ნალბანდი რამაზი - კვირის პალიტრა

ნალბანდი რამაზი

ვინ იფიქრებდა, რომ მაშინ, როდესაც მარსზე თანამგზავრები მიფრინავენ, დედამიწაზე კვლავ ნალბანდის პროფესია გაცოცხლდებოდა. არა მგონია, ბევრმა იცოდეს, რა არის ნალბანდობა. ვიდრე მივიწყებულ სიტყვას ლექსიკონში დაძებნიდეთ, თავადაც გეტყვით: ნალბანდი ცხენის მჭედელია, რისი საჭიროებაც სულ უფრო დგება. რატომ? იმიტომ, რომ სულ უფრო მატულობს მათი რიცხვი, ვისაც ცხენზე ქროლა უნდა... მქროლავი რაშები კი აუცილებლად იჭედებიან.

ცხენით მოგზაურობის მსურველები­ დღესაც ყველაზე ხშირად კავკასიონს ირჩევენ: ტურიზმი ისევე არ არსებობს ცხენის გარეშე, როგორც ცხენი ნალბანდის გარეშე. მართალია, ნალბანდები, მით უფრო პროფესიონალები, ჯერ ისევ ცოტანი არიან, მაგრამ არა უშავს, აუცილებლად გაბევრდებიან. სოფელ დიღომში კი თუკი ნალბანდ რამაზს იკითხავთ, მასთან ერთად აუცილებლად ნახავთ მომავალ ნალბანდ ბიჭებსა და გოგონებს. დიახ, გოგონებსაც! თუ იტყვით, საიდან სადაო, ახლა მოგიყვებით მე და რამაზ თეთრაშვილი:

- ბატონო რამაზ, ნამდვილად აღარ ველოდი, რომ სადმე დიდი ხნის წინ მივიწყებულ პროფესიად ჩათვლილ ნალბანდობას აღმოვაჩენდი, მით უფრო თბილისთან ასე ახლოს, სოფელ დიღომში.

- სოფელ დიღომში ყოველთვის იყო ბევრი ცხენი. სადაც ჭიშკარს შეაღებდი, თავლაში თითო ულაყი ყველას ება. პატარა ბიჭი ვიყავი, ულაყი რომ მაჩუქეს და სასოებით გამოვზარდე. ალბათ, მიხვდებით, რა ზღაპარიც იქნებოდა. ამიტომაც გადავწყვიტე ცხენის მოვლა მცოდნოდა. მერე მოვინდომე ცხენების დაჭედვაც, ნალბანდობა. ვუყურებდი, ცხენებს როგორ ჭედავდნენ და ერთ დღეს 18 წლისამ მეც გავახურე ღუმელი, გავაცხელე ნალები და დავიწყე ცხენის დაჭედვა. უფროსებისაგან ვიცოდი, ვიდრე ცხენს დავჭედავდი, მანამდე უნდა მესწავლებინა, რომ ერთ დღეს დაჭედვა მოუწევდა - დროდადრო ჩაქუჩი უნდა დამეკაკუნებინა ფლოქვებზე. ასეც ვიქცეოდი, მაგრამ მაინც ვიწვალე, ცხენი კი თვინიერად იდგა, მაგრამ დაჭედვას 4-5 საათი მაინც სჭირდება. თუმცა გამოცდას მაინც კარგად გავუძელი და დავჭედე ცხენი!

- გისმენთ და მიკვირს: ცხენს რომ ფლოქვებზე გახურებულ ნალს ადებთ და ფლოქვებში ლურსმნები არჭობთ, არ სტკივა?

- ერთხელ კახეთში ცხენს ვჭედავდი და სწორედ მაგიტომ მომცვივდდნენ ბიჭები ჭედვისას, რას შვრები, ცხენს ფეხებში 6-სანტიმეტრიან ლურსმანს როგორ არჭობ, როგორ აწამებო! მაგრამ რომ ავუხსენი, არ სტკივა-მეთქი და ცხენსაც 5 საათი ფეხი არ გაუნძრევია, მითხრეს, გვაპატიე, გვეგონა სტკენდიო! კარგი ნალბანდის ხელში ცხენს დაჭედვისას არ სტკივა, განა ლურსმანი ხორცამდე მიდის, მხოლოდ ჩლიქს გაივლის და ცხენი ვერაფერს იგებს. ცხენი სიგიჟემდე მიყვარს, დაჭედვის წინ ვლოცულობ, ღმერთო, ხელი მომიმართე, არაფერი შემეშალოს და ცხენს არაფერი დავუშავო-მეთქი. განა არ უშავებენ: ცხენს ჩლიქების ძირში საწყლე ხაზი აქვს და თუკი ჩლიქის ზომა არ გაითვალისწინე, იმსიგრძე ლურსმანი ჩაარჭვე, რომ საწყლე ხაზამდე მივიდა, ეტკინება, მაშ რა იქნება. მერე ასეთი ცხენი აღარც ნალს მიიკარებს და აღარც მხედარს. ის კი არა, თუ დაჭედვით დაზიანებულ ცხენს ვნახავ, ჯერ ვმკურნალობ კარგა ხანს.

გაგანია ზაფხულში არც ცხელ ღუმელთან ყოფნაა ადვილი. ღუმელს სულ თან დავატარებ, სადაც ცხენის დაჭედვისთვის გამომიძახებენ, ნალი ხომ უნდა გავახურო. ხარისხიანი ნალები და ლურსმნები უცხოეთიდან შემომაქვს. მუდამ დავდევ ვაჭრებს, არიქა, შემომიტანეთ საქონელი-მეთქი. თორემ ზოგჯერ ისეთ მდგომარეობაში არიან ჩვენებური ნალებით დაჭედილი ცხენები, გული მიკვდება. ზოგიერთმა ისიც არ იცის, რომ წინა ფლოქვებს სულ სხვა ზომის ნალები სჭირდება, ვიდრე უკანას. სასტუმროებში რომ მიძახიან დასაჭედად, სუფთა ჯიშის ცხენებს დაჭედვით ფეხები ისეთ დღეში აქვთ, გული მიკვდება.

ერთი ძალიან კარგი მხედარია ჩვენს საცხენოსნო სპორტში. მის ცხენს იტალიაში მოუწია დაჭედვამ. მითხრა, იტალიაში ცხენი ქალმა დამიჭედა, რომ ვუყურებდი, რამდენი საათი მოანდომა, გულში ვფიქრობდი, ვაი შენ ჩემო თავო, თბილისში როგორი ყოჩაღი ნალბანდი გვყოლია, მოდი, უფრო მეტად დავაფასოთ-მეთქი.

- ეს მითხარით, გოგონებს ბევრს უნდა ნალბანდობის შესწავლა?

- რას ამბობთ, ისეთი ხალისით აკეთებენ, ბიჭებს სჯობნიან. უკვე მოვამზადე ნალბანდად ორი კარგი გოგონა: თამარ შეთეკაური და ნატო ბექაური. ჩვენთან კოლეჯი გაიხსნა საცხენოსნო ტურიზმის შესასწავლად. ჰოდა, იქ ვასწავლი ნალბანდობას. ისეთი გოგოები გამოვზარდე, გული გაგეხსნება. სპეციალური ნალბანდის შარვალი აცვიათ და დადიან.

- ეგ რაღაა?

- ეგ ნახევარშარვალია, ასე ვთქვათ. წელზე გაქვს შემორტყმული და შიგ სანალბანდე დანებია ჩაწყობილი, რომ ცხენის ჭედვისას რომელი დანაც დაგჭირდება, ის მოიხმარო. ეს გოგოები ისედაც ხომ კარგები არიან, მაგრამ ხელი აქვთ, როგორ ვთქვა და, ბიჭებსაც სჯობნიან! მაგალითად, დაჭედვისას არის ასეთი პროცესი: ჯერ ბუმერანგი კეთდება და მერე ცხელი ნალი იღუნება, თამარ შეთეკაური მაგ პროცესებს ყველა ბიჭზე უკეთ აკეთებს, ხელი აქვს ისეთი, სანიმუშოდ გამოსდის!

- ამ მშვენიერ არსებებს ცხენმა დაჭედვისას ფეხი რომ გაუქნიოს და მოარტყას, მერე რას შვრებით?

- ეგ განა ბიჭისთვის არ არის საშიში, ამხელა ცხენმა ფეხი თუ გაიქნია, მტრისას! ამიტომ აი, რას ვშვრები - არის ხალხი ჩემს მეგობრებში, რომელთაც ჭკვიანი ცხენები ჰყავთ და ფეხსაც არ გაატოკებენ. სწორედ ასეთ ცხენებთან მიმყავს ჩემი მომავალი ნალბანდები.

ნალბანდი ცხენს ისე უნდა იცნობდეს, როგორც დედა შვილს. ეგ უნარი აჩერებს­ ცხენს 5 საათით ერთ ადგილას. რომ ვუყუ­რებდი, ცხენების რიცხვი მცირდებოდა, გული მიკვდებოდა, მაგრამ ისევ ბუნებამ დაიცვა და ადამიანს არ გაუნელა მისი სიყვარული. ვისაც ცხენის მოვლა არ შეუძლია, მისი სილამაზით შორიდან ხომ მაინც დატკბება!