ერდოღანის ლექსები საქართველოზე და ტრამპის ოჯახის "ქართული გეგმები" - მამუკა არეშიძის ანალიზი: "ამერიკაში ჩვენს საკითხზე გადაწყვეტილებების მიღება შიდ - კვირის პალიტრა

ერდოღანის ლექსები საქართველოზე და ტრამპის ოჯახის "ქართული გეგმები" - მამუკა არეშიძის ანალიზი: "ამერიკაში ჩვენს საკითხზე გადაწყვეტილებების მიღება შიდა დაპირისპირებით მიმდინარეობს"

გთავაზობთ ეპიზოდს ექსპერტ მამუკა არეშიძის ინტერვიუდან, რომელიც გაზეთ "კვირის პალიტრის" 8 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნდა

- თქვენ ერთხელ ჩემთან ინტერვიუში თქვით, რომ ერდოღანი ხშირად ცრემლმორეულიც კი კითხულობს ლექსებს ბათუმზე... საინტერესოა, როგორია თურქეთის ინტერესები დღეს?

- ერდოღანს აქვს უნარი სწორად გაუგზავნოს მესიჯები სხვადასხვა აუდიტორიას: ნაციონალისტებს ერთ ენაზე ელაპარაკება, ისლამისტებს - სხვანაირად, დიდ ქალაქებში მცხოვრებ საზოგადოებას კიდევ სხვანაირად. როცა მიმართავს ნაციონალისტებსა და ისლამისტებს, ხშირად ეყრდნობა დავიდ ოღლუს იდეოლოგიურ კონცეფციას, რომელიც გულისხმობს ოსმალეთის იმპერიის ყოფილი ტერიტორიების გავლენის აღდგენასა და გაძლიერებას. ამ კონტექსტში, რასაკვირველია, საქართველოც შედის, კონკრეტულად კი ორი რეგიონი - სამცხე-ჯავახეთი და აჭარა. ერდოღანი ხშირად ახსენებს ამ გეოგრაფიულ დასახელებებს ხან ლექსის ფორმით, ხან ცრემლმორეული, მაგრამ ყოველთვის ხაზგასმით. მე ამას პირდაპირი­ ექსპანსიის გეგმად არ ვაფასებ, მაგრამ ფაქტია, ამ რეგიონებში გავლენას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

გარდა საქართველოსი, იგივე მიდგომაა ჩრდილოეთ სირიაზე, ბალკანეთსა და სხვა რეგიონებზეც. ყველაზე მკაფიო მაგალითი კვიპროსია: მიუხედავად საერთაშორისო ძალისხმევისა, თურქეთმა იქ პოზიციები არ დათმო, დღესაც ჩაყენებული ჰყავს ჯარი და მიმდინარეობს ანატოლიიდან გადასულთა დასახლება.­ თურქეთის მთავარი ამოცანაა სამხრეთ კავკასიაში, საზოგადოდ, მთელ კავკასიაში გააძლიეროს თავისი გავლენა. ამ პროცესში მისი მოწინააღმდეგეა რუსეთი, ხელისშემშლელი კი დასავლეთი, მიუხედავად იმისა, რომ ნატოში პარტნიორები არიან. ასევე კონკურენციას ქმნიან ირანი და არაბული ქვეყნები. ერდოღანი ყველას ებრძვის, რათა რეგიონში გავლენა მაქსიმალურად გააძლიეროს.

- წესით, დასავლეთს ჩვენს რეგიონში ძალთა ბალანსის დაცვა უნდა აწყობდეს.

- დიახ, მაგრამ დასავლეთი ხშირად დგამს არასწორ ნაბიჯებს. ამ დროს უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან აშშ-ის, ბრიტანეთისა და ევროკავშირის პოლიტიკა, ისინი ყოველთვის ერთსა და იმავე ხაზს არ მიჰყვებიან. მაგალითად, თეთრი სახლი რუსეთთან ერთად ბალანსის სისტემის შექმნაზე ფიქრობს სწორედ იმისათვის, რომ შეიზღუდოს "კოლექტიური სამხრეთის" მადაც და შეაკავოს ჩინეთიც. ამ ხედვის საფუძველი ახალი არ არის. 1994 წელს თეთრ სახლში შეიქმნა დოკუმენტი "შტორმი კასპიის თავზე", რომელიც სტრატეგიულ გეგმად იქნა მიჩნეული. ამ დოქტრინით აშშ გეგმავდა სამხედრო კონტინგენტის განლაგებას არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიაში, არამედ ცენტრალურ აზიაშიც. მიზანი ორმაგი იყო: ერთი მხრივ, აბრეშუმის გზის პროექტის გაკონტროლება ჩინეთისთვის; მეორე მხრივ - ჩინეთიდან დასავლეთისკენ მდებარე ქვეყნების შეკავება. ამასთან, დოქტრინაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა შორეული აღმოსავლეთისა და ცენტრალური რუსეთის ტერიტორიებზე არსებული წიაღისეულის რესურსების გაკონტროლებას.

- ტრამპმა ტიანანმენის მოედანზე გამართულ სამხედრო აღლუმზე რუსეთი, ჩინეთი და ჩრდილოეთი კორეა "საერთაშორისო შეთქმულებაში" დაადანაშაულა და ირონიულად მიმართა: "გეთაყვა, გადაეცით ჩემი ყველაზე თბილი­ სურვილები ვლადიმირ პუტინს და კიმ ჩენ ინს, სანამ თქვენ მანდ შეთქმულებას აწყობთ აშშ-ის წინააღმდეგ". რას უნდა ველოდოთ ვაშინგტონისგან და თუ არის შანსი, რომ საქართველოს საკითხმაც, ბოლოს და ბოლოს, დაიმსახუროს თეთრი სახლის ყურადღება?

- ერთი რამ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, ამერიკა რომ "ვერ იცლის" ჩვენთვის, უდიდეს მინუსებთან ერთად პლუსებსაც მოიცავს. მე მაქვს ინფორმაცია, რომ ამერიკის პოლიტიკურ ისტებლიშმენტში საქართველოს საკითხზე გადაწყვეტილებების მიღება ძალიან მძაფრი შიდა დაპირისპირებით მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ: ტრამპის "ქართული საკითხი": რა ხდება თეთრი სახლის კულუარებში საქართველოს თემაზე?! - მირიან მირიანაშვილის ანალიზი: ვის სურდა თბილისში ელჩად ბიზნესპარტნიორის დანიშვნა

5 სცენარი საქართველოსთვის ანუ რას გადაწყვეტს ევროკავშირი?! - გიორგი მელაშვილის ანალიზი

ქართული გაკვეთილები ზელენსკისთვის: ფრთხილად, არ ენდოთ რუსეთს - როგორ შეიძლება იქცეს ე.წ. სამშვიდობო ხელშეკრულება დიდ ტრაგედიად

- ეს, ალბათ, ელჩის დანიშვნის საკითხსაც ეხება?

- ეს ეხება როგორც ელჩთან დაკავშირებულ საკითხებს, ისე "მეგობრობის აქტსა"­ და სხვა ინიციატივებს. დეტალებზე არ ვისაუბრებ, იმას კი ვიტყვი, რომ ტრამპის ოჯახი საქართველოს მიმართ ბევრად პოზიტიურია, ვიდრე მისი გარემოცვის ზოგიერთი ახალგაზრდა ლიდერი - მაგალითად, რუბიო და მისი გარემოცვა და ბრძოლა ამ თემაზე გრძელდება.

აზერბაიჯანსა და სამხრეთ კავკასიაზე უკვე ჩამოყალიბდა პოზიცია. მაგალითად, ზანგეზურის კორიდორის საკითხმა აიძულა აშშ პოზიცია ღიად გამოეხატა აზერბაიჯანსა და სომხეთთან დაკავშირებით. საქართველოს შემთხვევაში ეს ჯერ არ მომხდარა. რატომ არ იღებენ ხმას? იმიტომ, რომ პოლიტიკა ასე არ მუშაობს. პოლიტიკა კეთდება კულუარებში, ლობისტური ჯგუფების, პერსონალური კონტაქტებისა და ინტერესების მეშვეობით. სამწუხაროდ, პოლიტიკა ცინიკური და ხშირად ბინძური პროცესია, საბოლოოდ ყველაფერი პოლიტიკური მიზანშეწონილობით წყდება. თუ საჭირო გახდება, აშშ ფეხზე დაიკიდებს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ რეგიონს. მე პირადად ეჭვი მეპარება, რომ ასე მოხდეს, ვინაიდან მათი ინტერესები სხვა რამეს მოითხოვს. ცოტა ხნის წინ ვახსენე ის სტრატეგიული ხედვები, რომლებიც წლების განმავლობაში ამერიკის პოლიტიკის წარმმართველი იყო. თუ ლოგიკას დავეყრდნობით, ამერიკისთვის ყველაზე სწორი იქნება სამხრეთ კავკასიის სივრცეში ბალანსის პოლიტიკის შექმნა, სადაც თვითონაც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. ეს იქნება ყველაზე გონივრული გამოსავალი. სხვა შემთხვევაში რეგიონში მუდმივი დაპირისპირება და კონფლიქტები გარდაუვალი იქნება, რაც საბოლოოდ სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის სახელმწიფოებრიობას დააზარალებს.

წაიკითხე ვრცლად