„მინდა, რომ სიმშვიდე იყოს, ყველას ჰქონდეს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება“
"ვნანობ, რატომ იმ წლებში არ დავიბადე, რომელშიც ჩემი მშობლების თაობა. მგონია, რომ უფრო მეტ ტკივილს ავცდებოდი", - ამბობს მსახიობი ია შუღლიაშვილი. რა ესმის ყველაზე ხშირად საკუთარ თავზე, რა შემთხვევაში ამბობს უარს როლებზე და რის გამო იღებს საყვედურებს? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.
- დაბადების თარიღი...
- 1967 წლის 17 იავარი.
- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- მასწავლებელი, მაგრამ ამ სურვილთან ერთად, მუსიკისადმი უდიდესი სიყვარული სულ მქონდა. შემდეგ დედის (მომღერალი ინოლა გურგულია) სურვილი გახდა ჩემთვის უმთავრესი და სამსახიობოზე ჩავაბარე. მთავარია, ამის გამო სინანული არასდროს მქონია.
- ჩემზე ამბობენ...
- რომ ჯიუტი ვარ.
- მართლა ასეა?
- თავად ვთვლი, რომ პრინციპული ვარ, მტკიცე ხასიათი მაქვს.

- ვჯიუტდები, როცა...
- უსინდისობას და უზრდელობას ვაწყდები. როგორც მეუბნებიან, ამ დროს საშიშად მკაცრი სახე მიხდება, ამას თავად ვერ ვგრძნობ.
- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...
- ალბათ, იგივე გზას გავივლიდი, მხოლოდ ნაადრევად წასული ადამიანების გარდაცვალებას ავირიდებდი.
- ჩემი პირველი წარმატება...
- არ ვიცი, რამდენად შეიძლება ეწოდოს "წარმატება", უფრო პირველ ნაბიჯს დავარქმევ, ეს იყო ფილმში "მოვდივარ და მოვიმღერი" გადაღება. 4 წლის ბავშვი გადასაღებ მოედანზე აღმოვჩნდი. მაშინ ვერც ვიაზრებდი, რა ხდებოდა, მაგრამ ის პერიოდი კარგად მახსენდება, გადასაღებ მოედანზე უამრავი ბავშვი იყო და ბევრს ვხალისობდით.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვით...
- მშობლებს, განსაკუთრებით - დედას. ჩემი პროფესიაც ხომ მან განსაზღვრა. მას უნდოდა, მსახიობი გავმხდარიყავი, თუმცა მე რომ თეატრალურში ჩავაბარე, დედა უკვე ცოცხალი აღარ იყო. აბიტურიენტობის დროს გაათმაგებულად მქონდა სურვილი, დედის ნატვრა ამესრულებინა.
- რატომ იყო ასე მონდომებული?
- ხედავდა, რომ ცოტათი ჩაკეტილი ბავშვი ვიყავი. ფიქრობდა, რომ ეს პროფესია გახსნაში დამეხმარებოდა. ეს გათვლა ჰქონდა, ჩემში ალბათ, არტისტიზმსაც ხედავდა, რომელსაც ცოტა მიხმარება სჭირდებოდა. 10 წლის ვიყავი, დედა რომ გარდაიცვალა.
- ბედნიერი ვარ, რომ...
- მყავს შვილები, შვილიშვილები და ვაკეთებ საქმეს, რომელიც მიყვარს.
- ჩემი სავიზიტო ბარათია...
- არ ვიცი, არასდროს მიცდია, სხვებისგან რაიმეთი გამორჩეული ვყოფილიყავი, მსახიობისგან რაც არ უნდა საკვირველი მოსასმენი იყოს.
- ყოველთვის მაქვს სურვილი...
- მშვიდობა იყოს მსოფლიოში და ყველანი ჯანმრთელად იყვნენ. ჩემს ქვეყანას რაიმეთი თუ გამოვადგები, ამისთვისაც ყოველთვის მზად ვარ.
- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...
- მიუხედავად იმისა, რომ ჯიუტს მეძახიან და მკაცრი იერი მაქვს, მე ეს მომწონს, ეს თვისება ბევრჯერ დამეხმარა სწორი გადაწყვეტილების მიღებაში, ხიფათისგან, უსიამოვნებებისგანაც კი დამიცვა. სიხისტე ზოგჯერ ამართლებს.
- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...
- როცა ძალიან მკაცრი ვხდები, მინდა სხვისთვის საშიში არ ვიყო.
- პატიება შემიძლია...
- ყველა ვარიანტში, თუმცა ის ბზარი, რომელიც ურთიერთობაში ჩნდება, არსად ქრება. შურს არასდროს ვიძიებ. ადამიანმა ერთხელ თუ ჩაიდინა ცუდი საქციელი, შეიძლება მომავალშიც გაიმეოროს, ამიტომ სიფრთხილეა საჭირო. სამწუხაროდ, გულის ტკენა ახლობლებისგანაც მქონია.
- ამ დროს როგორ იქცევით?
- შეიძლება დავიჩაგრო, მაგრამ ნებისმიერ სიტუაციაში ვცდილობ ადამიანობა შევინარჩუნო.
- როცა მომავალზე ვფიქრობ...
- მინდა, რომ სიმშვიდე იყოს, ყველას ჰქონდეს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება.
- ვიბნევი...
- როცა ადამიანი აშკარა ტყუილს ამბობს, მე სიმართლე ვიცი, ამ დროს მის ფსიქოტიპაჟს ვაკვირდები და აღარ ვიცი, რით ვუპასუხო. პასუხის გაცემა და სიმართლის გამოაშკარავება ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, როგორც მასზე დაკვირვება.
- ვნანობ...
- რატომ იმ წლებში არ დავიბადე, რომელშიც ჩემი მშობლების თაობა. მგონია, უფრო მეტ ტკივილს ავცდებოდი. როგორ სიყვარულსაც იმდროინდელი ადამიანები ატარებდნენ, მინდა ჩვენს შორის ახლაც ისეთი სიყვარული იყოს.
- ჩვენს რეალობაში ყველაზე მეტად რა გაწუხებთ?
- გავთითოკაცდით, მექანიკურები უფრო გავხდით, ვიდრე სულიერები. ალბათ თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარ თავშIი უნდა ჩავიხედოთ და ღირსებიდან, მორალიდან გამომდინარე ვიმოქმედოთ. ყველამ ვიგრძნოთ პასუხისმგებლობა საკუთარი ნათქვამისა თუ ქმედების მიღმა.
- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...
- ზღვაზე. ამ დღეებში ვაპირებ წასვლას. ჩემთვის ზღვა განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა.
- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...
- უსამართლობას.
- ამ დროს პირდაპირობა გჩვევიათ?
- გააჩნია სიტუაციას, პირადად ან ოჯახის წევრს თუ ეხება, ხმალამოღებული ვარ. საზოგადოებაში კი ბევრ რამეს ვუწევ ანგარიშს, ჯერ ვფიქრობ და მერე ვმოქმედებ.
- მეზარება...
- უთოობა.
- სიყვარულია...
- როცა სხვისთვის არსებობ, ამ დროს შენთვისაც არსებობ, როცა სხვის კეთილდღეობაზე ზრუნავ, ამ დროს ეს შენზეც გადმომდებია და კარგად ხარ. ადამიანებს შორის "სიყვარულების" ურთიერთგაცვლა, საბოლოოდ წარმოქმნის დიდ სიყვარულს და ამაზე კარგი არაფერია.
- პირველად რომ შემიყვარდა...
- ძალიან პატარა ვიყავი. იმ განცდას ალბათ სიყვარული არც ერქვა. ერთი ბიჭიდან მოდიოდა ემოცია და მეც გამიჩნდა სურვილი გავპრანჭულიყავი. ინიციატორი თავად არასდროს ვყოფილვარ.
- მაკვირვებს...
- უკვე აღარაფერი...
- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...
- ადამიანის წარმატებამ, კარგმა ფილმმა, სპექტაკლმა, მუსიკამ...
- ვრისკავ...
- როცა საჭიროა. ყოყმანი არ მჩვევია, ვიღაცას ხელის შეშველება თუ სჭირდება, წამებში შემიძლია გადაწყვეტილება მივიღო.
- რისკზე პროფესიაში რამდენად გიწევთ წასვლა?
- როლი ან შენია, ან - არა. დიდ რისკზე წასვლა დღემდე არც დამჭირვებია, გამოწვევებს თამამად ვიღებ. როლზე უარი სულ ორჯერ მაქვს ნათქვამი.
- რის გამო?
- თემის, ან ცუდი სცენარის გამო.
- მიუღებელი თემა რა არის?
- ზღვარგადასული უზრდელობა, როცა სცენარს კითხულობ და არაფრის მომცემი ტექსტია. არ ვლაპარაკობ სიშიშვლეზე, თამამ სცენებზე, ამაზეც ჩემი შეხედულება მაქვს. ვგულისხმობ სცენას, რომელიც მხოლოდ კადრისთვის არის საჭირო და დაცლილია შინაარსისგან. შეიძლება ზოგჯერ მახინჯი სხეულიც აჩვენო, მაგრამ ეს ესთეტიკური უნდა იყოს. ზოგადად, თუ სიშიშვლეს აჩვენებ, ლამაზი უნდა იყოს.
- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...
- ჩემი შვილები და შვილიშვილებია.
- როგორი ბებია ხართ?
- ალბათ, კარგი, ვგრძნობ, როგორ ვუყვარვარ ჩემს შვილიშვილებს, მენდობიან და ხშირად მათი მშველელი ვარ, თუმცა საჭიროების შემთხვევაში მკაცრიც, ესეც იციან.
- როცა საჯაროდ მაქებენ...
- თუ შექება გულწრფელია, ეს დიდი სტიმულია.
- მეშინია...
- ახლობლების დაკარგვის.
- ვიტყუები...
- არასდროს, მწარე სიმართლე მირჩევნია, ოღონდ ფორმას ვპოულობ.
- თავისუფლება არის...
- საკუთარი თავის აღმოჩენა, მერე ის გკარნახობს, რა ნაბიჯები უნდა გადადგა. თუმცა ეს არ ნიშნავს: "რასაც მინდა, იმას გავაკეთებ".
- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...
- არ მინდა, მხოლოდ იმდენი მქონდეს, რაც ჩემთვის და ახლობლების საჭიროებებისთვის იქნება საკმარისი.
- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...
- მოდუნება არ შემიძლია, რაღაც უნდა ვაკეთო, სადმე უნდა გავიდე, აუცილებელია რაღაცით დავსაქმდე, მოძრაობაში ვიყო.
- ბედისწერა...
- ვფიქრობ, არსებობს. ჩემს ცხოვრებაში ყოფილა მომენტები, რამაც ამაში დამარწმუნა. ცხოვრება დიდი ტკივილებისა და სიხარულის მონაცვლეობაა.
- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...
- მამამ მითხრა, როცა კონკრეტულ პიროვნებასთან ვიღაც მესამე ადამიანზე ლაპარაკობ, ყოველთვის წარმოიდგინე, რომ ის მესამე იქ დგას და მასაც ესმისო. ვეცადე, ასე მეცხოვრა. შეიძლება ერთ მეგობართან საყვედური ვთქვა მეორე მეგობარზე, მაგრამ იმიტომ კი არ ვეუბნები, რომ გავლანძღო ან ვიჭორაო, გულისტკივილს გამოვხატავ, ამიტომ იმანაც მოისმინოს და გაიგოს სიმართლე, რომელსაც შეიძლება პირში არ ვეუბნები.
- დაბოლოს გეტყვით...
- საკუთარ თავთან მართლები იყავით!
თამუნა კვინიკაძე