გზა ნატოს მეკავშირე ოფიცრობიდან ტრაილერის მძღოლობამდე - კვირის პალიტრა

გზა ნატოს მეკავშირე ოფიცრობიდან ტრაილერის მძღოლობამდე

ამ ისტორიას გვიყვება ადამიანი, რომელიც აფხაზეთის ომის შემდეგ, კოსოვოს, ერაყის (2-ჯერ) და ავღანეთის სამშვიდობო მისიებში მონაწილეობდა. სამხედრო დოქტრინის ავტორი 2014-2017 წლებში, აშშ-ში ნატოს მეკავშირე ოფიცერიც გახლდათ. დღეს თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი ზურაბ ხალიზოვი ამერიკაში ცხოვრობს. როგორი იყო მისი გზა საქართველოდან ამერიკამდე, თავად გვიამბობს.

პირველი მერცხლები

- აფხაზეთის ომის შემდეგ, 1995 წელს დავბრუნდი თავდაცვის სამინისტროში... 1998 წელს ნიკა ჯანჯღავამ (იმხანად დაზვერვის სამმართველოს თანამშრომელი) მოახერხა და საგარეო საქმეთა­ სამინისტ­რომ დიდ ბრიტანეთში ენის კურსზე­ გაგვი­შვა. ეს იყო პირველი პროგრამა, რომლითაც­ ქართველი ოფიცრები­ უცხოეთში სასწავ­ლებლად წავიდნენ. იორკში,­ სენ-ჯონის კოლეჯში ვსწავლობდით ინგლისურ ენას სამხედრო ტერმინოლოგიასთან ერთად. მაშინ საქართველოში ამერიკული პროგრამები არ არსებობდა. როცა დავბრუნდით, პერსპექტიული ოფიცრები ვიყავით და თან ახალგაზრდები. ნიკამ მაშინ ძალიან დიდი საქმე გააკეთა, კოჯორში თავდაცვის სამინისტროს სპეცდანიშნულების ქვეგანაყოფი ჩამოაყალიბა. ამაში მოკრძალებული წვლილი მეც მიმიძღვის, მე, ვლადიმერ ჩაჩიბაია, ნიკა ჯანჯღავა და კიდევ რამდენიმე კაცი ვიყავით. ენა ვიცოდით და უკვე შეგვეძლო ამერიკული და სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო დოქტრინების კითხვა, ინფორმაციის მოძიება და ასე სწავლა. მაშინ არ გვქონდა იმ ქვეყნებში სასწავლებლად წასვლის საშუალება. ამასობაში კოჯრის დანაყო­ფიც გაძლიერდა - დავიწყეთ 8 კაციდან, შემდეგ გავხდით 80, ერთი წლის შემდეგ კი 300. პირველ მისიაში 25 კაცი წავედით თურქეთში, რომელიც ნატოს ეგიდით ერთვებოდა კოსოვოს მისიაში. ერთ თვეში გავიარეთ გადამზადება, ვისწავლეთ ჯარის მოწყობა, თურქული ენა და გავემგზავრეთ კოსოვოში, სადაც 9 თვე დავყავით.

ბუფერულ ზონაში სერბებსა და ალბანელებს შორის ჩვენი საკონტროლო წერტილები გვქონდა. არ უნდა დაგვეშვა­ სოფ­ლებში იარაღის შეტანა. რეიდების­ დროს მო­სა­ხლეობისგანაც ვიღებდით იარა­ღს­­. რადგან ნაომარი ადგილები იყო, ძირი­­თად­ პრობლემას მაინც დანაღმული ტერიტორიები წარმოადგენდა. მთავარი ქალაქი პროზრინი იყო - გერმანელი სამხედრ­ოების საკონტროლო ზონა. გერმანელებს­ ექვემდებარებოდა თურქული ასეული (ნატო) და მასში ერთი ოცეული ჩვენ ვიყავით­.

8 თვის თავზე ჩამოვიდა თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე, შვეულმფრენით ჩამოაფრინეს, თან გენერალი დუმბაძე ახლდა. პირდაპირ მოედანზე დასხდნენ. ზუსტად არ მახსოვს, მგონი, შობის დღე იყო. მშობლებს გამოუტანებიათ შემწვარი გოჭები, სხვადასხვა ხორაგი. ღვინო 20-ლიტრიანი ბოცებით ჩამოიტანეს. თურქული ასეულის მეთაურმა (კაპიტანი იყო) რომ ნახა, თავდა­ცვის მინისტრი ჩამოფრინდა გოჭებითა და ღვინით, გაოცებული ხელებს შლიდა, რა ხდებაო. არნახული სუფრა გაიშალა. წავიდა­ ქეიფი. თურქები, იმის გამო რომ არ სვამდნენ და ჭამდნენ, მალევე წავიდნენ. სამი-ოთხი საათის შემდეგ მინისტრიც გაფ­რინდა უკან. ჩვენს ოცეულში ზოგი იმერეთიდან იყო, ზოგიც კახეთიდან. ისეთი პურმარილი იყო, ქართული სტუმართმოყვარეობა ხომ იცით, ყველა დავპატიჟეთ, იქაურებიც...

ქართველებს გვცნობდნენ. ჯერ ერთი, ჩვენი დროშა გვქონდა - სამფერიანი (მაშინ შეცვლილი არ იყო). იქაურები კარგად­ გვექცეოდნენ. გიორგობაზე ალბანელებმა­ მოლოცვის ნიშნად (თავად მუსლიმანები იყვნენ) უზარმაზარი ხარი დაკლეს, ბაზაში მოიტანეს და მზარეულებს ჩააბარეს კერძებისთვის. სერბები მართლმადიდებლები­ არიან და ეკლესიებში წირვაზე­ ერთად დავდიოდით. მერე ღვინის მარანშიც შევივლიდით ხოლმე. ორივე მხარემ კარგად იცოდა, ვინ ვიყავით და რას ვაკეთებდით...

კოსოვო იყო პირველი მისია, სადაც ყველა გაკვირდება. გერმანიის სექტორში­ სერტიფიცირებულები რომ არ ვყოფილიყავით, იქ ვინ მიგვიღებდა? თურქეთში ერთთვიანი­ ტრენინგი გავიარეთ, თურქულ ჯარზე გადავეწყვეთ, იმიტომ, რომ თურქეთი ნატოს ქვეყანაა. ეს იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვანი ნაბიჯი დასავლეთისკენ... 1998 წელს ჯარში საჭმელი არ იყო. კორუმპირებულ მაღალ­ჩინოსანთა უმრავლესობას ყველაფერი­ სახლში მიჰქონდა, თავდაცვის ბიუჯეტი მიზერული იყო. კოსოვოს მისია იყო პირველი მერცხალი ("წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამა ორი წლის შემდეგ, 2000 წელს დაიწყო). კოსოვოდან რომ დავბრუნდით, 4-5-ვარსკვლავიანი­ გენერალი დაგვხვდა და პირადად გადმოგვცა ნატოს მედლები "მადლობა თქვენი სამსახურისთვის კოსოვოში". ვერ წარმოიდგენთ, ეს ჩვენთვის მაშინ რას ნიშნავდა.

მოგვიანებით ამ პროცესს კოჯორში "კომანდოს" ბატალიონის შექმნა მოჰყვა, შემდეგ იყო მეორე ბატალიონიც. ჩვენი ჯარის განვითარების სათავე, ფაქტობრივად, კოჯორი იყო. ვინც სამხედრო აკადემიას ამთავრებდა, ყველას კოჯორი სურდა, რადგან ხედავდნენ, კარგად გვეცვა (ამერიკული ფორმა) და კარგად გვკვებავდნენ. ნიკა ჯანჯღავამ იმას მიაღწია, რომ მერია უზრუნველგვყოფდა სურსათ-სანოვაგით. მოგვი­ანებით დაიწყო საზღვარგარეთ გასვლა სასწავლებლად თუ სამშვიდობო მისიებში...

"მეტი საქართველო ნატოში"

- 2014 წელს თავდაცვის სამინისტრომ შეერთებულ შტატებში, ნატოს გაერთიანებულ ტრანსფორმაციის ცენტრში (NATO ACT - Allied Command Transfomation, ნორფოლკი) სამწლიანი (2014-2017) მისიით მიმავლინა. იქ არაწევრი ქვეყნებიც არიან წარმოდგენილი. მეკავშირე ოფიცერი საქართველოდან ძალიან მნიშვნელოვანი პოზიცია იყო, ნებისმიერი კანდიდატის წარდგენა, რომელსაც საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გზავნიდა ნატოს დაფინანსებით, ჩემს ხელში გადიოდა: ფინანსები, საბუთები... სხვადასხვა ქვეყანაში კონფერენციებზე დავდიოდით, და ა.შ. ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ "ნატოს ტრანსფორმაციის ცენტრში" კვირაში ერთხელ თათბირებს ნატოს წევრი ქვეყნების ყველა წარმომადგენელი ესწრებოდა. თათბირებზე არაწევრი ქვეყანა ვიყავით ფინეთი, შვეიცარია, ავსტრია, უკრაინა, აზერბაიჯანი და საქართველო. ყველა ქვეყანა წარმოადგენდა­ გასული კვირის რეპორტს, რა და როგორ ხდებოდა. შემდეგ მოხსენებებს ვაკეთებდით და ვგზავნიდით ჩვენს ქვეყნებში. ჩვენი თავდაცვის სამინისტრო ყოველთვის მოვლენების საქმის კურსში იყო.

- ნატოს ბლოკზეა საუბარი?

- დიახ. თათბირებზე განხილული ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ იყო, მისი დამუშავება-ანალიზი და გადაგზავნა მხოლოდ ჩვენს მეკავშირე ოფიცერს შეეძლო. მართალია, საიდუმლო ინფორმაციაზე­ შეზ­ღუდვა გვქონდა, თუმცა ზოგიერთ ნაწი­ლზე ოფიციალურად მიგვიწვდებოდა ხელი.­ ჩვენს ინტერესებში შედიოდა, მიგვეწოდებინა ჩვენი თავდაცვის სამინისტროსთვის და თბილისში სცოდნოდათ, რომელი ქვეყანა რას აკეთებდა, რა იყო დაგეგმილი.

- ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა, თათბირებზე დასწრება, ალბათ, მიუთითებდა, რომ საქართველო თანაბრად ურთიერთობდა ნატოს სხვა ქვეყნებთან.

- რა თქმა უნდა. ჩვენც გვთხოვდნენ­ ინფორმაციას, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიყავით წევრი ქვეყანა. გვეკითხებოდნენ,­ რას აკეთებდა საქართველო, რა ეტაპზე იყო ესა თუ ის აქტივობა, მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდათ სრული ინფორმაცია ევროპიდან საქართველოში დაგეგმილი წვრთნების შესახებ. ასეთ თათბირზე საქართველოს წარმომადგენელი რომ იჯდა, ეს ნიშნავდა, რომ ქვეყანას თავისი ხმა ჰქონდა. სულ რომ არაფერი გვეკეთებინა, საქართველოს წარმომადგენლის არსებობა უკვე პრესტიჟის საქმე იყო. დღეს "ნატოს ტრანსფორმაციის ცენტრში" საქართველოს ხმა აღარ ისმის.

- როდიდან აღარ ისმის?

- ჩემ შემდეგ (2017), ერთი ოფიცერი ჩამოვიდა და სამი წლის ნაცვლად მხოლოდ ერთი წელი დაყო, გამოდის, 2019 წლიდან.

- რა იყო ამ გადაწყვეტილების მიზეზი?

- ოფიციალურ მიზეზ­ად ფინანსები დასახე­ლდა. ვერ ვაფინანსებთ და რა ვქნათ, მაინც არაფერს აკეთებთო. ცოტა ირონიული ტონიც იყო სამინისტროდან. მაშინ ლელა ჩიქოვანს ებარა საერთაშორისო მიმართულებები. მანქანა, ხელფასი და ბინის ქირის ფული სამინისტროსი იყო და შესაბამისად, ფინანსები იხარჯებოდა. ამიტომაც­ ჩათვალეს, რომ არ იყო საჭირო. ასეთი ცენტრი მსოფლიოში მხოლოდ ორია: ამერიკაში "ნატოს ტრანსფორმაციის ცენტრი" და გაერთიანებული ოპერაციებიის სარდლობა ბრიუსელში (NATO ACO - Allied Command Operacions), რომელიც სამშვიდობო ოპერაციებს­ კურირებდა ავღანეთში, ერაყში და ა.შ. ჩვენი უფრო სწავლებებსა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე იყო ფოკუსირებული.

- ცენტრში საქართველოს წარმომადგენლობის არარსებობის გამო შეწყდა ჩვენი სამხედროების სწავლების საკითხიც?

- არ შემწყდარა, უბრალოდ, 80%-ით შემცირდა. აქ ჩვენი ბაზა ევროპის ცენტრში ჩვენი წარმომადგენლებიდან ერთ-ერთს გადააბარეს.

- სხვა არაწევრ ქვეყნებს თუ დარჩათ წარმომადგენლობა?

- რა თქმა უნდა, რადგან ამას სამხედრო-პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს, იმ მაგიდასთან შენი ხმა უნდა ისმოდეს.

- ცოტა დაუჯერებელია, რომ 27-წლიანი სამსახურის, ამდენი ომის და საერთაშორისო მისიების შემდეგ გადაწყვიტეთ ჯარიდან წასვლა. სამხედროები ამას ასე იოლად ვერ ელევიან...

- ამერიკაში ყოფნისას ვფიქრობდი, რომ სიტუაცია უკეთესი იქნებოდა, მაგრამ როცა დავბრუნდი, გამოჩნდა, რომ უარესობისკენ მიდიოდა... ეს პირველად ჯარში გამოჩნდა, უფრო მოგვიანებით, როდესაც თავდაცვის სამინისტროში ე.წ. გადაწყობა დაიწყო. დასავლეთის და ნატოს ბევრი პროგრამა თუ პროექტი ნელ-ნელა უქმდებოდა. ის ოფიცრები,­ რომლებიც ადრე არაფრით გამოირჩეოდნენ, მაღალ თანამდებობაზე დანიშნეს, მიუხედავად იმისა, რომ არც სათანადო გამოცდილება ჰქონდათ და არც კვალიფიკაცია. ეს მყისიერად არ მომხდარა, ნელ-ნელა, ეტაპობრივად... მიზანმიმართულად ხდებოდა დისტანცირება ნატოსა და დასავლეთისგან, იმ ღირებულებებისგან, რომლისკენაც, რომ იტყვიან, თავქუდმოგლეჯილი მირბოდა საქართველო. კვალიფიციური კადრები, რომლებსაც სწავლა-განათლება­ ევროპაში ან ამერიკაში ჰქონდათ მიღებული, ნელ-ნელა მცირდებოდნენ. თანამდებობა, სამჯერ მეტი ხელფასი, მანქანა, სახლი - ამ პირობებს უქმნიდნენ კონკრეტულ პირებს და შესაბამისად, ისინი ადვილად სამართავი იყვნენ.

ერთ გენერალს, რომელსაც ჩემს მეგობრად ვთვლიდი, ჩემი მოსაზრებები და წუხილი გავუზიარე. მახსოვს, გაიღიმა და მითხრა, არაფრის გაკეთება არ შემიძლიაო.

სამხედრო დაზვერვის დოქტრინებზე ვმუშაობდი, არა ჩემი ინიციატივით, ბრძანებით მევალებოდა. დოქტრინების სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი ვიყავი და ყველაფერს ვაკეთებდი, რომ ეს 500-გვერდიანი­ წიგნი ჯარისკაცამდე და ოფიცრამდე ისე მისულიყო, რომ წაეკითხათ­ და გაეგოთ. ჩემი ავტორობით წიგნი თავდაცვის სამინისტრომ დაამტკიცა და ისწავლებოდა კიდეც (იმედია, ახლაც). პატაკი რომ დავწერე, ვამთავრებ სამსახურს შეიარაღებულ ძალებში და პენსიაზე გავდივარ-მეთქი, ერთი მადლობაც არავის უთქვამს, მათ შორის იმ ადამიანებს, რომლებთანაც სამინისტროში 20-25 წელი ვმეგობრობდი.

ისევ ამერიკაში...

- მაინც როგორია, ამხელა გამოცდილების ადამიანი ერთ დღესაც რომ გაიღვიძებთ უცხო ქვეყანაში და არაფერს აღარ წარმოადგენთ?

- ფაქტობრივად, ყველაფერს ნულიდან იწყებ: არა გაქვს საბუთები, რომ იმუშაო, ლეგალურად იცხოვრო. ბევრმა ინგლისური ენაც არ იცის, რაც უფრო ართულებს­ უცხო ქვეყანაში დამკვიდრებას, თუმცა ეს ქვეყანა შანსს ყოველთვის გაძლევს. ვინც ჩამოდის, ვგულისხმობ ძალოვნებს, სამწუხაროდ, სამხედრო საქმის გარდა, ბევრი არაფერი იციან და ძირითადად, კურიერად, ტაქსის ან ტრაილერის მძღოლებად მუშაობენ. მე სამი წელი ვიყავი ტრაილერის მძღოლი. მოკლედ, უცებ ყველაფერი შეიცვალა, ჩამოდიხარ და, მაზუთიანი ხარ, დიზელის საწვავის სუნი აგდის. ეს ქვეყანა არ მიგიღებს ისეთს, როგორიც სამშობლოში იყავი. აქ ხელახლა იბადები, თავიდან უნდა შექმნა ყველაფერი.

სამშობლოზე არასდროს გავბრაზდები. დღეს ყველა გაბრაზებულია იმაზე, რაც მანდ ხდება. ყველა შეწუხებულია, რატომ უნდა ვიყოთ ასე ახლა, როცა იქ ვჭირდებით ჩვენს სამშობლოს. ორიოდე წლის წინ ვცადეთ რაღაცები, ერთგვარი წრე გვქონდა. რატომაც არა, განათლება არ გვაკლია, გამოცდილება და სამშობლოს სიყვარული. გვინდოდა საქმე გვეკეთებინა, ერთ ცნობილ ყოფილ სამხედროს ოფისი ვუქირავეთ (ფულს აქ ვაგროვებდით), რომ შეხვედრები გაემართა სამხედრო თემებზე, გვქონდა ჩართვებიც, ერთხანს ეს ყველაფერი კარგადაც შუქდებოდა, მაგრამ საბოლოოდ დიდი ვერაფერი გამოგვივიდა.

- როგორც ვიცი, აშშ-ში ბევრი ყოფილი სამხედრო მოსამსახურე ხართ. არ უცდია თავდაცვის სამინისტროს კავშირზე გამოსვლა?

- არა. მეტიც, მე რომ წამოვედი, ჩემი მეგობრები, აფხაზეთში ერთად რომ ვიბრძოდით, მაშინ მაღალი თანამდებობის პირები იყვნენ. სამ-ოთხ წელიწადში ისინიც ჩამოვიდნენ და საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ჩვენ აღარავის ვჭირდებოდით.

- ტრაილერის მძღოლობა, ალბათ, ბევრ სიძნელესთან ერთად, ბევრ თავგადასავალთანაც არის დაკავშირებული.

- ტრაილერის მძღოლობამდე ჯერ ტაქსის მძღოლი ვიყავი. როცა უკვე მართვის მოწმობა და მუშაობის უფლებაც მივიღე, დავრეგისტრირდი აპლიკაციაში. შეგიძლია ერთ დღეს იტაქსაო კიდეც და კურიერიც იყო. მე ენის ბარიერი არ მქონია, მაგრამ აქცენტი მაქვს და ხვდებიან, რომ აქაური არა ვარ. თუმცა ცუდი დამოკიდებულება არავის აქვს, იმიტომ, რომ ეს ქვეყანა ემიგრანტებმა ააშენეს და ახლაც მათზე დგას. რა თქმა უნდა, ტაქსის მძღოლობა ადვილი არ არის, ვიღაცას ჩართული მუსიკა არ მოსწონს, ან უკმაყოფილოა, რატომ გამიჩერე ორ მეტრში, ერთ მეტრში რატომ არ გამიჩერეო და ა.შ. შენ არა გაქვს უფლება პასუხი დაუბრუნო, მას კი, როგორც კლიენტს, ყველაფრის უფლება აქვს. შენ კი თავი უნდა მოთოკო, თორემ შეიძლება სამსახური დაკარგო. ერთხელ ნასვამი ქალი ჩამიჯდა, გავიხედე უკან და სავარძლებს შორის თავით იყო ჩავარდნილი. გადავიკიდე ზურგზე, ისე მივიტანე სახლამდე და მივაყუდე კართან. გათიშული იყო. ასეთი რამ ხშირად ხდება. მერე გიწევს მანქანის დასუფთავება, რაც სასიამოვნო ნამდვილად არ არის...

- იმ სამხედროებს თუ შეხვედრიხართ, ვისთან ერთადაც ამერიკაში მუშაობდით?

- აქ რომ ჩამოვედი, ერთმა აზერბაიჯანის მეკავშირე ოფიცერმა, რომელთანაც ვმეგობრობდი, წვეულებაზე დამპატიჟა. სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე იმართებოდა და დაშვება მხოლოდ სპეციალური საშვებით იყო. ამ ღონისძიებას წელიწადში ერთხელ ჩვენც ვაკეთებდით. რა თქმა უნდა, ბევრმა ისეთმა მნახა, ვინც ჯერ კიდევ ცენტრში მუშაობდა. ყველა დაინტერესდა, მე რას ვაკეთებდი, მაგრამ ზედმეტი კითხვები არავის დაუსვამს. მათ ხომ ისედაც იციან, შენს ქვეყანაში რა ხდება. რა თქმა უნდა, გულისტკივილს გამოხატავდნენ, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში აღარ ვიყავი. როცა გავიგებდი, საქართველომ გადადო წვრთნაო, სირცხვილისგან, მერჩივნა, მიწა გამსკდომოდა და ჩავვარდნილიყავი. არადა, რეგიონში პირველები, ძალიან მაგრები ვიყავით. რა აზერბაიჯანი და რა სომხეთი, ბულგარეთი თუ რუმინეთი, მათზე გაცილებით წინ ვიყავით.

ტრაილერის მძღოლად სამი წელი ვიმუშავე. მაღალანაზღაურებადია, კანონით, 11 საათზე მეტი მუშაობა არ შეიძლება. აღმოსავლეთი და დასავლეთი სანაპირო, ჩრდილოეთი, სამხრეთი, ყველგან ხარ. მექსიკის საზღვარზეც გიწევს ჩასვლა, ჩეკპოინტების გავლა, სასაზღვრო პოლიციის და ა.შ. მთელი ამერიკა მოვიარე, ალასკის გარდა. ერთი თვე გზაში ხარ, ერთი კვირა სახლში.

- სამსახურში აყვანის დროს სამხედრო განათლება რამეს ნიშნავს?

- იცით, ვის აჰყავხარ სამსახურში? ისევ რუსს, უკრაინელს ან სომეხს...

- ანუ არაამერიკელს?

- ისინიც უკვე ამერიკელები არიან, ამერიკული კომპანია აქვთ. რა თქმა უნდა, დისციპლინა ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ უხარიათ ჩვენი აყვანა...

- უკრაინაში ომი რომ დაიწყო, თუ გქონიათ საუბრები ორივე მხარესთან. ალბათ, საერთო სანაცნობო წრე გეყოლებოდათ.

- ომის დაწყებისთანავე აქ აქციები იმართებოდა. მე და ჩემი მეუღლე დავდიოდით, ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვებაშიც ვმონაწილეობდით. რას ფიქრობენ აქაური რუსები? შეიძლება რუსი იყოს, მაგრამ დამალოს და თქვას, რომ უკრაინელია. აქ ყველა ერიდება ომზე საუბარს. კონკრეტული განხილვები არ ყოფილა, ერთი, "სლავა უკრაინის" რომ იტყოდი, და "გეროიამ სლავას" თუ დაგიბრუნებდა,­ ესე იგი, კარგი ტიპი იყო. აქ ბევრი უკრაინელი და უკრაინული კომპანიაა - სატრანსპორტო, გადაზიდვების და ა.შ., მაგრამ ამ თემაზე კონკრეტული საუბრებისგან ყოველთვის თავს იკავებენ. არც მე დამიწყია გამოკითხვები. რომ გაიგებენ, "გრუზინი" ხარ, იციან, რომ მათ გვერდში ვართ, მხარს ვუჭერთ. მადლობასაც არ იშურებენ. საწყობში რომ ვმუშაობდი, ერთი დიდი ყუთი ჩიპსი მაჩუქა უკრაინელმა მენეჯერმა.

- რუსები თუ შეგხვედრიათ, ყოფილი სამხედროები?

- როგორც გითხარით, აქ ყველა მალავს, რომ რუსია. შეიძლება გითხრას, მოლდოველი ვარო, მაგრამ რუსობას არ აღიარებს. არც ყოფილ უკრაინელ სამხედროებს შევხვედრივარ. ყოველ შემთხვევაში, არავის უთქვამს, სამხედრო ვარო. მათთვის ეს ძალიან სენსიტიურია და ამიტომ მალავენ. ქართველებისთვის, პირიქით, საამაყოა. ხშირად მითქვამს, რომ მე 27 წელი სამხედრო ვიყავი, რომ ერაყშიც ვყოფილვარ, ავღანეთშიც...

- ამერიკელები როგორ აღიქვამენ, როცა იგებენ, რომ ავღანეთში ხართ ნამყოფი?

- გეუბნებიან, "მადლობა სამსახურისთვის" და ამას დიდი პატივისცემით აკეთებენ, ნებისმიერი უბრალო მოქალაქეც კი. ამერიკული განათლება მაქვს, ამდენ სამშვიდობო ოპერაციაში ვმონაწილეობდი და ამას რომ გაიგებენ, ძალიან მადლიერები არიან.

- ავღანეთი ახსენეთ და, როგორ უყურებენ ადგილობრივები ავღანეთში ყოფნის პერიოდს? როგორც დამთავრდა, კი ვიცით.

- ამერიკაში არავინ გეტყვით, წავაგეთ ან დავმარცხდითო. აქ ეს არ მოსულა. როგორც ვიეტნამის ომის შემდეგ, ამბობენ, "გამოვედით, როცა ვიფიქრეთ, რომ იქ ჩვენი ყოფნა საჭირო აღარ იყო" - ამის მეტს არაფერს ამბობენ. როგორც კი ეტყვი, რომ ამერიკელებთან ერთად ვიმსახურე მისიებშიო, უკვე მათიანი ხარ, იმიტომ, რომ შენ ბევრი ამერიკელის სიცოცხლე დაზოგე შენი სიცოცხლის ხარჯზე. განა ასე არ არის? გაიხსენეთ, რამდენი ქართველი ჯარისკაცი დავკარგეთ ავღანეთში.

- წლების წინ ამერიკაში წასული ქართველობა, ძირითადად, მძიმე სამუშაოზე, მაგალითად, მშენებლობებზე მუშაობდა.

- ამ სფეროში უფრო 90-იან წლებში ჩამოსული ქართველები მუშაობდნენ. იქ საბუთები არ გჭირდებოდა, კონტრაქტორი არ გქირაობდა. მოგკიდებდა ქეჩოში ხელს, წაგიყვანდა და გამუშავებდა. ახლა ყველაფერი უფრო ცივილიზებულად არის: იღებ მართვის მოწმობას, კარგ მანქანაში ზიხარ, სუფთად, კოხტად და დადიხარ. მართალია, ბევრს დადიხარ, მაგრამ დღეში 200-250 დოლარი რომ გააკეთო, ეგ უკვე რაღაცას ნიშნავს. რა თქმა უნდა, სამუშაო დღე 10-11 საათია.

- ალბათ, ბედის ირონიაა, როცა მხოლოდ საჭის ტრიალით სუფთად, კოხტად, ამდენი ფულის შოვნა შეგიძლია საკუთარი ქვეყნისთვის შეწირულ, ამდენ ომგამოვლილ ადამიანს...

- მაგას რომ თავი დავანებოთ, თავდაცვის სამინისტროში ასეთი ტრადიციაა, მართალია, ამერიკულიდან არის გადმოღებული, მაგრამ კარგი ტრადიციაა - სახელმწიფო დროშას სამკუთხედად კეცავენ და ლამაზ ჩარჩოში სვამენ. სერტიფიკატივით გაძლევენ, სადაც წერია "მადლობა სამსახურისთვის". მოგაქვს სახლში, ჩამოკიდებ კედელზე და შენი შვილი, შვილიშვილები ნახავენ, რომ მამას თუ ბაბუას, აი, ეს გაუკეთებია, მე კი არაფერი მაქვს, თან ეს ისეთმა ხალხმა გააკეთა, რომლებთანაც ერთად 20-25 წელი ვიყავი. ყველაფერი ფულში გაცვალეს. დარწმუნებული­ ვარ, დღევანდელი ხელისუფლება­ არ მოსწონთ, უბრალოდ, მორგებული არიან იმ კომფორტს, რომელიც მათ შეუქმნეს. ასეთებს უკვე მეგობარიც აღარაფრად უღირთ.

აქ ხომ არ არის საუბარი პოლიტიკურ კუთვნილებაზე ("ნაციონალი" არასდროს ვყოფილვარ), მხოლოდ როგორც პიროვნებაზე. სამინისტროში ყველამ კარგად იცოდა, რა საფეხურები გავიარე. ლეიტენანტიდან პოლკოვნიკი არ გავმხდარვარ. ჯერ უფროსი ლეიტენანტი გავხდი, მერე კაპიტანი, შემდეგ მაიორი, რასაც 15-16 წელი დასჭირდა. ტიპებმა ხელის ერთი მოსმით, ღიმილ-ღიმილით გამომიშვეს... გული გვწყდება, გული გვტკივა, ყველას გვინდა მანდ ყოფნა, რომ უფრო მეტად გამოვადგეთ ქვეყანას.

- მაგრამ ეს პროცესი ახლა ხომ არ დაწყებულა? წინა ხელისუფლების დროსაც განა ასე არ იყო?

- წინა ხელისუფლების დროსაც იყო იმ ნასწავლი ოფიცრების გაშვება შეიარაღებული ძალებიდან, რომლებშიც სახელმწიფო ინვესტიციას დებდა. რატომ ხდებოდა? იმიტომ, რომ როდესაც ადამიანმა კრიტიკული აზრი გამოთქვა ისევ საქმის სასიკეთოდ, ის უკვე შენიანი აღარ არის. ასეთი მიდგომა იყო ძალოვნებში. მუნჯი, ყრუ და ბრმა უნდა იყო. მაგალითად, ამერიკაში ჩემი 5-თვიანი ერთ-ერთი სასწავლო კურსი 180.000 დოლარი დაჯდა. ეს ფული, რა თქმა უნდა, ამერიკული იყო. მაშინ 60-მილიონიან გრანტს გვაძლევდნენ ამერიკელები. 2002 წელს, როდესაც საქართველოში ჯარის ტრანსფორმაცია დაიწყო, პარალელურად დაიწყო "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამები. იმ დროს გრანტი ფულის სახით კი არ შემოდიოდა, არამედ ვიღებდით სამხედრო ფორმებს, ბათინკებს, გავდიოდით ტრენინგებს, ვსწავლობდით. წინა ხელისუფლების დროს თავდაცვის სამინისტროდან ერთ დღეს ორმილიონიანი ოფიცერი გაუშვეს, ანუ ადამიანი, რომლის სწავლაშიც 2 მილიონი დაიხარჯა(?!).

იმხანად საქართველოში ამერიკელები იმყოფებოდნენ. იყო ასეთი "კუბიკის" პროგრამა, სადაც გადამდგარი ან პენსიაში გასული პოლკოვნიკები და გენერლები საქართველოში მუშაობდნენ ჩვენს სწავლა-განათლებაზე. გარდა ამისა, მონიტორინგს უწევდნენ ამ თანხებს. ისინი მინისტრის მოადგილეებისთვის კითხვების დასმას არ ერიდებოდნენ, ამ ოფიცერს, რომელზეც ამდენი ფული დაიხარჯა, რატომ უშვებთო, მაგრამ იმდენადY თავხედები­ იყვნენ, მაშინაც და ახლაც, რომ ფეხებზე ეკიდათ. ორმილიონიანი ოფიცერი რომ არის, 45 წლის, უზარმაზარი გამოცდილებით, 15-20 წელი გჭირდება, რომ ასეთად მოამზადო, და სახლში უშვებ, განა მავნებლობა არ არის?

- ამ გადმოსახედიდან არ ფიქრობთ, რომ 27 წელი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ფუჭი იყო?

- არა, რატომ? განათლება, გამოცდილება არსად წავა. თუ ოდესმე დადგა დრო, რომ დავჭირდებით ჩვენს ქვეყანას, იმედია, შევძლებ კიდევ ერთხელ ვემსახურო საქართველოს.