"2004 წელს მამა სასტიკად მოკლეს - ეს იყო პოლიტიკური, შეკვეთილი მკვლელობა. სამართალს ვერ მივაღწიეთ... ბაბუა იტალიელი მყავდა, ის მუსოლინის გამოექცა და გემით აფხაზეთში ამოყო თავი, სადაც ოჯახი შექმნა" - რას ჰყვება თავის ცხოვრებაზე დოდუკა ბრატულიჩი?
"ჩემს იტალიელ წინაპარზე იტალიის ტელევიზიამ ფილმი გადაიღო"
"ჩემი იტალიელი ბაბუა აფხაზეთში ზუსტად რა დროის განმავლობაში იყო, არ ვიცით... მამა სულ იყო დაინტერესებული მის შესახებ მეტი გაეგო. მამაც პოლიტიკური ფიგურა იყო - ედუარდ შევარდნაძის პერიოდში პოლიტიკურ საქმიანობას ეწეოდა. 2004 წლის, 8 მარტს იგი სასტიკად მოკლეს...", - ამბობს დოდუკა ბრატულიჩი, რომელიც ქართული საზოგადოებისთვის სხვადასხვა დამსახურებით არის ცნობილი - იგი სრულიად უანგაროდ უწევს თანადგომას ქართველ ემიგრაციას იტალიაში, საიდანაც მისი ფესვები მოდის...
დოდუკა ბრატულიჩი მის საინტერესო წარმოშობასა და ცხოვრებაზე გვესაუბრება:
- ჩემი ბაბუა - ფელიჩე ჯუზეპეს ძე ბრატულიჩი იტალიელი იყო, ქალაქ გენუადან (Genova).
- როგორ აღმოჩნდა საქართველოში?
- პოლიტიკურად მოღვაწეობდა და მოგეხსენებათ, სიტყვა ფაშისტი მუსოლინის პერიოდს ეკუთვნის. სწორედ რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლ აქტიურ მოქალაქეს მოუწია სამშობლოს დატოვება, რადგან მას რეალური საფრთხე ემუქრებოდა. ერთ-ერთ გემზე ავიდა, თითქოს გემის თანამშრომელი იყო და ასე შეძლო იტალიიდან გამოსვლა მშვიდობიანად.
ყოფილ საბჭოთა პერიოდის საქართველოში, აფხაზეთში ჩამოვიდა გემიდან და განაგრძო ცხოვრება. იქვე გაიცნო მისი მეუღლე, პოლონელი ქალბატონი და იქორწინეს. შემდეგ თბილისში გადმოვიდნენ საცხოვრებლად, შვილებიც აქ შეეძინათ. მამაჩემი მათი შვილია, და-ძმაც ჰყავს... რადგან ბაბუა ადრეულ ასაკში ტრაგიკულად გარდაიცვალა, მამა ყოველთვის ფიქრობდა მის ფესვებზე.

- ბაბუას აფხაზეთში გატარებული პერიოდის შესახებ თუ არის ცნობილი?
- არა, აფხაზეთში ზუსტად რა დროის განმავლობაში იყო, ისიც არ ვიცით... როგორც ვახსენე, მამა სულ იყო დაინტერესებული ბაბუას შესახებ მეტი გაეგო. თვითონაც პოლიტიკური ფიგურა იყო შევარდნაძის პერიოდში და 2004 წლის 8 მარტს სასტიკად მოკლეს... ეს იყო პოლიტიკური და შეკვეთილი მკვლელობა. რადგან პატიმარი მისი საქველმოქმედო ფონდის რიგითი ბენეფიციარი იყო. მას არ აქვს თითები და ფიზიკურად მამაჩემის (სპორტული აღნაგობის 1.99 სმ) მოკვლას ვერ შეძლებდა. 3 წელი საქალაქო-სააპელაციო სასამართლოებში თითქმის ყოველკვირეულად იმართებოდა სხდომები, თუმცა ვერ მივაღწიეთ სამართალს...
მოკლედ, მამის სურვილი იტალიური ფესვების გამოკვლევასთან დაკავშირებით ამით დასრულდა. შემდგომ უკვე მამიდაჩემმა, მაია ბრატულიჩმა მის მეუღლესთან ერთად დაიწყო კვლევა, მათ შორის, აფხაზურ არქივებში მუშაობა. უამრავი ინფორმაცია მოვიძიეთ ბაბუაზე, გემის ბილეთის ნომერიც კი გვაქვს.
დიდი შრომის შემდგომ, იტალიიდან ჩამოვიდა ტელევიზიის - "რაი 3"-ის გადამღები ჯგუფი. მათი არხი იტალიაში ცნობილია, როგორც მსოფლიოში მიფანტული, დაკარგული ადამიანების შესახებ. გადაიღეს ფილმის სახით და გადაცემა გავიდა იტალიაში, სწორედ "რაი ტრეს" არხზე. ველოდებოდით გამოხმაურებას ნათესავების მხრიდან, თუმცა ასე არ მოხდა.
- თბილისში იზრდებოდით, მაგრამ ალბათ სახლში იტალიური განწყობა სუფევდა...
- კი, ყოველთვის ასე იყო. სახლში მამა იტალიურადაც საუბრობდა, ადრიანო ჩელენტანოს და ტოტო კუტუნიოს სიმღერების ხმა ყოველდღე გადიოდა ჩვენი სახლიდან. მამა სულ ამბობდა, რომ აუცილებლად წავიდოდით იტალიაში. გვარის გაგების შემდგომ კი ინტერესი ყოველთვის იმატებდა საზოგადოებაში...
დედა უკრაინელია და გარეგნობაც ცოტა განსხვავებული გვქონდა, უცხო შარმი. მამა ტიპური იტალიელი იყო. კოსტიუმითა და შავი ლაბადით შემოსილი, მაღალი, მწვანე თვალებით, ოთხკუთხედი სახით და გადაწეული გრძელი თმით (კუდით).

- ახსენეთ, რომ დედა უკრაინელია...
- დიახ, დედა უკრაინელი იყო, მაგრამ ნაძალადევში არაჩვეულებრივმა წყვილმა იშვილა და საოცრად დიდი სიყვარულით გაზარდეს. როდესაც ბებია და ბაბუა გარდაიცვალნენ, 19 წლის ასაკში დედამ მითხრა, რომ ნაშვილები იყო და ისინი ჩემი ბიოლოგიური ბებია-ბაბუა არ იყვნენ. თუმცა ჩვენ მიმართ ყოველთვის უდიდეს სითბოს გამოხატავდნენ. დედას მშობლებზე ყველა საუბრობს, მათ სიყვარულზე და უანგაროდ აღზრდილ შვილზე. ისინი ორივე ერთსა და იმავე თვეში გარდაიცვალნენ.
ბაბუის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა 2004 წლის 8 მარტს, როდესაც არამიანცის მორგში მამაჩემის ცხედარი ამოიცნო... და რამდენიმე წელში გარდაიცვალა კიდეც... ბებიაც მალევე. მათ მამაჩემი ისევე უყვარდათ, როგორც მათი აღზრდილი გოგონა. ჩვენში, შვილიშვილებში კი ისეთი სითბო და სიყვარული ჩადეს, რომ დღევანდელი ჩემი მეობა მათი დამსახურებაა.
როდესაც მამა მოკლეს სასამართლო პროცესების კვალდაკვალ უმძიმესი პერიოდები გაგვატარეს. იყო მუქარა, რომ არ გაგვეგრძელებინა გამოძიება; დარეკვები, გატაცების მცდელობები, ადევნება და ასე შემდეგ...
ამიტომ, 12 თვე პირადი დაცვა გვყავდა მე და ჩემს დას, რადგან ჩვენს სიცოცხლეს საფრთხე რეალურად ემუქრებოდა.

- თქვენ თუ სცადეთ ფესვებთან დაბრუნება?
- 2012 წელს, უკვე თავად წავედი იტალიაში. მოტივი, ბუნებრივია, ფესვების მოძიება იყო. დავიწყე ცხოვრება რომში და აგერ უკვე 14 წელია იქ ვარ.
ადვოკატების სხვადასხვა ორგანიზაციის ჩარევის მიუხედავად, ნათესავებთან კავშირი ვერ მოხდა... თუმცა გადიოდა დრო და მე უკვე ვცხოვრობდი მშობლიურ ქვეყანაში. სწავლა დავიწყე დანტე ალიგიერიში. ენის ბარიერი არც მანამდე მქონია, თუმცა ღირსეული ადაპტაციისთვის აუცილებელი იყო ენის, ისტორიის და კულტურის სწორად ცოდნა. მახსოვს პირველი ემოცია, როდესაც თვითმფრინავიდან ჩამოსულმა დავდგი ფეხი რომში, ფიუმიჩინოს აეროპორტში. თითქოს სახლში დავბრუნდი და ის ჩემი იყო. ისეთი სითბო ვიგრძენი, არცერთ ეტაპზე, 14 წლის მანძილზე არ მიგრძნია იტალიისგან შორს ყოფნა, გაუცხოება და ემიგრანტობა. პირიქით, ძალიან კარგად მიმიღო! საკუთარი შვილივით!
შევიძინე უამრავი მეგობარი. დავიწყე მოგზაურობა. ვსწავლობდი, ვმუშაობდი.
მოკლედ, ადაპტირების შემდგომ დამკვიდრების ეტაპიც წარმატებული აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ ორი დღის ჩასულმა ვიკითხე, თუ სად იყო ქართული, მართლმადიდებლური ტაძარი და იმის მერე, 14 წელია, ჩემთვის ყოველი კვირა დილა იწყება ქართულ ენაზე აღსრულებული წირვით, მისი მადლით. ამით ხაზი გაუსვი იმას, რომ პირდაპირი და ამავე დროს, ძალიან ახლო ურთიერთობა მქონდა ქართველ ემიგრანტებთან.
იქიდან გამომდინარე, რომ ენის ბარიერი არ მქონდა და კარგად ვიცნობდი ქართულ-იტალიურ კანონმდებლობას, ხშირად ემიგრანტებს ნებსით თუ უნებლიედ ვეხმარებოდი. განსაკუთრებით, იტალიურ კანონმდებლობაში, რადგან ენის ბარიერი ხელს უშლიდათ სწორად გაეგოთ გარკვეული საკითხები.
- რა პროფესიის ხართ?
- დავამთავრე ტურიზმის მენეჯმენტი, ორგანიზაცია და მართვა. თუმცა პროფესიით არასოდეს ვყოფილვარ დაკავებული.
2023 წელს, საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი - “დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა” და საგრანტო პროგრამის გამარჯვებული იტალიაში მე გახლავართ, ავიღე კიდეც გრანტი.
ამ გრანტით შევეცადე შემეძინა ყველა ის დეტალი, ტექნიკა, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებდა ემიგრანტებთან ჩემს სიახლოვეს. ჩამოვაყალიბე არასამთავრობო ორგანიზაცია - "ემიგრანტის გზა” და დავიწყე ვიდეორგოლების ჩაწერა. ანუ, იტალიურ კანონმდებლობას ვთარგმნი და ქართულად და გამარტივებულად ვაწვდი ვიდეორგოლების საშუალებით. ძალიან დიდი რეიტინგი დაიდო პირველივე დღეებიდან. 60 000 ემიგრანტს გავუწიე პირდაპირი დახმარება. წლები გავიდა და მათ დღესაც ვეხმარები (სრულიად უანგაროდ).
პარალელურად, საინტერესოდ ვითარდებოდა მოვლენები. ჩემმა მეგობარმა რომელიც დღეს ერთადერთი ქართველი სომელიეა იტალიაში - თამარ ჭიჭიბოშვილი შემომთავაზა პარტნიორობა და მეც გავხდი ქართული ღვინის წარმომადგენელი იტალიაში. იმ პერიოდს ძალიან საინტერესოდ ვიხსენებ, რადგან ვმოგზაურობდით იტალიის მასშტაბით, უცხოელებს ვაცნობდით ქართულ ღვინოს, ტრადიციებს და კულტურას. ასევე, თამართან, ანასტასია ჯენეტთან, ვერიკო როსტომაშვილთან ერთად ვმუშაობდით ერთობლივ ორგანიზაციაში - კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაცია “აკიდო” ითვალისწინებს ქართველი ნიჭიერი ემიგრანტების გამოვლენას; მათი ნიჭის წარმოჩენას, დაფასებას და საზოგადოებისთვის ჩვენებას. სწორედ ამიტომ ჩავატარეთ უამრავი საღამო, გამოფენა და ღონისძიება.
ბედი ვცადე, ასევე, ჟურნალისტიკაში. როგორც ლაციოს რეგიონის წარმომადგენელი, ძირითადად, ისეთ თემებს ვარჩევდი, რომ ემიგრანტებისთვის საინტერესო ყოფილიყო. გაამართლა და ყოველ კვირას მსმენელიც იმატებდა. პარალელურად იყო საინტერესო ღონისძიებები, საელჩოს მიერ დაორგანიზებული. ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ დიპლომატიაში მსგავსი ელჩი, როგორიც არის ბატონი კონსტანტინე სურგულაძე, ძალიან იშვიათია. გარდა იმისა, რომ ყოველ კვირას მრევლთან ერთად იყო და მათ საჭიროებებს ადგილზე ისმენდა (წირვის შემდგომ), ის უამრავ კეთილ საქმესაც აკეთებდა. საქართველოდან ნიჭიერი ადამიანების გამოფენები და ღონისძიებები ყოველთვე იმართებოდა.
2023 წელს კი ჩემს ცხოვრებაში მოხდა ის, რამაც სრულიად შეცვალა ჩემი ცხოვრება. პირდაპირი გაგებით ვიპოვეთ ერთმანეთი - ჩემი მეორე ნახევარი - ვასიკო ბაქრაძე, რომელსაც დავუკავშირე ცხოვრება. ის პირველივე დღიდან დამიდგა გვერდში და ჩემთან ერთად დღემდე იბრძვის, უკეთესი ქვეყანა რომ ავაშენოთ. ახლა ჩვენი ცხოვრება ასეთია: გვყავს სიყვარულის ნაყოფი, მარიამ ბაქრაძე და ნაწილობრივ იტალიაში, თუმცა ძირითადად, საქართველოში ვცხოვრობთ.
გვაქვს მეურნეობა და ვასიკო, ასევე, მუშაობს საკრებულოში (დეპუტატი). ის ყოველდღიურად ცდილობს უკეთესი გახადოს ხალხის პირობები. მეც მაქსიმალურად ვარ ჩართული როგორც აქტიური მოქალაქე
(სპეციალურად საიტისთვის)