ხელოვნებისა და მოდის ზეიმი
ვენეციის კინოფესტივალი მხოლოდ კინოხელოვნების ზეიმი კი არა, ისტორიული ტრადიციის გაგრძელებაა. 27 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით მსოფლიო მედიის ყურადღება იტალიის ულამაზეს ქალაქზეა მიპყრობილი. აქ მოუთმენლად ელიან ცნობილი, დამწყები, უკვე კარგად ნაცნობი, მაგრამ მივიწყებული სახეების გამოჩენას. ვენეციაში თავს იყრის კინოსა და მოდის ინდუსტრიის მნიშვნელოვანი ნაწილი და ზღაპრული ქალაქი კიდევ ერთხელ ცოცხლდება წელიწადის ამ დროს. "კვირის პალიტრის" მკითხველს ვუამბობთ კინოფესტივალის იმ დღეების შესახებ, რომელიც მრავალი წელია მედიის ყურადღების ცენტრშია.
ერთი კაცის ისტორია - ვენეციის კინოფესტივალი
1932 წლის ზაფხულში ვენეციის გულში, ლიდოს მზით განათებულ სანაპიროზე, პირველად აინთო ეკრანი, რომელიც მსოფლიო კინოხელოვნებაში მნიშვნელოვან ადგილს დაიმკვიდრებდა. ეს კი იმდროინდელი ვენეციის გუბერნატორის, ჯუზეპე ვოლპის დამსახურებაა. მან დაინახა, რომ კინემატოგრაფი მხოლოდ ხელოვნება კი არა, ეპოქების დამაკავშირებელი ენაც იყო.
ჯუზეპე ვოლპი - მისურატას პირველი გრაფი, იტალიელი ბიზნესმენი და პოლიტიკოსი, იტალიის ეროვნული ფაშისტური პარტიის წევრი გახლდათ. მისი ცხოვრება, კინოფესტივალის დაარსების გარდა, ბევრ პოლიტიკურ მოვლენას უკავშირდება. ვოლპიმ დიდი წვლილი შეიტანა იტალიის ელექტრომომარაგებაში. 1903 წლისთვის მისმა კომპანიამ Società Adriatica di Elettricità ელექტროენერგია მიაწოდა ვენეციას, ჩრდილო-აღმოსავლეთ იტალიასა და ბალკანეთის ნაწილს. 1911-1912 წლებში, როგორც მოლაპარაკების ერთ-ერთი ხელმძღვანელი, მონაწილეობდა იტალიურ-თურქული ომის დასრულებაში. 1925 წელს გახდა იტალიის ფინანსთა მინისტრი ბენიტო მუსოლინის მთავრობაში და გაატარა მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმები. რაც მთავარია, 1930-იან წლებში დააარსა ვენეციის კინოფესტივალი. მისი კინოს სიყვარული, როგორც ჩანს, მემკვიდრეობით ერგოთ შთამომავლებს. ცნობილია, რომ ვოლპის შვილიშვილი, გრაფინია მარინა ჩიკონია აღიარებული იყო როგორც "ევროპული კინოს ერთ-ერთი გავლენიანი ქალი".
"მუსოლინის თასი"
1930-იან წლებში იტალიის ხელისუფლებაში ბენიტო მუსოლინი გახლდათ, შესაბამისად, ვენეციის კინოფესტივალის უმაღლესი ჯილდო საუკეთესო იტალიური და უცხოური ფილმებისთვის მუსოლინის თასი“იყო. 1940 წელს, პოლიტიკური მოვლენებიდან გამომდინარე, ფესტივალს სახელი გადაარქვეს და უწოდეს იტალიურ-გერმანული კინოფესტივალი - ეს იმდროინდელი პოლიტიკური ალიანსის გამოძახილი გახლდათ. 1943 წელს, მუსოლინის ხელისუფლების დამხობის შემდეგ, "მუსოლინის თასი" გაუქმდა. ფესტივალი მეორე მსოფლიო ომის დროს შეწყდა და მხოლოდ 1946 წელს განახლდა - უკვე ახალი პოლიტიკური და კულტურული ეპოქის ფონზე. მას შემდეგ ვენეციის კინოფესტივალი ხელოვნებისა და კინემატოგრაფიის საერთაშორისო სიმბოლოდ იქცა.
პაპარაცების ობიექტივში

მოდა ყოველთვის იყო ვენეციის კინოფესტივალის განუყოფელი ნაწილი - ის ბუნებრივად ერწყმოდა კინოს ბრწყინვალებას. წლების განმავლობაში ვენეციის წითელ ხალიჩაზე იბადებოდა კადრები, რომლებიც მოდის ისტორიას შემორჩა. ერთ-ერთი იყო 1955 წელს ბრიტანელი მსახიობის დიანა დორსის გამოჩენა "მინკის" ბიკინიში, რომელმაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ვარსკვლავმა საჯაროდ ტანთ გაიხადა.
1950-იანი წლებიდან ვენეციაში ჩასული მსახიობები პაპარაცების ობიექტივში ხვდებოდნენ და ეს ბუნებრივი მოვლენა იყო. 1958 წელს პოპულარობის მწვერვალზე მყოფი ბრიჟიტ ბარდო ფესტივალის მთავარი ფიგურა იყო - ბარდო მინდორში პოზირებდა უამრავი პაპარაცის წინაშე. მსახიობი აღიარებული იყო როგორც სექსსიმბოლო და ცნობილი იყო როლებით, რომლებიც მის სექსუალურობას უსვამდა ხაზს. იმავე წელს, როდესაც ეს ფოტო გადაიღეს, ბარდომ ითამაშა ფილმში "In Case Of Adversity", რომელიც საფრანგეთში წლის ყველაზე პოპულარულ ფილმად იქცა.
ბოლო წლების ისტორიას თუ გადავხედავთ, ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მომენტი 2021 წელს იყო. მსახიობმა ზენდეიამ მტკიცედ დაიმკვიდრა თავი როგორც Gen Z-თაობის გამორჩეულმა მოდის ვარსკვლავმა. ვენეციის კინოფესტივალზე მსახიობი გამოჩნდა "ბალმანის" კაბით, რომელსაც 93-კარატიანი ზურმუხტისა და ოქროს "ბულგარის" ყელსაბამი ამშვენებდა. ზენდეია 2021 წელს ვენეციის კინოფესტივალის საუკეთესოდ ჩაცმულთა შორის დაასახელეს. როგორც მსახიობის სტილისტმა განაცხადა, კაბის შთაგონება XIX საუკუნის ქანდაკებები იყო. "ბალმანის" დიზაინერებმა ზენდეიას ბიუსტის მოდელი გამოიყენეს ლუქის შესაქმნელად.
ჯულია რობერტსის დებიუტი ვენეციის კინოფესტივალზე

დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ მსახიობი ჯულია რობერტსი ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე პირველად გამოჩნდა. აქამდე ჯულია ფესტივალს არ დასწრებია, იმის მიუხედავად, რომ მის კარიერას მრავალი საერთაშორისო პრემია ამშვენებს. ჯულიას გამადიდებელი შუშით აკვირდებოდნენ, როგორც კინოკრიტიკოსები, ასევე მოდის ექსპერტები. ფილმის „Aფტერ ტჰე Hუნტ“ ჩვენების შემდეგ, სადაც ჯულია მთავრ როლს ასრულებს, აპლოდისმენტები 6 წუთის განმავლობაში არ წყდებოდა.
ვენეციაში ჩასვლისას, საზოგადოების ყურადღება მიიქცია "ჟაკეტმა", რომელზეც ფილმის რეჟისორის, ლუკა გუადანინოს სახე იყო ამოქარგული. წითელ ხალიჩაზე კი ვერსაჩეს კლასიკური კაბით წარსდგა. მსახიობი ფესტივალის ოფიციალურ ნაწილს მარტო დაესწრო, თუმცა ფესტივალის სხვადასხვა ღონისძიებაზე იმყოფებოდა მისი მეუღლეც, რომლის ფოტოებიც ჯულიამ თავის ინსტაგრამზე გაავრცელა.
ჯულია რობერტსი დღემდე მრავალი თაობის კუმირია. მან მსოფლიო აღიარება მოიპოვა ფილმებით "ლამაზმანი", "ერინ ბროკოვიჩი"”და "ნოტინგ ჰილი". 2002 წლიდან დაქორწინებულია კინემატოგრაფ დანიელ მოდერზე. წყვილს სამი შვილი ჰყავს.

ქართველები ვენეციის კინოფესტივალზე
ბოლო პერიოდში ვენეციის კინოფესტივალზე ქართველებიც გამოჩნდნენ. 2022 წელს ვენეციის რიგით 79-ე კინოფესტივალზე ხატია ბუნიათიშვილი გამოჩნდა წითელი კაბითა და ჩარტიერ-ს სამკაულით. ქართველი პიანისტი ვენეციაში გასულ წელსაც ჩავიდა. ამჯერად მას დიზაინერ ანუკი არეშიძის შავი კაბა ამშვენებდა.
2024 წელი ქართული კინოსთვის გამორჩეული იყო. დეა კულუმბეგაშვილის ფილმმა "აპრილი" ვენეციის კინოფესტივალზე ჟიურის სპეციალური პრიზი მოიპოვა. მთავარ როლებს ფილმში ასრულებენ მერაბ ნინიძე, ია სუხიტაშვილი და კახა კინწურაშვილი. საამაყოა ქართველი მსახიობების გამოჩენა წითელ ხალიჩაზე. მრავალი ცნობილი სახის გვერდით ია სუხიტაშვილი, მერაბ ნინიძე და კახა კინწურაშვილი რეჟისორ დეა კულუმბეგაშვილთან ერთად წარდგნენ. 2024 წელს ვენეციის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე გამოჩნდა ქართველი მოდელი და ინფლუენსერი თამო ვაშალომიძეც. როგორც ამბობს, მისი დიდი ხნის სურვილი იყო, რომ საკუთარი ბრენდი TAMOSKIN საზღვარგარეთ გაეტანა... ვენეციის რიგით 82-ე კინოფესტივალს დაესწრო მომღერალი ნინი ბადურაშვილიც. ის ხალიჩაზე Armani Beauty-ის ოფიციალური წარმომადგენლის სტატუსით გამოჩნდა. ბუნებრივია, მისი ჩაცმულობაც ამ ბრენდს უკავშირდებოდა - მას ეცვა Giorgio Armani-ს ელეგანტური შავი კაბა, რომელმაც უფრო თვალისმომჭრელი გახადა მისი დახვეწილი იმიჯი.