„შურისძიების დივერსია“ - ბუჩას ტრაგედიის მომწყობებს შორეულ ხაბაროვსკში მიაგნეს და... - კვირის პალიტრა

"შურისძიების დივერსია" - ბუჩას ტრაგედიის მომწყობებს შორეულ ხაბაროვსკში მიაგნეს და...

რუსეთის უკრაინაზე ღიად თავდასხმიდან მალევე, 2022 წლის მარტში კიევის ოლქის ქალაქ ბუჩაში რუსმა ოკუპანტებმა ადგილობრივი მაცხოვრებლების მიმართ ნამდვილი გენოციდი განახორციელეს, მკვლელობების, გატაცებების,გაუპატიურებებისა და მაროდიორობის სახით, რასაც ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვა მოჰყვა, რომელთა ცხედრებს, რუსი სამხედროების ბუჩიდან გაქცევის შემდეგ, ქუჩებში პოულობდნენ...

მსოფლიოს ნორმალურმა ნაწილმა ბუჩის ტრაგედია შეაფასა, როგორც რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებისა და მისი სამხედრო მოსამსახურეების მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაული, მაგრამ 1992-93 წლების აფხაზეთის ომის არ იყოს, როდესაც გაგრაში, განთიადში და აფხაზეთის სხვა ქართულ დასახლებულ პუნქტებში ადგილობრივი ქართული ეროვნების მოსახლეობის მასიური მკვლელობების გამო არავინ დასჯილა, ისე უკრაინის ბუჩისა და ირპენის „რუსი მკვლელებიც“ დაუსჯელნი რჩებოდნენ, თუმცა...

2025 წლის 8 სექტემბრის დილას რუსეთის ქალაქ ხაბაროვსკში, სამხედრო ნაწილის წინ მდებარე ავტოსადგომზე დილით, მაშინ, როდესაც სამხედროები თავის ნაწილში უნდა შესულიყვნენ,ერთმანეთის მიყოლებით ორი აფეთქება განხორციელდა, რამაც რამდენიმე სამხედროს დაჭრა-დაღუპვა გამოიწვია...

1-bucha-1757400819.png
უკრაინის ბუჩას ერთ-ერთ ქუჩაზე ასე ბოლომდე განადგურებული რუსული ჯავშანკოლონის გამოც მოხდა, რომ შემდეგ რუსმა ოკუპანტებმა ჯავრი ადგილობრივ მშვიდობიან მოსახლეობაზე განსაკუთრებული სისასტიკით იყარეს...

ზუსტი რიცხვი ჯერ-ჯერობით უცნობია, რადგან სპეცსამსახურებმა და სამხედროებმა მაშინვე გადაკეტეს გზები და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის მარშრუტიც კი შეცვალეს, რომ ავტობუსის ფანჯრებიდან ვინმეს მობილურ ტელეფონზე არ გადაეღო და სოციალური ქსელებით არ გაევრცელებინა ამ ორი აფეთქების შედეგები...

დღევანდელ რუსეთში აფეთქებები უცხო ხილი არ არის და ის ყოველ ღამე ხდება უკრაინული შორსმფრენი კამიკაძე-დრონების წყალობით „შურისძიების აქტის“ ფარგლებში, მაგრამ ხაბაროვსკი 8 ათასი კმ-ითაა დაშორებული უკრაინისგან და ამ სიშორეზე მფრენი დრონი უკრაინელებს ჯერ არ აქვთ...

სამაგიეროდ, უკრაინის სპეცსამსახურებმა დახვეწეს მტრის-რუსეთის ფედერაციის ძალიან ღრმა ზურგშიც კი წარმატებული დივერსიული ოპერაციების განხორციელება, რაზეც მეტყველებს თუნდაც ა.წ. 1 ივნისს განხორციელებული დიდი მასშტაბის სპეცოპერაცია „აბლაბუდა“, როდესაც სატვირთო მანქანების ძარებიდან აფრენილმა მინი კამიკაძე-დრონებმა ერთდროულად შეუტიეს ერთმანეთისაგან ათასობით კმ-ით დაშორებულ ოთხ რუსულ სამხედრო აეროდრომს და იქ საერთო ჯამში გაანადგურეს 12 რუსული სტრატეგიული ბომბდამშენი და სხვა თვითმფრინავი, ხოლო 10 კი მწყობრიდან გამოიყვანეს.

8 სექტემბერს ხაბაროვსკის რუსული სამხედრო ნაწილის ავტოსადგომზე მოწყობილ აფეთქებეს ნამდვილად ჰქონდა დივერსიის სახე (სავარაუდოდ ავტოსადგომზე დაყენებულ ორ ავტომობილში დისტანციურად მართვადი ასაფეთქებელი მოწყობილობების ამოქმედების შედეგად), რაც უკავშირდება „ბუჩის ტრაგედიას“ იმით, რომ შურისძიების აფეთქებები მოხდა სამხედრო ნაწილის 6912-ის შესასვლელთან, რომელიც რუსეთის „როსგვარდიის“ 748-ე ცალკეული ოპერატიული დანიშნულების ბატალიონის დისლოკაციის ადგილია...

სწორედ,ხაბაროვსკიდან გაგზავნილმა „როსგვარდიის“ ამ ნაწილის სამხედროებმა ჩაიდინეს ის საშინელი დანაშაულებები რამაც მსოფლიო შესძრა და როგორც ხედავთ შურისძიების რისხვა მათ მაინც დაუბრუნდათ...

2-bucha-1757400951.jpg
„როსგვარდია“ პუტინის ის მეორე „არმიაა“, რომელსაც რუსეთის შიგნითაც იყენებს თავისივე მოსახლეობის დასაშინებლად, ხოლო ოკუპირებულ უკრაინულ ქალაქებში კი „როსგვარდიელებს“ „წესრიგის დაცვა“ ანუ საოკუპაციო რეჟიმის ფუნქციონირება ევალებათ, თუნდაც გენოციდის ნიშნებით...

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც უკრაინის მიწაზე ჩადენილი სამხედრო დანაშაულებებისთვის რუსი ოკუპანტები საკადრის პასუხს იღებენ უკვე თავისი მუდმივი დისლოკაციის ადგილზე რუსეთის ტერიტორიაზე.

ა.წ.-ის 30 მაისს რუსეთის ვლადივასტოკთან მდებარე 155-ე ცალკეული საზღვაო ქვეითთა ბრიგადის 47-ე ცალკეული საზღვაო ქვეითთა სადესანტო-მოიერიშე ბატალიონის სამხედრო ნაწილის შესასვლელთან ასევე ორი აფეთქება მოხდა, რამაც რუს სამხედროებში ზარალი გამოიწვია.

ასევე დაგაინტერესებთ: ქიმიური საფრთხე! რუსებმა უკრაინაში კიდევ ერთი უმძიმესი დანაშაული ჩაიდინეს?! - რა ხდება დნიპროს ქუჩებში?

ცუდი ამბები უკრაინის ფრონტიდან: ომმა დნეპროპეტროვსკშიც შეაღწია - რატომ არის ეს ოლქი პუტინის განსაკუთრებული სამიზნე?!

რუსეთის საწვავის გარეშე დატოვება - სტრატეგიული ჩანაფიქრი უკრაინული კამიკაძე - დრონების შესრულებით...

"დივერსანტი გოგა" ანუ გამოცხადებული ნადირობა რუსულ სარაკეტო ხომალდებზე

რუს საზღვაო ქვეთთა 155-ე ბრიგადა ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დაუნდობელი სამხედრო შენაერთი უკრაინის მიწაზე შეჭრილ რუსეთის საოკუპაციო ძალების რიგებში და უკრაინის სპეცსამსახურებს ღია ნადირობა აქვთ გამოცხადებულ ამ ბრიგადის პირად შემადგენლობაზე, როგორც უკრაინის ოკუპირებულ ნაწილში, ისე თავად რუსეთის ტერიტორიაზეც...

„შურისძიების დივერსიები“ რუსეთის ღრმა ზურგში,რა თქმა უნდა დიდად ვერ შეცვლის ოპერატიულ მდგომარეობას ფრონტის ხაზზე, მაგრამ ნაწილობრივ მაინც დააშინებს რუს ოკუპანტებს, რომ დაპყრობილ სოფლებსა და ქალაქებში მშვიდობიანი მოსახლების მიმართ ისეთივე მხეცობები აღარ გაიმეორონ, რაც ბუჩასა თუ ირპენში ჩაიდინეს...