"დიახ, ახალი მსოფლიო წესრიგი გაფორმდა" ანუ სი ძინპინი შეტევაზე გადავიდა?! - თორნიკე შარაშენიძის ანალიზი: რა ელის საქართველოს გეოპოლიტიკურ ქარიშხალში - კვირის პალიტრა

"დიახ, ახალი მსოფლიო წესრიგი გაფორმდა" ანუ სი ძინპინი შეტევაზე გადავიდა?! - თორნიკე შარაშენიძის ანალიზი: რა ელის საქართველოს გეოპოლიტიკურ ქარიშხალში

ბოლო დღეების განმავლობაში მსოფლიოს ყურადღება შანხაისკენ იყო მიპყრობილი, სადაც აქამდე არცთუ რეიტინგული "შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის" შეხვედრა გაიმართა­. შანხაიში რუსეთის პრეზიდენტიც იყო ჩასული და ამის შემდეგ გამარჯვების დღის აღლუმსაც დაესწრო. პუტინისადმი­ სი ძინპინის ყურადღება, როდესაც დემონსტრაციულად უვლიდა სხვებს გვერდს, რათა პუტინის გვერდით დამდგარიყო ფოტოს გადასაღებად, აშკარად მიუთითებდა ამ შეხვედრების მიზანზეც, მაგრამ მთავარი საკითხი, ალბათ, მაინც ინდოეთის მონაწილეობა გახდა, რომელიც ამერიკის მოკავშირედ ითვლება, მაგრამ მნიშვნელოვანი იყო ამ ქვეყნისთვის ტრამპის მიერ ტარიფების დაწესება... მით უმეტეს, "შანხაის შეხვედრის" მთავარ მიზნად სი ძინპინმა ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბება დაასახელა. მართალია, ინდოეთმა საბოლოოდ ძირითადი შეთანხმებების დიდ ნაწილს ხელი არ მოაწერა, მაგრამ აღმოსავლეთ ბლოკის თავიდან ფორმირებისა თუ ახალი დღის წესრიგის ჩამოყალიბების საკითხი მაინც მთავარ თემად რჩება, სადაც, ცხადია, ინდოეთის ადგილსაც არსებითი მნიშვნელობა ექნება და იმასაც, თუ ვინ და რა კონფიგურაციით მოხვდება... ჩვენ ამ საკითხზე საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორს, GIPA-ს პროფესორს, თორნიკე შარაშენიძეს ვესაუბრებით.

- ინდოეთი არ იჩქარებს, ამ ქვეყანამ დაამტკიცა, რომ დამოუკიდებელია და შეუძლია ითამაშოს უფრო დამოუკიდებელი თამაში, ვიდრე თუნდაც რუსეთმა. უკრაინასთან ომის გამო, რუსეთი იძულებულია ჩინეთზე იმაზე მეტად იყოს დამოკიდებული, ვიდრე სურს. ინდოეთს კი არა აქვს ასეთი სიტუაცია და თამაშობს იქითაც და აქეთაც. თუმცა, რა თქმა უნდა, მისი ჩინეთში გამოჩენა ძალიან მოულოდნელი იყო და, ალბათ, არც ჩავიდოდა, რომ არა ამერიკასთან ტარიფების გამო დაპირისპირება. ინდოეთის საკითხი ძალიან საინტერესოა, იმიტომ, რომ ყოველთვის მოიაზრებოდა, როგორც ჩინეთის ბუნებრივი დამბალანსებელი მზარდი ქვეყანა, ამიტომაც მისი გამოჩენა შეიძლება იქცეს გეიმჩეინჯერად.

- ინდოეთმა მიღებული შეთანხმებების ნაწილს ხელი არ მოაწერა. ეს რას ცვლის?

- ინდოეთი ამ ომში ინარჩუნებს ნეიტრალიტეტს. ნავთობს თუ ყიდულობს რუსეთისგან, ევროპელებიც ყიდულობენ, მაგრამ არაპირდაპირ, და სხვათა შორის, ინდოეთის გავლით. ყველა ხვდება, რომ ეს რუსული ნავთობია. ამიტომაც ინდოეთმა ჩათვალა, რომ მის მიმართ ორმაგი სტანდარტია და ეს არ მოეწონა. ის აღარ არის ხელწამოსაკრავი კოლონია, უკვე ძალიან სერიოზული ძალაა.

- ახალი მსოფლიო წესრიგი იყო ამ შეხვედრის მთავარი საკითხი. შეიძლება ითქვას, რომ საფუძველი უკვე ჩაეყარა აღმოსავლეთის დასავლეთის საპირწონე ბანაკად ჩამოყალიბებას?

- ფაქტია, მსოფლიო აღარ არის უნიპოლარული, ამიტომაც ახალი მსოფლიო წესრიგი გაფორმდა! მივიღებთ რამდენიმე ძლიერ სახელმწიფოს, რომლებიც ერთმანეთთან ითამაშებენ და დააბალანსებენ ორ დაპირისპირებულ ბანაკს - პირობითად, დასავლეთსა და ჩინეთ-რუსეთს. თუ მივიღებთ ამ მოდელს, ძალიან ცუდი იქნება, რადგან ეს "ცივი ომის", ასე ვთქვათ, რეინკარნაცია იქნება, რაც ძალიან საშიში მოდელია - ბიპოლარული სამყარო, ორი დაპირისპირებული ბანაკი. ასეთ სიტუაციაში ძალიან ძნელია ნეიტრალიტეტის შენარჩუნება - ან აქეთ უნდა იყო, ან იქით.

- ჩინეთის ლიდერი ამ შეხვედრაზე აქცენტს­ აკეთებდა "ცივი ომის" მენტალიტეტის შეცვლაზე. დღეს ჩინეთს აწყობს ბიპოლარული სამყარო?

- "ცივი ომის" მენტალიტეტში ჩინელებიც და რუსებიც ნატოს გაფართოებას გულისხმობდნენ, რომ "ცივი ომის" დროს ნატო ამერიკის ინსტრუმენტი იყო, "ცივი ომი" დამთავრდა და ახლა რატომღა ვაფართოებთ ნატოსო - ამას გულისხმობდნენ და არა იმას, რომ ბიპოლარული სამყაროს ჩამოყალიბება ცუდი იქნება.

- ჩინეთს ნატო რაში უშლის ხელს? მისთვის უკეთესი არ არის, თუკი რუსეთი მასზე დამოკიდებული იქნება?

- ნატო დასავლეთის ალიანსია, რომელიც, ფაქტია, ფართოვდება. ცხადია, ეს ჩინეთს ისე არ აწუხებს, როგორც რუსეთს, მაგრამ დასავლეთთან დაპირისპირებულია და, რა თქმა უნდა, არ აწყობს მისი გაძლიერება. ნატოს გაფართოება დასავლეთის გაძლიერებაა. მაგალითად, ნატოში მყოფი უკრაინა და საქართველო ნატოსა და დასავლეთის სერიოზული გაძლიერება იქნება.

- ვერც ერთი ვერ წევრდება და მგონი, ამაზე ლაპარაკიც კი აღარ არის...

- კი ბატონო, მაგრამ აქამდე რაც გააფართოეს, ესეც დიდი მიღწევაა. მაგალითად, ბალტიისპირეთის გაწევრება.

ჩინეთი არ აღიქმება როგორც პირდაპირი სამხედრო ძალით მებრძოლი ქვეყანა, მაგრამ ამ შეხვედრის შემდეგ გამოითქვა მოსაზრებები, რომ შესაძლოა ტაივანში შეიჭრას, მით უმეტეს, ის აღლუმი, რომელიც ამ შეხვედრას დაემთხვა, სამხედრო ძალის დემონსტრირება იყო. თუმცა, ჩემი აზრით, სანამ ჩინეთს აქვს უფრო დიდი ეკონომიკური ზრდა, ვიდრე ამერიკასა და ევროკავშირს, რაში სჭირდება­ ტაივანში ან სადმე შეჭრა, დრო ხომ მის სასარგებლოდ მუშაობს?! ამას დაუმატეთ ინდოეთის ფაქტორი. შესაძლოა ინდოეთი­ არ გახდეს ჩინეთის პირდაპირი მოკავშირე, მაგრამ თუ ამ ხნის განმავლობაში უფრო დაშორდება დასავლეთს, მათ შორის, უკრაინაში რუსე­თის ომის გამო, ეს მისთვის მხოლოდ სახეირო იქნება და რატომ უნდა იჩქაროს?

ჩემი აზრით, ჩინეთი ცდილობს იქამდე მიიყვანოს საქმე, რომ ტაივანი თვითონ დაუბრუნდეს, მიხვდნენ­, რომ სხვა გზა არა აქვთ... არ იქნება კუნძულზე ჯარის გადასხმა იოლი, მით უმეტეს, ტაივანსაც აქვს კონტრზომები ჩაფიქრებული, მათ შორის, ჩინეთში კაშხლების დაბომბვა, რაც ძალიან დიდ კატასტროფას გამოიწვევს...

- ამ შეხვედრაზე რუსეთიდან ახალი გაზსადენის გაყვანაზე­ც შეთანხმდნენ...

- როგორც ჩანს, რუსეთი ევროპას აღარ მიაწვდის გაზს და მთლიანად ჩინეთზე იქნება მიბმული. ევროპისთვის რუსული გაზი გაცილებით იაფი იყო, ვიდრე სხვა წყაროები, ახლა კი ცხადია, გაუძვირებს. გერმანიის ეკონომიკური სასწაული, რომელიც 2000-იანებში იყო, განაპირობა სწორედ იაფი რუსული გაზის მიწოდებამ, შეიარაღებაზე დაბალი დანახარჯებით და გასაღების ჩინური ბაზრით. ეს სამივე გაქრა და დღეს, როდესაც ამბობენ, ევროპა შეიარაღდება და გერმანია იქნება ევროპის­ ლიდერიო, მე ლოგიკურ კითხვას ვსვამ, საიდან უნდა მოიტანოს ფული გერმანიამ, როდესაც მეოთხე წელია, რაც ომი მიდის და აქვს ნულოვანი ეკონომიკური ზრდა. ასე რომ, ეს სისულელეა და ევროპას კიდევ დიდხანს არ ექნება საშუალება, მსოფლიო პოლიტიკაში სერიოზული როლი ითამაშოს. ჯერ ერთი, ამისთვის რესურსები არა აქვს და მეორე, არ გააჩნია პოლიტიკური ნება, რომ სადმე იომოს. ევროპას ამის პოლიტიკური ნება დიდხანს არ დაუბრუნდება.

- არც ამერიკას აწყობს ჩინეთის გაძლიერება და რა შეიძლება გააკეთოს?

- ამერიკა ცდილობს მაქსიმალურად დაიახლოოს ევროპა და ამას მიაღწია კიდეც­ - დაახარჯვინოს შეიარაღებაზე რაც შეიძლება დიდი ფული, თუმცა, ძნელად­ დასაჯერებელია, რომ ევროკავშირის სახელმწიფოებმა ამაზე 5% დახარჯონ, ეს ვალდებულება 2030 წლისთვის აიღეს, მანამდე კი ტრამპი აღარც იქნება ხელისუფლებაში.­ ტრამპს სურს ევროპელები ამერიკას დაეხმარონ ჩინეთთან ტექნოლოგიურ ომში, რადგან სწორედ ტექნოლოგიები იქნება გადამწყვეტი, ვინ გაიმარჯვებს ამ დაპირისპირებაში. თუ ამაში­ ამერიკას ევროპაც დაეხმარება ფინანსურად და სამეცნიერო კვლევებით, შეიძლება ჩინეთს მართლაც აჯობონ. ვფიქრობ, ამას ცდილობს ტრამპი და არა იმას, რომ ევროპას ძლიერი ჯარი ჰყავდეს და წავლენ და ამერიკასთან ერთად იომებენ.

წაიკითხე ვრცლად