"გიჟი მაქსის" ტაქტიკა უკრაინის ფრონტზე და რუსი მეთაურების აფერისტობა - ქართველი გენერალ-მაიორის ანალიზი: აიღებენ თუ არა რუსები დნეპროპეტროვსკს - კვირის პალიტრა

"გიჟი მაქსის" ტაქტიკა უკრაინის ფრონტზე და რუსი მეთაურების აფერისტობა - ქართველი გენერალ-მაიორის ანალიზი: აიღებენ თუ არა რუსები დნეპროპეტროვსკს

უკრაინა საკუთარ სარაკეტო ინდუსტრიას ქმნის - უკრაინულმა კერძო კომპანია Fire Point-მა, რომელმაც სახელი გაითქვა შორ მანძილზე ეფექტურად მოქმედი კამიკაძე-დრონის - FP-1-ის წარმოებით, მოულოდნელად წარმოადგინა საკუთარი ფრთოსანი რაკეტა "ფლამინგო". დაუდასტურებელი ინფორმაციით, "ფლამინგო" ბრძოლაში პირველად 30 აგვისტოს გამოიყენეს, ანექსირებულ ყირიმში, რუსული სამიზნის წინააღმდეგ. ექსპერტებს ამ რაკეტის პროტოტიპის ნახვა შეეძლოთ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, IDEX-ის გამოფენაზე. რაკეტა, სახელით Milanion FP-5, როგორც საკუთარი პროდუქტი, წარადგინა კომპანიამ Milanion Group (UK-UAE), რომელიც უკრაინის თავდაცვის სექტორთან თანამშრომლობს. გენერალ-მაიორთან, სამხედრო მეცნიერებათა აკადემიურ დოქტორსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილ უფროს ვახტანგ კაპანაძესთან საუბარს უკრაინის ფრონტზე სიახლეებით ვიწყებთ:

- ახლა ფრონტზე მნიშვნელოვანი არაფერი ხდება. 3 სექტემბერს დღე-ღამეში 150 შეტაკება მოხდა ფრონტის სხვადასხვა მონაკვეთზე და ამის მესამედი კუპიანსკის მიმართულებაზე მოდიოდა, რომელიც, რუსეთისთვის კვლავ მნიშვნელოვანი სამიზნეა.

რუსების ამოცანა იყო შემოდგომამდე გასულიყვნენ დონბასის საზღვრებზე, მაგრამ ვერც ერთი დიდი დასახლებული პუნქტი ვერ აიღეს, მხოლოდ პატარა ხუტორები. რუსებში ასეთი ტერმინიც გაჩნდა - "კრედიტით გამარჯვება": კერძოდ, მეთაური აცხადებს, ჩვენ დავიკავეთ გარკვეული პუნქტი, პოზიციაო, ზემდგომებს აჩვენებენ ადგილს, სადაც რუსი ჯარისკაცი აფრიალებს დროშას, მერე კი აღმოჩნდება, რომ ყველაფერი გაზვიადებულია და იძულებული ხდება თავისი ინფორმაცია რეალობად აქციოს. ანალოგიური ითქმის გენშტაბის უფროსის გერასიმოვის გაზვიადებულ განცხადებაზე, რომ რუსეთმა 3000 კმ ტერიტორია დაიკავა. ომის შესწავლის ინსტიტუტმა ეს მეორე დღესვე გააბათილა და განაცხადა, რომ რუსებმა ათასზე მეტი კილომეტრი მიიმატეს, რომელიც მათი კონტროლირებადი არ არის.

- ბრძოლებმა უკრაინის შიდა ოლქში, დნეპროპეტროვსკში შეაღწია (რაც აქამდე რუსებმა ვერ მოახერხეს, თუმცა 2022 წლის გაზაფხულზე სცადეს). აქაც იგივე დამანგრეველი ეფექტი ხომ არაა მოსალოდნელი, რაც ლუგანსკისა და დონეცკის ოკუპირებისას?

- რუსები დნეპროპეტროვსკს მანამდეც ბომბავდნენ, ხარკოვს კი დღესაც ბომბავენ. საუბარია სასაზღვრო მონაკვეთებზე, რომელიც ისედაც იბომბება (რაკეტისთვის 5კმ იქით და აქეთ არაფერია). ეს არ ნიშნავს, რომ ახლა დნეპროპეტროვსკის დაბომბვა დაიწყება. მაგალითისთვის მოვიყვან სუმის ოლქს, სადაც რუსები შევიდნენ განცხადებით, ჩვენ გავაკეთებთ 15-დან 25 კმ-მდე ბუფერულ ზონას და დავიკავებთ ტერიტორიებსო. დღეს სად არიან? 1% აქვთ დაკავებული და უკრაინელებმა უკან გამოყარეს. ახლაც იმავეს ცდილობენ დნეპროპეტროვსკის მიმართულებაზე. სასწაული უნდა მოხდეს, რომ დნეპრის გადალახვა მოახერხონ, 3 თვის განმავლობაში პოკროვსკი ვერ აიღეს და 3-მილიონიანი დნეპროპეტროვსკის აღება რომ არ იქნება ადვილი, ფაქტია. იგივე ვითარებაა ლიმანის მიმართულებაზეც, ხარკოვის რაიონში. ლიმანი ის ქალაქია, რომელიც უკრაინელებმა რუსებს კონტრშეტევით დაატოვებინეს და აქედან იწყება ტყიანი ზონა. არის წინსვლა, მაგრამ ისეთი ნელი ტემპით და დიდი დანაკარგით, რომ უკრაინელები ახერხებენ სიღრმეში თავდაცვის ორგანიზებას. გარღვევას ის უპირატესობა აქვს, რომ მოწინააღმდეგე ვერ ახერხებს გადაჯგუფებას, თავდაცვის ორგანიზებას. ამას რუსები ვერ ახერხებენ და ვერც მოახერხებენ 2-3-კაციანი ჯგუფების შეღწევა-შეჟონვით.

იქ თუ ელიტური დანაყოფია, ის Mad Max ("გიჟი მაქსი") ტაქტიკას იყენებს (ამერიკელებიდან შემოვიდა ეს ტერმინი, ფანტასტიკური ჟანრის ფილმია, სადაც მოტოციკლეტებით გადაადგილდებიან პოსტაპოკალიფსურ დროში) - ჩინურ მოტოციკლეტებზე 2 კაცი თავსდება, კეთდება 5 მოტოციკლეტისგან შემდგარი ჯგუფი, მოტოზე დამონტაჟებულია დრონების საწინააღმდეგო რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალება და ისინი მაქსიმალური სისწრაფით ცდილობენ სიკვდილის ზონის გადალახვას. უკრაინელებისთვის უფრო მიმზიდველი სამიზნე ხდება 2 კაცი ერთი მოტოციკლეტით და რამდენი კაცი უნდა გადაადგილდეს მოტოციკლეტებით იმ ტერიტორიაზე, რომელიც აფეთქებებით გადათხრილია?

ყველაზე დიდი დანაკარგი დანაყოფის როტაციას მოაქვს, როცა დაჭრილები გამოჰყავთ ან უკან გამოდიან, ან ლოგისტიკას უზრუნველყოფენ. ამ მკვდარ ზონაზე გადაადგილება ძალიან ძნელია, ყველაზე დიდი დანაკარგებით, ვინაიდან იქ ბრძოლები მიმდინარეობს, განსაკუთრებით აღმოსავლეთ მიმართულებაზე ქარსაცავი ზოლების დასაკავებლად, რომელიც, ასე თუ ისე, საფარს გაძლევს და დრონებისგან გიცავს. შემოდგომაზე ფოთლები ჩამოცვივდება და დაცულობა ნაკლები იქნება. ნუ დაგვავიწყდება, რომ ერთ თვეში დაიწყება წვიმიანი სეზონი, ტალახი და მოტოციკლეტებითაც ვეღარ გადაადგილდებიან რუსები.

წაიკითხე ვრცლად