"ორდერი" მკვლელობებისთვის: როგორ იქცა პუტინი სტალინის იდეების "ქურდად" - ჯალათები, რომლითაც რუსეთი ამაყობს
არ გაგიკვირდეთ დღეს, როდესაც შინ და გარეთ რეალურ–ფანტასმაგორიული მოვლენების კასკადია, გიორგი და ილია მაჩაბლების ტრაგიკულ ისტორიაზე და საბჭოთა სპეცსამსახურების საიდუმლო ოპერაციებზე ვაგრძელებ საუბარს. სამწუხაროდ, თითქმის საუკუნისწინანდელი მოვლენები, სუბიექტურ თუ ობიექტურ გარემოებათა გამო, დღესაც აქტუალურია.
1932 წლის 17 ოქტომბერს სტალინმა ბერიას მთელი ამიერკავკასია ჩააბარა და ლავრენტი (ფორმალურად 1936 წლის 5 დეკემბრამდე ) რეალურად მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე სამი რესპუბლიკის (საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის) ხელმძღვანელი იყო და მის გარეშე ამ რესპუბლიკებში ცაში ფრინველი ვერ ფრენდა და მიწაზე ჭიანჭველა ვერ დადიოდა. სტალინის მხარდაჭერის გამო, ახალგაზრდა ბერია საკავშირო სამინისტროებისა და უწყების ხელმძღვანელებისთვის უკვე ანგარიშგასაწევი პოლიტიკური ფიგურა გახდა. ლ. ბერიამ იცოდა, რომ ვინც აკონტროლებს სპეცსამსახურებს, ის აკონტროლებს ყველაფერს. ამიტომ ამიერკავკასიაში მისი რეკომენდაციის გარეშე „ენკავედეს“ რაიონის განყოფილების უფროსიც ვერ ინიშნებოდა. ლ. ბერიას კარგი ურთიერთობები სტალინთან და აქედან გამომდინარე ბერიას ამბიციები, ბუნებრივია აღიზიანებდათ „ენკავედს“ ხელმძღვანელებს: ჯერ გენრიხ იაგოდას, რომელიც 1934 –1936 წლებში ხელმძღვანელობდა სსრკ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატს, ხოლო შემდეგ ნიკოლაი ეჟოვს.

მარცხნიდან მარჯვნივ: გენრიხ იაგოდა, ვიაჩესლავ მენჟინსკი და ფელიქს ძერჟინსკი. მოსკოვი, 1924 წელი
გენრიხ იაგოდა (1891–1938), ახალგაზრდობაში „ანარქისტ–კომუნისტების“ არალეგალური ჯგუფის „ბოევიკი“, – 1918 წელს „ჩეკისტი“ გახდა , რაც მაშინ სრულიად ბუნებრივი მოვლენა იყო. 1923 წლიდან ის ჯერ ფ. ძერჟინსკის, ხოლო სამი წლის შემდეგ ვ. მენჟინსკის მოადგილე გახლდათ, თუმცა ამ უკანასკნელის ხშირი ავადმყოფობის გამო „ოგეპეუს“ თავმჯდომარის მოვალეობასაც ხშირად ასრულებდა. 1934 წლის 10 ივლისს კი პოლიტბიუროს (რეალურად სტალინის) გადაწყვეტილებით ახლად შექმნილი სსრკ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ხელმძღვანელად დაინიშნა.1935 წლის 26 ნოემბერს კი იაგოდას „სახელმწიფო უშიშროების გენერალური კომისრის“ სპეციალური წოდება მიენიჭა, რაც მაშინ „საბჭოთა კავშირის მარშალის“ სამხედრო წოდების ექვივალენტი იყო. იმ პერიოდში გ. იაგოდა ერთ–ერთი ყველაზე გამოცდილი და დაუნდობელი „ჩეკისტი“ გახლდათ და 1920–1930 იან წლებში უსიტყვოდ ასრულებდა სტალინის ყველაზე საიდუმლო ბრძანებებს. სწორედ იაგოდა ხელმძღვანელობდა „დიდი ბელადის“ პოლიტიკური ოპონენტების ლიკვიდაცია/გაციმბირების სპეცოპერაციებს, „გულაგების“ აშენება–შევსებას და სხვ.
ბოლშევიკების პირმშო – საბჭოთა კავშირი, სულ რაღაც შვიდი წლის იყო, როდესაც მომავალ იმპერიაში ოფიციალურად გაფორმდა დემოკრატიის დასამარება.1929 წლის 21 ნოემბერს პოლიტბიურომ დაამტკიცა, ხოლო სსრკ-ის ცენტრალურმა აღმასრულებელმა კომიტეტმა მიიღო, კანონი („საბჭოთა კავშირის მოქალაქე–თანამდებობის პირების შესახებ, რომლებიც მუშათა კლასისა და გლეხობის მტრების ბანაკში გადავიდნენ, უარს ამბობენ სსრკ–ში დაბრუნებაზე და იმყოფებიან საზღვარგარეთ“), რომელმაც მომავალში მრავალი ადამიანის და მათი ოჯახების ბედი გადაწყვიტა. ეს „ზეჰუმანური“ კანონი სულ ექვსი მუხლისგან შედგებოდა :
1. „თუ საბჭოთა კავშირის მოქალაქე–სსრკ სახელმწიფო დაწესებულების ან საწარმოს თანამდებობის პირი, რომელიც მუშაობს საზღვარგარეთ, უარს იტყვის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს წინადადებაზე სსრკ–ში დაბრუნების შესახებ, მიიჩნევა მუშათა კლასისა და გლეხობის მტრების ბანაკში გადასულად და ეს ქმედება ჩაითვლება ღალატად.
2. პირი, რომელიც უარს იტყვის საბჭოთა კავშირში დაბრუნებაზე კანონგარეშედ ცხადდება.
3. კანონგარეშედ გამოცხადება გამოიწვევს:
ა) გასამართლებულის მთელი ქონების კონფისკაციას.
ბ) გასამართლებულის პიროვნების დადგენის შემდეგ, მის 24 საათში დახვრეტას.
4. ამგვარი საქმეები განიხილება სსრკ უმაღლეს სასამართლოში.
5. კანონგარეშედ გამოცხადებული პირების გვარები გადაეცემა ყველა აღმასკომსა და გე–პე–უს ორგანოებს.
6. ამ კანონს უკუქმედების ძალა აქვს“.
ამ კანონმა საბჭოთა სპეცსამსახურებს საზღვარგარეთ გაქცეული ან დარჩენილი პოლიტიკური ოპონენტების ფიზიკურ განადგურების იურიდიული საფუძველი შექმნა. განსაკუთრებით „დემოკრატიული“ იყო ამ კანონის მეექვსე მუხლი: უკუქმედების ძალა. ამგვარი დათქმა მხოლოდ დიქტატორულ/ტოტალიტარული რეჟიმებისთვისაა დამახასიათებელი. ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა 2006 წლის ზაფხულში, როდესაც რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მიიღო თითქმის ანალოგიური კანონი.

მაქსიმ გორკი და გენრიხ იაგოდა
მაშინ რუსეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა "დე იურე" დაემტკიცებინა ის, რასაც "დე ფაქტო" აკეთებდა ანუ პოლიტიკური მკვლელობების და ტერაქტების ჩატარება (ბუნებრივია საზღვარგარეთ, თორემ რუსეთში რაც და როგორც უნდათ, იმას აკეთებენ). ამ კანონის მიღების შემდეგ რუსეთის სპეცსამსახურების (საგარეო დაზვერვის, "ეფ-ეს-ბე"-ეს, და "გე-რე-უ"-ს) "სისხლიანი საქმეების" დიდოსტატებს უკვე ოფიციალურად შეუძლიათ „სახელმწიფო ღალატში“, „ტერორიზმში“ და სხვა სახელმწიფო დანაშაულში სასამართლო პროცესზე დაუსწრებლად გასამართლებულების და სიკვდილმისჯილების განაჩენის სისრულეში მოყვანა უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე. ეს სკანდალური გადაწყვეტილება საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევა და ნონსენსი იყო და არის, თუმცა ამას ყურადღებას რუსეთში ვინ აქცევდა ან აქცევს?
რუსეთის ამჟამინდელმა ხელისუფლებამ, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირს მისტირის და "წითელი ტერორის" დამაარსებლის ფელიქს ძერჟინსკის აჩრდილზე ლოცულობს, ფაქტიურად აღადგინა საბჭოთა კავშირის სპეცსამსახურების მიერ 1920-1990-იანი წლებში ფართოდ გამოყენებული პოლიტიკური მკვლელობების პრაქტიკა.
მაშინ დახურულ რეჟიმში იღებდნენ რომელიმე პოლიტიკური ოპონენტის, თუ გაქცეული და უცხოეთში დარჩენილი "კა-გე-ბეს" ან "გე-რე-უს" თანამშრომლის ან პოლიტიკური ლიკვიდაციის საიდუმლო გადაწყვეტილებას. ასეთი იყო: კონოვალეცის, ტროცკის, კრივიცკის, მიხოელსის, ბანდერას, რებეტის, მარკოვის, იანდარბიევის, ლიტვინენკოს, ხანგოშვილის და სხვა გახმაურებული პოლიტიკური მკვლელობები. საბჭოთა ხელისუფლების მიერ მიღებული ზოგიერთი სასიკვდილო განაჩენი (მაგ. რეზუნ-სუვოროვის, გორდიევსკის, სკრიპალის და სხვ. მიმართ) შეუსრულებელია და დღესაც ძალაშია. არაა გამორიცხული, რომ ამ მიმართულებით პუტინის რუსეთის სპეცსამსახურები კარგა ხანია მზად არიან და მხოლოდ ხელსაყრელ დროს ელოდებიან.
ასევე დაგაინტერესებთ: ლავრენტი ბერია 1937 წელს დახვრეტას გადაურჩა?! - სტალინის კარის თამაშები ანუ ვინ აგროვებდა კომპრომატებს ლავრენტი პავლოვიჩზე?
ბერიას საიდუმლო წერილი სტალინს და დიდი ბელადის პასუხი თბილისს - როგორ მტკიცდებოდა სიკვდილის ციფრები
საბჭოთა ლიკვიდაციების ოპერაციების ორგანიზატორები და უშუალო შემსრულებლები (სერებრიანსკი, კოროტკოვი, სუდოპლატოვი, ეიტინგონი, მარკადერი, სტაშინსკი, კალუგინი და სხვ.) "დახურული" ბრძანებებით ორდენებით ჯილდოვდებოდნენ. თუმცა "პერესტროიკის" პერიოდში საბჭოთა პროკურატურას რამდენიმე "ლიკვიდატორზე" (პირველ რიგში გენერალ პავლე სუდოპლატოვზე) სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მცირე მცდელობა ქონდა, მაგრამ დროულად მოიყვანეს გონს: ისინი ქვეყნისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებდნენო და საქმე დახურეს. ეს მკვლელობები მხოლოდ "ისტორიულ ფაქტებად" დარჩა და მართლმსაჯულებამ ვერ გაიმარჯვა. რუსეთის დღევანდელი რეჟიმი გასული საუკუნის 20–80–იანი წლების „მიღწევებით“ (მათ შორის ძერჟინსკის, იაგოდას, ეჟოვის, ბერიას, მერკულოვის, აბაკუმოვის, იგნატიევის, სეროვის, შელეპინის, სემიჩასტნის, ანდროპოვისა და კრუჩკოვის ხელმძღვანელობით ჩატარებული ტერორისტული ოპერაციებით) ტრაბახობს და საზრდოობს.

ნადეჟდა პეშკოვა, მაქსიმ გორკი და პატარა მარფა პეშკოვა (შემდეგ სერგო ბერიას მეუღლე)
ჩვენ კი დავუბრუნდეთ 1930–იანი წლების დასაწყისს, როდესაც გენრიხ იაგოდა ხელმძღვანელობდა პოლიტიკური ოპონენტების ლიკვიდაციის სპეცოპერაციებს. თავად იაგოდას პიროვნება იმითაა საინტერესო, რომ სისასტიკით გამორჩეული ეს „ჩეკისტი“ მეგობრობდა ცნობილ საბჭოთა მწერლებთან და მსახიობებთან. განსაკუთრებით კი მაქსიმ გორკისთან ახლობლობდა, თუმცა, როგორც „ბოროტი ენები“ ამბობენ, იაგოდა მაქსიმ გორკის რძლის, ნადეჟდა პეშკოვას, სილამაზით იყო უფრო მოხიბლული და არა საბჭოთა მწერლის შემოქმედებით.
მკითხველს არ უნდა გაუკვირდეს, როდესაც გიორგი და ილია მაჩაბლების ტრაგიკულ ისტორიას გენრიხ იაგოდას პიროვნებას ვუკავშირებ: 1921 წლიდან დაწყებული, 1936 წლის 26 სექტემბრამდე, პოლიტბიუროსა და სტალინის დავალებით, სწორედ ეს „ჩეკისტი“ გეგმავდა და ხელმძღვანელობდა სპეცოპერაციებს ემიგრანტების (მათ შორის ქართველი) და საზღვარგარეთ არსებული მათი ორგანიზაციების წინააღმდეგ. იმ წლებში იაგოდა ასევე შიდა რეპრესიების

სტალინი და კალინინი, შუაში – იაგოდა. მოსკოვი, 1927 წელი.
მიმდინარეობასაც აკონტროლებდა.
ჩემი აზრით გიორგი მაჩაბლის წინააღმდეგ სპეცოპერაციები ჯერ ტიფლისში, 1920 წლების ბოლოს, ლავრენტი ბერიას ინიციატივით დაიგეგმა, შემდეგ სუბორდინაციის მოთხოვნიდან გამომდინარე, ჩაერთო „ცენტრი“ (გენრიხ იაგოდა) და ერთობლივად ცდილობდნენ ქართველი პატრიოტი ემიგრანტის განეიტრალებას.
1930 წლის დასაწყისიდან ამ ოპერაციებში აქტიურად ჩაერთო ნიკოლაი ეჟოვიც. თუმცა ამ ვერსიასთან დაკავშირებით შეიძლება წარმოიშვას ერთი ლოგიკური შეკითხვა: ნ. ეჟოვი შინსახკომის და სახელმწიფო უშიშროების ორგანოების ხელმძღვანელად 1936 წელს დაინიშნეს, ხოლო გიორგი მაჩაბლის საეჭვო გარდაცვალება 1935 წელს მოხდა და რამდენად შეეძლო ნ. ეჟოვს მისი ლიკვიდაციის ოპერაციის დაგეგმვა და ორგანიზება?
ამასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ ხელმძღვანელობის „სტალინური სტილი“ ძალზე თავისებური იყო, „დიდი ბელადი“ არავის ენდობოდა და ხშირად პარალელურ-დუბლირებულ სტრუქტურებს ქმნიდა ურთიერთ კონტროლისათვის. ამის მაგალითია, თუნდაც გასული საუკუნის 20-40 იან წლებში საბჭოთა სამხედრო და საგარეო დაზვერვის სამსახურებს შორის არსებული ფარული დაპირისპირება, რასაც სტალინი ხელს უწყობდა. 1930-იანი წლების დასაწყისში ნ. ეჟოვის თავბრუდამხვევი კარიერა პირადად სტალინის დამსახურება იყო, რომელიც იმდენად ენდობოდა ეჟოვს, რომ ხელმძღვანელი პარტიული და სამეურნეო კადრების შერჩევის საკითხშიც კი ითვალისწინებდა მის აზრს. კიროვის გარდაცვალების შემდეგ, 1934 წლის დეკემბრიდან კი ეჟოვი, სტალინის დავალებით, სახელმწიფო უშიშროების ორგანოების საქმიანობის კონტროლშიც ჩაერთო. ეჟოვი ესწრებოდა პოლიტბიუროს ყველა სხდომას, სადაც კი სახელმწიფო უშიშროების ორგანოების რეორგანიზაციისა და საკადრო საკითხები იხილებოდა.
სტალინის თანხმობით ეჟოვი კონტროლს უწევდა და დავალებებს აძლევდა საბჭოთა უშიშროების, როგორც ადგილობრივ ორგანოებს, ასევა უცხოეთში მოქმედ საგარეო დაზვერვის რეზიდენტურებსაც. 1934 წლიდან 1938 წლის ზაფხულამდე ეჟოვი საბჭოთა კავ- შირის დიდ–პატარა „ბელადთა“ ხუთეულში (სტალინი, მოლოტოვი, კაგანოვიჩი, ვოროშილოვი და ეჟოვი) შედიოდა. ამ გარემოებათა გათვალისწინებით შეიძლება ვივარაუდოთ რომ ნ. ეჟოვს, სტალინისგან მიღებული დავალების შემთხვევაში, სავსებით შეეძლო გიორგი მაჩაბლის ლიკვიდაციის ოპერაციის ხელმძღვანელობა. თუ ეს საკითხი მხოლოდ ვარაუდის დონეზე შეიძლება განვიხილოთ, ილია მაჩაბლის ტრაგიკული აღსასრული უშუალოდ ბერია–ეჟოვის „დამსახურებაა“.
შეგახსენებთ, რომ გ. მაჩაბელი ნიუ–იორკში 1935 წლის 31 მარტს, საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა. ამ დროს საქართველოში ბერიას მითითებით გრძელდებოდა დიდი ქართველი რეჟისორის, სანდრო ახმეტელის შევიწროება/დევნის პროცესი. ილია მაჩაბელი კი რუსთაველის სახელმწიფო თეატრში ადმინისტრატორის თანამდებობაზე მუშაობდა. 1936 წლის 19 ნოემბერს ს. ახმეტელი მოსკოვში დააკავეს და თბილისში (იმავე წლის 17 აგვისტომდე ტიფლისად, რომ იწოდებოდა) გადმოიყვანეს. ი. მაჩაბლის დაკითხვები იმავე წლის დეკემბრიდან დაიწყო. ამ პროცესებში მონაწილეობას ვერ მიიღებდა გენრიხ იაგოდა, რომელიც უკვე 1936 წლის 26 სექტემბერს გაათავისულეს თანამდებობიდან. ამასთან დაკავშირებით ერთი საარქივო დოკუმენტი მინდა გაგაცნოთ, რომელიც იმავე დღით თარიღდება. ესაა სტალინის მიერ გ. იაგოდასადმი გაგზავნილი ხელნაწერი ბარათი:
„ამხანაგო იაგოდა,
კავშირგაბმულობის სახალხო კომისარიატი ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა. ამ კომისარიატს თავდაცვითი დანიშნულება აქვს. ეჭვი არ მეპარება, რომ თქვენ შეძლებთ ამ სახალხო კომისარიატის ფეხზე დაყენებას. ძლიან გთხოვთ, დათანხმდეთ კავშირგაბმულობის სახალხო კომისარიატში მუშაობას. კარგი კავშირგაბმულობის სახალხო კომისარიატის გარეშე თავს უხელოდ ვგრძნობთ. კავშირგაბმულობის სახალხო კომისარიატი ამჟამინდელ მდგომარეობაში ვერ დავტოვებთ. ის სასწრაფოდ ფეხზე უნდა დავაყენოთ.
ი. სტალინი“
„აი ნამდვილი ხელმძღვანელი, როგორ ზრუნავს გამოცდილ კადრებზე“ – ალბათ ბევრმა გაიფიქრეთ. იმედი მინდა გაგიცრუოთ. 1936 წლის 26 სექტემბერს ყველამ, მათ შორის იაგოდამაც, კარგად იცოდა, რომ მისი ბედი გადაწყვეტილი იყო. სტალინის „სასიყვარულო ბარათი“ კი მისთვის დამახასიათებელი მორიგი ფარისევლურ/ვერაგული პოლიტიკური სვლა და ხაფანგი იყო. სამი თვის შემდეგ იაგოდა თანამდებობიდანაც გაათავისუფლეს და პარტიიდანაც გარიცხეს. 1937 წლის 28 მარტს დააპატიმრეს (ერთ–ერთი ბრალდება მაქსიმ გორკის მოწამლვა იყო) და ერთი წლის შემდეგ, 1938 წლის 15 მარტს, დახვრიტეს. ასე, რომ, როგორც მურმან ლებანიძე ამბობს: „არ შეგეშალოს, არ გაბრიყვდე, არ იყო ბავშვი - არამც და არამც არ ჩაუჯდე ხელმწიფეს ნავში!" . სამწუხაროდ, ბევრ სახალხო კომისარს თუ მინისტრს ავიწყდება ეს ჭეშმარიტება. მერე კი „გვიანია თითზე კბენანი“.
(მეცხრამეტე ნაწილის დასასრული)