"საქართველოში ძალიან სახიფათო პროცესი იწყება, რომელმაც შესაძლოა, ქვეყანა გადაიყოლოს" - ვახტანგ ძაბირაძის პროგნოზი: მძიმე შემოდგომის მოლოდინში?!
"საქართველო უკვე ძალიან სახიფათო პროცესში შედის, რომელმაც შესაძლოა, ქვეყანა გადაიყოლოს" - ამგვარად აფასებს ბოლო პერიოდში პოლიტიკურ ველზე განვითარებულ პროცესებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე. შეგახსენებთ, რომ გუშინ ორ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და ერთი მმართველი გუნდის წარმომადგენელი დააკავეს. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერს, ლევან ხაბეიშვილს ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯარო დაპირება ედება ბრალად, მისივე თანამებრძოლს, მურთაზ ზოდელავას კი ბრალდება წარდგენილი აქვს სამართალდამცველთა საქმიანობისათვის ხელის შეშლისა და ძალის გამოყენების ფაქტზე – კერძოდ, ლევან ხაბეიშვილის დაკავებისას მისი მობილურის გადამალვის მცდელობისა და გაქცევის გამო. რაც შეეხება თავდაცვის ყოფილ მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს, მას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედება ბრალად. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შორის ვრცელდება მოსაზრებები, რომ თავდაცვაში მსგავსი მასშტაბის კორუფციული სქემები ზემოდან მხარდაჭერის გარეშე ვერ ხორციელდება. რა საფუძველი აქვს ამ მოსაზრებებს, გაგრძელება თუ არა ყოფილი მაღალჩინოსნების დაპატიმრების პროცესი, რა მოხდება ოპოზიციულ ველზე და რა განვითარება მოჰყვება ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხარდაჭერის ქუჩაში დაპირისპირებას, ამის შესახებ საკუთარ ვერსიებს ვახტანგ ძაბირაძე გვიზიარებს.
- რა თქმა უნდა, მაღალჩინოსნების დაპატიმრების პროცესი გაგრძელება. თუ შევხედავთ „ქართული ოცნების“ შიდა პოლიტიკას, კარგად ჩანს, რომ ისინი რამდენიმე მიმართულებით ამკაცრებენ ნაბიჯებს. პირველი – ეს არის კორუფცია, მეორე მიმართულება – ნარკოტიკებთან ბრძოლა და მესამე – კრიმინალური სამყაროს წინააღმდეგ კამპანია. ამ ყველაფერთან ერთად, ხელისუფლება ცდილობს, ოპოზიციური ძალები ერთ ქვაბში მოხარშოს – ყველანი „აგენტებად“ მოიხსენიოს, დაარწმუნოს საზოგადოება, რომ თითქოს ყველა მათგანი დასავლეთის მოსყიდულია, უცხო ძალების დავალებით „ამღვრევენ წყალს“, თორემ სინამდვილეში ქვეყანაში „ყველაფერი კარგადაა“.
ეს ყველაფერი ჩვენთვის უცხო ნამდვილად არ არის. საბჭოთა კავშირის დროსაც მუდამ იგივეს ვისმენდით პოლიტიკური ლიდერებისგან: კორუფცია დასავლეთის გადმონაშთია, ოპოზიცია – უცხოეთის აგენტია და ა.შ. ვინც ამ რიტორიკას არ ეთანხმებოდა, ის მოღალატე და ხალხის მტერი იყო. ეს იდეოლოგია საბჭოთა დროიდან მოდის და დღემდე გრძელდება. სამწუხაროდ, ვერ დავაღწიეთ თავი ამ გარემოს. ყველა ხელისუფლება მეტნაკლებად ერთსა და იმავეს აკეთებდა....
ასევე დაგაინტერესებთ: გია ხუხაშვილის სენსაციური პროგნოზი: "2026 წელს ახალი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება..." - შეწყალების გამოცანა ანუ რა მიზნით გამოუშვეს მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე?!
სიმართლე რომ გითხრათ, საქართველოში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ყოველთვის კამპანიურ ხასიათს ატარებდა. ეს არასოდეს ყოფილა სისტემური და საფუძვლიანი პროცესი. ყოველთვის გამოიყენებოდა იმისათვის, რომ მოწინააღმდეგე გაენეიტრალებინათ და საკუთარი პოზიცები გამეყარებინათ. ეს მხოლოდ საქართველოსთვის არ არის დამახასიათებელი, საბჭოთა კავშირის პერიოდშიც ასე ხდებოდა. 1970-იანი წლიდან მოყოლებული ყველა ხელისუფლება მსგავს გზას გადიოდა. შევარდნაძე, ალიევი, ლუკაშენკო – ყველამ გაუშვა ძველი გუნდი, ზოგი ციხეში ჩასვეს, ზოგს ფული გადაახდევინეს და შემდეგ თავისი გუნდი მოიყვანეს. ზუსტად იგივეს აკეთებდა სააკაშვილიც, როდესაც მოვიდა – თქვა, რომ კორუფციას ებრძვის, მაგრამ სინამდვილეში შევარდნაძის გუნდი ჩაანაცვლა. იგივე პრაქტიკას ვხედავთ დღესაც. სამწუხაროდ, არც ახლა შეცვლილა რაიმე.
- ვითარება გამწვავებულია ქუჩაშიც, ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხარდამჭერები უკვე ფიზიკურად უპირისპირდებიან ერთმანეთს, ორიოდე დღის წინ სამართალდამცავებს მომიტინგებთან ერთად, „ოცნების“ აქტივისტების დაპატიმრებამ მოუწია. ელოდებით თუ არა სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავებას?
- ყველაფრის მიუხედავად, ამ ეტაპზე რევოლუციური განწყობა მასობრივად არ ჩანს. „ქართულ ოცნებას“ საზოგადოების დიდი სიყვარული ნამდვილად არ აქვს, მაგრამ ოპოზიციასაც ვერ აღიქვამენ იმ ძალად, რომელიც ცვლილებებს მოიტანს. ამიტომ, პროტესტის მუხტი არსებობს, თუმცა ის მოწყვეტილია საზოგადოების დიდ ნაწილს. ეს ძალიან სახიფათოა, რადგან დაგროვილმა უკმაყოფილებამ შეიძლება ერთდროულად იფეთქოს.
ხათუნა ბახტურიძე
(სპეციალურად საიტისთვის)