„თუკი დაიდო ხელშეკრულება ომის შეწყვეტაზე, ცეცხლი შეწყდება, ომი კი არ დასრულდება“ - კვირის პალიტრა

„თუკი დაიდო ხელშეკრულება ომის შეწყვეტაზე, ცეცხლი შეწყდება, ომი კი არ დასრულდება“

უკრაინა საკუთარ სარაკეტო ინდუსტრიას ქმნის - უკრაინულმა კერძო კომპანია Fire Point-მა, რომელმაც სახელი გაითქვა შორ მანძილზე ეფექტურად მოქმედი კამიკაძე-დრონის - FP-1-ის წარმოებით, მოულოდნელად წარმოადგინა საკუთარი ფრთოსანი რაკეტა "ფლამინგო". დაუდასტურებელი ინფორმაციით, "ფლამინგო" ბრძოლაში პირველად 30 აგვისტოს გამოიყენეს, ანექსირებულ ყირიმში, რუსული სამიზნის წინააღმდეგ. ექსპერტებს ამ რაკეტის პროტოტიპის ნახვა შეეძლოთ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, IDEX-ის გამოფენაზე. რაკეტა, სახელით Milanion FP-5, როგორც საკუთარი პროდუქტი, წარადგინა კომპანიამ Milanion Group (UK-UAE), რომელიც უკრაინის თავდაცვის სექტორთან თანამშრომლობს. გენერალ-მაიორთან, სამხედრო მეცნიერებათა აკადემიურ დოქტორსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილ უფროს ვახტანგ კაპანაძესთან საუბარს უკრაინის ფრონტზე სიახლეებით ვიწყებთ:

- ახლა ფრონტზე მნიშვნელოვანი არაფერი ხდება. 3 სექტემბერს დღე-ღამეში 150 შეტაკება მოხდა ფრონტის სხვადასხვა მონაკვეთზე და ამის მესამედი კუპიანსკის მიმართულებაზე მოდიოდა, რომელიც, რუსეთისთვის კვლავ მნიშვნელოვანი სამიზნეა.

რუსების ამოცანა იყო შემოდგომამდე გასულიყვნენ დონბასის საზღვრებზე, მაგრამ ვერც ერთი დიდი დასახლებული პუნქტი ვერ აიღეს, მხოლოდ პატარა ხუტორები. რუსებში ასეთი ტერმინიც გაჩნდა - "კრედიტით გამარჯვება": კერძოდ, მეთაური აცხადებს, ჩვენ დავიკავეთ გარკვეული პუნქტი, პოზიციაო, ზემდგომებს აჩვენებენ ადგილს, სადაც რუსი ჯარისკაცი აფრიალებს დროშას, მერე კი აღმოჩნდება, რომ ყველაფერი გაზვიადებულია და იძულებული ხდება თავისი ინფორმაცია რეალობად აქციოს. ანალოგიური ითქმის გენშტაბის უფროსის გერასიმოვის გაზვიადებულ განცხადებაზე, რომ რუსეთმა 3000 კმ ტერიტორია დაიკავა. ომის შესწავლის ინსტიტუტმა ეს მეორე დღესვე გააბათილა და განაცხადა, რომ რუსებმა ათასზე მეტი კილომეტრი მიიმატეს, რომელიც მათი კონტროლირებადი არ არის.

- ბრძოლებმა უკრაინის შიდა ოლქში, დნეპროპეტროვსკში შეაღწია (რაც აქამდე რუსებმა ვერ მოახერხეს, თუმცა 2022 წლის გაზაფხულზე სცადეს). აქაც იგივე დამანგრეველი ეფექტი ხომ არაა მოსალოდნელი, რაც ლუგანსკისა და დონეცკის ოკუპირებისას?

- რუსები დნეპროპეტროვსკს მანამდეც ბომბავდნენ, ხარკოვს კი დღესაც ბომბავენ. საუბარია სასაზღვრო მონაკვეთებზე, რომელიც ისედაც იბომბება (რაკეტისთვის 5კმ იქით და აქეთ არაფერია). ეს არ ნიშნავს, რომ ახლა დნეპროპეტროვსკის დაბომბვა დაიწყება. მაგალითისთვის მოვიყვან სუმის ოლქს, სადაც რუსები შევიდნენ განცხადებით, ჩვენ გავაკეთებთ 15-დან 25 კმ-მდე ბუფერულ ზონას და დავიკავებთ ტერიტორიებსო. დღეს სად არიან? 1% აქვთ დაკავებული და უკრაინელებმა უკან გამოყარეს. ახლაც იმავეს ცდილობენ დნეპროპეტროვსკის მიმართულებაზე. სასწაული უნდა მოხდეს, რომ დნეპრის გადალახვა მოახერხონ, 3 თვის განმავლობაში პოკროვსკი ვერ აიღეს და 3-მილიონიანი დნეპროპეტროვსკის აღება რომ არ იქნება ადვილი, ფაქტია. იგივე ვითარებაა ლიმანის მიმართულებაზეც, ხარკოვის რაიონში. ლიმანი ის ქალაქია, რომელიც უკრაინელებმა რუსებს კონტრშეტევით დაატოვებინეს და აქედან იწყება ტყიანი ზონა. არის წინსვლა, მაგრამ ისეთი ნელი ტემპით და დიდი დანაკარგით, რომ უკრაინელები ახერხებენ სიღრმეში თავდაცვის ორგანიზებას. გარღვევას ის უპირატესობა აქვს, რომ მოწინააღმდეგე ვერ ახერხებს გადაჯგუფებას, თავდაცვის ორგანიზებას. ამას რუსები ვერ ახერხებენ და ვერც მოახერხებენ 2-3-კაციანი ჯგუფების შეღწევა-შეჟონვით. იქ თუ ელიტური დანაყოფია, ის Mad Max ("გიჟი მაქსი") ტაქტიკას იყენებს (ამერიკელებიდან შემოვიდა ეს ტერმინი, ფანტასტიკური ჟანრის ფილმია, სადაც მოტოციკლეტებით გადაადგილდებიან პოსტაპოკალიფსურ დროში) - ჩინურ მოტოციკლეტებზე 2 კაცი თავსდება, კეთდება 5 მოტოციკლეტისგან შემდგარი ჯგუფი, მოტოზე დამონტაჟებულია დრონების საწინააღმდეგო რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალება და ისინი მაქსიმალური სისწრაფით ცდილობენ სიკვდილის ზონის გადალახვას. უკრაინელებისთვის უფრო მიმზიდველი სამიზნე ხდება 2 კაცი ერთი მოტოციკლეტით და რამდენი კაცი უნდა გადაადგილდეს მოტოციკლეტებით იმ ტერიტორიაზე, რომელიც აფეთქებებით გადათხრილია?

ყველაზე დიდი დანაკარგი დანაყოფის როტაციას მოაქვს, როცა დაჭრილები გამოჰყავთ ან უკან გამოდიან, ან ლოგისტიკას უზრუნველყოფენ. ამ მკვდარ ზონაზე გადაადგილება ძალიან ძნელია, ყველაზე დიდი დანაკარგებით, ვინაიდან იქ ბრძოლები მიმდინარეობს, განსაკუთრებით აღმოსავლეთ მიმართულებაზე ქარსაცავი ზოლების დასაკავებლად, რომელიც, ასე თუ ისე, საფარს გაძლევს და დრონებისგან გიცავს. შემოდგომაზე ფოთლები ჩამოცვივდება და დაცულობა ნაკლები იქნება. ნუ დაგვავიწყდება, რომ ერთ თვეში დაიწყება წვიმიანი სეზონი, ტალახი და მოტოციკლეტებითაც ვეღარ გადაადგილდებიან რუსები.

- უკრაინელებს მრისხანე შურისძიების იარაღი გამოუჩნდათ ფრთოსანი რაკეტა "ფლამინგოს" სახით. იმასაც ამბობენ, რომ რაკეტა მზადაა მასობრივი წარმოებისთვის.

- „FP-5 ფლამინგო" მიწიდან გაშვების შესაძლებლობის ფრთოსანი რაკეტაა, რომელიც უკრაინულმა კომპანია Fire Point-მა შეიმუშავა. რაკეტა დაახლოებით 6 ტონას იწონის, ხოლო მისი საბრძოლო თავაკი, დამაზიანებელი მუხტი (რაც ფეთქდება), ტონაზე მეტს, 1150კგ-ს იწონის და ასაფეთქებელი ნივთიერება შეუძლია 3000 კმ-ზე გადაიტანოს. ეს არის ერთი მიმართულების რაკეტა და მისი ფრენის ჭერია 5000 კმ. რაკეტას აქვს სისტემები, რომლებიც მას აძლევს საშუალებას გვერდი აუაროს რადიოელექტრონულ ან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს, იფრინოს რელიეფის გასწვრივ და მიაღწიოს მიზნამდე. არის მოსაზრება, რომ FP-5 Flamingo გორმით ძალიან ჰგავს ბრიტანულ ფრთოსან რაკეტას, რომელიც 2025 წელს Mილანიონ Gროუპ-ის მიერ IDEX-ის სამხედრო გამოფენაზე წარადგინეს, რამდენიმე თვეში კი მსგავსი უკრაინაშიც გამოჩნდა. უკრაინელები ირწმუნებიან, რომ ის თავიდან ბოლომდე უკრაინელების შემუშავებულია. "ფლამინგოს" აქვს ფიქსირებული ფრთები და ძრავა ზემოდან აქვს დამაგრებული. ეს მისი მნიშვნელოვანი მახასიათებელია. სხვათა შორის, ძრავა ჩეხური თვითმფრინავის, L-39 Albatros (რომელიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებსაც ჰყავს) ტიპისაა. ამავე დროს, ეს ფრთოსანი რაკეტა ფორმით იმავე ტიპისაა, როგორიც უკრაინული სადაზვერვო დრონები TU-141 და TU-143. ეს კონსტრუქცია ახალი არაა, მაგრამ მონაცემები ბრიტანულს ჰგავს. არის ექსპერტთა ჯგუფი, რომლის აზრით, ეს კლასიკური საავიაციო ბომბია, რომელსაც მიმაგრებული აქვს ფრთები, დამატებული აქვს ძრავა, მართვის სისტემები და გადაკეთებულია მფრინავ რაკეტად. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ გააკეთა, თუნდაც ბრიტანული იყოს. ფაქტია, უკრაინას აქვს ეს იარაღი, რომლითაც შეუძლია სიღრმეში დაარტყას რუსეთს. სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ უკრაინელებმა ასეთი სამი რაკეტა ერთდროულად გაუშვეს. მნიშვნელოვანია, რომ გაცხადებული ტექნიკურ-ტაქტიკური მონაცემებით, "ფლამინგოს" 14 მ რადიუსის სიზუსტე აქვს და ეს საკმარისია ტონაზე მეტი ასაფეთქებლისთვის, რუსების მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტები რომ დააზიანოს, ასე რომ, თუკი უკრაინელებმა მოინდომეს ქერჩის ხიდის აფეთქება, ამას ნამდვილად შეძლებენ. როგორც ამბობენ, უკრაინას შეუძლია დღეში ერთი ერთეული "ფლამინგო" აწარმოოს, არის ლაპარაკი იმაზეც, რომ მისი წარმოება მნიშვნელოვნად გაზარდონ.

რატომღაც "ფლამინგოზე" გადაერთო ყველა, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება ის 3200 საჰაერო რაკეტა ERAM-134 (Extended Range Attack Munition), რომლებიც ამერიკამ უკრაინას უნდა მისცეს. მართალია, 400 კმ-ზე დაფრინავს, მაგრამ იმის საშუალება, რომ ის F-16-დან იყოს გაშვებული, თანაც ამ რაოდენობით, ძალიან მნიშვნელოვან ძალას მატებს უკრაინას. გარდა ამისა, უკრაინელებს ბრიტანელებთან აქვთ დადებული ხელშეკრულება, რომ ბრიტანელებმა ასევე შედარებით ნაკლები მანძილის, მაგრამ ზუსტი და ეფექტური რაკეტები მოუმზადონ.

პუტინმა თავისი აგრესიით უკრაინა გააერთიანა, ხოლო ტრამპმა თავისი უცნაური პოლიტიკით - ევროპა. 26 ქვეყანა გამოთქვამს მზადყოფნას, რომ როგორც კი მშვიდობა დამყარდება და ცეცხლი შეწყდება, მზად არიან შეიყვანონ სამხედრო კონტინგენტი უკრაინის ტერიტორიაზე. ნატოს გენმდივანმა განაცხადა, რომ რუსეთს უფლება არა აქვს, რომელიმე ქვეყანას რომელიმე სამხედრო ნაწილის ყოლა აუკრძალოს უკრაინის ტერიტორიაზე. სხვათა შორის, მე მათ ადგილზე ვეცდებოდი ჩინეთიც ჩამერთო ამ საკითხში, ამ შემთხვევაში რუსეთს დიდი პრობლემები ექნებოდა, თუკი რამეს დააპირებდა. ჩინეთმა სცადა ამ სამშვიდობო მოლაპარაკებაში ერთ-ერთი მოთამაშე ყოფილიყო. პირველად მან შესთავაზა გაყინულიყო დაპირისპირება იმ ხაზზე, სადაც ახლა იმყოფებიან დანაყოფები. მაშინ უკრაინამ უარი განუცხადა. ახლა თურქეთმა განაცხადა ჩართვის მზადყოფნა, იაპონიამაც.

პუტინს ომი სჭირდება, ვინაიდან ამით ის აკავებს იმ მასას, რომელიც ფრონტის ხაზზეა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ხალხი ძალიან ძვირი უჯდება. რამდენიც ჯარი დაბრუნდა რუსეთში, იმდენი რევოლუცია მოხდა - ნაპოლეონის ომებიდან დაბრუნდა და დეკაბრისტების აჯანყება მოხდა, 1905 წელს დაბრუნდა რუსეთ-იაპონიის ომიდან და პირველი რევოლუცია მოხდა. მეორე მსოფლიო ომის მერე ჯარი არ დაბრუნებულა, იმიტომ, რომ რუსებმა დაიკავეს აღმოსავლეთი ევროპა და ჯარების დიდი ნაწილი იქ განლაგდა, ავღანეთიდან დაბრუნდა ჯარი და, სსრკ დაიშალა... ახლა ეს ჯარი რომ მიბრუნდეს, რუსეთში უდიდესი სოციალური პრობლემები იქნება. ეს გაბოროტებული მასა რომ დაბრუნდება თავის გაუბედურებულ ცხოვრებაში, ის უფრო ფეთქებადსაშიში გახდება, მაგრამ აქ არის ერთი ვარიანტი - ის დაბრუნდება, როცა დაიდება სამშვიდობო ხელშეკრულება. თუკი დაიდო ხელშეკრულება ომის შეწყვეტაზე, ჯარი დარჩება ფრონტის ხაზზე, ვინაიდან ცეცხლის შეწყდება, ომი კი არ დასრულდება.

სტრატეგიულ დონეზე რუსეთმა მარცხი განიცადა, მიუხედავად ოპერატიულ დონეზე გარკვეული წარმატებისა და ტერიტორიების დაკავებისა. რუსების დაკავებულ ტერიტორიებზე, მაგალითად, დონეცკში, სასმელი წყალი არა აქვთ, მოსახლეობა წუმპეებიდან აგროვებს წყალს, მათ სასმელი წყალი უკრაინიდან მიეწოდებოდათ. რუსეთმა მიიღო ნანგრევები, ბევრი სამხედრო დაკარგა, ახლა გული მიეცათ ჩინეთიდან და პუტინმა, კიმმა და სი ძინ პინმა ერთობლივი სურათები გადაიღეს (რაც წითელი ნაჭერია ტრამპისთვის). პუტინი ამბობს, ვიწყებ მოლაპარაკებას და ზელენსკი ჩამოვიდეს მოსკოვშიო. ვინ იძლევა იმის გარანტიას, რომ არ გააქრობენ? ჯერ ერთი, რატომ უნდა ჩავიდეს? ხაზგასასმელია ის, რომ რუსებმა უკვე დაიწყეს ლაპარაკი არა ზაპოროჟიესა და ხერსონის მთლიანად გადაცემაზე, არამედ მხოლოდ დონბასზე, რაც ნიშნავს, რომ რუსებსაც დრო სჭირდებათ გადასაჯგუფებლად. ზუსტად ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ უჩნდება ორივე მხარეს გაძლიერების შესაძლებლობა, მაგრამ რუსებს ეხმარებიან ჩრდილოეთი კორეა და ირანი (ჩინეთი - ფარულად, თორემ აცხადებს, რომ ნეიტრალურია), უკრაინას კი ევროპა და ამერიკა, ავსტრალია, იაპონია. უკრაინის მხარესაა მეტი თანხა და მეტი ტექნოლოგიური შესაძლებლობა.