ახალი სკანდალი ცხინვალში: ე.წ. მილიციის უფროსი ქართველებთან ვაჭრობაში გამოიჭირეს - "ცხინვალში კონტრაბანდას რუსეთის ეფ-ეს-ბე და რუსი ოლიგარქები განკარგ - კვირის პალიტრა

ახალი სკანდალი ცხინვალში: ე.წ. მილიციის უფროსი ქართველებთან ვაჭრობაში გამოიჭირეს - "ცხინვალში კონტრაბანდას რუსეთის ეფ-ეს-ბე და რუსი ოლიგარქები განკარგავენ"

ე.წ. სამხრეთ ოსეთში "მტერ ქართველებთან" კონტრაბანდის თემაზე ახალი სკანდალი აგორდა. ამჯერად რუსმა სამხედროებმა დააკავეს ე.წ. კრიმინალური მილიციის უფროსი სოსლან ზასეევი და რამდენიმე მისი ხელქვეითი, რომლებიც ჯავის რაიონის სოფელ კოზის გავლით "საქართველოში კონტრაბანდული სიგარეტის შეტანას ცდილობდნენ". ადგილობრივი ოპოზიციური ტელეგრამარხების ცნობით, ოსური ე.წ ხელისუფლება ძალიან ცდილობს საქმის მიჩქმალვას, რადგან ცნობილი შეიქნა, რომ "მტერთან" ეს კონტრაბანდისტული არხი დიდი ხანია მუშაობს.

"სოსლან ზასეევს, როგორც სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელს, დანაშაულთან ბრძოლა და მოქალაქეების ინტერესების დაცვა ევალებოდა, თუმცა ის იოლი ფულის შოვნის სანაცვლოდ მტერთან ალიანსში შევიდა. ეს არა მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოების ნდობას უთხრის ძირს, არამედ ეჭვქვეშ აყენებს რეგიონში დანაშაულთან ბრძოლის ეფექტურობას. სამწუხაროდ, სამხრეთ ოსეთში­ კრიმინალური საქმიანობა ძლიერდება, ახლა მან შორეული რაიონებიც მოიცვა. სამხრეთ ოსეთის ოფიციალური­ რუპორები, რა თქმა უნდა, ამ თემაზე მომაკვდინებელ დუმილს ინარჩუნებენ. ხელისუფლებას სურს ამ საქმის დახურვა, რათა მილიციელებმა გააგრძელონ კონტრაბანდული საქმიანობა და გადაუხადონ მათ პროცენტი", - წერს ტელეგრამარხი "Wrebai-yarganag“.

ინფორმაცია მხოლოდ რამდენიმე ოპოზიციურ ტელეგრამარხებზე გავრცელდა და ამ ფაქტის განხილვის დროს ოსების აღშფოთების მთავარი საგანი სწორედ ფულის შოვნის გამო "მტერ ქართველებთან" ურთიერთობა იყო.

ამავე დღეებში გავრცელდა ინფორმაცია­ "საქართველოსთან" დაკავშირებული კიდევ ერთი კონტრაბანდის შესახებ. ოსი გლეხები­ ცდილობდნენ ძროხების გადმოყვანას და გაყიდვას არაოკუპირებულ საქართველოში. გამოცემა "საპა ცხინვალი" წერს, რომ ზაფხულში ოსურმა მილიციამ 20-ზე მეტი ფაქტი დააფიქსირა. გამოცემის ცნობით, "საქართველოში" ხორცის ფასი გაცილებით მაღალია, ვიდრე ცხინვალში, რის გამოც პირუტყვის გაყვანა პირდაპირ ეკონომიკურ სარგებელს უკავშირდება.

"სიგარეტის კონტრაბანდა ყველასთვის ნაცნობი თემაა. ხოლო პირუტყვის უკანონოდ გადაყვანა მეზობელ სახელმწიფოში უკვე სიახლეა", - წერს "საპა ცხინვალი".

ტელეგრამარხების ცნობით, "სამხრეთ ოსეთში" კონტრაბანდის ინდუსტრია წლებია ყვავის, ძირითადად, საწვავისა და სიგარეტის. მასში ჩართული არიან "ოსი მესაზღვრეები", ხოლო მათ ხელს აფარებენ "კა-გე-ბეს" ოსი მაღალჩინოსნები, რომლებიც­ მფარველობის და დაცვის სანაცვლოდ სიგარეტის კონტრაბანდიდან მიღებული შემოსავლის ნახევარს იღებენ. სწორედ ამ მფარველების არსებობის გამო არაოკუპირებულ საქართველოსთან ე.წ. საზღვარზე დაკავებები ძალიან იშვიათია და მხოლოდ ტრაფიკის მონაწილეებს შორის შიდა განხეთქილების დროს ხდება კონკურენტის შესახებ ინფორმაციის გაცემა.

"საქართველოში სიგარეტი ძვირია, ამიტომ სამხრეთ ოსეთის პროდუქცია უფრო მოთხოვნადია, ვიდრე რუსეთში. სამხრეთ მეზობლებს ჰყავთ საქართველოს შს სამინისტროს თანამებრძოლები, რომლებიც კონტრაბანდის საკითხებს აგვარებენ", - წერს არხი "ბორნვარნონი".

ტელეგრამარხების ცნობით, იმ იშვიათ შემთხვევაშიც, როდესაც კონტრაბანდისტებს აკავებენ, მათი მფარველები საჯაროდ არასდროს სახელდებიან და არც შემსრულებლებს უწესებენ სასჯელს. მაგალითად, "ჭრებაი-ყარგანაგის" ცნობით, გასული წლის ნოემბერში რუსმა სამხედროებმა დე ფაქტო შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი­ ალან კულუმბეკოვი დანაშაულის ჩადენის დროს დააკავეს, როდესაც ოსი ხალხის გენოციდის შესაძლო მონაწილეებს - საქართველოს მოქალაქეებს ლომსაძე ც.-სა და ლომსაძე ლ.-ს 4000 კოლოფი სიგარეტი­ გადასცა. ამ დაკავებისას­ ქართველები შეიარაღებული იყვნენ და ერთი პატარა გაუგებრობა შეიძლებოდა სრულმასშტაბიან სროლაში გადაზრდილიყო­. ასევე­ საყურადღებოა, რომ კონტრაბანდის­ აშკარა­ ფაქტის მიუხედავად, სასამართლოში გამოკვლევისას შეგროვებული მასალები მოულოდნელად "მტკიცებულებებით არასაკ­მარისად დადასტურებული" აღმოჩნდა. "როგორც ჩანს, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებსაც თან ჰქონდათ დიდი თანხა, საზღვარი­ მხოლოდ იმისთვის დაარღვიეს, რომ კულუმბეკოვთან ჩაის დასალევად შესულიყვნენ. 30 ივნისს მოსამართლემ კულუმბეკოვი გაამართლა, მისი "მოკავშირეები" კი მხოლოდ სახელმწიფო საზღვრის დარღვევისთვის­ 1,5 წლით თავისუფლების აღკვეთით დასაჯეს. კულუმბეკოვის დედა სასამართლოში მუშაობს და სწორედ მისმა კავშირებმა გადაწყვიტა ამ საქმის ასეთი ფინალი", - წერს "ჭრებაი ყარგანაგი".

ამავე არხის ცნობით, გასული წლის აპრილში ზნაურის (ყორნისის) რაიონის სოფელ ძვილეთის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს საქართველოს 3 და ე.წ. სამხრეთ ოსეთის 2 მოქალაქე ოკუპირებული სამხრეთ ოსეთიდან არაოკუპირებულ საქართველოში 3000 ბლოკი სიგარეტის გადმოტანისას. "დანაშაულის ორგანიზატორი იყო ცხინვალის მკვიდრი ალან ვალიევი. პირადი ჩხრეკის დროს ვალიევს აღმოაჩნდა კანაფის თესლის პარკი და 146 ათასი რუბლი, რომელიც მან გარიგების დროს საქართველოს მოქალაქეებისგან მიიღო. ხელსაყრელი ამინდის დადგომასთან ერთად, სამხრეთ ოსეთში თამბაქოს მაფია გააქტიურდა. კრიმინალური სამყაროს ამ ნიშაში კონტრაბანდისტებს არც სამშობლო აქვთ და არც დროშა. ფულის გულისთვის ისინი მზად არიან გადააბიჯონ ჩვენი წინაპრებისა და გმირების საფლავებს, რომლებიც რესპუბლიკის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ და მტრებს ჩაეხუტონ მომგებიანი გარიგების დასადებად", - წერს ტელეგრამარხი. ამ შემთხვევის დროს კონტრაბანდისტებს ჯარიმა გადაახდევინეს და გაუშვეს.

ტელეგრამარხების ცნობით, "რესპუბლიკაში" ასევე უკონტროლოა საწვავის­ კონტრაბანდა და აქაც მსგავსი სქემა მუშა­ობს­ - შემსრულებლები "სამართალ­დამც­ველები" არიან, მფარველები კი - ოსი ე.წ. მაღალჩინოსნები, მათ შორის დე ფაქტო პრეზიდენტის ალან გაგლოევის უახლესი გარემოცვის წევრები, რომლებიც კონტრაბანდიდან დიდ შემოსავალს იღებენ. კონტრაბანდის მფარველები არიან: ე.წ. პრეზიდენტ გაგლოევის ძმა ალიკი, დე ფაქტო საბაჟოს უფროსი ალექსანდრ ჩოჩიევი და ოსური "კა-გე-ბეს" თავმჯდომარის ყოფილი პირველი მოადგილე ალექსანდრ ტუაევი.

წელს აპრილში ალიკ გაგლოევის კრიმინალური დაჯგუფების წევრები ე.წ. საბაჟოს უფროსს ალექსანდრ ჩოჩიევს კაბინეტში შეუცვივდნენ და სცემეს. როგორც მაშინ ოსურმა მედიამ დაწერა, სწორედ კონტრაბანდული წილების გამო. 9 მაისს კი კიდევ ერთი სკანდალი მოხდა - მაშინ როდესაც "პრეზიდენტი" გაგლოევი მოსკოვში გამარჯვების ზეიმზე იმყოფებოდა, "კა-გე-ბეს" დე ფაქტო უფროსმა ოლეგ შირანმა მოხსნა თავისი მოადგილე ალექ­სანდრ ტუაევი, რომელიც "პრეზიდენტის" უახლოესი მეგობარი და კლანის მთავარი წევრია. გათავისუფლების მიზეზად დასახელდა ტუაევის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მფარველობა და საქართველოს ტერიტორიაზე საწვავის კონტრაბანდა. ეს დაპირისპირება იმით დასრულდა, რომ ალან გაგლოევმა გაათავისუფლა ოლეგ შირანი, მეგობარი ტუაევი თანამდებობაზე დააბრუნა და კონტრაბანდის მფარველობაზე საქმის ძიებაც შეწყდა.

ასევე დაგაინტრესებეთ: "გაჟონილი დოკუმენტების მიხედვით, თურქი ნაციონალისტები იმ აფხაზ ოპოზიციონერებს იყენებენ, რომლებიც მზად არიან ქვეყნის ინტერესების უგულებელყოფისათვის, თუ ანკარისგან სარგებელს მიიღებენ" - ვინ დგას აფხაზეთში საკათედრო მეჩეთის მშენებლობის უკან?

ომი „კრიმინალური ტახტისთვის": შაქრო კალაშოვის ფაქტორი აფხაზეთში - "პიზა" გულის" წინააღმდეგ ანუ ვინ გახდება მთავარი "ავტორიტეტი"

რატომ არ დაიმსახურა ძერასამ ნაყინი? - როგორ ძალადობენ და ამცირებენ ბავშვებს ოკუპირებული ახალგორის ბავშვთა სახლში

აფხაზების ახალი „კანონი“ ქართველების წინააღმდეგ - "სოხუმში დადის ჭორი, რომ თბილისი აფხაზეთის დაბრუნებისთვის ემზადება და..."

ტელეგრამახებზე დაიწერა, რომ ტუაევი ჯერ კიდევ გაგლოევის "გაპრეზიდენტებამდე" მფარველობდა ახალგორიდან დანარჩენ საქართველოში სიგარეტისა და საწვავის კონტრაბანდას, გაგლოევის "პრეზიდენტად" მოსვლის შემდეგ კი ამ სფეროს მაკონტროლებელი გახდა. სწორედ ტუაევსა და "პრეზიდენტ" გაგლოევის ძმა ალიკს უკავშირდება 2023 წელს დიდი სკანდალუ­რი ამბავი - ე.წ. მელიორაციის საქმე. აღმოჩნდა, რომ გაუქმებული მელიორაციის არხში გაყვანილი იყო პლასტმასის მილი და ცხინვალიდან არაოკუპირებულ საქარ­თველოში დიდი მოცულობით კონტრაბანდული საწვავი იტუმბებოდა. მელიორა­ციის საქმეზე დააკავეს 4 პირი. ყველა მხოლოდ შემსრულებელი იყო. ოპოზიციურ ტელეგრამარხებზე მფარველებად მაშინვე დასახელდნენ ალიკ გაგლოევი და ალექსანდრ ტუაევი, ალიკმა დანაშაული აღიარა კიდეც, თუმცა არც ერთი არ დასჯილა. უფრო მეტიც, ოსურმა "კა-გე-ბემ" განაცხადა, რომ პოტენციური მტრისთვის საწვავისა და საპოხი მასალების მიწოდება საფრთხეს უქმნის "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოებას". ამიტომ საქმის დეტალებზე საჯარო განხილვები შეწყდა.

ტელეგრამარხების თქმით, ცნობილია მხოლოდ ის, რომ ტერიტორია, საიდანაც­ მილით საწვავი იტუმბებოდა, მდებარეო­ბდა ცხინვალის გარეუბანში, მჭიდროდ დასახლებულ უბანში, სახელწოდებით "შანხაი", ტერიტორია მაღალი­ ღობით იყო შესაზღვრული, მიწის ნაკვეთი ეკუთვნოდა სერგეი ჩოჩიევს, რომელსაც გაცხადებული ჰქონდა, რომ ნაკვეთი საცხოვრებელი სახლის აშენებისთვის შეიძინა. ამავე ტერიტორიაზე საწვავისა და საპოხი მასალების საწყობი და მინი ავტოგასამართი სადგური იყო. ასევე ინახებოდა 40-ტონიანი საწვავის ავზი და სწორედ ის აფეთქდა და 2 კაცი დაიწვა. ამით გაიხსნა მელიორაციის მილით საწვავის გადატუმბვის კონტრაბანდული სქემაც, თანაც, მაშინდელი ოსური მედია წერდა, რომ ეს უკანონობა ხდებოდა მაშინ, როდესაც რუსეთის ფედერაციამ საწვავზე სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს შეღავათიანი პირობები დაუწესა, მაგრამ ოსეთში კრიმინალების კონტრაბანდული ბიზნესის გამო ბენზინის დეფიციტი შეიქმნა და ავტოგასამართ სადგურებზე ფასები გაორმაგდა.

ცხინვალში კონტრაბანდას რუსეთის ეფ-ეს-ბე და რუსი ოლიგარქები განკარგავენ

ვახტანგ მაისაია, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი:

- 1997-98 წლებში ედუარდ შევარდნაძის მრჩეველი ვიყავი და ცხინვალის მიმართულებას ვკურირებდი. ერგნეთის ბაზრობის შექმნაც ჩემი იდეა იყო - კონფლიქტის ზონაში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნა, რომელიც მაშინდელი კორუმპირებული ძალოვანი სისტემის გამო რუხ ზონად გადაიქცა და სააკაშვილის პრეზიდენტობისას ოქრუაშვილმა გააუქმა. სწორედ იქ დაიწყო კონტრაბანდული სქემების აწყობა. მაშინ მთავარი კონტრაბანდული სპირტის ბიზნესი იყო. ვლადიკავკაზიდან წამოსული სპირტი თურქეთშიც გადიოდა. იყო ალკოჰოლისა და თამბაქოს კონტრაბანდაც, ნარკოტიკების ტრაფიკიც. შეიქმნა ქართულ-ოსური ერთობლივი­ კრიმინალური კარტელებიც, რომლებიც ერთმანეთის ტერიტორიებზე მანქანების გადაყვანაზე მუშაობდნენ. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ სიტუაცია ცოტა შეიცვალა­ - თუკი ადრე კონტრაბანდა ქართულ-ოსური იყო, ახლა კონტრაბანდას მოსკოვი განაგებს. კრემლმა ცხინვალის რეგიონში პირდაპირი მმართველობა შემოიღო და დე ფაქტო პრეზიდენტი უშუალოდ ემორჩილება რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს. ადრე დმიტრი კოზაკს ჰქონდა ჩაბარებული აფხაზეთისა და ცხინვალის მიმართულება, ახლა სერგეი კირიენკოს აქვს. 2009 წელს რუსეთმა ე.წ. სამხრეთ ოსეთში გააუქმა ძალოვანი სტრუქტურები და პირდაპირ დაუქვემდებარა რუსეთის ფედერალურ სტრუქტურას და ახლა ცხინვალში მოქმედებს რუსული ეფ-ეს-ბესა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ფილიალები. ახლა ცხინვალში კონტრაბანდას განკარგავენ რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახური და რუსი ოლიგარქები.

წაიკითხე ვრცლად