„ჩემს პარტნიორთან მომივიდა კონფლიქტი, მისი უღირსი საქციელის გამო.... შეურაცხყოფა მივაყენე... ვის ეკუთვნის რესტორანი "ქვევრი", სადაც რამდენიმე დღის წინ სროლა იყო
რესტორან „ქვევრში“ 6 სექტემბერს დაპირისპირება მოხდა. ადგილზე იყო სროლაც. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
როგორც რეესტრში ასახული მონაცემებიდან ირკვევა, რესტორნის ტერიტორია შპს „დს ჯგუფს“ ეკუთვნის, რომლის 100%-იანი წილის მფლობელიც შალვა ტიბუაა. სწორედ ამ კომპანიისგან ჰქონდა ობიექტი იჯარით აღებული ლაშა ბასლანძეს.
როგორც ტიბუას ადვოკატი აცხადებს, ლაშა ბასლანძე საიჯარო ხელშეკრულების პირობებს არ ასრულებდა, რის გამოც ტიბუამ ხელშეკრულება შეუწყვიტა. სწორედ აღნიშნულს მოყვა დაპირისპირება.
მეტიც, როგორც შალვა ტიბუას ადვოკატი ზურა მამულაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს, ამჟამად ობიექტს ახალი მოიჯარეც შპს „მონო ჯგუფი“ ჰყავს.
„ეს უძრავი ქონება მთლიანად ტიბუას საკუთრებაშია და სხვადასხვა დროს სხვადასხვა მოიჯარე ჰყავდა რესტორანს. თავდაპირველად სარესტორნე ბიზნესს ლაშა ბასლანძე და მისი მამობილი ზურაბ მერებაშვილი ფაქტობრივად ერთად უძღვებოდნენ... მოგვიანებით უკვე ლაშა ბასლანძემ დამოუკიდებლად გააგრძელა მუშაობა. რაც შეეხება პირობების შეუსრულებლობას, ასიათასობით დისტრიბუციის ვალია. არათუ იჯარის თანხა, სხვა ბევრი დავალიანებაა, კომუნალურებიც კი გადასახდელი იყო. ყველა მოიჯარეს თავისი დაცვა, მიმტანები და მზარეულები კი არ ჰყავს, ნაწილი ადგილზე რჩება - იყო იმათი დავალიანებაც. პრობლემები რომ შეიქმნა, დისტრიბუციამ და „სტაფმა“ მიმართა ტიბუას. დიდი ხანია შეწყვეტილია ხელშეკრულება, იცის ეს [ბასლანძემ], მაგრამ ძალაზეა, არ გამოდიოდა,“ - აღნიშნავს ადვოკატი ზურა მამულაშვილი.
ჩვენთან საუბრისას ადვოკატი იმასაც იხსენებს, რომ რამდენიმე წლის წინ, შალვა ტიბუამ და ზურაბ მერებაშვილმა გადაწყვიტეს, ერთად გაეკეთებინათ კომპანია.. ჩვენ ამ ინფორმაციითაც დავინტერესდით, რეესტრის მონაცემებით, მათ თანასაკუთრებაში იყო ქუთაისში მდებარე შპს "ძველი სახლი", რომელიც 2017 წელს არის რეგისტრირებული და რომლის 50%-50%-იან წილებსაც ფლობდნენ მერებაშვილ-ტიბუა.
რესტორან "ქვევრში" 6 სექტემბერს მომხდარზე კომენტარი გააკეთა ლაშა ბასლანძემაც. როგორც ის აცხადებს, პარტნიორთან კონფლიქტი მისი უღირსი საქციელის გამო მოუვიდა.
„ჩემს პარტნიორთან მომივიდა კონფლიქტი, მისი უღირსი საქციელის გამო. შეურაცხყოფა მივაყენე... დაზიანებამდე საქმე არ მისულა. გაწევ-გამოწევის დროს მისმა მეგობარმა, თუ დაცვის თანამშრომელმა, რაღაც გაფორმებული იარაღით, ჰაერში გაისროლა. რესტორნის თანამშრომლებმა იარაღი წაართვეს და პოლიციას გადასცეს. ეს არის მთელი ამბავი. მე პრეტენზია არ მაქვს - პოლიცია თუ პასუხს მოსთხოვს ჰაერში სროლაზე, ეს მათი საქმეა“, - განაცხადა ბასლანძემ „რუსთავი 2“-თან.