„ჩემს შვილებს სამშობლოს ვერ დავუკარგავდი“ - კვირის პალიტრა

„ჩემს შვილებს სამშობლოს ვერ დავუკარგავდი“

ზოგჯერ საზოგადო პირადზე მეტად გტკივა და ეს სამშობლოა. საშინლად განიცდი, როდესაც იგებ, რომ საქართველო იცლება, როდესაც შენი გენის მდი-

ნარე უცხოეთში გაედინება და მის ადგილზე დაგვალული მიწა რჩება. ამიტომაც, როდესაც სოციალურ ქსელში საფრანგეთში მყოფი ოთხი ბავშ-

ვის, ოთხი ანგელოზის ფოტო ვნახე, თითქოს გულში რაღაც ჩამწყდა და ფოტოს მივაწერე: "როდესაც ბავშვები უცხო მიწაზე იზრდებიან, მათთვის ის მიწა მშობლიური ხდება და შინ იშვიათად ბრუნდებიან". სულ ეს იყო. მერე მოულოდნელად ბავშვების დედის, თეო გოგალაძის შეტყობინება მივიღე: "დიახ, მეც თქვენსავით ვიფიქრე, ამიტომაც დავბრუნდით. უკვე შინ ვართ, ხაშურში".

- თეო, უნდა მომიყვე წასვლაზე, როგორია ოთხი პატარას "აკიდება", თვითმფრინავში ჩასმა, შორს წასვლა, შინ დატოვებულებზე დარდი და დაბრუნების სირთულე.

- სამი შვილი უკვე მყავდა. საფრანგეთში რომ გავფრინდი, მეოთხეზე ფეხმძიმედ ვიყავი. იქ უკვე გველოდნენ ჩემი მეუღლის მშობლები, რომლებიც ბავშვებს ხეირიანად არც კი იცნობდნენ, ენატრებოდათ და დარდობდნენ. ამ მონატრებას და კიდევ ბევრ საფიქრალსაც გავყევით მე და ჩემი მეუღლე შვილებით. მერე თან წამოვიღეთ მონატრება და დარდი უკვე ჩემი მშობლებისა და სხვა ახლობლების.

წასვლამდე სულ გვესმოდა, კი ამბობთ, დავბრუნდებითო, მაგრამ, ალბათ, აღარასოდეს დაბრუნდებით. ვინც წასულა, უკან იშვიათად ბრუნდებაო.

საფრანგეთის პატარა ქალაქში დავმკვიდრდით, ბინა მოგვცეს, ბავშვები სკოლაში შევიდნენ და რაც გვჭირდებოდა, ყველაფერი უფასოდ გვქონდა. მადლიერებით ვიხსენებ იმ პატარა ქალაქს. ბევრი კარგი ადამიანი გავიცანით. სოციალური მუშაკი ძალიან გვეხმარებოდა, მასწავლებლებმაც ჩვენს შვი-ლებს ხელი საიმედოდ ჩასჭიდეს და მაინც იმას ვფიქრობდით, აქ მართლაც კარგად ვართ, თავს დაცულად ვგრძნობთ, ბავშვები ლაღად ცხოვრობენ, მაგრამ ვის უნდა გავუზიაროთ ჩვენი სიხარული და ბედნიერება, ვის მოვუყვეთ, როგორი ბედნიერები არიან, როდესაც საფრანგეთის ტელევიზიით საქართველოზე გადაცემებს უყურებენ?! ყველაფრის მიუხედავად, ბავშვები სულ გვეკითხებოდნენ, როდის წავალთ საქართველოშიო.

ბავშვები უკვე ფრანგულად ლაპარაკობდნენ და მეც სულ ვჩხუბობდი, სახლში ქართულად ილაპარაკეთ-მეთქი. ერთ დღესაც დავფიქრდი, თუ კიდევ დიდხანს დავრჩებოდით, საქართველოში დაბრუნებულებს მშობლიური ენა აღარ ეცოდინებოდათ და შევშინდი...

- და გადაწყვიტეთ, უარი გეთქვათ კომფორტზე და საქართველოში დაბრუნებულიყავით, სადაც კვლავ პრობლემები დაგხვდებოდათ?

- დიახ. საქართველოში ოთხის კი არა, ერთი ბავშვის გაზრდაც ძალიან ძნელია, მაგრამ ჩემს შვილებს სამშობლოს ვერ დავუკარგავდი. მოკლედ, საქართველოში დავბრუნდით, თანაც, თბილისში კი არა, ხაშურში, სადაც სამედიცინო მომსახურებაში ბევრად რთული პირობებია, ვიდრე დედაქალაქში.

როდესაც მესამე შვილს ვაჩენდი, სამშობიაროც არ გვქონდა და შიშით გული მისკდებოდა. რა დასამალია და, ბევრს გაუკვირდა ჩვენი დაბრუნება, რამ დაგაბრუნათ, როდესაც ბავშვებს ამხელა პერსპექტივები ჰქონდათ, რატომ დათმეო, - მეუბნებიან.

- თქვენ რას პაუხობთ?

- სამაგიეროდ, ჩემს შვილებს აქვთ შინ ყოფნის ბედნიერება. ეგ არის ის, რაც მათ ყველაფერს შეაძლებინებს.