ომში გადაზრდილი საფეხბურთო მატჩი, რომელსაც 4000 ადამიანი შეეწირა - ფეხბურთის სიყვარულის ტრაგიკული ისტორია - კვირის პალიტრა

ომში გადაზრდილი საფეხბურთო მატჩი, რომელსაც 4000 ადამიანი შეეწირა - ფეხბურთის სიყვარულის ტრაგიკული ისტორია

მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში 1970 წელს მექსიკაში უნდა გამართულიყო, წინაშესარჩევ ტურნირში ერთმანეთს ცენტრალური ამერიკის ორი მეზობელი ქვეყანა - სალვადორი და ჰონდურასი დაუპირისპირდნენ.

ფეხბურთი ორივე მხარისთვის ბოლო წვეთად იქცა. კონფლიქტი დღითი დღე იზრდებოდა. სალვადორის გაცილებით ძლიერი ეკონომიკა ჰონდურასის მმართველ ელიტას მეტისმეტად აღიზიანებდა. გარდა ამისა, 1969 წელს ჰონდურასს სალვადორის დიდი ვალიც ჰქონდა.

1969 წლის 6 ივნისს პირველი მატჩი ჰონდურასის დედაქალაქ ტეგუსიგალპაში ჩატარდა და მასპინძლებმა 1:0 მოიგეს, თანაც ეს ერთადერთი გოლი მატჩის ბოლო, 90-ე წუთზე შეაგდეს.

სალვადორელებმა ძალზე მტკივნეულად განიცადეს ეს დამარცხება, რაც იმასაც დააბრალეს, რომ ჰონდურასელმა გულშემატკივრებმა მატჩის წინა ღამეს ისეთი ღრიანცელი ატეხეს სასტუმროს წინ, რომ სალვადორის საფეხბურთო ნაკრების წევრებს დაძინების საშუალებაც არ მისცეს.

სალვადორის ერთი გულმხურვალე გულშემატკივრის თქმით, ის დაწყევლილ ჰონდურასელებთან თავისი საყვარელი გუნდის დამარცხებასა და მათთან წაგებით გამოწვეულ სირცხვილს ვერ აიტანდა და თავი მოიკლა.

3-pex-1718710509-1757271561.jpg

საპასუხო მატჩი 15 ივნისს უკვე სალვადორის დედაქალაქ სან-სალვადორში გაიმართა და მასპინძლებმა ჰონდურასის ნაკრები დიდი ანგარიშით, 3:0-ით დაამარცხეს... მთელი სტადიონი ჯარით იყო გარშემორტყმული. თავად მოედანზეც ეროვნული გვარდიის უამრავ ჯარისკაცს მოუყარეს თავი, რომლებსაც გადატენილი ავტომატები ეკავათ ხელში. ჰონდურასის ჰიმნის შესრულებისას სტადიონი გმინავდა და უსტვენდა. შემდეგ, ნაცვლად იმისა, რომ ჰონდურასის დროშა აღემართათ, მასპინძლებმა ბედნიერებისგან გიჟადქცეული გულშემატკივრის თვალწინ ანძაზე ჭუჭყიანი და დაჭმუჭნილი ძონძი ასწიეს. ცხადია, ასეთ ვითარებაში ჰონდურასელებს რა ფეხბურთის თამაშზე უნდა ეფიქრათ. იმასღა ცდილობდნენ, აქედან როგორმე ცოცხლებს გაეღწიათ. ,,რა ბედნიერებაა, რომ წავაგეთ“ - შვებით თქვა ჰონდურასის ნაკრების მწვრთნელმა მარიო გრიფინიმ.

ფეხბურთელები სტადიონიდან ჯავშნოსანი მანქანებით აეროპორტში წაიყვანეს. კიდევ უფრო ცუდ დღეში ჩავარდნენ მათი გულშემატკივრები. ისინი ცემითა და გინებით გაყარეს საზღვრისკენ, ორი მათგანი შემოაკვდათ კიდეც, ათეულობით ადამიანი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სტუმრების 150 მანქანა დაწვეს. რამდენიმე საათში ამ ორი ქვეყნის გამყოფი საზღვარი ჩაიკეტა.

1db8e2ab-2635-4b64-a9bc-da421a7924db-1757271561.jpg

გადამწყვეტი მატჩი მეხიკოში 27 ივნისს გაიმართა და სალვადორის ნაკრებმა 3:2 სძლია ჰონდურასს, მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტაიმის შემდეგ 2:1 აგებდა.

შეხვედრის არასასურველი შედეგი ჰონდურასელმა ფეხბურთელებმა და გულშემატკივრებმა გვატემალელ მსაჯსა და სალვადორის ნაკრებს შორის გარიგებას დააბრალეს. გულშემატკივრებმა ფეხბურთელებთან ერთად ჯერ მსაჯი სცემეს, მერე კი მსაჯზე გამოქომაგებულ სალვადორელებზე გადავიდნენ და მწვრთნელით დაწყებული, მასაჟისტით დამთავრებული, ყველა ისე სცემეს, თითქმის მთელი ნაკრები საავადმყოფოში აღმოჩნდა.

სალვადორის მთავრობამ ყველაფერში ჰონდურასელი ფანები დაადანაშაულა და იმ საღამოსვე გაუგზავნა საპროტესტო ნოტა ჰონდურასის ხელისუფლებას, სადაც პირადად ჰონდურასის პრეზიდენტისგან ითხოვდნენ ბოდიშს. პრეზიდენტმა ბოდიში არ მოიხადა.

და ეს ბოლო წვეთად იქცა, რის შემდეგაც რეალური საბრძოლო მოქმედებები დაიწყო ჰონდურას-სალვადორის საზღვარზე...

რა თქმა უნდა, მარტო ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა არ გამხდარა ამ ორ მეზობელ ქვეყანას შორის ომის დაწყების მთავარი მიზეზი - ჰონდურასი სალვადორზე ბევრად მეტ ტერიტორიას ფლობდა, მაგრამ სერიოზულ ეკონომიკურ პრობლემებს განიცდიდა. სამუშაოს საძებნელად 300 ათასამდე სალვადორელი ჰონდურასში გადავიდა, რითაც გაზარდა უმუშევრობა თავად ჰონდურასის მოსახლეობაში.

8dacde2e-2071-4855-abc8-e1f4a546ec2f-1757271561.jpg

ჰონდურასის მთავრობამ ქვეყნის ეკონომიკური პრობლემები სწორედ სალვადორელ მიგრანტებს დააბრალა და დაიწყო მათი დეპორტირება სალვადორში, რამაც კიდევ უფრო დაძაბა ურთიერთობა ორ მეზობელ ქვეყანას შორის, ხოლო ბოლო ნაპერწკლად სამმატჩიანი შესარჩევი ტურნირი იქცა, რომელმაც 1970 წლის მექსიკის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრების კანდიდატი გამოავლინა...

საბრძოლო მოქმედებები 1969 წლის 11 ივლისიდან დაიწყო სასაზღვრო ზოლში, მცირე შეტაკებებით, მაგრამ 14 ივლისს სალვადორის სამხედრო ავიაციამ იერიში მიიტანა ჰონდურასის ნავთობბაზაზე და, ამის პარალელურად, სალვადორის არმიის ხუთი ქვეითი ბატალიონი და ეროვნული გვარდიის ცხრა ასეული ორი მიმართულებიდან შეიჭრა ჰონდურასში, 8 კმ-ის სიღრმეში და დაიპყრო ორი დასახლებული პუნქტი...

15 ივლისს ჰონდურასის თვითმფრინავებმა სალვადორის ერთ-ერთი სამხედრო აეროდრომისა და ნავთობბაზის საპასუხო დაბომბვა განახორციელეს...

საბრძოლო მოქმედებები 20 ივლისამდე გაგრძელდა და ექვსდღიანი ომის შედეგად სამი ათასამდე ჰონდურასელი და ათასამდე სალვადორელი დაიღუპა.

ომის შეჩერებისას სალვადორს ოკუპირებული ჰქონდა ჰონდურასის ტერიტორიის 400 კვადრატული კილომეტრი და არ აპირებდა იქიდან თავისი დანაყოფების გამოყვანას, სანამ ჰონდურასის მთავრობა მის ქვეყანაში მცხოვრებ 280 ათასამდე სალვადორელ მიგრანტს უსაფრთხოების გარანტიებს არ მისცემდა, თუმცა 2 აგვისტოს იძულებული გახდა, გამოეყვანა ჯარი ჰონდურასის ტერიტორიიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, "ამერიკული სახელმწიფოების ორგანიზაცია" სალვადორის მთავრობას საერთაშორისო პოლიტიკური და ეკონომიკური სანქციების დაწესებით დაემუქრა.

გლობალური თვალსაზრისით, შედეგები მაქსიმალურად უარყოფითი აღმოჩნდა - სხვა საკითხების პარალელურად, ცენტრალური ამერიკის საერთო ბაზრის პროექტიც მთლიანად განადგურდა, რამაც მთელი რეგიონის ეკონომიკა ჩამოშალა. ქვეყნებს ათი წელიწადი დასჭირდათ იმისთვის, რომ ომის დასრულების შესახებ სამშვიდობო ხელშეკრულებისთვის ხელი მოეწერათ.

ნიკოლოზ თევდორაშვილი