პუტინის მუსიკალური ფრონტი: როგორ გეგმავს კრემლის ბინადარი "ევროვიზიის" "ჩაძირვას" - რუსულ "ინტერვიზიაში" მაიკლ ჯექსონის შვილი იმღერებს?! - კვირის პალიტრა

პუტინის მუსიკალური ფრონტი: როგორ გეგმავს კრემლის ბინადარი "ევროვიზიის" "ჩაძირვას" - რუსულ "ინტერვიზიაში" მაიკლ ჯექსონის შვილი იმღერებს?!

ბრიტანული გაზეთი „გარდიანი“ (The Guardian) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ინტერვიზიის“ სიმღერის კონკურსი: რატომ ცდილობს რუსეთი „ევროვიზიის“ კულტურული საპირწონის აღორძინებას?“ (ავტორი - ელიზ მორტონი). მასალაში განხილულია ოდესღაც ევროპის სოციალისტურ ქვეყნებში საკმაოდ კარგად ცნობილი სიმღერის კონკურსის - „ინტერვიზიის“ აღდგენის მიზეზები და მისი პერსპექტივა.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ჩეხოსლოვაკიაში 1960-იანი წლებში დაარსებული და შემდეგ სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში გავრცელებული, მათ შორის სსრ კავშირშიც, მუსიკალური კონკურსი „ინტერვიზია“, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, კვლავ აღორძინებას იწყებს. სხვათა შორის, მასში მონაწილეობა ამერიკელმა შემსრულებელმაც მოისურვა.

რა არის ახალი „ინტერვიზია“ – „საშინაო თეატრი“ თუ საერთაშორისო არენაზე გასვლის შესაძლებლობა?

როცა ამერიკელი შემსრულებელი ბრენდონ (ბი) ჰოვარდი 20 სექტემბერს მოსკოვის სცენაზე გამოვა, სავარაუდოდ, იგი ისტორიულ სიმბოლოდ გადაიქცევა. ლოს-ანჯელესის მკვიდრი ბი ჰოვარდი გახდება პირველი ამერიკელი, რომელიც „ინტერვიზიის“ აღორძინებულ კონკურსზე აშშ-ის სახელით მიიღებს მონაწილეობას.

განახლებული „ინტერვიზია“ თანამედროვე კულტურული სანახაობაც იქნება, წარსულში ნოსტალგიური დაბრუნებაც და დღევანდელი გეოპოლიტიკური მანევრიც. იმ დროს, როცა „ევროვიზიამ“ თავისი გეორგრაფიული საზღვრები გააფართოვა და მონაწილე ქვეყნებს შორის ავსტრალიაც კი ჩართო, მაშინ რუსეთის მიერ ორგანიზებული ალტერნატიული კონკურსი „ინტერვიზია“ საერთაშორისო არენაზე სრულიად სხვა სახის გასვლას ნიშნავს.

ის, რომ რუსეთმა მტვერი ჩამოფერთხა „ინტერვიზიის“ ბრენდს, რომელიც 1980 წლიდან, შეიძლება ითქვას, დავიწყებას იყო მიცემული (2008 წელს მხოლოდ ერთხელ ჩატარდა), გამოწვეულია იმით, რომ რუსეთი „ევროვიზიიდან“ გარიცხეს, უკრაინასთან ომის დაწყების გამო. „ევროვიზიიდან“ გარიცხვით მოსკოვს წაერთვა პლატფორმა, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანულ აუდიტორიაში არაპოპულარულია, მაინც ათწლეულების განმავლობაში ითვლებოდა მნიშვნელოვან ინსტრუმენტად კულტურის დიპლომატიაში.

„ინტერვიზიის“ ვებ-საიტზე განცხადებაა - „მსოფლიოში ცნობილი მუსიკალური მოვლენა რუსეთში ბრუნდება“, მაგრამ სინამდვილეში ის რუსული არ არის. „ინტერვიზიის“ კონკურსი პირველად ჩეხოსლოვაკიაში გაიმართა „ოქროს გასაღების“ სახელით (პრაღაში, ბრატისლავასა და კარლოვი-ვარში), 1965-1968 წლებში, შემდეგ კი, „პრაღის გაზაფხულის“ მარცხის შემდეგ, პოლონეთში გადაინაცვლა - ჯერ გდანსკში იმართებოდა, შემდეგ კი სოპოტში („ქარვის ბულბულის“ სახელით). ეთერში გადაიცემოდა ევროპის საერთაშორისო რადიომაუწყებლობისა და ტელევიზიის ორგანიზაციის OIRT-ის (Organisation Internationale de Radiodiffusion et de Télévision) ქსელის Intervision-ის ეგიდით, რომლის წევრები, სხვებთან ერთად, სსრ კავშირი და სხვა სოციალისტური ქვეყნებიც იყვნენ.

როგორც მუსიკის ისტორიკოსი დინ ვულეტიჩი ამბობს, თავდაპირველად „ინტერვიზია“ ისეთი არ იყო, როგორიც ახლა ვლადიმერ პუტინს აქვს ჩაფიქრებული - ჩეხოსლოვაკიის მიზანი იყო დასავლეთისა და აღმოსავლეთის გაერთიანება, თუმცა არ გამოუვიდა. სამაგიეროდ, ხელი შეუწყო ისეთი მომღერლების წინსვლას, როგორიც იყვნენ კარელ გოტი, ჰელენა ვონდრაჩკოვა და სხვები. თავის მხრივ, პოლონეთი უფრო შორს წავიდა და „ინტერვიზიის“ კონკურსში დასავლელი მომღერლებიც მიიწვია. პრაქტიკულად, ორივე ქვეყანაში მიმდინარე კონკურსებს კომერციული ხასიათი ჰქონდა: „ორგანიზატორებს სურდათ, რომ ხმის ჩამწერი დასავლური კომპანიების დაინტერესება გამოეწვიათ. საქმე კომუნისტურ წყობის ძირის გამოთხრას არ ეხებოდა, უბრალოდ, მათი მიზანი იყო შემოსავლების მიღება ევროპელი კაპიტალისტებისაგან“, - ამბობს დინ ვულეტიჩი.

თვითონ საბჭოთა კავშირი „ინტერვიზიის“ პირველი კონკურსებით მაინცდამაინც დაინტერესებული არ იყო. მოსკოვს თავისი შიდა ბაზარი ჰქონდა და ეს სრულიად საკმარისი იყო.

რატომ მოისურვა ვლადიმერ პუტინმა „ინტერვიზიის“ აღორძინება? OIRT-ი ხომ უკვე დიდი ხანია აღარ არსებობს... მაგრამ გავიხსენოთ, როგორ შეიცვალა „ინტერვიზიის“ ძველი კონკურენტი „ევროვიზია“ ცივი ომის შემდგომ და განსაკუთრებით ბოლო ათწლეულში

ევროპის მაუწყებლობის გაფართოებამ აღმოსავლეთით ყოფილი სოციალისტური და პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებიც მოიცვა. ეს დრო დაემთხვა ევროვიზიაში „ლგბტ“ საზოგადოების წარმომადგენლების საკონკურსო გამოსვლებს, რომელიც 1997 წელს ისლანდიელი პალია ოსკარის სიმღერით დაიწყო, მას მოჰყვა ისრაელის წარმომადგენლის დანა ინტერნეიშენელის გამარჯვება 1998 წელს და ბოლოს, წვერიანი ტრანსვესტიტის კონჩიტა ვურსტის ტრიუმფი 2014 წელს.

კონჩიტას გამარჯვებამ მოსკოვი განსაკუთრებით გააბოროტა, რადგან მისი წარმატება დაემთხვა იმ მომენტს, როცა პუტინის ხელისუფლება პროპაგანდას უწევდა ტრადიციულ ფასეულობებით ცხოვრებას და ისეთ კანონებს იღებდა, რომელიც „ლგბტ-კონტენტის“ საქმიანობას ზღუდავდა. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ „ინტერვიზიის“ აღდგენა „ევროვიზიის“ მიერ ლიბერალური ფასეულობების რეკლამირებით არის გამოწვეული.

კაცმა რომ თქვას, კრემლს ყველაზე ძალიან აღიზიანებდა ის ფაქტი, რომ „ევროვიზია“ გახდა პლატფორმა იმ სოციალისტური ქვეყნებისთვის და მოკავშირე რესპუბლიკებისთვის, რომლებიც ადრე ჯერ სსრ კავშირის, შემდეგ კი რუსეთის გავლენის ქვეშ იყვნენ. ისინი ცდილობდნენ ევროპისათვის თავიანთი თვითმყობადი კულტურა ეჩვენებინათ. უკრაინის მრავალჯერ გამარჯვება „ევროვიზიის“ კონკურსში - 2016 წელს მომღერალ ჯამალას სიმღერის ჩათვლით, რომელიც იოსებ სტალინის მიერ 1944 წელს ყირიმელი თათრების გასახლების ხსოვნას მიეძღვნა, ვლადიმერ პუტინისთვის გამოწვევად იქცა, რომელიც, როგორც ცნობილია, უკრაინულ კულტურას და ისტორიას ლეგიტიმურად არ თვლის.

როგორც ექსპერტი ქეთრინ ბეიკერი ამბობს, „უკრაინის მონაწილეობამ „ევროვიზიის“ კონკურსში მსოფლიოს მაყურებლებს აჩვენა, რომ უკრაინის შესახებ ვლადიმერ პუტინის ნათქვამი სიცრუეა და სინამდვილეს არ ასახავს“. ექსპერტ სტივენ ჰათჩინსის თქმით კი, რუსეთის ხელისუფლების ჩანაფიქრი „ინტერვიზიით“ „ევროვიზიისადმი“ კონკურენციის გაწევის თაობაზე შეიძლება კონტრპროდუქტიული აღმოჩნდეს: „ადამიანებს „ევროვიზია“ ზალიან მოსწონთ, რადგან მასში მრავალფეროვნებაა, მუსიკალური პროვოკაციები და პოლიტიკაც კი“.

რომელი ქვეყნები უჭერენ მხარს ვლადიმერ პუტინის ალტერნატიულ პროექტს? „ინტერვიზიაში“ მონაწილე ქვეყნები ძირითადად ისეთ სახელმწიფოებს წარმოადგენენ, რომლებიც ნეიტრალურები ან რუსეთის მიმართ ლოიალურად არიან განწყობილნი და კრემლს უკრაინის ომის გამო არ აკრიტიკებენ. თავდაპირველად გამოცხადდა, რომ „ინტერვიზიის“ კონკურსში 20-21 ქვეყანა მიიღებდა მონაწილეობას, მაგრამ 6 სექტემბრის მდგომარეობით, მხოლოდ 18 ქვეყანამ განაცხადა თანხმობა. ეს რაოდენობა თითქმის ორჯერ მცირეა „ევროვიზიის“ კონკურსის 37 მონაწილესთან შედარებით, რომელიც მიმდინარე წელს ბაზელში გაიმართა

მოსკოვში 20 სექტემბერს დაგეგმილ კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ მასპინძელი რუსეთისა და სტუმრების - ბელარუსის, სერბეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის, ვენესუელის, კოლუმბიის, კუბის, ვიეტნამის, ეგვიპტის, ინდოეთის, ჩინეთის, მადაგასკარის, საუდის არაბეთი და.. აშშ-ის წარმომადგენლები. ყველაზე არაორდინალურად ითვლება აშშ-ის მონაწილეობა, რომლის სახელით მოსკოვში ჩადის მომღერალი ბი ჰოვარდი, რომელსაც მაიკლ ჯეკსონის შვილად თვლიან.

რასაკვირველია, „ინტერვიზიაში“ უკრაინა მონაწილეობას არ მიიღებს. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს კონკურსი დაგმო და მას „მტრული პროპაგანდის ინსტრუმენტი და რუსეთის შავი პოლიტიკის გათეთრების საშუალება“ უწოდა.

პოლიტიკის გარდა, „ინტერვიზია“ პრაქტიკული პრობლემების წინაშეც დგას; „ევროვიზიისაგან“ განსხვავებით, რომლის მონაწილეები ძირითადად მსგავს სასაათო სარტყელებში იმყოფებიან, „ინტერვიზიის“ მონაწილეები რამდენიმე კონტინენტს მოიცავენ, რაც პირდაპირი ტელეტრანსლაციის ყურებას და ხმის მიცემას გაართულებს. 20 საათი მოსკოვის დროით, როცა კონკურსი დაიწყება, კუბაზე და ვენესუელაში დღის 13 საათს ნიშნავს. ბევრი გამოსვლა ჩაიწერება და მხოლოდ მეორე დღეს იქნება ნაჩვენები, რაც „ევროვიზიასთან“ შედარებით „ინტერვიზიის“ ეფექტს დაბლა დასწევს. „ევროვიზია“ ევროპულ ინტეგრაციასთან პარალელურად ვითარდებოდა, „ინტერვიზიამ“ კი, გეოგრაფიულ-პოლიტიკური ფაქტორების გამო, შეიძლება მაყურებელთა გრძელვადიანი დაინტერესება არ გამოიწვიოს.

სტივენ ჰათჩინსის თქმით, მონაწილე ქვეყნების ეკლეკტური შემადგენლობა, რომლებიც პლანეტის სხვადასხვა კუთხეში არიან გაბნეულნი, ასახავს რუსეთის პოლიტიკის სტრატეგიულ შეტრიალებას „გლობალური სამხრეთის“ და „ბრიკს“-ის ქვეყნებისაკენ. კრემლის ჩანაფიქრით, მსოფლიოსა და რუსეთის კულტურამ შეიძლება დასავლური ფასეულობების და ევროპული ინსტიტუტების გარეშეც იარსებოს

პირველი შთაბეჭდილებები მოწმობს, რომ საერთაშორისო აუდიტორიას „ინტერვიზიის“ კონკურსის მიმართ მაინცდამაინც დიდი დაინტერესება არ გამოუხატავს. სოციალური ქსელების რუსულ პლატფორმაზე - „ვკონტაქტის“ ქსელში „ინტერვიზიას“ 14 ათასი გამომწერი ჰყავს, ხოლო „ტელეგრამში“ – 45 ათასი (დასავლური სოციალური ქსელები რუსეთში დაბლოკილია). შედარებისათვის: „ევროვიზიას“ „ინსტაგრამში“ 2,2 მილიონი გამომწერი ჰყავს. როგორც დინ ვულეტიჩი ამბობს, რუსული აუდიტორია შეიძლება კონკურსს სკეპტიკურად მიუდგეს: „განათლებულ ახალგაზრდობას თანამედროვე, ლიბერალური მუსიკა სურს და საეჭვოა ისინი კონსერვატიული ფასეულობების კონკურსმა მოხიბლოს“.

რა თქმაქ უნდა, „ინტერვიზიის“ აღორძინების კიდევ ერთი მცდელობა წარმატებული იქნება თუ არა, ამას დრო გვაჩვენებს. მოსკოვს ის შეიძლება კულტურის შეჯიბრად აქვს ჩაფიქრებული, მაგრამ პრაქტიკული რეალიები მიაგვანიშნებენ, რომ „ინტერვიზიას“ წინ რტული მომავალი ექნება. რასაკვირველია, ევროპელი მაყურებლების უმეტესობას საკუთარი თვალსაზრისი არ ჩამოუყალიბდება, რადგანაც „ინტერვიზიის“ კონკურსი, „ევროვიზიისაგან“ განსხვავებით, ევროკავშირის ქვეყნებისა და დიდი ბრიტანეთის ტელეეკრანებზე არ გამოჩნდება. რაც შეეხება იმას, გამოეხმაურება თუ არა პოზიტიურად რუსულ ალტერნატივას მსოფლიო აუდიტორია, ეს კითხვა ჯერ-ჯერობით ღიად რჩება.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო