რატომ დაინტერესდნენ უცხოელები რაჭის ულამაზესი ბუნებით და ვინ არის ახალგაზრდა, რომლის ვიდეომ 7-მილიონზე მეტი ნახვა და დიდი მოწონება დაიმსახურა: "რაჭაში ძალიან თბილი და ტკბილი ხალხი ცხოვრობს, მაგრამ იმ თაობას რაღაც განსაკუთრებული სითბო და სიყვარული ჰქონდა"
რაჭის ულამაზესი ბუნება და 7 მილიონზე მეტი ნახვა მხოლოდ ერთ ვიდეოს
"პირველი ვიდეო, რომელმაც ყველაზე დიდი მოწონება დაიმსახურა, გადაღებულია შოდის მთაზე, ჭოროფა, ასე ჰქვია ამ ადგილს. ადგილი, სადაც ბუნება, თავისუფლება და ადრენალინი თავს ერთად იყრის. ეს ადგილი ჩვენთვის, ღების მაცხოვრებლებისთვის განსაკუთრებულია და თითქოს იმ აუდიტორიამ, რომელმაც ეს ვიდეო მოიწონა, კადრიდან შეიგრძნო ეს ყველაფერი...

აქ საუბარი არ არის მხოლოდ ვიდეოების ნახვებზე, აქ საუბარია იმაზე თუ რამხელა პოტენციალი აქვს ჩვენს რეგიონს განვითარების და რამდენად გამაოგნებელია ჩვენი ბუნება უცხოელებისათვის", - ამბობს ზუკა გოგრიჭიანი. მან თავის საყვარელ რაჭაზე გადაღებული ვიდეოებით მილიონობით ადამიანი დააინტერესა...
ზუკა გოგრიჭიანი:
- დავიბადე და აღვიზარდე რუსთავში, იქვე დავამთავრე მერვე საჯარო სკოლა, სადაც 7 წლის ასაკიდან შემიყვანეს ცეკვის წრეზე ანსამბლში "ჯავარი". ძალიან კარგი მოგონებები მაკავშირებს ბავშვობის წლებთან, სულ ტკბილად მაგონდება, როგორც სკოლის პერიოდი, ასევე, ცეკვაზე გატარებული თითოეული წამი. ძალიან აქტიური ბავშვობა მქონდა, ყოველთვის მიყვარდა სპორტული აქტივობები, ვმონაწილეობდი სასკოლო ოლიმპიადებში, შეჯიბრებებში, კონცერტებში, რეპეტიციებში, საფეხბურთო შეჯიბრებებში და ასე შემდეგ...
- რაჭაში ბავშვობიდან დადიოდით?
- ყოველთვის მიყვარდა ზაფხულის დადგომა, რადგანაც ეგ ის დრო იყო, როდესაც რაჭაში, ჩემს სოფელში - ღებში ჩავდიოდი ბებია-ბაბუებთან და დაუვიწყარ დროს ვატარებდი. ბავშვობიდანვე დავდიოდი სალაშქროდ ჩემს მეგობრებთან მთებში, ვჯირითობდით ცხენებზე, ვეხმარებოდი ბაბუას საოჯახო საქმეებში და ა.შ. როდესაც სექტემბერი დადგებოდა და ქალაქში დაბრუნების დრო მოვიდოდა, ყოველთვის მიჭირდა სოფლის დატოვება. მაშინ რაჭა უფრო ხალხმრავალი იყო, ბევრი ბებია-ბაბუა იყო, რომლებიც სულ თბილად გვხვდებოდნენ და სიტყვებით მართლა ვერ გადმოვცემ იმ სითბოს, რომელსაც ის ხალხი გამოხატავდა ყველას მიმართ. ძალიან თბილი და ტკბილი ხალხი ცხოვრობს რაჭაში, მაგრამ იმ თაობას რაღაც განსაკუთრებული სითბო და სიყვარული ჰქონდა.

ძალიან შრომისმოყვარე ბაბუ მყავს. არ მახსოვს, რომ გაჩერებულიყოს, სულ საქმიანობს, სულ რაღაცას აკეთებს. ამინდს მნიშვნელობა არ აქვს, დილით ყოველთვის 6 საათზე დგება, საქონელს უვლის, უშვებს საძოვრად, ამზადებს რძის პროდუქტებს, ეზოში თუ რაიმე საქმეა ყველაფერს მოილევს. თიბავს, რათა ძროხები ზამთარში კარგად გამოკვებოს. შეშას იმარაგებს ზამთრისთვის. მოგეხსენებათ, ძალიან დიდი ზამთარი გვაქვს ღებში და აქედან გამომდინარე, საჭიროა მზად შეხვდე ამ მკაცრ პირობებს.
ჩემს ბავშვობაში წილად მხვდა ბედნიერება, მენახა შოდას მაცხოვრებელი ხალხი. შოდა არის მთა სოფელ ღებში, სადაც, როდესაც თოვლი დადნებოდა, საქონელი მიჰყავდათ და დაზამთრებამდე იქ სახლობდნენ. ბავშვობაში, როდესაც ღებში წავიდოდი, ავდიოდი შოდას, სადაც დიდი ბებია ბაბუა მხვდებოდა, ვრჩებოდი ხოლმე მათთან და დაუვიწყარ დროს ვატარებდი. მაშინ შოდას ბევრნი იყვნენ, ყველას საქონელი ჰყავდა, ცხენები და თვალს უხაროდა. სავსე შოდის დანახვა უფრო ალამაზებდა იმ ლამაზ ადგილს. სულ ვამბობ, მაშინ რომ კამერა და შესაძლებლობა მქონოდა, რამდენ დაუვიწყარ კადრს გადავიღებდი.
- ანუ რაჭასთან კავშირი სულ გქონდათ?
- როდესაც დრო მქონდა, ყოველთვის ჩავდიოდი რაჭაში, მუდმივი მაცხოვრებელი არ ვყოფილვარ. სკოლა როდესაც დავამთავრე, სწავლა განვაგრძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბიზნესის ადმინისტრირებაზე (ტურიზმი), 2020-2024 წელს. მინდა წვლილი შევიტანო რაჭის განვითარებაში, ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ჩვენს კუთხეს და ვფიქრობ, ძალიან მალე, რაჭაც წამოიწევს ტურიზმის მხრივ წინა მხარეს. ძალიან დიდ ინტერეს ვხედავ რაჭის მიმართ, როგორც ქართველი, ასევე, უცხოელი ხალხისგან.

პატარ-პატარა ტურები მქონდა ხოლმე, მაგრამ ოფიციალურ სახეს ნელ-ნელა ვძენ. ჩემს სამომავლო გეგმებს რაჭას ვუკავშირებ, წლევანდელმა გეგმებმა ცოტათი გადაიწია, ვინაიდან ეროვნულ სამხედრო სამსახურში ქვეყნის წინაშე ვიხდი ჩემს ვალს და როდესაც დავასრულებ, ჩემი გეგმების განხორციელებას განვაგრძობ.
- როგორ შეძელით თქვენს ვიდეოებს მილიონობით ნახვა ჰქონოდა?
- ძალიან მიყვარს მთებში სიარული. ყოველთვის, როდესაც მთებში ავდივარ, შეგრძნება მაქვს, თითქოს აქამდე არასდროს მინახავს და პირვანდელი ნახვის ემოციებს იწვევს ჩემში. ზუსტად ეს ემოციები მიბიძგებს და შთამაგონებს, იმას რომ ჩემი თვალით დანახული ეს ლამაზი ადგილები ხალხსაც გავუზიარო და ყველას გავაცნო ჩემი ლამაზი მხარე.
როდესაც ვახსენებ, რომ მინდა ჩემი კუთხე ხალხს გავაცნო, ზუსტად აქ იკვეთება ის მნიშვნელოვანი დეტალი, რასაც მინდა ჩავუღრმავდე. როდესაც რამდენიმე ვიდეო განვათავსე სოციალურ ქსელებში, ძალიან ბევრი ადამიანი გამოეხმაურა დადებითი ემოციებით, განსაკუთრებით კი უფროსი თაობა, რომელიც ცდილობდა თითოეულ ვიდეოზე გამოეხატა აზრი და დადებითი ემოციები. ასევე, ახსენდებოდათ მათი განვლილი ბავშვობა, რამაც უფრო მეტად მომცა მოტივაცია, რომ მათთვის მხოლოდ ვიდეოები არ ყოფილიყო და ყოფილიყო იმ ემოციებთან დაკავშირებული, რასაც მშობლიური მხარის სიყვარული ჰქვია (და არა მხოლოდ მშობლიური).
ასევე, რა თქმა უნდა, ისეთი ადამიანებიც მაძლევენ მოტივაციას, რომლებიც ჯერ არ ყოფილან ამ კუთხეში და ჯერ არ გასცნობიან ამ კუთხის სილამაზეს. უპირობოდ ლიდერობენ ის ადამიანებიც კეთილი სურვილებით, რომლებიც წარმატებას მისურვებენ ჩემს საქმიანობაში. სწორედ ეს ყველაფერი და ამასთან დამატებული ის ჩემი სიყვარული და ემოციები ქმნის იმ ვიდეოებსა და კადრებს, რასაც საბოლოოდ ვიღებთ და ვხედავთ სოციალურ ქსელში. ის ადგილები, რასაც ვიღებ და რასაც სამომავლოდ გადავიღებ, ძალიან დიდ ისტორიებს ინახავენ, რაც ბევრისთვის არ არის სიღრმისეულად ცნობილი. ამიტომ, ზუსტად ესაა ის, რასაც მინდა შევეჭიდო სამომავლოდ, რომ ხალხის ცნობიერება ამ კუთხითაც ავამაღლო. მინდა სიღრმისეულად მოვყვე ის ისტორიები თუ წეს-ჩვეულებები, რაც ადრე იყო და ახლაც არის შემორჩენილი.

პირველი ვიდეო, რომელმაც ყველაზე დიდი მოწონება დაიმსახურა არის გადაღებული შოდის მთაზე, ჭოროფა, ასე ჰქვია ამ ადგილს. ადგილი, სადაც ბუნება, თავისუფლება და ადრენალინი თავს ერთად იყრის. ეს ადგილი ჩვენთვის, ღების მაცხოვრებლებისთვის განსაკუთრებულია და თითქოს იმ აუდიტორიამ, რომელმაც ეს ვიდეო მოიწონა, კადრიდან შეიგრძნო ეს ყველაფერი და თუ ვერ შეიგრძნო, სურდა აუცილებლად გამოეცადა თავისი სიცოცხლის განმავლობაში. მე შევეცადე ჩემი ხედვით მეჩვენებინა ეს ყველაფერი ხალხისთვის და როგორც ჩანს, ბევრი ადამიანის ოცნებაც კი არის, რომ ეს ყველაფერი გამოცადოს ერთხელ მაინც.
განსაკუთრებულად დიდი მოწონება დაიმსახურა უცხოელებისაგან, რომლებიც ემოციებს ვერ მალავდნენ და აინტერესებდათ, სად იყო ეს ადგილი.
იმდენად დიდი გამოხმაურება აქვს ამ კადრებს, ბევრი ცნობილი უცხოელი ვიდეო კრეატორი გამოეხმაურა და სურვილი გამოთქვა თავად გამოცადონ ეს ემოციები, რაც ვიდეოებში იგრძნობა. ასევე, შემომთავაზეს კოლაბორაციები და ერთად საინტერესო კონტენტის შექმნა, სადაც მთელი მსოფლიო გაიცნობს რაჭას. ყველაზე მეტად ამ ამბავში ის მახარებს, რომ აქ საუბარი არ არის მხოლოდ ვიდეოების ნახვებზე, აქ საუბარია იმაზე თუ რამხელა პოტენციალი აქვს ჩვენს რეგიონს განვითარების და რამდენად გამაოგნებელია ჩვენი ბუნება უცხოელებისათვის.
სამომავლოდ, ძალიან ბევრი გეგმები მაქვს, რომლის განხორციელებაც ძალიან მსურს და მინდა ხელი შევუწყო ჩვენი რეგიონისა და ქვეყნის განვითარებას.
(სპეციალურად საიტისთვის)