„დაბომბავ ჩემს ქარხანას? დავბომბავ შენს პარლამენტს": პუტინი ესკალაციაზე მიდის - როდის მიიღებს გადამწყვეტ ზომებს ტრამპი ან მიიღებს თუ არა საერთოდ?! - კვირის პალიტრა

„დაბომბავ ჩემს ქარხანას? დავბომბავ შენს პარლამენტს": პუტინი ესკალაციაზე მიდის - როდის მიიღებს გადამწყვეტ ზომებს ტრამპი ან მიიღებს თუ არა საერთოდ?!

პუტინი სულ უფრო მეტად უტიფრობს: თუ ტრამპი თავის ულტიმატუმებს არ შეასრულებს, კრემლის მიერ უკრაინის სამთავრობო შენობების დაბომბვები გახშირდება“, - ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულ პოლიტიკური მიმომხილველის სემიუელ რამანის სტატიას, რომელშიც რუსეთ-უკრაინის ომის ესკალაციაა პროგნოზირებული, უკრაინის სამთავრობო შენობების დაბომბვების ჩათვლით. რა უნდა გააკეთოს დასავლეთმა ასეთ სიტუაციაში?

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

იმ დროს, როცა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საშუამავლო ძალისხმევა უკრაინაში მშვიდობის დამყარებისათვის წარუმატებლობას განიცდის, რუსეთი დრამატულ ნაბიჯებს დგამს ომის ესკალაციისათვის. ორი დღის წინ, კვირას, კრემლმა უკრაინის წინააღმდეგ საჰაერო შეტევის მორიგი რეკორდი დაამყარა - კიევისა და სხვა ქალაქებისაკენ 800-ზე მეტი დრონი და რაკეტა გაუშვა. პირველად სამწლინახევრიანი ომის ისტორიაში, დარტყმა განხორციელდა უკრაინის მთავრობის სასახლეზე.

მინისტრთა კაბინეტის შენობაზე თავდასხმა დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა. ჯერ კიდევ 2023 წლის ივნისში რუსეთის იმდროინდელი თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ გამაფრთხილებლად აცხადებდა, რომ უკრაინის სარაკეტო დარტყმები ყირიმზე აუცილებლად გამოიწვევს რუსეთის საპასუხო დარტყმებს „გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებზე“ კიევში. იმ დროს შოიგუს განცხადება უკრაინაში ისე იქნა გაგებული, რომ მოსკოვი დაბომბავდა უკრაინის პრეზიდენტს ოფისს და სამხედრო დაზვერვის შტაბ-ბინას.

2024 წლის ნოემბერში ვლადიმერ პუტინმა, როცა რაკეტა „ორეშნიკით“ ქალაქი დნიპრო დაიბომბა, განაცხადა, რომ არ იყო გამორიცხული იგივე რაკეტის გამოყენება „გადაწყვეტილების მიმღები ცენტრების“ წინააღმდეგ. რუსეთის პრეზიდენტი იკვეხნიდა, რომ „ორეშნიკს“ თითქმის ბირთვული ბომბის ძალა აქვს და ამტკიცებდა, რომ კიევზე დარტყმა მოსკოვზე და სანქტ-პეტერბურგზე უკრაინის სავარაუდო დარტყმების პასუხი იქნებოდა.

ამგვარი ავისმომასწავებელი გაფრთხილებების მიუხედავად, რუსეთი ბოლო დრომდე მაინც თავს იკავებდა ამგვარ მსხვილმასშტაბიან ესკალაციაზე (ანუ უკრაინის სახელისუფლებო ორგანოების შენობების დაბომბვაზე). ამგვარმა თავშეკავებამ დაარწმუნა ბევრი დასავლელეი ანალიტიკოსი, რომ ვლადიმერ პუტინი მუქარებს არ აასრულებდა, ანუ, „ისე არ წვიმდა, როგორც ქუხდა“. მით უმეტეს, რომ კრემლის ადრინდელი განცხადებებიც ფარატინა ქაღალდივით დარჩა, მაგალითად, ბირთვული იარაღით ჟღარუნი.

მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი ვარაუდი, პრინციპში, ლოგიკური იყო, მთავრობის შენობაზე შეტევამ გვაჩვენა, რომ ასეთ საკითხებში გადაჭარბებული ოპტიმისტები არ უნდა ვიყოთ. არსებობს სამი მიზეზი, რის გამოც რუსეთმა, ასეთი სახით და ასეთ დროს, ესკალაციაზე წასვლა გადაწყვიტა:

პირველი - პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იძულებულია რეაგირება მოახდინოს რუსი ულტრანაციონალისტების განწყობებზე, რომლებიც ხელისუფლების მომხრეები არიან და ომის გაგრძელებას მხარს უჭერენ. როცა 2022 წლის ოქტომბერში უკრაინამ ქერჩის ხიდზე აფეთქება განახორციელა, პუტინის მომხრე „ქორები“ უკრაინის ხელისუფლების ორგანოების დაბომბვას მოითხოვდნენ. საინტერესო ტენდენცია: როცა ბრძოლის ველზე რუსეთის არმიის წინსვლა ყოვნდება, ხოლო დანაკარგები მატულობს, დაბომბვის მოწოდებები ძლიერდება ხოლმე.

2025 წლის ივნისში, რუსული სამთავრობო ტელეარხის „როსია-1“-ის სამხედრო მიმომხილველი იგორ კოროტჩენკო ამტკიცებდა, რომ შორი რადიუსის სარაკეტო დარტყმები უკრაინის გადაწყვეტილების მიღების ცენტრებზე ომის რუსეთის სასარგებლოდ დასრულებას დააჩქარებსო. მან მაგალითის სახით მოიყვანა ნატოს ავიადაბომბვები კოსოვოსთან დაკავშირებით იუგოსლავიის ეკონომიკურ-ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე 1999 წელს. იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ეკონომიკა რეცესიის პირას დგას და ძლივ-ძლივობით ბალანსირებს, ხოლო რუს ახალგაზრდებში ომით დაღლა მატულობს, ვლადიმერ პუტინისათვის აუცილებელია, რომ ულტრანაციონალისტებმა მისი გარემოცვა არ დატოვონ და მუდამ მათი მხარდაჭერა ჰქონდეს.

მეორე - ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპის ყოყმანს რუსეთის დასჯის თაობაზე (ომის შეწყვეტის გაჭიანურების გამო) განიხილავს, როგორც აშშ-ის პრეზიდენტის სისუსტის ნიშანს და მის მოთმინებას გამოცდას უწყობს. როცა აშშ-ის მკაცრი სანქციებისა და გაზრდილი ტარიფების საფრთხე სერიოზული გახდა, კრემლმა დროის მოგების მიზნით განაცხადა, რომ ალასკის შეხვედრის დროს ომის სამშვიდობო დარეგულირება მოხდებოდა. პუტინმა ბოროტად ისარგებლა ტრამპის ნდობით, გათამამდა და დასავლეთს ალასკის შეხვედრით კიდევ ერთი ხრიკი მოუწყო.

თავის მხრივ, დონალდ ტრამპიც ზედმეტად ითმენს ყველაფერს: 21 აგვისტოს რუსებმა ფრთოსანი რაკეტებით დაარტყეს უკრაინის ყველაზე დასავლეთით მდებარე იმიერკარპატების ოლქში (ქალაქ მუკაჩევოში) არსებულ ელექტრონული აპარატურის ქარხანას, რომლის მფლობელი ამერიკული კომპანიაა. ეს იყო იშვიათი შეტევა, რაც ადრე არ მომხდარა. აშშ-ის პრეზიდენტს კი საპასუხო ზომები დღემდე არ მიუღია. აშშ-ის ასეთი ყოყმანისა და მოთმინების შემდეგ რუსეთმა 28 აგვისტოს სარაკეტო დარტყმა მიაყენა უკვე კიევში მოქმედი ორგანიზაციის „ბრიტანული საბჭოს“ შენობას. როცა კრემლის ასეთი ქმედებები უპასუხო დარჩა, რუსეთმა ფსონი ასწია - დაარტყა უკრაინის მთავრობის ოფისს.

ასევე დაგაინტერესებთ:პუტინის მუსიკალური ფრონტი: როგორ გეგმავს კრემლის ბინადარი "ევროვიზიის" "ჩაძირვას" - რუსულ "ინტერვიზიაში" მაიკლ ჯექსონის შვილი იმღერებს?!

"გიჟი მაქსის" ტაქტიკა უკრაინის ფრონტზე და რუსი მეთაურების აფერისტობა - ქართველი გენერალ-მაიორის ანალიზი: აიღებენ თუ არა რუსები დნეპროპეტროვსკს

"შურისძიების დივერსია" - ბუჩას ტრაგედიის მომწყობებს შორეულ ხაბაროვსკში მიაგნეს და...

ახალი გეოპოლიტიკური სენსაცია: ტრამპი და ლუკაშენკო საიდუმლო გარიგებას დადებენ?! - "გაექცევა" თუ არა "ბატკა" პუტინს?

მესამე - ვლადიმერ პუტინმა ზემოთ ნახსენები დარტყმები გამოიყენა იმისათვის, რომ უკრაინა გაეფრთხილებინა: თუ კიევი გააგრძელებს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების წინააღმდეგ დრონებით შეტევებს (როგორც ამბობენ, ამჟამად რუსეთის ქარხნების 17% მწყობრიდან არის გამოყვანილი და ბენზინის დეფიციტი იზრდება), მაშინ მოსკოვიც კვლავ დაარტყამს სახელისუფლებო შენობებს. კრემლისათვის ნავთობის გადამუშავების პროდუქტები - ბენზინი, დიზელის საწვავი - ახლა ჰაერივით საჭიროა და ამიტომ ის არ მოითმენს მუდმივ საფრთხეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მიმართ... ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, „დაბომბავ ჩემს ქარხანას? დავბომბავ შენს პარლამენტს...“

თუ დონალდ ტრამპი კვლავ გააგრძელებს თმენის პოლიტიკას და თავის ულტიმატუმებს არ შეასრულებს, სამომავლოდ უკრაინის სამთავრობო ობიექტებზე და დასავლური ორგანიზაციების ოფისებზე შეტევები უფრო გახშირდება. სხვათა შორის, ბრიტანული და ევროპული სამიზნეები უფრო მოწყვლადია: კრემლს არ სურს დასავლური სამშვიდობო ძალების უკრაინაში განთავსება და იმედოვნებს, რომ ამგვარი შეტევებით ბრიუსელი იძულებული გახდება მოსკოვის გაფრთხილება ყურად იღოს. მართალია, ბირთვული ომის საფრთხე შესუსტდა, მაგრამ ნატოსთან შემთხვევითი შეტაკების ალბათობა ძალიან მაღალი რჩება.

პუტინის ომის ესკალაციის კვალობაზე დასავლელმა ჩინოვნიკებმა თავიანთი უმოქმედობით კრემლი არ უნდა წააქეზონ. მათ მშვიდობას ძალის დახმარებით უნდა მიაღწიონ: დონალდ ტრამპის მიერ დაპირებული ანტირუსული სანქციების მეორე ეტაპი უკიდურესად აუცილებელია, რომ რუსეთმა სიტუაციის სერიოზულობა იგრძნოს და დასკვნები გააკეთოს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო