გზა ნატოს მეკავშირე ოფიცრობიდან ტრაილერის მძღოლობამდე - ქართველი ვიცე-პოლკოვნიკის ზურაბ ხალიზოვის საოცარი ისტორია
ამ ისტორიას გვიყვება ადამიანი, რომელიც აფხაზეთის ომის შემდეგ, კოსოვოს, ერაყის (2-ჯერ) და ავღანეთის სამშვიდობო მისიებში მონაწილეობდა. სამხედრო დოქტრინის ავტორი 2014-2017 წლებში, აშშ-ში ნატოს მეკავშირე ოფიცერიც გახლდათ. დღეს თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი ზურაბ ხალიზოვი ამერიკაში ცხოვრობს. როგორი იყო მისი გზა საქართველოდან ამერიკამდე, თავად გვიამბობს.
პირველი მერცხლები
- აფხაზეთის ომის შემდეგ, 1995 წელს დავბრუნდი თავდაცვის სამინისტროში... 1998 წელს ნიკა ჯანჯღავამ (იმხანად დაზვერვის სამმართველოს თანამშრომელი) მოახერხა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიდ ბრიტანეთში ენის კურსზე გაგვიშვა. ეს იყო პირველი პროგრამა, რომლითაც ქართველი ოფიცრები უცხოეთში სასწავლებლად წავიდნენ. იორკში, სენ-ჯონის კოლეჯში ვსწავლობდით ინგლისურ ენას სამხედრო ტერმინოლოგიასთან ერთად. მაშინ საქართველოში ამერიკული პროგრამები არ არსებობდა. როცა დავბრუნდით, პერსპექტიული ოფიცრები ვიყავით და თან ახალგაზრდები. ნიკამ მაშინ ძალიან დიდი საქმე გააკეთა, კოჯორში თავდაცვის სამინისტროს სპეცდანიშნულების ქვეგანაყოფი ჩამოაყალიბა. ამაში მოკრძალებული წვლილი მეც მიმიძღვის, მე, ვლადიმერ ჩაჩიბაია, ნიკა ჯანჯღავა და კიდევ რამდენიმე კაცი ვიყავით. ენა ვიცოდით და უკვე შეგვეძლო ამერიკული და სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო დოქტრინების კითხვა, ინფორმაციის მოძიება და ასე სწავლა. მაშინ არ გვქონდა იმ ქვეყნებში სასწავლებლად წასვლის საშუალება. ამასობაში კოჯრის დანაყოფიც გაძლიერდა - დავიწყეთ 8 კაციდან, შემდეგ გავხდით 80, ერთი წლის შემდეგ კი 300. პირველ მისიაში 25 კაცი წავედით თურქეთში, რომელიც ნატოს ეგიდით ერთვებოდა კოსოვოს მისიაში. ერთ თვეში გავიარეთ გადამზადება, ვისწავლეთ ჯარის მოწყობა, თურქული ენა და გავემგზავრეთ კოსოვოში, სადაც 9 თვე დავყავით.
ბუფერულ ზონაში სერბებსა და ალბანელებს შორის ჩვენი საკონტროლო წერტილები გვქონდა. არ უნდა დაგვეშვა სოფლებში იარაღის შეტანა. რეიდების დროს მოსახლეობისგანაც ვიღებდით იარაღს. რადგან ნაომარი ადგილები იყო, ძირითად პრობლემას მაინც დანაღმული ტერიტორიები წარმოადგენდა. მთავარი ქალაქი პროზრინი იყო - გერმანელი სამხედროების საკონტროლო ზონა. გერმანელებს ექვემდებარებოდა თურქული ასეული (ნატო) და მასში ერთი ოცეული ჩვენ ვიყავით.
8 თვის თავზე ჩამოვიდა თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე, შვეულმფრენით ჩამოაფრინეს, თან გენერალი დუმბაძე ახლდა. პირდაპირ მოედანზე დასხდნენ. ზუსტად არ მახსოვს, მგონი, შობის დღე იყო. მშობლებს გამოუტანებიათ შემწვარი გოჭები, სხვადასხვა ხორაგი. ღვინო 20-ლიტრიანი ბოცებით ჩამოიტანეს. თურქული ასეულის მეთაურმა (კაპიტანი იყო) რომ ნახა, თავდაცვის მინისტრი ჩამოფრინდა გოჭებითა და ღვინით, გაოცებული ხელებს შლიდა, რა ხდებაო. არნახული სუფრა გაიშალა. წავიდა ქეიფი. თურქები, იმის გამო რომ არ სვამდნენ და ჭამდნენ, მალევე წავიდნენ. სამი-ოთხი საათის შემდეგ მინისტრიც გაფრინდა უკან. ჩვენს ოცეულში ზოგი იმერეთიდან იყო, ზოგიც კახეთიდან. ისეთი პურმარილი იყო, ქართული სტუმართმოყვარეობა ხომ იცით, ყველა დავპატიჟეთ, იქაურებიც...
ქართველებს გვცნობდნენ. ჯერ ერთი, ჩვენი დროშა გვქონდა - სამფერიანი (მაშინ შეცვლილი არ იყო). იქაურები კარგად გვექცეოდნენ. გიორგობაზე ალბანელებმა მოლოცვის ნიშნად (თავად მუსლიმანები იყვნენ) უზარმაზარი ხარი დაკლეს, ბაზაში მოიტანეს და მზარეულებს ჩააბარეს კერძებისთვის. სერბები მართლმადიდებლები არიან და ეკლესიებში წირვაზე ერთად დავდიოდით. მერე ღვინის მარანშიც შევივლიდით ხოლმე. ორივე მხარემ კარგად იცოდა, ვინ ვიყავით და რას ვაკეთებდით...
კოსოვო იყო პირველი მისია, სადაც ყველა გაკვირდება. გერმანიის სექტორში სერტიფიცირებულები რომ არ ვყოფილიყავით, იქ ვინ მიგვიღებდა? თურქეთში ერთთვიანი ტრენინგი გავიარეთ, თურქულ ჯარზე გადავეწყვეთ, იმიტომ, რომ თურქეთი ნატოს ქვეყანაა. ეს იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვანი ნაბიჯი დასავლეთისკენ... 1998 წელს ჯარში საჭმელი არ იყო. კორუმპირებულ მაღალჩინოსანთა უმრავლესობას ყველაფერი სახლში მიჰქონდა, თავდაცვის ბიუჯეტი მიზერული იყო. კოსოვოს მისია იყო პირველი მერცხალი ("წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამა ორი წლის შემდეგ, 2000 წელს დაიწყო). კოსოვოდან რომ დავბრუნდით, 4-5-ვარსკვლავიანი გენერალი დაგვხვდა და პირადად გადმოგვცა ნატოს მედლები "მადლობა თქვენი სამსახურისთვის კოსოვოში". ვერ წარმოიდგენთ, ეს ჩვენთვის მაშინ რას ნიშნავდა.
მოგვიანებით ამ პროცესს კოჯორში "კომანდოს" ბატალიონის შექმნა მოჰყვა, შემდეგ იყო მეორე ბატალიონიც. ჩვენი ჯარის განვითარების სათავე, ფაქტობრივად, კოჯორი იყო. ვინც სამხედრო აკადემიას ამთავრებდა, ყველას კოჯორი სურდა, რადგან ხედავდნენ, კარგად გვეცვა (ამერიკული ფორმა) და კარგად გვკვებავდნენ. ნიკა ჯანჯღავამ იმას მიაღწია, რომ მერია უზრუნველგვყოფდა სურსათ-სანოვაგით. მოგვიანებით დაიწყო საზღვარგარეთ გასვლა სასწავლებლად თუ სამშვიდობო მისიებში...
"მეტი საქართველო ნატოში"
- 2014 წელს თავდაცვის სამინისტრომ შეერთებულ შტატებში, ნატოს გაერთიანებულ ტრანსფორმაციის ცენტრში (NATO ACT - Allied Command Transfomation, ნორფოლკი) სამწლიანი (2014-2017) მისიით მიმავლინა. იქ არაწევრი ქვეყნებიც არიან წარმოდგენილი. მეკავშირე ოფიცერი საქართველოდან ძალიან მნიშვნელოვანი პოზიცია იყო, ნებისმიერი კანდიდატის წარდგენა, რომელსაც საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გზავნიდა ნატოს დაფინანსებით, ჩემს ხელში გადიოდა: ფინანსები, საბუთები... სხვადასხვა ქვეყანაში კონფერენციებზე დავდიოდით, და ა.შ. ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ "ნატოს ტრანსფორმაციის ცენტრში" კვირაში ერთხელ თათბირებს ნატოს წევრი ქვეყნების ყველა წარმომადგენელი ესწრებოდა. თათბირებზე არაწევრი ქვეყანა ვიყავით ფინეთი, შვეიცარია, ავსტრია, უკრაინა, აზერბაიჯანი და საქართველო. ყველა ქვეყანა წარმოადგენდა გასული კვირის რეპორტს, რა და როგორ ხდებოდა. შემდეგ მოხსენებებს ვაკეთებდით და ვგზავნიდით ჩვენს ქვეყნებში. ჩვენი თავდაცვის სამინისტრო ყოველთვის მოვლენების საქმის კურსში იყო.
- ნატოს ბლოკზეა საუბარი?
- დიახ. თათბირებზე განხილული ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ იყო, მისი დამუშავება-ანალიზი და გადაგზავნა მხოლოდ ჩვენს მეკავშირე ოფიცერს შეეძლო. მართალია, საიდუმლო ინფორმაციაზე შეზღუდვა გვქონდა, თუმცა ზოგიერთ ნაწილზე ოფიციალურად მიგვიწვდებოდა ხელი. ჩვენს ინტერესებში შედიოდა, მიგვეწოდებინა ჩვენი თავდაცვის სამინისტროსთვის და თბილისში სცოდნოდათ, რომელი ქვეყანა რას აკეთებდა, რა იყო დაგეგმილი.
- ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა, თათბირებზე დასწრება, ალბათ, მიუთითებდა, რომ საქართველო თანაბრად ურთიერთობდა ნატოს სხვა ქვეყნებთან.
- რა თქმა უნდა. ჩვენც გვთხოვდნენ ინფორმაციას, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიყავით წევრი ქვეყანა. გვეკითხებოდნენ, რას აკეთებდა საქართველო, რა ეტაპზე იყო ესა თუ ის აქტივობა, მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდათ სრული ინფორმაცია ევროპიდან საქართველოში დაგეგმილი წვრთნების შესახებ. ასეთ თათბირზე საქართველოს წარმომადგენელი რომ იჯდა, ეს ნიშნავდა, რომ ქვეყანას თავისი ხმა ჰქონდა. სულ რომ არაფერი გვეკეთებინა, საქართველოს წარმომადგენლის არსებობა უკვე პრესტიჟის საქმე იყო. დღეს "ნატოს ტრანსფორმაციის ცენტრში" საქართველოს ხმა აღარ ისმის.
- როდიდან აღარ ისმის?
- ჩემ შემდეგ (2017), ერთი ოფიცერი ჩამოვიდა და სამი წლის ნაცვლად მხოლოდ ერთი წელი დაყო, გამოდის, 2019 წლიდან.
- რა იყო ამ გადაწყვეტილების მიზეზი?
- ოფიციალურ მიზეზად ფინანსები დასახელდა. ვერ ვაფინანსებთ და რა ვქნათ, მაინც არაფერს აკეთებთო. ცოტა ირონიული ტონიც იყო სამინისტროდან. მაშინ ლელა ჩიქოვანს ებარა საერთაშორისო მიმართულებები. მანქანა, ხელფასი და ბინის ქირის ფული სამინისტროსი იყო და შესაბამისად, ფინანსები იხარჯებოდა. ამიტომაც ჩათვალეს, რომ არ იყო საჭირო. ასეთი ცენტრი მსოფლიოში მხოლოდ ორია: ამერიკაში "ნატოს ტრანსფორმაციის ცენტრი" და გაერთიანებული ოპერაციებიის სარდლობა ბრიუსელში (NATO ACO - Allied Command Operacions), რომელიც სამშვიდობო ოპერაციებს კურირებდა ავღანეთში, ერაყში და ა.შ. ჩვენი უფრო სწავლებებსა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე იყო ფოკუსირებული.
- ცენტრში საქართველოს წარმომადგენლობის არარსებობის გამო შეწყდა ჩვენი სამხედროების სწავლების საკითხიც?
- არ შემწყდარა, უბრალოდ, 80%-ით შემცირდა. აქ ჩვენი ბაზა ევროპის ცენტრში ჩვენი წარმომადგენლებიდან ერთ-ერთს გადააბარეს.
- სხვა არაწევრ ქვეყნებს თუ დარჩათ წარმომადგენლობა?
- რა თქმა უნდა, რადგან ამას სამხედრო-პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს, იმ მაგიდასთან შენი ხმა უნდა ისმოდეს.
- ცოტა დაუჯერებელია, რომ 27-წლიანი სამსახურის, ამდენი ომის და საერთაშორისო მისიების შემდეგ გადაწყვიტეთ ჯარიდან წასვლა. სამხედროები ამას ასე იოლად ვერ ელევიან...
- ამერიკაში ყოფნისას ვფიქრობდი, რომ სიტუაცია უკეთესი იქნებოდა, მაგრამ როცა დავბრუნდი, გამოჩნდა, რომ უარესობისკენ მიდიოდა... ეს პირველად ჯარში გამოჩნდა, უფრო მოგვიანებით, როდესაც თავდაცვის სამინისტროში ე.წ. გადაწყობა დაიწყო. დასავლეთის და ნატოს ბევრი პროგრამა თუ პროექტი ნელ-ნელა უქმდებოდა. ის ოფიცრები, რომლებიც ადრე არაფრით გამოირჩეოდნენ, მაღალ თანამდებობაზე დანიშნეს, მიუხედავად იმისა, რომ არც სათანადო გამოცდილება ჰქონდათ და არც კვალიფიკაცია. ეს მყისიერად არ მომხდარა, ნელ-ნელა, ეტაპობრივად... მიზანმიმართულად ხდებოდა დისტანცირება ნატოსა და დასავლეთისგან, იმ ღირებულებებისგან, რომლისკენაც, რომ იტყვიან, თავქუდმოგლეჯილი მირბოდა საქართველო. კვალიფიციური კადრები, რომლებსაც სწავლა-განათლება ევროპაში ან ამერიკაში ჰქონდათ მიღებული, ნელ-ნელა მცირდებოდნენ. თანამდებობა, სამჯერ მეტი ხელფასი, მანქანა, სახლი - ამ პირობებს უქმნიდნენ კონკრეტულ პირებს და შესაბამისად, ისინი ადვილად სამართავი იყვნენ.
ერთ გენერალს, რომელსაც ჩემს მეგობრად ვთვლიდი, ჩემი მოსაზრებები და წუხილი გავუზიარე. მახსოვს, გაიღიმა და მითხრა, არაფრის გაკეთება არ შემიძლიაო.
სამხედრო დაზვერვის დოქტრინებზე ვმუშაობდი, არა ჩემი ინიციატივით, ბრძანებით მევალებოდა. დოქტრინების სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი ვიყავი და ყველაფერს ვაკეთებდი, რომ ეს 500-გვერდიანი წიგნი ჯარისკაცამდე და ოფიცრამდე ისე მისულიყო, რომ წაეკითხათ და გაეგოთ. ჩემი ავტორობით წიგნი თავდაცვის სამინისტრომ დაამტკიცა და ისწავლებოდა კიდეც (იმედია, ახლაც). პატაკი რომ დავწერე, ვამთავრებ სამსახურს შეიარაღებულ ძალებში და პენსიაზე გავდივარ-მეთქი, ერთი მადლობაც არავის უთქვამს, მათ შორის იმ ადამიანებს, რომლებთანაც სამინისტროში 20-25 წელი ვმეგობრობდი.
ისევ ამერიკაში...
- მაინც როგორია, ამხელა გამოცდილების ადამიანი ერთ დღესაც რომ გაიღვიძებთ უცხო ქვეყანაში და არაფერს აღარ წარმოადგენთ?
- ფაქტობრივად, ყველაფერს ნულიდან იწყებ: არა გაქვს საბუთები, რომ იმუშაო, ლეგალურად იცხოვრო. ბევრმა ინგლისური ენაც არ იცის, რაც უფრო ართულებს უცხო ქვეყანაში დამკვიდრებას, თუმცა ეს ქვეყანა შანსს ყოველთვის გაძლევს. ვინც ჩამოდის, ვგულისხმობ ძალოვნებს, სამწუხაროდ, სამხედრო საქმის გარდა, ბევრი არაფერი იციან და ძირითადად, კურიერად, ტაქსის ან ტრაილერის მძღოლებად მუშაობენ. მე სამი წელი ვიყავი ტრაილერის მძღოლი. მოკლედ, უცებ ყველაფერი შეიცვალა, ჩამოდიხარ და, მაზუთიანი ხარ, დიზელის საწვავის სუნი აგდის. ეს ქვეყანა არ მიგიღებს ისეთს, როგორიც სამშობლოში იყავი. აქ ხელახლა იბადები, თავიდან უნდა შექმნა ყველაფერი.
სამშობლოზე არასდროს გავბრაზდები. დღეს ყველა გაბრაზებულია იმაზე, რაც მანდ ხდება. ყველა შეწუხებულია, რატომ უნდა ვიყოთ ასე ახლა, როცა იქ ვჭირდებით ჩვენს სამშობლოს. ორიოდე წლის წინ ვცადეთ რაღაცები, ერთგვარი წრე გვქონდა. რატომაც არა, განათლება არ გვაკლია, გამოცდილება და სამშობლოს სიყვარული. გვინდოდა საქმე გვეკეთებინა, ერთ ცნობილ ყოფილ სამხედროს ოფისი ვუქირავეთ (ფულს აქ ვაგროვებდით), რომ შეხვედრები გაემართა სამხედრო თემებზე, გვქონდა ჩართვებიც, ერთხანს ეს ყველაფერი კარგადაც შუქდებოდა, მაგრამ საბოლოოდ დიდი ვერაფერი გამოგვივიდა.
- როგორც ვიცი, აშშ-ში ბევრი ყოფილი სამხედრო მოსამსახურე ხართ. არ უცდია თავდაცვის სამინისტროს კავშირზე გამოსვლა?
- არა. მეტიც, მე რომ წამოვედი, ჩემი მეგობრები, აფხაზეთში ერთად რომ ვიბრძოდით, მაშინ მაღალი თანამდებობის პირები იყვნენ. სამ-ოთხ წელიწადში ისინიც ჩამოვიდნენ და საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ჩვენ აღარავის ვჭირდებოდით.
- ტრაილერის მძღოლობა, ალბათ, ბევრ სიძნელესთან ერთად, ბევრ თავგადასავალთანაც არის დაკავშირებული.
- ტრაილერის მძღოლობამდე ჯერ ტაქსის მძღოლი ვიყავი. როცა უკვე მართვის მოწმობა და მუშაობის უფლებაც მივიღე, დავრეგისტრირდი აპლიკაციაში. შეგიძლია ერთ დღეს იტაქსაო კიდეც და კურიერიც იყო. მე ენის ბარიერი არ მქონია, მაგრამ აქცენტი მაქვს და ხვდებიან, რომ აქაური არა ვარ. თუმცა ცუდი დამოკიდებულება არავის აქვს, იმიტომ, რომ ეს ქვეყანა ემიგრანტებმა ააშენეს და ახლაც მათზე დგას. რა თქმა უნდა, ტაქსის მძღოლობა ადვილი არ არის, ვიღაცას ჩართული მუსიკა არ მოსწონს, ან უკმაყოფილოა, რატომ გამიჩერე ორ მეტრში, ერთ მეტრში რატომ არ გამიჩერეო და ა.შ. შენ არა გაქვს უფლება პასუხი დაუბრუნო, მას კი, როგორც კლიენტს, ყველაფრის უფლება აქვს. შენ კი თავი უნდა მოთოკო, თორემ შეიძლება სამსახური დაკარგო. ერთხელ ნასვამი ქალი ჩამიჯდა, გავიხედე უკან და სავარძლებს შორის თავით იყო ჩავარდნილი. გადავიკიდე ზურგზე, ისე მივიტანე სახლამდე და მივაყუდე კართან. გათიშული იყო. ასეთი რამ ხშირად ხდება. მერე გიწევს მანქანის დასუფთავება, რაც სასიამოვნო ნამდვილად არ არის...