ჩარლი კირკის მკვლელობა: სამოქალაქო ომის საფრთხე აშშ-ში?! - "ამერიკელი მემარჯვენეები აცხადებენ, რომ შურს იძიებენ"
ბრიტანული გაზეთი „ფაინენშელ თაიმსი“ (Financial Times) ეხმაურება აშშ-ში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს - დონალდ ტრამპის მხარდამჭერი მემარჯვენე აქტივისტის ჩარლი კირკის მკვლელობასთან დაკავშირებით - და აქვეყნებს სტატიას სათაურით „ამერიკელი მემარჯვენეები აცხადებენ, რომ ჩარლი კირკის მკვლელობისათვის შურს იძიებენ“ (ავტორი - გაი ჩეიზანი). პუბლიკაციაში მიმოხილული და გაანალიზებულია ამერიკული საზოგადოების რეაქცია მომხდარ ტრაგიკულ ფაქტზე და ხაზი აქვს გასმული, რომ ორივე პარტიამ თავიანთი ამომრჩევლები უნდა დაამშვიდოს, რომ ძალადობა არ განვითარდეს.
გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:
„ლიბერალებს ხელები სისხლში აქვთ გასვრილი“, - ასე დაწერა ერთ-ერთმა ცნობილმა და გავლენიანმა პიროვნებამ: ილონ მასკის აზრით, მემარცხენეები ყოველთვის „მკვლელობების პარტია“ იყო. „ყოველი დემოკრატი პოლიტიკოსი დაპატიმრებული უნდა იქნას, ხოლო პარტია - აკრძალული“, - ასეთი თვალსაზრისი აქვთ კონსერვატორ ბლოგერებს.
იმედები იმისა, რომ კონსერვატორი აქტივისტის ჩარლი კირკის მკვლელობა აშშ-ში პოლიტიკურ სიტუაციას არ გაამწვავებდა და განხილვა-მსჯელობები შედარებით მშვიდად განვითარდებოდა, რამდენიმე საათში სწრაფად გაიფანტა: მემარჯვენეები შურისძიებას მოითხოვენ.
ზოგიერთი უკვე შიშობს, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელიც ისედაც აფართოებს აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილებას, შეიძლება კირკის მკვლელობა ამერიკელი მემარცხენეების წინააღმდეგ რეპრესიების დაწყების საბაბად გამოიყენოს.
„ტრამპი აშკარად მზად არის და „თითი ჩახმახზე აქვს გამოდებული“, როცა საქმე საგანგებო სიტუაციების გამოცხადებასა და კანონებისა და კონსტიტუციური ნორმების გვერდის ავლას ეხება“, - ამბობს სტივენ ლევიცკი, სახელმწიფო სამართლის პროფესორი ჰარვარდის უნივერსიტეტში, ავტორი წიგნისა „როგორ კვდება დემოკრატია“. მისი თქმით, „დღევანდელი სიტუაცია შეიძლება გამოყენებული იქნას იმის საბაბად, რომ პრეზიდენტმა ჯარი ქუჩაში გამოიყვანოს და ოპოზიციის დევნა დაიწყოს“.
პრეზიდენტმა აშკარად გააძლიერა ასეთი ეჭვები და შიშები თავისი ტელეგამოსვლით ოთხშაბათს, რომელშიც მემარჯვენე აქტივისტის მკვლელობაში მემარცხენეები დაადანაშაულა - ჯერ კიდევ მანამდე, სანამ სავარაუდო მკვლელის ვინაობა დადგინდებოდა, მოტივებზე რომ არაფერი ვთქვათ. „მრავალი წლის განმავლობაში მემარცხენე-რადიკალური ორგანიზაციები ისეთ დიდებულ ამერიკელ ადამიანებს, როგორიც ჩარლი კირკი იყო, ნაცისტებს ამსგავსებდნენ და მსოფლიოში ყველაზე საშინელ მკვლელებად წარმოსახავდნენ“, - თქვა დონალდ ტრამპმა, - „ასეთი რიტორიკისათვის პასუხისმგებლობა ისეთივე უნდა იყოს, როგორიც არის ტერორიზმის პროპაგანდის მიმართ. ის, რასაც ახლა ჩვენს ქვეყანაში ვხედავთ [ადამიანთა მკვლელობებს], დაუყონებლივ უნდა შეწყდეს“. პრეზიდენტმა იგივე გაიმეორა მეორე დღესაც, როცა განაცხადა: „ჩვენთან მოქმედებს აბსოლუტურ უგუნურთა მემარცხენე დაჯგუფება. ვაცხადებ, რომ ამ პრობლემას გადავჭრით“.
დონალდ ტრამპის ზოგიერთი მოკავშირე კონგრესმენი უფრო შორს წავიდა - მათ პირდაპირ მიუთითეს, რომ „ჩარლი კირკის მკვლელობაში დამნაშავენი დემოკრატები არიან“. ასეთი პოზიცია გამოხატა ჟურნალისტებთან შეხვედრისას რესპუბლიკელმა ნენსი მეისმა სამხრეთ კაროლინის შტატიდან.
დონალდ მოინიჰენი, მიჩიგანის უნივერსიტეტის სახელმწიფო სამართლის პროფესორი, ამბობს, რომ დონალდ ტრამპს შეეძლო თავის გამოსვლაში დაეგმო პოლიტიკური ძალადობის ყველა ფორმა და იმავდროულად ხაზიც გაესვა, რომ „თმენა და ტოლერანტობა დემოკრატიის ქვაკუთხედს წარმოადგენს“. მაგრამ პრეზიდენტმა ასე არ გააკეთა: „მე ვშიშობ, რომ თეთრმა სახლმა ხელიდან გაუშვა ეს შესაძლებლობა და სიტუაცია ცალმხრივად შეაფასა - თითქოსდა ყველა უბედურების გამომწვევები მხოლოდ მემარცხენეები არიან“, - აღნიშნავს პროფესორი, რომლის თქმით, „ყველაზე ცუდი სცენარი იმაში გამოიხატება, რომ ჩარლი კირკის მკვლელობას ხელისუფლება გამამართლებელ ფაქტორად იყენებს სიტყვის თავისუფლების დასაცავად, მკაცრი რესპრესიული ზომების მიღების საბაბად“.
ასევე დაგაინტერესებთ: „დაბომბავ ჩემს ქარხანას? დავბომბავ შენს პარლამენტს": პუტინი ესკალაციაზე მიდის - როდის მიიღებს გადამწყვეტ ზომებს ტრამპი ან მიიღებს თუ არა საერთოდ?!
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ქრისტოფერ ლანდაუმ უკვე გააკეთა გამაფრთხილებელი განცხადება, რომ აშშ მკაცრ ზომებს მიიღებს იმ უცხოელების წინააღმდეგ, რომელბიც დადებითად თვლიან ჩარლი კირკის მკვლელობას და ჯეროვნად ვერ აცნობიერებენ სიტუაციას: „მათ უნდა იცოდნენ, რომ ასეთი პოზიციით ისინი ჩვენს ქვეყანაში სასურველი სტუმრები არ იქნებიან“.
ჩარლი კირკის მკვლელობა მხოლოდ ბოლო ფაქტია იდეოლოგიურად განსხვავებული პოლიტიკური მოღვაწეების მიმართ განხორციელებული თავდასხმების რიგში, რაც საზოგადოების უკიდურესად პოლარიზებას მოწმობს - იმ საზოგადოებისა, რომელიც სულ უფრო მეტად იხრება პოლიტიკური ძალადობისაკენ.
თვითონ დონალდ ტრამპმაც გადაიტანა სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა, რომელიც გასულ წელს პოლიტიკური მიტინგის დროს მოხდა პენსილვანიის შტატში, ხოლო ივნისში მინესოტას შტატში დეპუტატი-დემოკრატი და მისი ცოლი მოკლეს. აპრილში პენსილვანიაში იმ დროს გადაწვეს დემოკრატი გუბერნატორის ჯოს შაპიროს სახლი, როცა მისი ოჯახის წევრებს ეძინათ.
მსგავსი ძალადობები ამერიკისათვის ახალი არ არის - 1960-იან წლებში ქვეყანა პოლიტიკურმა მკვლელობებმა შეაზანზარა, ქალაქებში კი რასობრივ ნიადაგზე მასობრივი უწესრიგობები და მღელვარებები მოხდა.
მაგრამ როგორც ექსპერტები ამბობენ, ამჟამინდელი ფაქტები საკმაოდ განსხვავდებიან მაშინდელისაგან იმდენად, რამდენადაც ისინი დაემთხვა დონალდ ტრამპის მიერ კონტროლის გამკაცრებას აშშ-ის მნიშვნელოვანი ინსტიტუტების მიმართ და მისი როგორც პრეზიდენტის უფლებამოსილების გაფართოებას. „ეს ის შემთხვევაა, როცა აგრესიული პრეზიდენტი, რომელსაც სიტუაციის გამწვავებისკენ აქვს მიდრეკილება, შეიძლება საზოგადოებისათვის საშიში გახდეს“, - ამბობს ჯულია ზელიზერი, პოლიტიკური ისტორიის პროფესორი პრინსტონის უნივერსიტეტიდან, - „შეიძლება ითქვას, რომ ფედერალური ძალები [ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფები] უკვე ქუჩებში არიან გამოსულნი [მაგალითად, ვაშინგტონში] და მათ დონალდ ტრამპი როგორც სურს, ისე გამოიყენებს“.
ასეთი შიშები გაძლიერებულია იმის გამო, რომ გავლენიანი მემარჯვენე მოღვაწეები უკვე პარალელს აკეთებენ ჩარლი კირკის მკვლელობასა და 1933 წელს გერმანიის რაიხსტაგის გადაწვას შორის, რომელიც ნაცისტებმა ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიების განხორციელებისა და ქვეყანაში კონსტიტუციური თავისუფლებების განადგურების საბაბად გამოიყენეს.
„ჩარლი კირკის მკვლელობა აშშ-ში ამერიკული რაიხსტაგის გადაწვას ნიშნავს“, - თქვა მეტ ფარნიმ, მემარჯვენე მწერალმა და ბლოგერმა. მისი განცხადებით, დემოკრატი პოლიტიკოსები დაპატიმრებულნი უნდა იქნენ, ხოლო პარტია უნდა აიკრძალოს - „დადგა მემარცხენეების ჩაქოლვის დრო“. მეტ ფარნი მარტო არ არის: ქეით მილერი, რომელიც გავლენიანი ქალბატონია და ტრამპის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის სტივენ მილერის ცოლი, აცხადებს, რომ ჩარლი კირკის მკვლელობაში დამნაშავეები ლიბერალები არიან: „თქვენ ჰიტლერის მიმდევრებს გვეძახდით, ნაცისტებს გვიწოდებდით, რასისტებად გვთვლიდით... ახლა კი თქვენ გაქვთ ხელი სისხლში გასვრილი“, - დაწერა მან „იქს-ქსელში“.
ქვეყანაში პოლიტიკური ძალადობის მკვეთრ ზრდას ზომიერი მემარჯვენე პოლიტიკოსებიც კი მხოლოდ ლიბერალებს აბრალებენ. მაგალითად, უორენ დევიდსონმა, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ოჰაიოს შტატიდან, ტელეარხ CNN-ის ეთერში გამოსვლისას ისინი „არაადამიანურ რიტორიკაში“ დაადანაშაულა. „როგორც კი ლიბერალები დებატებში მარცხდებიან, ისინი [სიბრაზისაგან] გონიერებასა და ჭკუას კარგავენ... არ ერიდებიან ისეთ გამოთქმებს, როგორებიც არის „რასისტი“, „ფანატიკოსი“, „ქალთმოძულე“, „ქრისტიან-ნაციონალისტი“ და რაღაც მსგავს ეპითეტებს“, - აღნიშნა უორენ დევიდსონმა.
ზოგიერთი ექსპერტის აზრი ერთმანეთს ემთხვევა იმაში, რომ სიტუაციის გამწვავებაში დამნაშავე ორივე მხარეა: ყველა პოლიტიკოსი ვალდებულია ემოციები შეიკავოს და სხვასაც სიმშვიდისაკენ მოუწოდოს და არა პირიქით, გააღვივოს. „აუცილებელია, რომ დემოკრატიული პარტიის ლიდერებმა ზომიერება გამოიჩინონ და შეწყვიტონ სოციალურ ქსელებში ისეთი ვიდეორგოლების ჩვენება-გავრცელება, რომლებშიც ჩარლი კირკის მკვლელობის გამო სიხარულია გამოხატული“, - ამბობს რობერტ პეიპი, პოლიტოლოგიის პროფესორი ჩიკაგოს უნივერსიტეტიდან, - „ორივე პარტიის ლიდერებს მოუწევთ დიდი მუშაობის ჩატარება თავიანთი ამომრჩევლების დასაწყნარებლად“.
ჯერ-ჯერობით სიტუაციას დამშვიდების ნიშნები არ ეტყობა. ქვეყნის ორი ძირითადი პარტია ისეა პოლარიზებული როგორც არასდროს და ერთმანეთს უბრალო მეტოქეებად კი არა, მტრებად თვლიან. „დემოკრატები და რესპუბლიკელები რეგულარულად აბრალებენ ერთმანეთს არალოიალურ და არაპატრიოტულ ქცევებს ისეთი მანერით, რომელიც 1930-იანი წლების ესპანეთს მოგვაგონებს, როცა დემოკრატიული სისტემის კრახის წინაშე დადგა“, - ამბობს პროფესორი სტივენ ლევიცკი, - „როცა ორივე მხარე ერთმანეთს საკუთარი არსებობის საფრთხედ განიხილავს, ძალადობისა და უკანონო მოქმედების დაწყების ცდუნება ძალიან მაღალია... ჩარლი კირკის მკვლელობას შეუძლია უწესრიგობების გაძლიერება გამოიწვიოს“.
მოამზადა სიმონ კილაძემ