დაჭერილი ქართველი თავდაცვის ყოფილი მინისტრები - კიტოვანის "აფხაზური მარში", ოქრუაშვილის "მონანიება", "კეზერას" ფრანგული ზონა, ახალაიას 10 წელი და ბურჭულაძის ესპანური ქონება
ადამიანის დაჭერა-დაპატიმრება ყოველთვის ცუდ განწყობას ქმნის, მით უმეტეს თუკი ის მანამდე მაღალ სახელმწიფო პოსტს იკავებდა და აქტიურად იყო ჩართული ქვეყნის მმართველობაში...
11 სექტემბერს სამართალდამცავებმა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავეს მძიმე ბრალდებით...
„ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ჯუანშერ ბურჭულაძის მითითებით თავისთვის და ღ.მ.-სთვის გამორჩენის მისაღებად საქართველოს თავდაცვის მინისტრის იმ დროინდელმა მოადგილემ გ.ხ.-მ და ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა ვ.ღ-მ მინისტრის ახლო ნათესავის ვ.მ-ს დახმარებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით შექმნეს არაკონკურენტული გარემო, რის შედეგადაც არარეალური გარიგებების დადების გზით ხელოვნურად გაიზარდა აპარატის რეალური საბაზრო ღირებულება და 2 მილიონ 606 ათას 72 ლარად ღირებული მაგნიტო -რეზონანსული ტომოგრაფის აპარატი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მიწოდებული იქნა 3 მილიონ 940 ათას ლარად. დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიადგა მილიონ 333 ათას 728 ლარის ქონებრივი ზიანი“, -აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
თუმცა, გარდა ამისა, თავდაცვის ყოფილ მინისტრს სუს-ი ასევე ედავება განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონებისათვის წარმოშობის წყაროს დამალვასა და შენიღბვას -„2025 წლის იანვარში, ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახმა 544 000 ევროდ შეიძინა ესპანეთში, მალაგას პროვინციაში მდებარე მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლით. ვინაიდან აღნიშნული თანხის კანონიერი წარმომავლობა ჯუანშერ ბურჭულაძეს და მის მეუღლეს არ უფიქსირდებოდათ, აღნიშნული თანხის რეალური წარმომავლობის დამალვა/შენიღბვის მიზნით, 2024 წლის 9 დეკემბერს ჯუანშერ ბურჭულაძის მეუღლესა და მესამე პირს შორის გაფორმდა ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულება დაბა წყნეთში, ნუშის ბაღების ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონების 620 000 ევროდ მიყიდვის შესახებ. რეალურად კი ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს აღნიშნული ქონება არ გაუსხვისებია და ხელშეკრულების მიზანი იყო მხოლოდ ესპანეთში გადასარიცხი თანხის წარმომავლობის შენიღბვა. ამასთან, დამატებით, გამოიყენა ფიქტიური სესხის ხელშეკრულებები. აღსანიშნავია ისიც, რომ ჯუანშერ ბურჭულაძემ დასახელებული 544 000 ევროს უკანონო წარმოშობის დამალვის მიზნით, 2025 წლის მარტში, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში საერთოდ არ მიუთითა ესპანეთში შეძენილი უძრავი ქონება.
ხსენებული მეთოდებით, ჯუანშერ ბურჭულაძემ განახორციელა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 1 593 212 ლარის უკანონო/დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია“.
ბრალდებულის დაცვის მხარე კატეგორიულად უარყოფს სუს-ის მიერ წარდგენილ ბრალდებებს, მაგრამ თუკი სასამართლომ ჯუანშერ ბურჭულაზე დამნაშავედ სცნო, მას შეიძლება დაემუქროს თავისუფლების აღკვეთა 9-დან 12 წლამდე.
ჯუანშერ ბურჭულაძე თავდაცვის მინისტრის პოსტს 2021 წლის 22 თებერვლიდან 2024 წლის 8 თებერვლამდე , სამი წლის განმავლობაში იკავებდა და მინისტრობის პერიოდში არაერთი შეხვედრა ჰქონია თავის უცხოელ კოლეგებთან,განსაკუთრებით კი „რამშტაინის ფორმატში“, როდესაც გერმანიის ამ ქალაქში მდებარე უდიდეს სამხედრო-საჰაერო ბაზაზე ის ნატოს ყველა ქვეყნის თავდაცვის მინისტრებთან ერთად მონაწილეობდა რუსეთთან ომში მყოფი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევის კონსულტაციებში,მ იუხედავად იმისა, რომ საქართველოს უკრაინისთვის სამხედრო დახმარება არ გაუწევია,თუმცა კიევს ჰუმანიტარულ დახმარებას უგზავნიდა.
მსხვილ კორუფციულ გარიგებასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონებისათვის წარმოშობის წყაროს დამალვასა და შენიღბვის ბრალდებით თავდაცვის ყოფილი მინისტრის დაკავება ნამდვილად ვერ აამაღლებს საქართველოს საერთაშორისო იმიჯს, განსაკუთრებით კი უცხოეთის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელთა თვალში, თუმცა სიმართლე რომ ითქვა არც ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მოქმედი თუ ყოფილი მინისტრების ისტორიებში ყოფილა უცხო კორუფციაში დადანაშაულება...
თუმცა, ჩვენ ჩვენსავე პრობლემებს დავუბრუნდეთ-რამდენი თავდაცვის მინისტრი „გამოიარა“ ქართულმა არმიამ და რამდენი მათგანი...დაიჭირეს?
ეს ცოტა უცნაურად დასმული კითხვაა, მაგრამ ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავებამდე, მისი ბედი უკვე გაზიარებული ჰქონდა საქართველოს თავდაცვის რამდენიმე ყოფილ მინისტრს...
სულ, 1991 წლიდან მოყოლებული, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა აღადგინა, თავდაცვის მინისტრის პოსტი 20 ადამიანს ეკავა და მათგან ხუთი სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ბრალდებით იყო დაკავებული...
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრებიდან პირველად დაპატიმრებული იქნა თენგიზ კიტოვანი, რომელიც ამ თანამდებობას 1992 წლის მაისიდან 1993 წლის მაისამდე იკავებდა. 1995 წლის 13 იანვარს, თენგიზ კიტოვანი დაახლოებით 700 მსუბუქად შეიარაღებული დევნილით დაიძრა მარშით, როგორც ის ამბობდა, აფხაზეთის დასაბრუნებლად. ზესტაფონთან ისინი შევარდნაძის ხელისუფლების ძალოვანმა სტრუქტურებმა შეაჩერეს. კიტოვანი დააკავეს და 1996 წლის ოქტომბერში მას უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების ორგანიზების ბრალდებით 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს, თუმცა პრეზიდენტმა შევარდნაძემ კიტოვანი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სამ წელში შეიწყალა და ციხიდან გამოუშვა.
მეორე „არესტანტი“ თავდაცვის ყოფილი მინისტრებიდან ირაკლი ოქრუაშვილი გახლდათ, რომელიც 2004 წლის 17 დეკემბრიდან 2006 წლის 10 ნოემბრამდე იკავებდა ამ თანამდებობას და პირველად ციხეში სწორედ მისასავე პრეზიდენტმა - სააკაშვილმა გაუშვ ა-2007 წლის 25 სექტემბერს ოქრუაშვილმა პრეზიდენტი სააკაშვილი ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებსა და მკვლელობების შეკვეთებში დაადანაშაულა. 2 დღის შემდეგ ის, მის მიერ შექმნილი პარტიის — „ერთიანი საქართველოსთვის“ ოფისში დააკავეს . ექს-თავდაცვის მინისტრს თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში, ფულის გამოძალვასა და სამსახურეობრივ გულგრილობაში დასდეს ბრალი. ოქტომბერში მან უარყო სააკაშვილის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები და აღიარა დანაშაული, რის შემდეგაც 2007 წელს იძულებით იქნა დეპორტირებული საქართველოდან. 2012 წლის 20 ნოემბერს დაბრუნდა საქართველოში და დაპატიმრებული იქნა.2 013 წელს ირაკლი ოქრუაშვილი სცნეს პოლიტიკურ დევნილად, სასამართლომ ყველა ბრალდება მოუხსნა და გაათავისუფლეს სასამართლოდან. თუმცა,2025 წლის მაისში ის კვლავ დააპატიმრეს, ამჯერად საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოცხადების მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო და რვა თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
შეიძლება ითქვას, რომ ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოს თავდაცვის დაპატიმრებულ ყოფილ მინისტრებს შორის ერთგვარი „რეციდივისტია“...
პატიმრობას ვერ ასცდა თავდაცვის მინისტრის სავარძელში ოქრუაშვილის შემცვლელი დავით კეზერაშვილიც, რომელიც სამხედრო უწყებას 2006 წლის 10 ნოემბრიდან 2008 წლის 9 დეკემბრამდე ედგა სათავეში, მათ შორის რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს.
2012 წლიდან, ხელისუფლებაში "ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ კეზერაშვილის წინააღმდეგ რამდენიმე საქმეა აღძრული. საქართველოში ყოფილი მინისტრი ძებნილად არის გამოცხადებული. 2013 წელს ის საფრანგეთში ინტერპოლმა დააკავა, როგორც საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი, თუმცა საფრანგეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით მის ექსტრადირებაზე ქართულ მხარეს უარი ეთქვა და დავით კეზერაშვილი 2014 წლის თებერვალში ფრანგული ციხიდან გამოუშვეს. 2024 წლის სექტემბერში საქართველოს პროკურატურამ დავით კეზერაშვილს დაუსწრებლად ახალი ბრალდებები წარუდგინა „ქოლ-ცენტრების საქმესთან“ დაკავშირებით.
საქართველოს კიდევ ერთი თავდაცვის ყოფილი მინისტრი, რომელმაც 2012 წლის ნოემბრიდან 2022 წლის მარტამდე თითქმის ათი წელი ციხეში გაატარა, ძალიან მძიმე ბრალდებებით თავისუფლების აღკვეთის გამო, იყო ბაჩანა ახალაია, რომელიც მანამდე თავდაცვის მინისტრის სკამს იკავებდა 2009 წლის 27 აგვისტოდან 2012 წლის 4 ივლისამდე.
როგორც თავად ხედავთ, 20 თავდაცვის ყოფილი მინისტრიდან ხუთი დატიმრებული იყო და არის, მათ შორის ოქრუაშვილი და ბურჭულაძე იმავე ხელისუფლების მიერ,რომლებმაც ისინი ამ მაღალ სახელმწიფოებრივ თანამდებობაზე დანიშნეს.
ხუთივე თავდაცვის ყოფილი მინისტრის მიმართ წაყენებული ბრალდებების უკან,მ ათი დაცვის მხარეები მოისაზრებდნენ პოლიტიკურ მოტივსაც, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ადგილი ნამდვილად ჰქონდა თანამდებობის გადამეტებასა და კორუფციას...