რა ქონებას ფლობს ჯუანშერ ბურჭულაძე, რომელიც სუს-მა კორუფციის ბრალდებით დააკავა
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დაკავებულია. შესაბამისი განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გაკეთდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ექსმინისტრი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს.
„ჯუანშერ ბურჭულაძის მითითებით, თავდაცვის მინისტრის იმდროინდელმა მოადგილემ და ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა მინისტრის ახლო ნათესავის დახმარებით, სამინისტროს მიერ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით შექმნეს არაკონკურენტული გარემო, რის შედეგადაც, არარეალური გარიგებების დადების გზით, ხელოვნურად გაიზარდა აპარატის რეალური საბაზრო ღირებულება და 2 606 272 ლარად ღირებული მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მიწოდებული იქნა 3 940 000 ლარად. დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიადგა 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი.
ამასთან, ჯუანშერ ბურჭულაძემ მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონებისათვის წარმოშობის წყაროს დამალვისა და შენიღბვის მიზნით, ამ ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად განახორციელა შემდეგი ქმედებები:2025 წლის იანვარში, ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახმა 544 000 ევროდ შეიძინა ესპანეთში, მალაგას პროვინციაში მდებარე მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლით. ვინაიდან აღნიშნული თანხის კანონიერი წარმომავლობა ჯუანშერ ბურჭულაძეს და მის მეუღლეს არ უფიქსირდებოდათ, აღნიშნული თანხის რეალური წარმომავლობის დამალვა/შენიღბვის მიზნით, 2024 წლის 9 დეკემბერს ჯუანშერ ბურჭულაძის მეუღლესა და მესამე პირს შორის გაფორმდა ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულება დაბა წყნეთში, ნუშის ბაღების ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონების 620 000 ევროდ მიყიდვის შესახებ. რეალურად კი ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს აღნიშნული ქონება არ გაუსხვისებია და ხელშეკრულების მიზანი იყო მხოლოდ ესპანეთში გადასარიცხი თანხის წარმომავლობის შენიღბვა.
ამასთან, დამატებით, გამოიყენა ფიქტიური სესხის ხელშეკრულებები. აღსანიშნავია ისიც, რომ ჯუანშერ ბურჭულაძემ დასახელებული 544 000 ევროს უკანონო წარმოშობის დამალვის მიზნით, 2025 წლის მარტში, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში საერთოდ არ მიუთითა ესპანეთში შეძენილი უძრავი ქონება.ხსენებული მეთოდებით, ჯუანშერ ბურჭულაძემ განახორციელა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 1 593 212 ლარის უკანონო/დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია,“ - განაცხადეს სუს-ში.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ქონებას ფლობს ჯუანშერ ბურჭულაძე და რა ინფორმაცია აქვს მას მითითებული ქონებრივ დეკლარაციაში. ექსმინისტრმა ბოლო ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის მარტში შეავსო.
დეკლარაციის თანახმად, მის სახელზე რეგისტრირებული ქონება ასე გამოიყურება: 3 964 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი ართანაში, რომელიც 2020 წელს 20 000 ლარად აქვს შეძენილი; ასევე იგივე სოფელში მდებარე - 2 522 კვ.მ. მიწის ნაკვეთის 50%-ანი წილი, მასში გადახდილია 10 000 ლარი; ავტომობილი kia - რომელიც 2024 წელს 35 000 ევროდ შეიძინა.