პოლარიზაციის ფსიქოლოგია ანუ "შტურმი“ ფსიქიკაზე
სიძულვილის ენა, აგრესია, საზოგადოების ჯგუფებად დაყოფა, ტყუილი, მართალი... სამწუხაროდ, ასეთია ჩვენი დღევანდელი რეალობა. საინტერესოა, როგორ ხსნიან ამ მდგომარეობას ფსიქოლოგები და რაში ხედავენ გამოსავალს. ჩვენი რესპონდენტია ფსიქოლოგი ელენე ჯაფარიძე.
- სიძულვილის ენა უბრალოდ, ჰაერიდან არ მოსულა. ეს ნებისმიერი ავტორიტარული რეჟიმის პირდაპირი სტრატეგიაა, ის სიძულვილის ენით ამყარებს ერთგვარ კონტროლს იმის ხარჯზე, რომ საზოგადოებას ყოფს 2 ჯგუფად და შემდეგ ამ ჯგუფებს ქვე-ქვეჯგუფებად, რადგან როდესაც საზოგადოება ერთიანია, ერთიანდება გარკვეული იდეის გარშემო, მისი მართვა, კონტროლი და დამორჩილება რთულია. ავტორიტარული რეჟიმისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჰქონდეს ტოტალური კონტროლი აბსოლუტურად ყველაფერზე.
როცა კონტროლი დამყარებულია მხოლოდ შიშზე, ადამიანი წყვეტს რაციონალურად აზროვნებას და ემორჩილება, რადგან მასში გადარჩენის ინსტინქტი არსებობს, რისიც ეშინია, იმ შიშის მორჩილი ხდება.
მეორე და მნიშვნელოვანი ამ სტრატეგიაში არის სიძულვილის ენის სტანდარტიზაცია - "ჩვენ ასე ვლაპარაკობთ!" ანუ არსებობს ჯგუფი, ჩვენიანები, და არსებობს მტერი. იმ მტრის დეჰუმანიზაცია ხომ უნდა მოხდეს, თუ რატომ არის მტერი, რომ ის ხელს უშლის, მაგალითად, ქვეყნის განვითარებას, რომ საქართველო იყოს სუვერენული... ადამიანი სოციალური არსებაა, რომელიც ურთიერთქმედებს გარემოსთან ანუ ჩვენი თითოეული რეაქცია განპირობებული იმ სიგნალით, რომელსაც გარემო უშვებს. შესაბამისად, მე, რომელიც შეიძლება ვარ მშვიდი, ხალხის მოსიყვარულე, კეთილი, თუკი ვეფლობი გარემოში, სადაც არის სიძულვილის სტანდარტი და ჩემკენ უშვებენ შეურაცხმყოფელ მესიჯებს, ცდილობენ გამანადგურონ, წამართვან ღირსება, ჩემი დეჰუმანიზაცია გამოიწვიონ, ჩემი რეაქცია იცვლება და მე ვრეაგირებ ამ ყველაფერზე. ეს ერთმანეთზე მიბმული პროცესია. მაგალითად, თუ შევხედავთ მთავრობის დაფინანსებულ ფბ-გვერდებს, იოლი მისახვედრია, რამდენს ხარჯავენ პროპაგანდისტულ მესიჯბოქსებზე - უთუოდ დიდძალი თანხებია. ამით მას აქვს დიდი შესაძლებლობა, მოიცვას საზოგადოების უდიდესი ნაწილი და ის მეორე ჯგუფი, რომელიც ამის საწინააღმდეგოდ ცდილობს გალაშქრებას, ამ სიძულვილის ენასთან ძალიან წამგებიან პოზიციაშია, ფაქტობრივად თავდაცვის რეჟიმშია. როდესაც გეძახიან ფაშისტს, რადიკალს, უსამშობლოს, მახინჯს, არაქალს, ყველაფერს, რაც გილახავს ღირსებას და გართმევს ყველაფერ იმას, რაც გიშენებია, რითაც თავს იწონებდი, რომ ხარ ამ ქვეყნის სრულფასოვანი მოქალაქე, სიძულვილით სავსე მესიჯების გასანეიტრალებლად, საპასუხოდ, იწყება ბრაზის გამოსაშვები მესიჯები.
მეორე მხრივ, ფსიქოლოგიურად როგორი განმარტება და ახსნაც არ უნდა ჰქონდეს, ეს პროცესები ურთიერთკავშირშია ერთმანეთთან - მე ცუდად მეპყრობა და შესაბამისად, ჩემი რეაქციაც შესაბამისია. ფაქტობრივად, ყველა სივრცეში ტოქსიკურ ურთიერთობაში ვართ. ადგილი აღარ დარჩა დადებითისთვის, ჰარმონიულისთვის, სიკეთისთვის.
- როგორ მოქმედებს ეს ყველაფერი?
- ძალიან მძიმედ, რადგან სულ გადარჩენის, ბრძოლის, თავდაცვის პოზიციაში ხარ, მუდმივად დაძაბული. ვაკვირდები ხოლმე ჩემი მეგობრების, პაციენტების, თანამებრძოლების სხეულებრივ დაჭიმულობას, რომელიც ყველაზე კარგად გამოხატავს, თუ რა ზეგავლენას ახდენს მთელი ეს სიძულვილი ჩვენზე, არა მარტო ფსიქიკაზე, არამედ სხეულზეც კი. გიჭირს მოდუნება, რომ ცოტა ხნით საკუთარ თავს დაუკვირდე, რა კარგია ცხოვრება, ვინ ვარ მე, რა მიყვარს, რისთვის მოვევლინე სამყაროს - ეს ყველაფერი გამქრალია. აგრესია და სიძულვილის სტანდარტია დაწესებული, რომ თქვენ ხართ მტრები, ჩვენ ვართ მართლები! შეუძლებელი ადამიანი ამ ვითარებაში დიდხანს ჯანსაღი დარჩეს. სიჯანსაღე არის ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სოციალური კეთილდღეობა. როცა ასეთი ბზარია სოციალურ კეთილდღეობაში, სადაც წახალისებული უსამართლო აგრესია, დევნა და რეპრესია, ფსიქიკა ზიანდება და იწყება ფსიქოსომატიკა. 2024 წლიდან, ფაქტობრივად, ყოველ მეორე მომართვიანობას ახლავს გაუგებარი წარმოშობის თავის ტკივილი, გულ-სისხლძარღვთა პრობლემები, უძილობა, რომელიც ორგანული არაა, კუჭ-ნაწლავის პრობლემები... ამ მთელ შლამს, რომელშიც გვიწევს ყოფნა, ამდენ უსამართლობას, ვერ ინელებს ფსიქიკა.

- ხშირად მოგმართავენ ამ პრობლემებით?
- დეკემბერ-იანვარი მომართვიანობით ყველაზე ინტენსიური იყო. ამას სენსორული ანესთეზია ჰქვია. პაციენტი მოდის და გეუბნება: ვეღარაფერს ვგრძნობ, მხოლოდ ემოციურად კი არა, ფიზიკურადაც, რა დამემართა, არ ვიციო. დაემართა ის, რომ იმდენ უსამართლობას უყურა, რომ ფსიქიკას ამის ატანა აღარ შეუძლია. როდესაც სხვის ტანჯვის შემსწრე ხარ ან გვესმის სხვისი ტანჯვის შესახებ, ვხედავთ მომიტინგეების დარბევას, ვიცით, რომ გვყავს პოლიტპატიმრები და ა.შ., სავსებით ბუნებრივია, დაგემართოს ასეთი ფსიქოსომატური დარღვევა. ჩვენ ამას დარღვევას ვუწოდებთ, სინამდვილეში კი ეს გადარჩენის მექანიზმია - აღარ შეგიძლია ამ ტკივილის გაძლება და ფსიქიკამ უნდა გადაგარჩინოს.
ხშირად მეკითხებიან, როგორ გადავრჩე ამ საყოველთაო სიძულვილშიო.
ჩვენ უფრო მაღალი სტანდარტი უნდა გვქონდეს - რასაც ერთი მხარე კადრულობს, ჩვენ არ ვკადრულობდეთ, მაგრამ ხშირად არ გამოდის, ხელს გიშლის ღირსების შელახვის გამო ბრაზი.
როდესაც მირტყამ უსამართლოდ, გსურს ფიზიკურად და მორალურად გამანადგურო, რასაც წარმოვადგენ, ყველაფერი გააბათილო და წაშალო, მე აუცილებლად უნდა გამოვხატო რეაქცია, რადგან გამოუთქმელობა უფრო გამანადგურებს, იმიტომ, რომ ბრაზი შიგნიდან გჭამს. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ
ჩვენი ინდივიდუალური ტრავმები, პრობლემები არსად წასულა, ამას ემატება კოლექტიური აგრესიული ველი, რომელშიც ვცხოვრობთ და რომელიც თითოეულ ინდივიდუალურად გადაუმუშავებელ ბრაზს უფრო აძლიერებს. თუ ეს ვატარე, არ გამოვთქვი, არ გამოვხატე, უმოქმედო ვხდები, მთელი ენერგია იმაში მიდის, რომ ჩემი კოლოსალური ბრაზი მოვთოკო და ვხდები უუნარო, მაქვს დაღლილობის განცდა, გადავდივარ აპათიაში, აღარაფერი მაინტერესებს ან მეორე უკიდურესობაა - ვფეთქდები, ოღონდ ვფეთქდები არა ერთხელ, არამედ პერმანენტულად.
მეუბნებიან, ისეთ რაღაცაზე ვფეთქდები, რაზეც, ვხვდები, რომ არ უნდა ავფეთქდეო.
- რატომ ხდება ასე?
- იმიტომ, რომ მაგალითად, როცა შეიძლება მიტინგზე ავფეთქდე რომელიმე ტიტუშკასთან ან პატრულთან, ვიცი, რომ ძალიან დიდი საფრთხე მემუქრება, მაგრამ სადღაც ხომ უნდა წავიდეს ეს ენერგია, ვეღარ ვიკავებ, სავსე ვარ და ნაწილ-ნაწილ, პატარ-პატარა დოზებად გამოდის ყველაზე უსაფრთხო ადგილებში, იმისთვის, რომ დავიცალო და შევძლო ამოსუნთქვა. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი სუბლიმირდება რაღაც სხვაში და საბოლოოდ მაინც უკმაყოფილო ვარ, რამეთუ
ადამიანის ფსიქიკას სჭირდება, რომ გარემოდან მოსულ სიგნალს დაუბრუნოს თავისი რეაქცია. თუ ვერ უბრუნებს ან აბრუნებ სხვაგან, მაშინ წაგებული ხარ და რამდენჯერაც არ უნდა ავფეთქდე, როგორც არ უნდა გამოვხატო, რამდენი პოსტიც არ უნდა ვწერო ფბ-ზე, მაინც არ მექნება განცდა, რომ ეს საკითხი დაიხურა. ეს ბოლოს აუცილებლად მიგვიყვანს გამოფიტვამდე.
- ამ ყველაფერს უყურებენ ბავშვები, მათზე როგორ აისახება ეს პროცესები?
- ეს ჩვენი საზოგადოების დიდი ტრაგედიაა. ბავშვებს აქვთ ფანტასტიკური "როლური მოდელი", რომ ასე ქცევა შეიძლება ნორმაა. ისინი ხომ ჩვენგან სწავლობენ ქცევას. ხედავენ, რომ შეიძლება ქუჩაში მომიტინგეებს სცემო, ვიღაცები დააშინო, რომ ძლიერი და აგრესორი იმარჯვებს, რომ მისია ეს სამყარო.
ჯუნგლის კანონები დაკანონდა და გაიმარჯვებს ის, ვინც არის ძლიერი.
რამდენიც არ უნდა აუხსნა ბავშვს, რომ ეს არაა სწორი, მისი რეალობა განსხვავებულია და ამ რეალობიდან გამომდინარე მოქმედებს. ბავშვი იღებს უცნაურ და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას. ერთია, რას ვასწავლით და მეორე - რას ხედავს. რა თქმა უნდა, უჩნდება კითხვები, თუ რომელია ქცევის სწორი ფორმა, მოვიქცე ისე, როგორც მშობელი მარიგებს და შემდეგ დავიჩაგრო, თუ მოვიქცე ისე, როგორც ინსტინქტი მკარნახობს, რომ გადავრჩე.
მოზარდებში, რომელთაც გარდატეხის პერიოდი აქვთ, ჩნდება კითხვა: "ვინ ვარ მე?" და ხდება ჯგუფთან იდენტიფიკაცია - როგორ ჯგუფთან უნდა ვიდენტიფიცირდე, რომ ვიყო ის, ვინც მე მინდა ვიყო. გინდა იყო სამართლიანი და კეთილი, მაგრამ გარემო აბსოლუტურად სხვაა. ხედავ, რომ სამართლიანი და კეთილი ციხეში ჰყავთ ჩასმული, სხვა კი, რომელიც უსამართლოა, შესანიშნავადაა.
- გამოსავალი რა არის?
- საყოველთაო გამოსავალზე ვერ ვილაპარაკებ. ინდივიდუალური გამოსავალი, რომელსაც თავად ვიყენებ, როცა ვგრძნობ, რომ სავსე ვარ ტოქსინითა და აგრესიით, არის ის, რომ შევზღუდო სოცმედია, გავაცნობიერო, რომ რამდენიც არ უნდა ვლანძღო მოწინააღმდეგე მხარე, ამით მხოლოდ და მხოლოდ ბოლს ვუშვებ. ჩემი შინაგანი რეაბილიტირება არ ხდება, ფსიქიკა ვერ ამუშავებს, აგროვებს სხეულში და იწყება მძიმე ფსიქოსომატური დარღვევები. ჩემს თავზე ზრუნვა ნიშნავს, რომ ბრაზი სხეულიდან გამოვიტანო და რაღაც უსაფრთხოში ჩავდო, იქნება ეს სპორტი თუ ხელოვნება. მაგალითად, რაღაც დავხატო, დავწერო, ვირბინო, კრივით დავკავდე... იმიტომ, რომ უნდა გადავრჩე! ერთმანეთის გამხნევებაც უნდა შეგვეძლოს: მესმის შენი ბრაზი, მაგრამ კი არ ვხარშოთ ერთმანეთი ამ ბრაზში, გავიაზროთ, რომ ამის გარდა არსებობდეს სივრცე სხვა თემისთვის. ბრაზობენ ხოლმე, როდესაც ამას ვეუბნები ჩემს მეგობრებს, აქტივისტებს, როგორ შეიძლება სხვა თემა არსებობდესო?! უნდა არსებობდეს! ეს არ ნიშნავს, რომ სხვა თემამ გადაფაროს ყველაფერი, მაგრამ 10%-ით მაინც რაღაც უნდა არსებობდეს, სადაც მე ამოვისუნთქებ და გაჩნდება პოზიტივისთვის სივრცე.