ქართველი ძმების ტრაგედია: როგორ მისცა ილია მაჩაბელმა ჩვენება საკუთარი ძმისა და სანდრო ახმეტელის წინააღმდეგ - ვინ მოკლა ქართველი მილიონერი?!
ალბათ არ დაგავიწყდათ, რომ ამ სტატიების ციკლის დაწყების მიზანი ის გახლდათ, რომ ერთად გაგვერკვია, თუ ვინ იყო „მაგაბელი“ (მაჩაბელი), რომლის წინააღმდეგ განხორციელებული სპეცოპერაცია „ენკავედეს“ ხელმძღვანელებმა, ნ. ეჟოვმა და მ. ფრინოვსკიმ, საქართველოს სსრ „პარტიული ბელადის“, ლ. ბერიას ინფორმირების გარეშე ჩაატარეს და „მაგაბელის“ (მაჩაბელის) ლიკვიდაციის შესახებ ბერიამ მოგვიანებით შეიტყო. ნ. ეჟოვის მიერ 1938 წლის ზაფხულში სტალინისადმი მიწერილ პირად წერილში ფრაზა: „არ გვაპატიებს მაგაბელს“, – იმაზე მიანიშნებს, რომ ლავრენტი ბერიას „მაგაბელის საქმის“ გადაწყვეტის საკუთრი გეგმა ჰქონდა, „ცენტრმა“ (ნ. ეჟოვმა და მ. ფრინოვსკიმ) კი სხვანაირად იმოქმედეს. ის გარემოება, რომ ნ. ეჟოვი „დიდ ბელადს“ არანაირ დამატებით ინფორმაციას არ აწვდიდა „მაგაბელის“ შესახებ, მაძლევს იმის მტკიცების საფუძველს, რომ სტალინმა „მაგაბელის საქმის“ დეტალებიც კი კარგად იცოდა.
სამწუხაროდ არც საბჭოთ/რუსულ და უცხოურ საარქივო დოკუმენტებში და არც მემუარულ ლიტერატურაში „მაგაბელის“, მისი ტრაგიკული ბედის (ეს კი ნამდვილად ეჭვგარეშეა !) და ამ ფაქტთან ეჟოვ–ფრინოვსკი–ბერიას კავშირის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გვხვდება. ისიც უცნობია, თუ კონკრეტულად რატომ და რა მიზნით მოხდა „მაგაბელის“ ლიკვიდაცია.
ჩემი ვარაუდით ეს „მაგაბელი“ უნდა ყოფილიყო დიდი ქართველი პატრიოტი, 1932 წლიდან აშშ–ის მოქალაქე, წარმატებული ბიზნესმენი გიორგი მაჩაბელი ან მისი უმცროსი ძმა, საბჭოთა კავშირის მოქალაქე (თბილისში მცხოვრები და ლენინგრადში, ჟელიაბოვის ქუჩა 25, ბინა 2. ჩაწერილი) ილია მაჩაბელი. მათი გარდაცვალების კონკრეტული თარიღები და სიკვდილის ოფიციალური მიზეზებიც თითქოს კარგადაა ცნობილი: გ. მაჩაბელი 1935 წლის 31 მარტს ნიუ–იორკში მოულოდნელად გარდაიცვალა (დღემდე არსებული მთავარი ვერსია – ფილტვების ანთებაა), ხოლო ი. მაჩაბელი, როგორც კონტრრევოლუციონერი, 1938 წლის 7 სექტემბერს მოსკოვში დახვრიტეს.გიორგი მაჩაბლის გარდაცვალებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა: ნეკროლოგები დაიბეჭდა

1935 წლის 1 აპრილს Daily News (აშშ) გამოქვეყნებული ნეკროლოგი
ევროპისა და აშშ–ის სხვადასხვა ჟურნალ–გაზეთებში. მოთხრობილი იყო გ. მაჩაბლის, როგორც დიპლომატის, წარმატებული ბიზნესმენისა და ქველმოქმედის ცხოვრების ძირითად ეტაპებზე. ყველგან ხაზგასმული იყო მის მიერ შექმნილი პარფიუმერული პროდუქციის უნიკალურობისა და პოპულარობის შესახებ. ამერიკელი ჟუნალისტები ქართველი ეროვნების ამერიკელი ბიზნესმენის ცხოვრება–მოღვაწეობის წვრილმანებსაც კი უკირკიტებდნენ, თუმცა, რატომღაც კითხვები არ გაჩენილა მისი მოულოდნელი გარდაცვალების გამომწვევი მიზეზების თაობაზე. 1935 წელს ნიუ–იორკის ცენტრში მცხოვრები მილიონერები თუ ფილტვების ანთებით იღუპებოდნენ, მაშინ რა მდგომარეობაში უნდა ყოფილიყვნენ დანარჩენი რიგითი ამერიკელები ? იმ წლებში კოვიდ–პანდემიის გავრცელების შესახებ არაფერია ცნობილი, თუ მხოლოდ გიორგი მაჩაბელი „აირჩია“ ამ ვერაგმა ვირუსმა?
„ფილტვების ანთებით გარდაცვალების“ ვერსია ყველამ უცბად აიტაცა და რატომღაც არავის გასჩენია ეჭვი, რომ უფრო ღრმა და საფუძვლიანი სამედიცინო გამოკვლევები ჩატარებულიყო. ბუნებრივი მიზეზები (ავდმყოფობა), თუ გარეშე ჩარევა – რა გახდა გ. მაჩაბლის გარდაცვალების მიზეზი? – ეს კითხვა დღესაც აქტუალურია.
ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ თითქოს ყველა გ. მაჩაბლის სიკვდილსა და მისი მემკვიდრეობის დაუფლებას ელოდა! თითქმის ერთი საუკუნე გავიდა იმ მოვლენების შემდეგ და ყოველგვარი „შეთქმულების თეორიების“ გარეშე, დღეის გადასახედიდან, უკვე შეიძლება დარწმუნებით ითქვას: გიორგი მაჩაბლის გარდაცვალებით ყველაზე მეტად „გურუ ბაბამ“ (ნორინა ჯილი–მაჩაბლის მეშვეობით) და საბჭოთა ხელისუფლებამ ისარგებლეს. ინდოელ–ირანელი მისტიკოსის, მეჰერ ბაბას მონაწილეობა გ. მაჩაბლის წინააღმდეგ შეთქმულების დაგეგმვა–განხორციელებაში ცოტა არ იყოს ეგზოტიკური ვერსიაა, თუმცა არსებობის უფლება (სხვადასხვაობიექტუე–სუბიექტური გარემოებებიდან გამომდინარე) ნამდვილად აქვს. უფრო რეალურად კი საბჭოთა სპეცსამსახურების მრავალწლიანი და მრავალეტაპიანი ოპერატიული კომბინაციები მესახება, რომლებიც 1935 წლის 31 მარტს გ. მაჩაბლის სიკვდილით დასრულდა.
ამ საკითხის უკეთ გააზრებისთვის დავუბრუნდეთ გიორგი მაჩაბლის ერთ წერილს, რომელიც მან ნიუ–იორკიდან პარიზში სპირიდონ კედიას 1932 წლის 20 მაისს გაუგზავნა (ავტორის სტილი უცვლელია– ბ.ა.) : „ ეხლა ჩემ ამბავს იკითხავ. უპირველესად ძალიან გთხოვ, მაპატიეთ ამდენი სიჩუმე. დიდი უსიამოვნება გამოვიარე და დიდ საფრთხეს ავაცილე ჩემი თავი იმით, რომ შევიკავე თავი და ძაღლსავით არ გავაგორე ის გახრწნილი სომეხი, რომელმაც მოინდომა სრულიად დავეღუპე. სასიამოვნოთ, იმდენა ბრალი დამდო და ნამეტნავად ბოლშევიკობა, რომ ადვილი იყო თავის გამართლება და ყველა მხოლოდ იცინოდა ამგვარ ბრალდებაზედ. ამ ამბავს დაწვრილებით მერე გიამბობ, ეხლა დრო არა მაქვს, მაგრამ იმას კი გეტყვი, რომ მალე თუ გვიან ამ სომეხს არ დავტოვებ დაუსჯელად. უკვე ამერიკის მთავრობის მოხელეები არჩევენ მის პიროვნების ვინაობას. დანამდვილებითი საბუთები გვაქვს, რომ 1919წ. ყოფილა კისლოვოდსკის ჩეკისტი“ (ციტატის დასასრული).
ასევე დაგაინტერესებთ: როცა ცოლში არ გიმართლებს ანუ ქართველებზე მზრუნველი ქართველი მილიონერის ტრაგედია - როგორ დაეუფლა მის ფულს ინდოელი მისტიკოსი
ამ ამონარიდიდან მთავარი დასკვნის გაკეთებაა შესაძლებელი: ეს იყო წმინდა–წყლის „ჩეკისტური პროვოკაცია“, – როდესაც ნამდვილი პატრიოტების კომპრომეტირებისთვის საბჭოთა/რუსეთის სპეცსამსახურები თავად აბრალებდნენ/აბრალებენ მათ „ბოლშევიკობას“, „ჩეკასთან კავშირს“, „კაგებეს აგენტობას“ და ა.შ.
საინტერესო კიდევ ერთი გარემოება: პროვოკატორის ეროვნება. ჩვენს სომეხ მეგობრებს არ ეწყინებათ (მით უფრო, რომ ხშირად თავად ტრაბახობენ ხოლმე ამით), რომ საბჭოთა სპეცსამსახურებში, დღიდან მათი დაარსებისა, ყველაზე მეტი ნდობა და დაფასება (რუსი ეროვნების შემდეგ) სწორედ, რომ სომეხ „ჩეკისტებს“ ჰქონდათ! დღესაც, რუსეთის საგარეო დაზვერვის დერეფნები (შეგიძლიათ მათ ვებგვერდზეც ნახოთ) სომეხი ეროვნების საბჭოთა მზვერავების პორტრეტებითაა მორთული. ათეულობით მათგანს (უპირველესად არალეგალ სომეხ მზვერავებს) სხვადასხვა დროს საბჭოთა კავშირის/რუსეთის გმირის წოდება აქვთ მინიჭებული.
ჩემი აზრით გ. მაჩაბლის წინააღმდეგ პროვოკაციებში სომეხი ეროვნების „ჩეკისტის“ (ჩემი ვარაუდით ის აშშ–ის სომხურ დიასპორაში „ჩანერგილი“ საბჭოთ აგენტი იყო) ჩართვის მთავარი მიზეზი „გენადის“ ფაქტორი გახლდათ. ვინ იყო საბჭოთა მზვერავი ამ ოპერატიული მეტსახელით? 1932 წლის დასაწყისში საბჭოთა კავშირ–აშშ–ის სავაჭრო ორგანიზაცია „ამტორგში“ მოსკოვიდან ინჟინერის სტატუსით ვინმე გაიკ ბადალის ძე ოვაკიმიანი (1898-1967) მიავლინეს. ამხანაგ გაიკს საინტერეოს წარსული ჰქონდა: ახალგაზრდული ასაკისდა მიუხედავად ის 1917 წლიდან კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკების) წევრი, ხოლო 1921-1922 წლებში - სომხეთის ჩეკას კოლეგიის წევრი გახლდათ. 1931 წლიდან ის უკვე სააბჭოთა საგარო დაზვერვის თანამშრომელია.

გაიკ ოვაკიმიანი სომხურ საფოსტო მარკაზე.
ჯერ ბერლინში მიავლინეს , ხოლო შემდეგ კი აშშ–ში, სადაც ლეგალური რეზიდენტის მოადგილე იყო. მას კავშირზე ჰყავდა ათეულობით აგენტი, მათ შორის თავისი თანამემამულე ემიგრანტები. სწორედ გასული საუკუნის 30–იანი წლების დასაწყისს უკავშირდება საბჭოთა „ჩეკისტების“ ერთი საინტერესო სიახლე, რომელიც მათ აშშ–ში დანერგეს. საბჭოთა საგარეო დაზვერვის თანამშრომლები ლეგალურად და არალეგალურად მიემგზავრებოდნენ აშშ–ში რათა იქ მცხოვრებ ემიგრანტებში (უპირველესად ნათესავ და ნაცნობ/მეგობრების წრებში) გადაებირებინათ აგენტურა. ებრაელი ეროვნების საბჭოთა მზვერავები საკუთარ ნათესავებს, სომეხი ეროვნების კი საკუთარ ნათესავებს „დაერივნენ“ და ფარული, კარგად ორგანიზებული სადაზვერვო ქსელების შექმნა მოახერხეს.
ჩემი ვარაუდით გაიკ ოვაკიმიანი სწორედ ამგვარ ჯგუფებს ხელმძღვანელობდა და მათ, როგორც ინფორმაციის მოპოვების, ასევე საბჭოთა ხელისუფლებისთვის მიუღებელი ემიგრანტების წინააღმდეგ პროვოკაციების მოწყობასაც ავალებდა. გ. ოვაკიმიანს სომხეთში „სამეცნიერო დაზვერვის გენიოსს“ (საინტერესოა საბჭოთა თუ სომხეთის?) და „ჯეიმს ბონდს“ (ალბათ სომეხ „ჯეიმსს“) უწოდებენ.
რა თქმა უნდა საბჭოთა დაზვერვა აშშ–ში მხოლოდ „გენადის“ იმედზე არ იყო. მაგალითად იმ პერიოდში რამდენიმე „ჩეკისტი“ შეერთებულ შტატებში საერთაშორისო წითელი ჯვრის თანამშრომლის სახით შენიღბული მოქმედებდა. გარდა ამისა ამერიკელი კომუნისტების დიდი რაოდენობა მზად იყო საბჭოთა დაზვერვასთან თანამშრომლობა „კომუნიზმის“ იდეებისთვის „ბრძოლით“ გაემართლებინა. არაფერს ვამბობ საელჩო–საკონსულოებსა და სხვადასხვა სავაჭრო–კომერციულ ორგანიზაციებს შეფარებულ საბჭოთა მზვერავ/აგენტებზე. ასე, რომ საბჭოთა სპეცსამსახურებს ჰქონდათ სათანადო ოპერატიულ–ტექნიკური და აგენტურული შესაძლებლობები, რომ გ. მაჩაბლის ლიკვიდაცია განეხორციელებინათ.
გ. მაჩაბლის გარდაცვალებიდან ორი კვირაც არ იყო გასული, რომ ამერიკულ ჟურნალ–გაზეთებში დაიწყო მისი უძრავ–მოძრავი ქონების მემკვიდრეებზე განაწილების საკითხის განხილვა. გიორგი მაჩაბლის გარდაცვალებისას ის და ნორინა ჯილი ოფიციალურად, რომ არ ყოფილიყვნენ განქორწინებული, ქართველი მილიონერის მემკვიდრეობა ამგვარად განაწილდებოდა: მთლიანი ქონება = 1; საიდანაც მეუღლე (ნორინა ჯილი–მაჩაბელი) მიიღებდა 1/2 (50%). მემკვიდრეობის დანარჩენი 1/2 გაიყოფოდა შემდეგნაირად: 1. ძმა (ილია მაჩაბელი) – მიიღებდა მთლიანი ქონების 1/6 (≈16.7%). 2. ნახევარდა (ნინა მაჩაბელი–ჯინჭარაძე)– მიიღებდა მთლიანი ქონების 1/6 (≈16.7%). 3. გარდაცვლილი ნახევადის (ბარბარე მაჩაბლის) შვილი (თამარ გალაჯევი, როგორც დედის წარმომადგენელი) – მიიღებდა მთლიანი ქონების 1/6 (≈16.7%) .
როგორც ცნობილია გიორგი და ნორინა (რომლის მთავარი საფიქრალ/საზრუნავი 1931 წლის ნოემბრიდან უკვე „გურუ ბაბა“ იყო და მას მეუღლისთვის არ ეცალა) 1933 წელს ოფიციალურად განქორწინდნენ. ამ გარემოებამ მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა გ. მაჩაბლის მემკვიდრეობის განაწილებაში. ნიუ–იორკის შტატში მოქმედი კანონის თანახმად გაცილებული ცოლი/ქმარი არ ითვლებოდა მემკვიდრედ. ასევე არ ფიგურირებდა მემკვიდრეთა წრეში მამკვიდრებლის დედინაცვალი, ჩვენ შემთხვევაში ლიზა მაჩაბელი, რომელიც პარიზში ცხოვრობდა შვილთან – ნინა მაჩაბელი–ჯინჭარაძესა და შვილიშვილთან (ქეთევან ჯინჭარაძესთნა) ერთად, რადგანაც სისხლისმიერ ნათესავი არ იყო და არც მის მიერ გიორგი მაჩაბლის შვილად აყვანა იყო დადასტურებული.
აქედან გამომდინარე ამერიკული ჟურნალ–გაზეთები ( TIME, New York Post, The New York Times და სხვ.) ამტკიცებდნენ, რომ გ. მაჩაბლის უძრავ–მოძრავი ქონების მემკვიდრები მისი ძმა –ილია მაჩაბელი , ნინა მაჩაბელი-ჯინჭარაძე (ნახევარდა) და თამარ გალაჯევა (გარდაცვლილი ნახევარდის, ბარბარეს, ქალიშვილი) იქნებოდნენ.
ეს გარემოება საბჭოთა დაზვერვისთვის ადრევე იყო ცნობილი, ამიტომ დღის წესრიგში დადგა ილია მაჩაბლის კუთვნილი მემკვიდრეობის აშშ–დან და საფრანგეთიდან მიღების ორგანიზება. ვფიქრობ ამ გარემოებამ ერთი წლითა და რვა თვით გაახანგრძლივა გ. მაჩაბლის უმცროსი ძმის, ილიას სიცოცხლე.

სანდრო ახმეტელი და ილია მაჩაბელი
ი. მაჩაბელი „ახმეტელის საქმის“ ერთ–ერთი მთავარი მოწმე გახლდათ და ბრალდების (ანუ ლ. ბერიას) გასამყარებელი და სანდრო ახმეტელის საწინააღმდეგო ჩვენებები მისცა. მკითხველს შვახსენებ, რომ დიდი ქართველი რეჟისორი, სანდრო ახმეტელი, რომელიც იძულებული გახადეს 1935 წლის დეკემბერში მოსკოვში გადასულიყო სამუშაოდ, ერთი წლის შემდეგ, 1936 წლის 19 ნოემბერს, დააპატიმრეს და თბილისში გადმოიყვანეს.
ლ. ბერიას დავალებით საქართველოს „ჩეკისტ–ჯალათებმა“ ახმეტელის, როგორც კონტრრევოლუციურ-ტერორისტული ჯგუფების ორგანიზატორ–ხელმძღვანელის „მამხილებელი“ საქმე „შეკერეს“. ვითომდა, ის სისტემატურად ახორციელებდა კონტრრევოლუციურ, მავნებლურ საქმიანობას თეატრში, დგამდა ანტისაბჭოურ სპექტაკლებს, კავშირი ჰქონდა საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართულ ემიგრაციასთან, რომლისგანაც პერიოდულად იღებდა ფინანსურ დახმარებას, ასევე, იყო ინგლისისა და გერმანიის დაზვერვის ჯაშუში და ა.შ. ამ გამოგონილი „ბრალდებების“ გასამყარებლად საქართველოს „ჩეკისტებმა“ დაიწყეს ს. ახმეტელის თანამშრომლებისა და ნათესავ-მეგობრების დაკითხვა/დაპატიმრებები. 1936 წლის დეკემბერში დაკითხეს ილია მაჩაბელიც: ბერიას ჯალათების ერთ-ერთი მიზანი სანდრო ახმეტელის საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართულ ემიგრაციასთან (უპირველესად გიორგი მაჩაბელთან) „ანტისაბჭოთა კავშირების“ გამოვლენა იყო. ეს დაკითხვის ოქმები დღეს ხელმისაწვდომია და მათი გაცნობის შემდეგ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, თუ რა მართალი ბრძანდებოდა გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწე აკაკი ბაქრაძე, როდესაც ამ სტრიქონებს წერდა:
" . . თუ ყველაფერი ეს გადაგიტანია და არ გატეხილხარ, მაშინ გაქვს უფლება შეხედო სხვას საყვედურიანი და მპატიებელი თვალებით. მაგრამ, როცა არაფერი გემუქრება და თბილ ლოგინში არხეინად ნებივრობ, მაშინ იოლია სხვათა განკითხვა და პატიოსნების თამაში". დარწმუნებით შეიძლება ითქვას: ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზემოქმედების გარეშე ილია მაჩაბელი ვერ დააბრალებდა ძმას, გიორგი მაჩაბელს „ფაშისტურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას“, ვერც თავის მეგობარს, – სანდრო ახმეტელს გაწირავდა „ტროცკისტებთან“ და „უცხო ქვეყნის აგენტებთან“ კავშირის დააბრალებით – რაც მაშინ სიკვდილის ტოლფასი იყო!
ილია მაჩაბლის დაკითხვებს მისი დაპატიმრება არ მოჰყოლია, პირიქით ის დააწინაურეს და 1937 წლის აპრილში საქართველოს სახელმწიფო საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორად დანიშნეს. ეს რა თქმა უნდა ლავრენტი ბერიას გადაწყვეტილება იყო. ის კმაყოფილი დარჩა ი. მაჩაბლის „გულახდილი“ ჩვენებებით: „ახმეტელის საქმის“ მოზაიკაში ნაკლული პაზლები ხომ მომავლმა საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორმა კარგად შეავსო!
1937 წლის 28 ივნისს სანდრო ახმეტელს საქართველოს სსრ სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლით („კონტრრევოლუციური საქმიანობა“) სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა (ქონების კონფისკაციით) მიუსაჯეს და მეორე დღეს დახვრიტეს. ილია მაჩაბელს რეპრესიები არ შეხებია და ის 1937 წლის ბოლომდე კვლავ ცკ–ას ნომენკლატურულ, –„საქართველოს სახელმწიფო საჯარო ბიბლიოთეკის“ დირექტორის, პოსტს იკავებდა. ჩემი აზრით ლ. ბერიას იმ ეტაპზე სჭირდებოდა, რომ ი. მაჩაბელი არა მარტო ცოცხალი, არამედ წარმატებული და დაფასებული საბჭოთა მოქალაქე ყოფილიყო (ყოველ შემთხვევაში უცხო თვალისთვის მაინც). არა მეგობრებო, ლავრენტის გულში სინდისმა კი არ გაიღვიძა და ერთბაშად გულმოწყალე კი არ გახდა, მას ილია მაჩაბელი ერთი დიდი საერთაშორისო სპეცოპერაციისთვის სჭირდებოდა.
(მეთვრამეტე ნაწილის დასასრული)