ნაკვეთის რეგისტრაციისას მიწის რა ფართობზე რა გადასახადია დაწესებული - კვირის პალიტრა

ნაკვეთის რეგისტრაციისას მიწის რა ფართობზე რა გადასახადია დაწესებული

ამჯერად ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი ნუგბარა როსტიაშვილი უპასუხებს შეკითხვებს.

ნაკვეთს ვყიდულობდით 2024 წლის აგვისტოში, როდესაც სოფელში დაიწყო სისტემური რეგისტრაცია. ვინაიდან მფლობელს არ ჰქონდა თავისივე ეზოს 500 კვმ დაკანონებული (ფაქტობრივად, მისია, შევარდნაძის ხელისუფლებაში ყოფნის დროს არასწორად აიზომა. გარშემო 3 მეზობელი ჰყავს და ყველა თავის საზღვრებშია. მოდავე არავინ არის. ოდითგანვე შემოღობილი ჰქონდათ ეს ნაკვეთი), ვიფიქრე, მერე პრობლემა რომ არ შექმნილიყო, ბარემ მეპატრონეს დაეკანონებინა და შევატანინე სისტემურ რეგისტრაციაზე განაცხადი. აიზომა 10.08.2024-ში, 04.04.2025-ში საჯარო განხილვაზე გაიტანეს და დღემდე საბუთი არ არის მზად. არადა, ვადა აზომვიდან 365 დღე უწერიათ. ჩვენ ყიდვა გვეჩქარება, მეპატრონეს კი გაყიდვა. რას მირჩევთ? შეიძლება ანდერძით ან რაიმე სხვა საშუალებით ქონება ჩვენი გახდეს?

- იმისათვის, რომ ქონება შეიძინოთ და თქვენს სახელზე დაირეგისტრიროთ, პირველ რიგში ქონება რეგისტრირებული უნდა იყოს საჯარო რეესტრში. ვინაიდან ქონება არ არის იმ პირზე რეგისტრირებული, რომლისგანაც მის შეძენას აპირებთ, მას ვერ შეიძენთ. რაც შეეხება ანდერძს, შესაძლოა ანდერძში მიეთითოთ მემკვიდრედ, თუმცა თუ პირს ჰყავს მემკვიდრეები, ისინი შეძლებენ სავალდებულო წილის მიღებას სამკვიდროდან. რადგან დაზუსტებით არ იცით, ნამდვილად აისახება თუ არა ეს ქონება იმ პირის საკუთრებაში, ვისგანაც მის შეძენას აპირებთ, გირჩევთ დაელოდოთ გადაწყვეტილებას და ქონება მხოლოდ მას შემდეგ შეიძინოთ, როდესაც დანამდვილებით გეცოდინებათ, რომ ის საკუთრებაშია რეგისტრირებული.

დავკარგე იარაღის მოწმობა. რამდენ დღეში შევძლებ მის აღდგენას და დამჭირდება თუ არა ჯანმრთელობის ცნობა? მინდობილობა რომ გავაკეთო, შემიძლია თუ არა მინდობილობით სხვისი იარაღის გადატანა?

- თუ იარაღის რეგისტრაციის მოწმობა დაკარგულია, უნდა მიმართოთ მომსახურების სააგენტოს ახალი რეგისტრაციისათვის, რაც მოითხოვს შემდეგი დოკუმენტაციის წარდგენას: განცხადება (ივსება ადგილზე); პირადობის (ბინადრობის) მოწმობა; იარაღი ბალისტიკური შემოწმების დამადასტურებელი აქტი; ჯანმრთელობის შესახებ ცნობა ან ახალი მართვის მოწმობა; გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. იარაღის ხელახალი რეგისტრაციის შემდეგ გაიცემა იარაღის რეგისტრაციის ახალი მოწმობა, ხოლო იარაღის რეგისტრაციის ძველი მოწმობა ითვლება ძალადაკარგულად. ნებართვა გაიცემა რამდენიმე წუთში. თუმცა მინდობილობით აღნიშნული მომსახურებით ვერ ისარგებლებთ, ვინაიდან მინდობილი პირი ვერ შეძლებს იარაღის ადგილზე მიტანას და დათვალიერებას.

ძმები გავიყარეთ, რის გამოც საერთო კიბე ძმის ფართობში მოხვდა. კიბის დასამონტაჟებლად ნებართვის აღება აუცილებელია? თუ აუცილებელია, ვის მივმართო?

- თქვენი საცხოვრებელი სახლის ადგილმდებარეობის მიხედვით უნდა მიმართოთ თვითმმართველ ერთეულს, მერიას ან გამგეობას მშენებლობის მარტივ ნებართვაზე. შესაძლოა დაგჭირდეთ შემდეგი დოკუმენტაციის წარდგენა: ინფორმაცია მიწის ნაკვეთის ან/და შენობა-ნაგებობის საკუთრების შესახებ; არქიტექტურული ესკიზი; საჭიროების შემთხვევაში წინა საპროექტო კვლევის შედეგები.

შემიძლია თუ არა დავიმტკიცო წინაპართა მიწა, რომელიც მიატოვეს 1965-70 წლებში. სოფლის განაპირა ტერიტორიაა. ადრე იქ იდგა 1918 წელს აშენებული ხის სახლი, რომელიც ახლა აღარ დგას. საბუთებიდან მაქვს 1958-66 წლების საკომლო ამონაწერი.

- თუ თქვენ ბრძანდებით თქვენი წინაპრების მემკვიდრე და მიღებული გაქვთ სამკვიდრო, შესაძლებელია აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე დაირეგისტრიროთ მიწის ნაკვეთი საკუთრებაში.

"სფერო ჰოლდინგისგან" დაზარალებული ვარ. მინდოდა ბინის დაგირავება და ფული კომპანიამ წაიღო, მე კი შემიშვა ნაქირავებ ბინაში. მას უნდა გადაეხადა ქირა. უკვე სამი თვეა არ მიხდიან. არადა, ბინის პატრონი მოითხოვს ნაქირავები ბინიდან გასვლას. გაუთავებლად დავდივარ ოფისში მაგრამ ვერ ვიბრუნებ კუთვნილ გირაოს თანხას. როგორ შემიძლია გავიგო, "სფერო ჰოლდინგის" სახელზე არის თუ არა რაიმე ქონება დარეგისტრირებული? სასამართლოში რომ ვუჩივლო, პროცესების დაწყებამდე შემიძლია თუ არა ამ კომპანიის ქონების დაყადაღება? რა პროცედურების გავლა დამჭირდება?

- ,,სფერო ჰოლდინგის" სახელზე არსებული ქონების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ გადაამოწმოთ საჯარო რეესტრში მისი საიდენტიფიკაციო ნომრით. ასევე შეგიძლიათ გამოითხოვოთ ცნობა ,,სფერო ჰოლდინგის" სახელზე რეგისტრირებული ქონების სრული ჩამონათვალის გასაგებად. ეს ინფორმაცია საჯაროა. სარჩელის აღძვრამდე სასამართლოსთვის მიმართვის გზით შეგიძლიათ მოითხოვოთ სარჩელის უზრუნველყოფა, ან სარჩელის შეტანისას სარჩელთან ერთად მოითხოვოთ სარჩელის უზრუნველყოფა ანუ რასაც თქვენ ყადაღას უწოდებთ. განცხადება უნდა იყოს დასაბუთებული და შეიცავდეს იმ გარემოებებზე მითითებას, რომლებიც გააძნელებს, შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას ან ისეთ ზიანს გამოიწვევს, რომელიც ვერ ანაზღაურდება. სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადება უნდა იყოს დასაბუთებული, თუ რატომ ითხოვთ, რომ ,,სფერო ჰოლდინგს" აეკრძალოს ქონების გასხვისება/განკარგვა. ასევე უნდა გადაიხადოთ სახელმწიფო ბაჟი ქონების უზრუნველყოფის შუამდგომლობისთვის 50 ლარის ოდენობით.

ბანკიდან გამოტანილი მაქვს სესხი, რომელსაც ვიხდიდი, მაგრამ მომიწია ქვეყნიდან წასვლამ. მეგონა, მუშაობას დავიწყებდი, მაგრამ პრობლემები შემექნა და სესხს ვეღარ ვიხდი. ჩემს სახელზე არაფერია რეგისტრირებული. ჩაწერილი ვარ მშობლების სახლში და მათ ხომ არ შევუქმნი პრობლემას? შეიძლება ბანკმა გაყიდოს ჩემი მშობლების ქონება?

- სესხის ბოლო გადახდიდან თუ გასულია 3 წელზე მეტი, შეგიძლიათ მინდობილი პირის მეშვეობით შეიტანოთ სარჩელი სასამართლოში ხანდაზმულობაზე. თუ თავად გამსესხებელმა შეიტანა სარჩელი, ის ფოსტით მოგივათ თქვენ მიერ მითითებულ მისამართზე. უმჯობესია სარჩელი ჩაიბაროს თქვენმა ოჯახის წევრმა, რათა არ გამოვიდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება თქვენ მიმართ და წარადგინეთ შესაგებელიც სასამართლოში. თუ უკვე არსებობს თქვენ მიმართ გადაწყვეტილება, აღსრულების ფარგლებში ვერ გაასხვისებენ მშობლების ქონებას, თუ მხოლოდ ჩაწერილი ბრძანდებით აღნიშნულ მისამართზე.

წლების წინ მეუღლემ კერძო სახლი იპოთეკით დატვირთა და სესხი აუღია მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან. სესხი სრულად დაფარა, მაგრამ ახლა აღმოვაჩინეთ, რომ სახლი ისევ იპოთეკით არის დატვირთული. ის მიკროსაფინანსო უკვე გაუქმებულია, ვერც მივაგენი, რომ რაიმე დოკუმენტი ავიღო. რა შეიძლება გავაკეთო?

- სამეწარმეო რეესტრში კარგად გადაამოწმეთ, ამ კრედიტორ ორგანიზაციას ხომ არ ჰყავს უფლებამონაცვლე, ან რეორგანიზაცია ხომ არ განიცადა და სხვა სახელით ხომ არ აგრძელებს მუშაობას. თუ ქონება იპოთეკითაა დატვირთული არარსებული სამართალსუბიექტის სასარგებლოდ, ამის მტკიცებულება წარუდგინეთ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. ასევე კარგი იქნება, თუ წარადგენთ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელ მტკიცებულებას. მსგავსი საკითხის მოგვარების ზუსტი ფორმულა არ არსებობს, ვინაიდან, როდესაც ორგანიზაცია დასმულია ლიკვიდაციაზე, ხდება მისი ყველა აქტივის ამოწურვა და შეუძლებელია იპოთეკის საკითხი ღიად დაეტოვებინათ.

ბინა მაქვს გაქირავებული. გავაფორმეთ ორწლიანი ხელშეკრულება, ეს დოკუმენტი ოფიციალურად რეგისტრირებულია რეესტრშიც. ვიხდი საშემოსავლოსაც. მდგმური 4 თვეა არ იხდის ქირას. შემიძლია თუ არა ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა? შემოსავლების სამსახურში როგორ უნდა დავამტკიცო, რომ ამ ბინაში აღარ ცხოვრობს ის, ვისთანაც მაქვს 2-წლიანი ქირავნობის კონტრაქტი გაფორმებული?

- ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტა უნდა მოხდეს წერილობით. როგორც საკითხთან დაკავშირებული ინფორმაციიდან ჩანს, დამქირავებელი აღარ ცხოვრობს ბინაში, ასეთ შემთხვევაში უნდა გაიგზავნოს წერილობითი შეტყობინება, რათა დამქირავებელმაც დაადასტუროს, რომ ქირავნობის ხელშეკრულება, ფაქტობრივად, შეწყვეტილია.

ჩემს მაზლს ბანკში ჩადებული აქვს სახლი, სადაც ვცხოვრობთ ორი ოჯახი. ეს ქონება იყო ჩემი დედამთილის სახელზე და მისი საპენსიო თანხიდან იხდიდა ვალს. დედამთილი გარდაიცვალა, ჩემი მაზლი კი არ იხდის დარჩენილ ვალს. რა შეიძლება გავაკეთოთ?

- თუ თქვენი დედამთილის სახელზე იყო ქონება, მისმა მემკვიდრეებმა უნდა მიიღონ სამკვიდრო 6 თვის ვადაში. თუ 6 თვეზე მეტია გასული, მაშინ ფაქტობრივი ფლობით უნდა მიიღონ სამკვიდრო. სამკვიდროს მიღებისას არსებული პასივები და აქტივები, ანუ ქონებები და ვალდებულებები გადმოვა მემკვიდრეების სახელზე, ხოლო აღნიშნული თანხაც უნდა გადაიხადონ მემკვიდრეებმა, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა თანხის ამოღება მოხდეს ქონების რეალიზაციის გზით და შესაბამისად, შესაძლებელია თქვენი სახლი გაიყიდოს.

"მოგოდან" მქონდა ავტომობილი გამოყვანილი, მოგვივიდა ავარია და მანქანა ისე დაიმტვრა, რომ დაშლილებში ჩავაბარეთ. ავარიის დროს ჩემი ბრალეულობა გამოვლინდა და მომიწია მეორე დამტვრეული მანქანის ანაზღაურებამაც, დაშავებულების მკურნალობამაც და საკმაოდ სოლიდური თანხა დამეხარჯა. არ მქონდა იმის საშუალება, რომ "მოგოში" პროცენტები მეხადა, ვთხოვეთ გადანაწილება, მაგრამ სანამ გადაანაწილებდნენ, გვთხოვეს 2.000 ლარი შემეტანა, მაგრამ ვერ შევძელი. როგორც ახლა გავიგე, საქმე გადაეცა სააღსრულებოს და თანხა ძალიან გაზრდილია, რისი გადახდის საშუალება ისევ არა მაქვს, ვართ სოციალურად დაუცველები. რა შეიძლება გავაკეთოთ?

- მოცემული საკითხის შეფასებისას საჭიროა დადგინდეს, თუ რა ხელშეკრულება იყო გაფორმებული, ანუ მანქანა შეძენილ იქნა ავტოსესხითა და გირავნობის უზრუნველყოფით, თუ გამოყვანილი იყო ლიზინგით. რაც შეეხება საკითხს თანხის გადანაწილების შესახებ, ეს არის მხარეთა შეთანხმების საკითხი - ანუ მსესხებელს არა აქვს სამართლებრივი ბერკეტი, მისთვის სასურველ პირობაზე დაითანხმოს კრედიტორი.

- წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს მიწების ელექტრონული რეგისტრაცია. ის თითქმის ყველგან დასრულებულია, თუმცა ჩვენი სოფელია დარჩენილი. როგორც გვითხრეს, ამზომველები სოფლებში აღარ დადიან. განცხადებას შეიტანთ, ამის შემდეგ თქვენთან მოვლენ, ნაკვეთს აჩვენებთ და ისინიც დაარეგისტრირებენო... ადრე ნაკვეთის დარეგისტრირების დროს, თუ მისი ფართობი 1,25 ჰექტარზე მეტი იყო, გადასახადსაც გაკისრებდნენ (1,25-მდე გათავისუფლებული იყო). მერე მთავრობამ ეს გადასახადი გააუქმა, შემდეგ კიდევ ახალი დააწესა. როგორც მითხრეს, გამოსყიდვა უნდა მოხდესო და რაღაც ფასიც სახელდებოდა. მაინტერესებს, 1,25 ჰექტარზე მეტი ფართობის ნაკვეთის რეგისტრაციას დღეს რა გადასახადები მოუწევს?

- მოცემულ კითხვაზე პასუხი უშუალოდ სააგენტომ უნდა გაგცეთ. კანონით განსაზღვრულია მიწის ღირებულება, როდესაც მიწის ნაკვეთი 1.25 ჰექტარს აღემატება. მაგალითად, ფასის განსაზღვრა დამოკიდებულია მიწის ნაკვეთზე დაწესებული მიწის გადასახადის მიხედვით, რაც შეიძლება სხვადასხვა რეგიონში განსხვავებული იყოს. ასევე განსასაზღვრია ზუსტი ფართობი, ამიტომ მსგავს საკითხზე გადასახადის ზუსტი კალკულაცია შეუძლებელია, მით უმეტეს, ზუსტი ფართობიც არ არის დასახელებული.

გაზეთ „კვირის პალიტრაში“ გრძელდება მკითხველებისთვის საინტერესო კითხვებზე პასუხების გაცემა. თუ გაქვთ შეკითხვა იურისტთან და გჭირდებათ კომპეტენტური პასუხის მიღება, შეგახსენებთ ჩვენი ფოსტის მისამართს. ასევე ჩვენი საიტის ვებგვერდზე, სტატიის ქვეშ, შეგიძლიათ მოგვწეროთ შეკითხვები Tea.khurtsilava@gmail.com და შევეცდებით უმოკლეს დროში მიიღოთ პასუხები