სკანდალური კვირა - ჯუანშერ ბურჭულაძის ქონება, ხაბეიშვილის საქმე და ცემა-ტყეპა მელიქიშვილზე - კვირის პალიტრა

სკანდალური კვირა - ჯუანშერ ბურჭულაძის ქონება, ხაბეიშვილის საქმე და ცემა-ტყეპა მელიქიშვილზე

გასულ კვირას სუს-მა ერთსა და იმავე ბრიფინგზე გამოაცხადა ინფორმაცია "ქართული ოცნების" მთავრობაში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძისა და "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის დაკავებაზე. სუს-ს განცხადებაში არ მიუნიშნებია, რომ ამ ორ პირს ან საქმეს შორის რაიმე კავშირი არსებობს. ჯუანშერ ბურჭულაძეს 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ის დაკავებულია სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ფულის გათეთრების ბრალდებებით. სამართლებრივ ენაზე ეს ბრალდებებია "სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება" და "უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება". "თუ წარსულში კორუფციის კუთხით გადაცდომები იყო, ამას სჭირდება რეაგირება პირველ რიგში იმისთვის, რომ პრევენციის ეფექტი მივიღოთ. თუ არ არის ამის მაგალითები, ბუნებრივია, რჩება ცდუნება იმისა, რომ ვიღაცას ხელი წაუცდეს. რა თქმა უნდა, კორუფცია ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დამაზიანებელია. დამაზიანებელია ნებისმიერი სახელმწიფოსთვის და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ კორუფციის აღმოფხვრაზე მაქსიმალურად ვიზრუნოთ", - განაცხადა თავდაცვის ექსმინისტრის დაკავებაზე საუბრისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. სწორედ ამ თემაზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძესთან:

tvalchr.jpg

- ის, რაც მოხდა ჯუანშერ ბურჭულაძესთან დაკავშირებით, ჩემი შეფასებით, არის "ქართულ ოცნებაში" მიმდინარე დაპირისპირების, ანუ გავლენების ახლებური გადანაწილების შედეგი. გვარს არ დავასახელებ, მაგრამ მიხვდებით, ალბათ, ვისზეა ლაპარაკი. აღმასრულებელ შტოს ყოფილი პრემიერის გუნდისგან სრულად ათავისუფლებენ და ძალაუფლებაში მოდის მეორე ფრთა. ამ ორ ფრთას შორის უკვე მრავალი წელი მიდიოდა დაპირისპირება. როგორც ვხედავთ, ამ ეტაპზე კობახიძის გუნდმა მოახერხა წარმატების მოპოვება. მოკლედ, ეს არის შიდა ბრძოლები, ამ ორივე ფრთის პატრონი კი, ალბათ, ზის და ღიმილით ადევნებს თვალს მიმდინარე პროცესებს.

რაც შეეხება კობახიძის ნათქვამს, რომ კორუფციის ფაქტები მხოლოდ წარსულში ხდებოდა, ამის არ მჯერა. დარწმუნებული ვარ ამგვარი სქემებით ტენდერები დღესაც იმართება. უბრალოდ, დღეს ამას არ ახმაურებენ, მაგრამ მოვა დრო და ესეც გასაჯაროვდება, როდესაც გავლენების ახალი განაწილება დაიწყება ან ხელისუფლება შეიცვლება. უბრალოდ, ახლა ასე სჭირდებათ და ბურჭულაძის საქმე ამოატივტივეს. სამწუხაროდ, უხისტესი კონტროლის გარეშე კორუფცია ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის იღებდა სისტემურ ხასიათს. ის ვერავინ ჩაკლა. მისი სრულად მოსპობა ვერსად მოხერხდა, მათ შორის წამყვან, ტრანსპარანტულ ქვეყნებში, თუმცა გააჩნია მასშტაბსაც. მიხეილ სააკაშვილმა მოახერხა ქვედა და საშუალო დონეზე კორუფციის გაქრობა, სამაგიეროდ, ხელი შეუწყო ელიტური კორუფციის სისტემად ქცევას. გავიხსენოთ ისიც, რომ ჯერჯერობით ყველანი საბჭოთა კავშირიდან მოვდივართ, რომელიც თავისი არსებობის ბოლო 30 წლის განმავლობაში კორუფციაში იხრჩობოდა.

- იმავე ბრიფინგზე, როდესაც სუს-მა გამოაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძის დაჭერის ამბავი, ასევე ილაპარაკეს ლევან ხაბეიშვილის დაკავების მიზეზზეც... როგორც სუს-ის მაღალჩინოსნის განცხადებიდან გაირკვა, ის დააკავეს იმის გამო, რომ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს 200 000 დოლარს საჯაროდ ჰპირდებოდა აქციების დარბევაში მონაწილეობაზე უარის შემთხვევაში. სუს-ის შეფასებით, "საქმე შეეხება ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯარო დაპირების ფაქტს".... ეს ვერ ჩაითვლება ნამდვილად ქრთამის მიცემის ფაქტად, ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, ხაბეიშვილის შეთავაზებაც სასაცილო იყო და დაკავების მოტივად გამოყენებაც.

- რაღა დაგიმალოთ და, მეც ასე მიმაჩნია... ჯერ ერთი, ქრთამს, როგორც წესი, ფარულად აძლევენ, ის კი მთელი ქვეყნის გასაგონად ყველა ეთერში გაჰკიოდა. გარდა ამისა, დავიანგარიშოთ, რას სთავაზობდა ხაბეიშვილი დამრბევებს: თითოს - 200 000 დოლარს. სულ ცოტა, 1000 კაცს მაინც ხომ უნდა ეთქვა დარბევაზე უარი, რომ ეს რეალურად ასახულიყო პროცესზე. გამოდის, სულ ცოტა, ნახევარი მილიონი ლარი უნდა გადაეხადა და სად აქვს ხაბეიშვილს ამხელა ფული? გამოდის, ეს პიტალო ტყუილია... მიუხედავად იმისა, რომ მე იურისტი არა ვარ, ჩემი აზრით, ეს ბრალდება იურიდიულად სრულიად გაუმართავი და გაუმართლებელია. ისე ჩანს, რომ "ქართული ოცნება" ამგვარი აბსურდული ბრალდებით ხაბეიშვილისგან გმირს ქმნის და ვერ გამიგია, ეს რაში სჭირდება. მისგან ოპოზიციონერი ლიდერის იმიჯს ძერწავენ. რა ვიცი, შეიძლება არ სურთ, რომ ეს იმიჯი უფრო ჭკვიანი ადამიანისგან გამოიძერწოს. ჩემი აზრით, ეს აშკარად პროვოკაციას ჰგავს, როგორც ზოგიერთი ე.წ. ოპოზიციონერის რადიკალური განცხადებები სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაზე და ა.შ. ვინც ამას ამბობს, ან პირდაპირ "ქართულ ოცნებაზე" მუშაობენ, ან იდიოტები არიან.

არსებობს მოსაზრება, რომ ხელისუფლებას შეეშინდა ხაბეიშვილის მიერ დაქადნებული 4 ოქტომბრის აქციის. ოპოზიციაში ამის რესურსს ვერ ვხედავ, მით უმეტეს პარტიების ასეთი დაქსაქსულობის ფონზე... საზოგადოებაში არის უდიდესი უკმაყოფილება, მაგრამ ვერ ხერხდება მისი აკუმულირება. მთელი უბედურება ის არის, რომ ჩვენი საზოგადოება ალტერნატივას ვერ ხედავს.

კი ბატონო, გავუშვით "ქართული ოცნება", მერე რას ვშვრებით? - აი, ეს კითხვა აწუხებს ძალიან ბევრ ჩვენს მოქალაქეს.

ათასჯერ მაქვს ნათქვამი, რომ გამარჯვების მისაღწევად საჭიროა კონსოლიდაცია, მაგრამ ჩვენი ოპოზიცია ოპოზიციურ ფლანგზე ვერ იყოფს ადგილს და წარმოიდგინეთ, ძალაუფლების მიღების შემთხვევაში როგორ დაჭამენ ერთმანეთს. 2012 წელს ივანიშვილმა გამარჯვება სწორედ ოპოზიციის გაერთიანებით მოახერხა. ეს კონკრეტული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ჩემი აზრით, ყველაზე ნაკლებად აქტიური იქნება. ელექტორატის დიდი ნაწილი არ მივა საარჩევნო ურნებთან. სამწუხაროდ, ამის აზრს ვერ ხედავენ.

მიმაჩნია, რომ ოპოზიციას არჩევნებში სრულფასოვნად უნდა მიეღო მონაწილეობა, მაგრამ რადგან ამაზე შეთანხმება ვერ მოხერხდება, საჭირო იყო ერთიანობის შენარჩუნება და ბოიკოტი ყველას უნდა გამოეცხადებინა. ძალა ერთობაშიაო, ძველი ქართული ნათქვამია, თუმცა საქართველოში დაქსაქსვა უკეთ გამოგვდის, ვიდრე ერთიანობა. ოპოზიციაში არ ჩანს ფიგურა, რომლის გარშემოც ყველა გაერთიანდებოდა.

გადავხედოთ ჩვენს უახლეს ისტორიას: ჯერ ხალხი გაერთიანდა ზვიად გამსახურდიას ირგვლივ და გადააგდეს კომუნისტები, შემდეგ ედუარდ შევარდნაძის, მერე მიხეილ სააკაშვილის და ბოლოს ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ. ხალხი მხარს უჭერდა ძლიერ ფიგურას, რომელსაც ყელში ამოსული სისტემის ალტერნატივად მიიჩნევდა. დღეს ასეთი ფიგურა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში არ ჩანს.

ვიდრე ოპოზიციის გამაერთიანებელი ფიგურა არ გამოჩნდება, მე ასეთი დაქსაქსული ოპოზიციის გამარჯვების, არც არჩევნებით და არც მშვიდობიანი რევოლუციით, არ მჯერა. საჭიროა ახალი მიზიდულობის ცენტრი...

თავის დროზე ამგვარ გამაერთიანებელ ფიგურად ქცევის შანსი ჰქონდა მამუკა ხაზარაძეს, "ნაციონალურ მოძრაობასთან" ალიანსში რომ არ შესულიყო და მათსავით არ დაეწყო ლაპარაკი, შემდგომ თავის შეცდომას კი მიხვდა და პოზიციის შეცვლა სცადა, მაგრამ უკვე გვიანი იყო...

- კახა კალაძის შტაბთან 8-9 სექტემბერს განვითარებული მოვლენების შეფასებაც უნდა გთხოვოთ, რის შემდეგაც კალაძის ბანერზე წარწერის გაკეთების ბრალდებით დააკავეს სტუდენტი გოგონა.

- მადლობა ღმერთს, გოგონა ამჟამად თავისუფალია, გირაოთი გამოუშვეს, მაგრამ რაც იმ შტაბის მიმდებარედ ვნახეთ, მართლაც გამაოგნებელი იყო. შტაბიდან გამოსული ამხელა კაცები როგორ ურტყამდნენ ქალებს, ზოგიერთი კი შვილისტოლა გოგონებს. ეს ყველაფერი აჩვენებს, რამხელა ფარსია "ქართული ოცნების" წარმომადგენლების ტრადიციებზე, ქალის პატივისცემაზე, "კაცი კაცი რომ უნდა იყოს" ლაპარაკი. მაგათთვის მთავარი ძალაუფლების შენარჩუნებაა, დანარჩენი კი მხოლოდ ცარიელი ლაპარაკია. რომელ ქართულ ძირძველ ფასეულობებზე გველაპარაკებიან, როდესაც ქალს ჯერ შეურაცხყოფა მიაყენა მამაკაცმა, მერე ამის გამო სილა რომ მიიღო, ადგა და ამ ქალს უჩივლა და დააჭერინა... ეს არის ქართული ფასეულობა, ქალის პატივისცემის ტრადიცია? ასეთი პრინციპები უნდა დანერგონ მოსახლეობაში? ეს ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი პოლიტიკური კონიუნქტურა, მლიქვნელობაა... "ქართული ოცნების" ლოზუნგები მლიქვნელური ლოზუნგებია. ეგენი პოლიტიკურ პრაგმატიზმს რომ ეძახიან, ეს ნიშნავს, რომ მათთვის ყველაფერი დაშვებულია. ეს არ არის თანამედროვე, პროგრესული პოლიტიკური პარტიისთვის დამახასიათებელი ნიშნები, ეს უფრო ლათინურამერიკული პოლიტიკური სისტემის მოდელს ჰგავს.

- 10 სექტემბერს შეერთებული შტატების "ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიაში", იმავე ჰელსინკის კომისიაში, გაიმართა მოსმენა საქართველოს შესახებ. მომხსენებლებმა და კონგრესმენებმა მწვავედ გააკრიტიკეს "ქართული ოცნების" საგარეო და საშინაო პოლიტიკა. "პარტნიორიდან პრობლემამდე: საქართველოს ანტიამერიკული გადახვევა" - ამ სათაურით გამართულ სხდომაზე კონგრესმენებმა მოუსმინეს: საქართველოს მე-5 პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს; თავდაცვის ყოფილ მინისტრ თინა ხიდაშელსა და "ჰადსონის ინსტიტუტის" უფროს მკვლევარ ლუკ კოფის. მოსმენაზე ისაუბრეს "მეგობარი აქტის" მიღების საჭიროებაზე, "ქართული ოცნების" ხელისუფლების დაახლოებაზე რუსეთთან, ირანსა და ჩინეთთან და თქვეს, რომ ეს ეწინააღმდეგება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოლიტიკას. გავრცელებული ინფორმაციით, MEGOBARI აქტის განხილვა აშშ-ის სენატში, რომელიც ითვალისწინებს 2024 წლის შემდეგ "ქართული ოცნებისა" და პარლამენტის წევრებისთვის, ასევე მათ ოჯახის წევრებისთვის, სხვადასხვა სახის სანქციის დაწესებას, მათ შორის ვიზების შეზღუდვას, ჯერჯერობით შეჩერებულია. ამერიკული მედიის ცნობით, ერთ-ერთი, ვინც მიღებას ეწინააღმდეგება, რესპუბლიკელი სენატორი მალინია.

- როგორც ცნობილია, ამ კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება ვერ ხერხდება, შესაბამისად, ამ კანონპროექტს ჩვეულებრივ განიხილავენ, რაც, როგორც ამბობენ, გრძელვადიანი პროცესია. ნებისმიერ შემთხვევაში ეს ვერ შეცვლის ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დინამიკას. ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი რეგიონის ორივე ქვეყანამ, სომხეთმა და აზერბაიჯანმა, დაამყარა პირდაპირი და უშუალო კავშირი ამერიკის ამჟამინდელ ადმინისტრაციასთან. "ქართულ ოცნებას" კი, ისე ჩანს, რომ აშშ-ის ადმინისტრაციასთან საჯარო კი არა, კულუარული არხებიც კი არ შერჩა. სხვათა შორის, ამაზე მეტყველებს ყაველაშვილის მიერ ტრამპისთვის გაგზავნილი ღია წერილიც. რაც შეეხება სენატორ მალინს, ჩემი აზრით, ერთ სენატორს მთლიანი კანონპროექტის დაბლოკვის უფლება არა აქვს და არც შეუძლია.

ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით, ოპოზიციაც არ თამაშობს მაინცდამაინც კარგ თამაშს და "ქართული ოცნებაც" ძალიან ცუდად იქცევა, როდესაც არაფრის დათმობა არ სურს და ჯიქურ ცდილობს საკუთარი ინტერესების დაცვას ქვეყნის ინტერესების ხარჯზე. საბოლოოდ ყველაფერი ისე იქნება, როგორც ტრამპი მოისურვებს, მაგრამ, როგორც ვატყობ, მან ჩვენთვის ჯერ ვერ მოიცალა, ვერ ჩამოაყალიბა საქართველოს საკითხზე საკუთარი პოზიცია. ჩემი აზრით, თუ აშშ-მა მონახა საქართველოში რეალური ლიდერი, "ქართულ ოცნებას" დიდი დღე არ უწერია. ამერიკის აქვს იმის გავლენა და ბერკეტები გინდ საჯარო და გინდ კონსპირაციული, რომ რეალურად შეცვალოს აქ ვითარება, თუ, რა თქმა უნდა, მოიცალა ჩვენთვის.

- გასულ კვირას პოლიტიკური მკვლელობა მოხდა აშშ-ში. მოკლული ჩარლი კირკი მეტად პოპულარული, კონსერვატორულ პოზიციებზე მყოფი 31 წლის აქტივისტი და ტრამპთან დაახლოებული პირი იყო. უცნაურია, რომ "ქართული ოცნების" რიგი წარმომადგენლები და მხარდამჭერები ამ ამბავს ლამის მათზე თავდასხმად განიხილავენ, მიიჩნევენ რა თავს კონსერვატორული იდეოლოგიის მიმდევრებად.

- მიუხედავად იმისა, რომ კირკის შეხედულებებს არ ვიზიარებდი, ნებისმიერი ადამიანის მკვლელობა ტრაგედიაა, გინდ მემარჯვენე იყოს და გინდ მემარცხენე. ნებისმიერი შემთხვევაში ტერორიზმი დასაგმობია. ასეთი ტრაგედიების გამოყენება პოლიტიკური იმიჯისთვის, არა მგონია, მორალური იყოს, მით უფრო სად ამერიკის შეერთებული შტატები და სად "ქართული ოცნება". მიუხედავად იმისა, რომ ბევრ რამეში ტრამპის მოსაზრებებს ემთხვევა ამათი რიტორიკა, მე არ მიმაჩნია, რომ "ქართულ ოცნებას" აქვს რაიმე ტიპის ჩამოყალიბებული იდეოლოგია. როგორც მახსოვს, პოლიტიკური მოღვაწეობის გარიჟრაჟზე ივანიშვილიც და "ოცნებაც" მემარცხენე განცხადებებით გამოირჩეოდნენ, ახლა კი უცებ მემარჯვენეები გახდნენ. ეს ყველაფერი ბლეფია, ისევე როგორც ქართულ ტრადიციებზე აპელირება და მის დამცველებად თავის წარმოდგენა.

ისე, სიმართლე რომ ითქვას, ტრამპსაც საკმაოდ მოფაშისტო აზრები აქვს. თუნდაც გავიხსენოთ, რასაც კამალა ჰარისზე ამბობდა. ასე რომ, იმასაც ვერ გამოვრიცხავ, თუ არ გამოჩნდა რეალური ალტერნატივა ქვეყანაში, შესაძლოა "ქართულ ოცნებასთანაც" დაამყაროს ურთიერთობა ტრამპის ადმინისტრაციამ.