ალა პუგაჩოვა დუმილს არღვევს: "დიახ, მე პუტინის ფანი ვიყავი" - ანეკდოტი რუსეთის მოსახლეობაზე და რატომ სძულს, როდესაც პრიმადონას უწოდებენ
ლეგენდარულმა რუსმა მომღერალმა ალა პუგაჩოვამ რუსეთიდან წასვლის შემდეგ პირველი ინტერვიუ მისცა. შეგახსენებთ, რომ 2022 წელს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის მომღერლის მეუღლე, შოუმენი მაქსიმ გალკინი „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, რის შემდეგაც ცოლ-ქმარმა რუსეთი დატოვა.
„არის ასეთი მცნება - სინდისი. ის დიდებაზე, ფუფუნებაზე და საერთოდ, ყველაფერზე ძვირფასია. პატრიოტიზმი სწორედ ის არის, როდესაც სამშობლოს ეტყვი, რომ ის არ არის მართალი“, - ამბობს პუგაჩოვა.
„როგორ მძულს, როდესაც პრიმადონას მეძახიან. „პრიმადონა“ სიმღერის სახელწოდებაა, მე კი ქალი ვარ, რომელიც მღერის“, - ამბობს მომღერალი.
მისი თქმით, თავდაპირველად ის პუტინის ფანი იყო და მხარს უჭერდა რუსეთის პრეზიდენტს.
„ის საოცრად სწორ რაღაცეებს ლაპარაკობდა, მათ შორის უკრაინაზეც. საერთოდ, რასაც მე ვფიქრობდი, სწორედ იმას ლაპარაკობდა“, - თქვა პუგაჩოვამ.
მისი თქმით, წყლაქვეშა ნავის „კურსკის“ ტრაგედიის შემდეგ, მისი დამოკიდებულება პუტინის მიმართ შეიცვალა.
მომღერალმა ინტერვიუსას რამდეჯერმე ცრემლები ვერ შეიკავა, როდესაც თავის თაყვანისმცემლებს მიმართა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ამავე დროს, მას უკვირს, თუ როგორ ცხოვრობენ ისინი: „ისტორია არ იციან, მაგრამ ამაყობენ მისით, არ იციან რა ხდება ჯანდაცვაში, მაგრამ მედიცინით ამაყობენ“.
„ეცადეთ ისწრაფოდეთ კარგისკენ, სიკეთისკენ სილამაზისკენ. არაფრის დანგრევა არ არის საჭირო, უნდა შექმნათ. მშვიდობისთვის უნდა ილოცოთ და არ უნდა ტკბებოდეთ ომით“, - მიმართა რუსეთის მოსახლეობას ალა პუგაჩოვამ.
თუმცა მომღერალმა თავისი მიმართვა მაინც ირონიულად დაასრულა. კერძოდ, მან გაიხსენა საბჭოთა ანეკდოტი, რომლის მიხედვითაც, მოსახლეობას უბრძანეს, რომ წითელ მოედანზე გამოცხადებულიყვნენ და თავი ჩამოეხრჩოთ. მხოლოდ ერთადერთი კითხვა გაისმა - ჩვენი თოკებით მოვიდეთ თუ ადგილზე მოგვცემენო...