგიული ამოცანა, რისი წარმატებით შესრულებითაც სურს სი ძინპინს მისი სახელი თანამედროვე ისტორიაში ჩაიწეროს, იქნება ტაივანის შეერთება მატერიკულ ჩინეთთან, ერთიანი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ფარგლებში. ეს არ შედის ტაიბეის ინტერესებში და ტაივანი შეეცდება წინააღმდეგობა გაუწიოს პეკინის ამ ჩანაფიქრის ხორცის შესხმას, რაც საქმეს საბრძოლო დაპირისპირებამდე მიიყვანს, რომელშიც კარგად გამოჩნდება, რჩება თუ არა ამერიკა "მსოფლიოს ჟანდარმად" - ტრამპი გაბედავს თუ არა ტაივანის დასახმარებლად აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაგზავნას ჩინელ სამხედროებთან ამერიკელი ჯარისკაცების საბრძოლო დაპირისპირების გარდაუვალი პერსპექტივის ფონზე.

ტაივანის ჩინეთის შემადგენლობაში სამხედრო ძალით დაბრუნებისთვის პეკინის მიერ საბრძოლო ოპერაციის დაწყებას ამერიკული სადაზვერვო სტრუქტურების ანალიტიკოსები 2027 წლისთვის პროგნოზირებენ, ანუ აშშ-ის სათავეში დონალდ ტრამპი უნდა იყოს და მაშინ გამოჩნდება, ვინ ვინ არის თანამედროვე მსოფლიოში....

მეტ-ნაკლებად ცნობილია, თუ რა სურთ პუტინსა და სი ძინპინს ახალი "მსოფლიო წესრიგის" ამოქმედების შემდეგ, მაგრამ რა ჩანაფიქრი აქვს ჩრდილოეთ კორეის ლიდერს? კიმ ჩენ ინს სურს "დიდი ასოებით" ჩაეწეროს მსოფლიო ისტორიაში და ის, რაც ვერ შეძლეს მისმა ბაბუამ და მამამ, თავად აღასრულოს - გააერთიანოს ორად გაყოფილი კორეა, ოღონდ კომუნისტური დროშის ქვეშ. ეს კი დიდი ომის გარეშე წარმოუდგენელია, დიდი ომისთვის კი ახალგაზრდა კიმ ჩენ ინი უკვე დიდი ხანია ემზადება. ჩრდილოეთ კორეის არმიას 1953 წლიდან არ უომია და ჩრდილოკორეელი ჯარისკაცები რუსეთ-უკრაინის ომში იღებენ თანამედროვე ბრძოლის იმ დიდ გამოცდილებას, რომელიც ძალიან გამოადგებათ, თუკი მართლაც გადავიდნენ შეტევაზე სამხრეთ კორეის დასაპყრობად. ამასთან, უკრაინაში მებრძოლი რუსეთის არმიის დასახმარებლად გაგზავნილი მილიონობით საარტილერიო ჭურვისა და ათიათასობით რაკეტის სანაცვლოდ კიმ ჩენ ინი პუტინისგან იღებს შედარებით თანამედროვე ტექნოლოგიებს, მათ შორის ბალისტიკური რაკეტებისა და ბირთვული ქობინების კონსტრუქციების დასახვეწად, რაც ჩრდილოეთ კორეას, როგორც ბირთვულ სახელმწიფოს, უფრო აძლიერებს.

რუსეთს უკრაინა, ჩინეთს ტაივანი, ჩრდილოეთს სამხრეთი კორეა - რამდენად რეალური გახდება ახალი "მსოფლიო წესრიგის" დაწყების გამომცხადებელი ამ ქვეყნების ასეთი სტრატეგიული ჩანაფიქრების ხორცშესხმა უახლოეს მომავალში?

ირაკლი ალადაშვილი