"ძნელია, ფეხბურთელს უთხრა, რომ ნაკრებში აღარ ითამაშებს"
"თუ ყენია ისევ ამბობს - სანამ ქეცბაიაა მწვრთნელი, ნაკრებში არ ვითამაშებო, მე რა შემიძლია, ძალით ხომ ვერ ვათამაშებ?!"
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს 7 სექტემბერს, ბელორუსთან მატჩით დაიწყებს, ოთხი დღის შემდეგ კი თბილისში მსოფლიოს და ევროპის მოქმედი ჩემპიონი - ესპანეთის ნაკრები ითამაშებს. ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ უკვე დაასახელა იმ მოთამაშეთა გვარები, რომლებსაც ამ შეხვედრებში დაეყრდნობა; მეკარეები: გიორგი ლორია, ნუკრი რევიშვილი, როინ კვასხვაძე; მცველები: გურამ კაშია, ზურაბ ხიზანიშვილი, ალექსანდრე ამისულაშვილი, გიორგი ფოფხაძე, გია გრიგალავა, უჩა ლობჟანიძე, აკაკი ხუბუტია, გიორგი რეხვიაშვილი, დავით კვირკველია; ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი, ჯაბა კანკავა, ჯანო ანანიძე, დავით თარგამაძე, თორნიკე ოქრიაშვილი, ალექსანდრე კობახიძე, სანდრო გურული, ირაკლი მაისურაძე, დავით დევდარიანი, თორნიკე გორგიაშვილი; თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე, მათე ვაწაძე, ირაკლი სირბილაძე. მომავალ მატჩებზე საუბრის გარდა, თემურ ქეცბაიას ლევან ყენიას და გოგიტა გოგუას შესახებაც ჩამოვუგდეთ სიტყვა, ნაკრების გაახალგაზრდავებაზეც, კახა კალაძის გაცილების მატჩზეც და "ევრო-2020"-ის მასპინძლობის შანსებზეც კი...
- ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა უკვე გამოაცხადეთ: შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ის ბირთვი, რომელზე დაყრდნობასაც აპირებთ ამ შესარჩევ ეტაპზე?
- შესარჩევი ეტაპი ორი წლის განმავლობაში გრძელდება, ასე რომ, დარწმუნებით ნამდვილად ვერავინ იტყვის, მთელი შესარჩევი ციკლისას მხოლოდ ამ მოთამაშეებს გამოვიძახებთ თუ არა. ვინც თავს გამოიჩენს და კარგ ფორმაში იქნება, ნაკრებში თამაშის შანსი ყველას ექნება.
- რა იქნება შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მიზანი?
- მინდა, რომ ჩემი ფეხბურთელები ყველა შეხვედრაში ბოლომდე დაიხარჯონ, დანარჩენი კი მერე გამოჩნდება.
- შესარჩევ ეტაპზე ხუთგუნდიან ჯგუფში რომ მოვხვდით, კარგია თუ ცუდი?
- უკეთესი იქნებოდა, ჩვენს ქვეჯგუფში ექვსი ნაკრები ყოფილიყო. ახლა კი, იმ დღეებში, როცა სხვები ითამაშებენ, ჩვენ სპარინგ-პარტნიორების მოძებნა მოგვიწევს, რაც იოლი არ იქნება. ჩვენც გვინდოდა, შესარჩევი ეტაპის დაწყებამდე ამხანაგური მატჩი თბილისში გვეთამაშა, თანაც, უფრო ძლიერ გუნდთან, მაგრამ სამწუხაროდ, ეს არ მოხერხდა.
- ლუქსემბურგთან თამაშით კმაყოფილი ხართ?
- რაც უნდა სუსტი მეტოქე გყავდეს, თითქმის 80 წუთის განმავლობაში რომ კაცნაკლული ითამაშებ და მაინც გაიმარჯვებ, რა თქმა უნდა, კარგია. ფეხბურთელებმა იბრძოლეს, მომენტები შექმნეს და გაიმარჯვეს, ასე რომ, მეტ-ნაკლებად კმაყოფილი ვარ...
- ზურაბ ხიზანიშვილზეც გკითხავთ: გავრცელდა ხმები, თითქოს უკმაყოფილო იყავით, ლუქსემბურგთან მატჩზე რომ არ ჩამოვიდა...
- ჩემი პოზიცია ასეთია: გამოვიძახეთ? ვინც უნდა იყოს, შეკრებაზე უნდა ჩამოვიდეს, ჩვენმა ექიმებმაც გასინჯონ და გვითხრან, რამდენად სერიოზულია ტრავმა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფეხბურთელს არ ვენდობით, მაგრამ გვსურს, ჩვენთანაც ყველაფერი ისე იყოს, როგორც სხვა ქვეყნებში ხდება. ნაკრებში ფეხბურთელის გამოძახება ყველგან ზეიმია ფეხბურთელისთვისაც და კლუბისთვისაც და გვინდა, ჩვენთანაც ასე იყოს. იმედია, მსგავსი პრობლემები მომავალში აღარ გვექნება. თუ ფეხბურთელს სერიოზული პრობლემა არ აქვს და მაინც არ ჩამოდის, ე.ი. ეროვნულ ნაკრებში თამაში არ სურს. არავის შევეხვეწებით, ასეთი მოთამაშეები არც ჩვენ გვჭირდება; ძალით ვერავის ვათამაშებთ; ითამაშებს ის, ვისაც თამაში უნდა.
- რადგან ზურაბ ხიზანიშვილს ისევ უხმეთ ნაკრებში, ე..ი. ყველაფერი რიგზეა...
- მასთან პრობლემა არ ყოფილა, მაგრამ კარგი იქნება, სამომავლოდ ყველამ გაითვალისწინოს: მიუხედავად იმისა, არის თუ არა ტრავმირებული, ვისაც გამოვიძახებთ, ყველა უნდა ჩამოვიდეს და მერე ადგილზე გადავწყვეტთ, რამდენად სერიოზულია მისი ტრავმა.
- ლევან ყენიასთან დაკავშირებით რა ხდება?
- თავის დროზე ყენია იმიტომ კი არ გამოვიძახეთ, რომ იმ მომენტისთვის ნაკრებში თამაშის ღირსი იყო, გვინდოდა, გვერდში ამოვდგომოდით, დავხმარებოდით ფეხბურთელს, რომელსაც ორ წელიწადზე მეტია, არ უთამაშია. ოფიციალური მატჩები იწყება და გვინდა, ისეთი მოთამაშეები გამოვიძახოთ, რომლებსაც სათამაშო პრაქტიკა აქვთ. წინ კიდევ არაერთი ასპარეზობა გველის და მომავალში მას აუცილებლად მიეცემა ნაკრებში თამაშის შანსი...
- ესე იგი, თუ ფორმაში იქნება, ყენიას ისევ გამოიძახებთ?
- ჩვენ გვინდა, ყველანაირად დავეხმაროთ ფეხბურთელებს, მაგრამ თუ ყენია ისევ ამბობს - სანამ ქეცბაიაა მწვრთნელი, ნაკრებში არ ვითამაშებო, მე რა შემიძლია, ძალით ხომ ვერ ვათამაშებ?! ყველამ უნდა იცოდეს, რომ პირველ ადგილზე ნაკრები უნდა იყოს! პირადი ამბიციები - შემდეგ!
- ცნობილია, რომ დანიურ "ორჰუსთან" სტუმრად გამარჯვების შემდეგ, გორის "დილას" გასახდელში სხვებთან ერთად გამარჯვება გოგიტა გოგუასაც მიულოცეთ და ხელი ჩამოართვით. ქეცბაია-გოგუას კონფლიქტი ამოწურულია?
- შეიძლება, რაღაც უთანხმოება გვქონდეს საფეხბურთო საკითხებზე, თორემ ჩვეულებრივ ურთიერთობას წინ რა უდგას? დანარჩენ 29 კაცს მივულოცე და გოგუას ხელს არ გავუწვდიდი?! თამაში მოიგეს და ყველას მივულოცე, რა არის ამაში გასაკვირი?
- ანუ თქვენ შორის უთანხმოება აღარ არსებობს?
- გამოვიძახეთ ის ხალხი, ვისიც გვჯერა, უთანხმოება რა შუაშია?
- მეტოქეებისა და გამოძახებული ფეხბურთელების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ეს შესარჩევი ციკლი, გარკვეულწილად, ექსპერიმენტული იქნება...
- ნაკრები, ძირითადად, ახალგაზრდა ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. თუ რამის მიღწევა გვინდა, შენება საძირკვლიდან უნდა დავიწყოთ და არა - სახურავიდან. ზოგიერთებივით ბაქიბუქს არ ვარ ჩვეული - გამოვალთ და 10:0 მოვიგებთ-მეთქი. რეალურად ვაფასებ ყველაფერს. მთავარია, დავინახო, რომ ბიჭები თავს არ ზოგავენ. ასეთ შემთხვევაში, შედეგის მიუხედავად, მეც და ნაკრების გულშემატკივარიც კმაყოფილი ვიქნებით.
- გამოდის, კობიაშვილსა და იაშვილს ნაკრებში მოხვედრის შანსი მართლაც აღარ ჰქონიათ...
- სიმართლე გითხრათ, კობიაშვილს ვერ დავუკავშირდი, იაშვილს კი ველაპარაკე და სიტუაცია ავუხსენი. ყველაფერი ძალიან მშვიდად მიიღო. ეს ბიჭები წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურნენ ეროვნულ გუნდს, ნაკრების და ქვეყნის წინაშე მოვალეობა პირნათლად მოიხადეს და მადლობის მეტი რა გვეთქმის?
- გული სწორედ ამაზე სწყდებათ - იმის ღირსი მაინც ხომ ვიყავით, ეთქვათ, თუ ნაკრებს აღარ ვჭირდებითო...
- ალბათ, მართლაც დამნაშავე ვარ, თავიდანვე რომ არ ვუთხარი, მაგრამ არ არის ადვილი, მიხვიდე და ბიჭებს, რომლებთან ერთადაც ფეხბურთი გითამაშია, რომლებიც 15 წელია, ნაკრებში არიან, უთხრა - ნაკრებში აღარ ითამაშებთო. მინდოდა, თვითონ მიეღოთ ეს გადაწყვეტილება... თუმცა, მწვრთნელი ვარ და ის უნდა გავაკეთო, რაც ქართული ფეხბურთისთვის არის კარგი. მჯერა, ეს ყველაფერი ჩვენს ურთიერთობაზე არ იმოქმედებს.
- კახა კალაძემ განაცხადა, რომ 13 სექტემბერს აპირებდა ფეხბურთთან გამოსამშვიდობებელი მატჩის ჩატარებას და "მილანის" ჩამოყვანას, მაგრამ "დინამო არენას" ხელმძღვანელობამ სტადიონის დათმობაზე უარი იმ მოტივით უთხრა, რომ ერთი თვის განმავლობაში სტადიონი დაკავებულია. გჯერათ ეს?
- ასეთი რაღაც რომ ყოფილიყო, ხომ გავიგებდი? რაც არ ვიცი, იმაზე და მით უმეტეს - ერთი მხრიდან გაკეთებულ განცხადებაზე კი ვერაფერს გეტყვით. არა მგონია, თუ მართლა "მილანის" ჩამოყვანას აპირებდა, ვინმეს კახასთვის უარი ეთქვა. და "მილანს" ვის წინააღმდეგ უნდა ეთამაშა? ნაკრების მწვრთნელი ვარ და ჩემთვის არავის არაფერი უთქვამს...
- ვფიქრობ, ის მაინც არ არის სადავო, რომ კახა კალაძე ნამდვილად იმსახურებს გამოსათხოვარი მატჩის საქართველოში გამართვას...
- რა თქმა უნდა. ქართული ფეხბურთის ისტორიაში კალაძე ყველაზე წარმატებული ფეხბურთელია - წლების განმავლობაში თამაშობდა მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს კლუბში და ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა...
- საქართველომ 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობაზე განაცხადი შეიტანა. როგორ ფიქრობთ, გვაქვს გამარჯვების შანსი?
- სიმართლე გითხრათ, თავიდან მეც სკეპტიკურად ვუყურებდი ამ საკითხს, მაგრამ მას შემდეგ, რაც საკუთარი თვალით ვნახე, როგორ ჩაატარა უკრაინამ ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი, ვფიქრობ, საქართველო გაცილებით უკეთ შეძლებს ასეთი ტურნირის მასპინძლობას. ჩვენ რა ვალდებულებასაც ავიღებთ, აუცილებლად შევასრულებთ. დონეცკში ინგლისი-საფრანგეთის მატჩს დავესწარი და გაწბილებული დავრჩი: მხოლოდ 2000 ინგლისელი და 500 ფრანგი იყო ჩასული თავიანთი ნაკრებების საგულშემატკივროდ, რადგან პრობლემები იყო სასტუმროებთან დაკავშირებით, საორგანიზაციო საკითხების მხრივ და ა.შ. დონეცკში ერთი კვირის განმავლობაში ვიყავი და არ მიგრძნია, რომ ამ ქვეყანაში ევროპის ჩემპიონატი ტარდებოდა.
- ბოლოს "დილაზეც" ვთქვათ. როგორ შეაფასებთ "ევროპის ლიგაზე" ამ გუნდის თამაშს და კვიპროსზე რა გამოხმაურება მოჰყვა "ანორთოსისთან" გორელთა გამარჯვებას?
- სამწუხაროა, რომ გორელებმა "მარიტიმუს" ბარიერი ვერ დაძლიეს, მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ მესამე საკვალიფიკაციო ეტაპამდე "დილა" დაუმსახურებლად მივიდა. ნუ დაგვავიწყდება, რომ მხოლოდ ექვსი თვის წინ ჩამოყალიბებულ გუნდზეა ლაპარაკი. რაც შეეხება "ანორთოსისს", თბილისში გამარჯვების შემდეგ, კვიპროსელებმა მეტოქე სათანადოდ ვერ შეაფასეს და დაისაჯნენ კიდეც. სხვათა შორის, იმავეს თქმა შეიძლება "დილას" მოთამაშეებზეც: ეროვნული ჩემპიონატის თამაშებს სერიოზულად არ მიუდგნენ და სამივე მატჩი წააგეს ისეთ გუნდებთან, რომლებთან მარცხიც ასეთი შემადგენლობის გუნდს არ ეპატიება. როცა ეროვნული ჩემპიონატის მატჩი გაქვს ჩასატარებელი, ჯერ მასზე უნდა იფიქრო და მხოლოდ შემდეგ - ევროთასის შეხვედრაზე...