ევროპაზე დამიზნებული რუსული "ისკანდერები"- ის, რასაც აგვისტოს ომის შემდეგ ვვარაუდობდით ...
რუსეთის კალინინგრადის ოლქის ერთ-ერთ გზაზე გადაადგილებისას ჩერდება სამხედრო ავტომობილების კოლონა, ორი რვაბორბლიანი სამხედრო მანქანა გზაზე გვერდულად დგება და მათი დახურული ძარებიდან თითო-თითო რაკეტა ამოიწევა, ვერტიკალურად დგება და მზადაა სტარტისთვის... ევროპის ქალაქების ცენტრებისკენ, როგორც ეს თითქმის ყოველღამე ხდება უკრაინის ქალაქების მიმართულებით და როგორც ეს პირველად მოხდა ქართული ქალაქის გორის წინააღმდეგ...
რუსული „ისკანდერი“ კალინინგრადის ოლქის გზაზე-სასტარტოდ გამზადებული რაკეტა ნატოს წევრ ევროპის რომელიღაცა ქვეყნის დედაქალაქზეა დამიზნებული...
მაშინ, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის დროს, როდესაც უახლესი რუსული ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების მობილური სარაკეტო კომპლექსის „ისკანდერ-მ“-ის საბრძოლო ნათლობა უძველესი ქართული ქალაქის გორის ცენტრალური მოედნის თავზე განხორციელდა (რამაც მსხვერპლი გამოიწვია მშვიდობიან მოსახლეობაში), ვივარაუდეთ-მოვა დრო და რუსული „ისკანდერები“ იმ ევროპული ქვეყნების დედაქალაქებსაც დაემიზნებიან და თანაც ბირთვული ქობინებით,რომელი ქვეყნების პოლიტიკური ლიდერებიც „შეშფოთება-აღშფოთებით“ შემოიფარგლნენ რუსეთის საქართველოზე თავდასხმასთან დაკავშირებით და აგვისტოს ომიდან მალევე კიდევ უფრო გაზარდეს პოლიტიკური, ეკონომიკური და თვით სამხედრო თანამშრომლობაც კი აგრესორ რუსეთთან...
ისტორიამ ყველას დაგვანახა, რომ დასავლეთის(როგორც ევროკავშირის, ისე ნატოს წევრი ქვეყნების) ასეთმა უსუსურმა პოლიტიკურმა კურსმა მალევე მოიტანა 2014 წლის ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაცია-ანექსია და უკრაინის აღმოსავლეთში პრორუსული შეიარაღებული სეპარატიზმის აყვავება, ხოლო 2022 წლიდან კი რუსეთის სრულმასშტაბიანი თავდასხმა უკრაინაზე...
ახლა კი ევროპის ჯერიც დგება?
ყოველ შემთხვევაში, რამდენიმე დღის წინ ნატოს წევრი პოლონეთის საჰაერო სივრცეში 19 რუსული დრონის შეფრენას ვერანაირად ვერ დაარქმევ შემთხვევითობას და თუკი აქამდე იგივე პოლონელები, რუმინელები და მთლიანად ნატო სწორედ შემთხვევითობით ხსნიდა პერიოდულად რუსული კამიკაძე-დრონებისა და თვით ფრთოსანი რაკეტის ჩამოვარდნასაც კი მათ ტერიტორიებზე,ევროპელ პოლიტიკოსებს ახლა თავის ჩირგვებში ჩამალვა აღარ გამოუვათ...
ნატოს წესდების მეხუთე მუხლის ამოქმედება, როდესაც ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმა მთლიანად ნატოზე თავდასხმად უნდა შეფასდეს და ამუშავდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის კოლექტიური თავდაცვის მექანიზმი,რა თქმა უნდა, არ მოხდება...
პოლონეთში რუსული დრონების შეჭრის შემდეგ (ევროპელი პოლიტიკოსები იმით ცდილობენ თავის დამშვიდებას, რომ პოლონეთის ცაში შეჭრილი რუსული დრონები თურმე „გერბერის“ ტიპის „ცრუ“ დრონები ყოფილან და არ იყვნენ აღჭურვილნი საბრძოლო ქობინებითო) ნატოს გენერალურმა მდივანმა საპასუხოდ Eastern Sentry-ს სახელწოდების ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა, რომლითაც ალიანსმა უნდა დაიცვას თავისი აღმოსავლეთ ევროპის წევრი ქვეყნები.
რეალურად რას წარმოადგენს და როგორ განხორციელდება ნატოს ეს „აღმოსავლეთ მცველის“ ოპერაცია ჯერ ბოლომდე არ არის დაკონკრეტებული,სამაგიეროდ სწორედ ნატოს ამ აღმოსავლეთ ევროპის წევრი ქვეყნების-პოლონეთისა და ლიეტუვას საზღვრებთან, ბელარუსში 12 სექტემბრიდან უკვე მიმდინარეობს Запад – 2025-რუსულ-ბელარუსული ერთობლივი სტრატეგიული სამხედრო სწავლება, რომელიც პირველი ასეთი სწავლებაა 2022 წლიდან, მას შემდეგ რაც რუსეთი ღიად დაესხა თავს უკრაინას.
ამ რუსულ-ბელარუსულ სამხედრო სწავლებაში სულ 18 ათასამდე სამხედრო თუ მონაწილეობს, რომელთაგან რუსეთის არმიიდან მხოლოდ 5 ათასი თუა, რაც გამორიცხავს რაიმე სახმელეთო სახის შესაძლო აგრესიას პოლონეთისა თუ ლიეტუვას მიმართულებაზე, მაგრამ სამაგიეროდ სწორედ ამ სწავლების ფარგლებში რუსულმა „ისკანდერებმა“ თავისი აერობალისტიკური რაკეტები ევროპული ქალაქების მიმართულებით „აღმართეს“-„ისკანდერის“ საშტატო აერობალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების (თითოეულ მათგანს 50 კილოტონა ტროტილის ექვივალენტი სიმძლავრის ბირთვული ქობინის გადატანა შეუძლია) ფრენის მაქსიმალური სიშორე 500 კმ-ს აღწევს და რუსეთის კალინინგრადის ოლქის დასავლეთ საზღვრიდან 500 კმ-იან რადიუსში ხვდებიან პოლონეთის,გერმანიის ,ლიეტუვასა თუ ლატვიის დედაქალაქები, ხოლო „ისკანდერის“ ახალი აერობალისტიკური რაკეტები,რომელთა ფრენის სიშორე ათას კმ-მდეა გაზრდილი, უკვე ფინეთს, შვედეთს, ნორვეგიას, ნიდერლანდებს, ბელგიასა და ცოტათი საფრანგეთსა და იტალიასაც კი სწვდებიან...
თუმცა, პარიზის, რომის, ლონდონის, მადრიდის თუ ლისაბონის დასაშინებლად პუტინს შემონახული აქვს 5-6 ათას კმ-მდე მფრენი, საშუალი სიშორის მოქმედების მობილური სარაკეტო კომპლექსები „ორეშნიკი“, რომლის ბელარუსის მიწაზე განთავსების თაობაზე დიდ ხანია აანონსებს ბელარუსის პრეზიდენტი ლუკაშენკო...
ფაქტია, რომ რუსეთ-უკრაინის ომია ღმოსავლეთ ევროპასაც ძალიან „მიუახლოვდა“ და სურს თუ არა ეს ევროკავშირსა და ნატოს,მას მოუწევს რეაგირება და თავისი წევრი ქვეყნების დაცვა სწორედ ამ აღმოსავლეთ ევროპაში, წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი მსოფლიო საბოლოოდ დარწმუნდება, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი,ეს მხოლოდ თიხის ფეხებზე შემდგარი გოლიათი თუ ყოფილა...