აპირებს თუ არა პუტინი ნატოსთან ომს?!
რამდენიმე დღის წინ უკრაინაზე მორიგი მასირებული იერიშის პარალელურად, რუსეთიდან გაშვებული რამდენიმე ათეული უპილოტო საფრენი აპარატი პოლონეთის ცაში აღმოჩნდა. უპილოტო საფრენი აპარატების ნაწილი ჩამოაგდეს, ნაწილი კი ლუბლინის რეგიონში ჩამოვარდა, რამაც აეროპორტების დროებითი დახურვა გამოიწვია. სწორედ ამ ეპიზოდმა გახადა პოლონეთი პირველი ნატოს ქვეყანა, რომელმაც რუსეთის საბრძოლო პლატფორმას ცეცხლი გაუხსნა უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ.
ნატოს გენმდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ ალიანსი დაიცავს თავის ცას და წევრებს, რასაც მოჰყვა Eასტერნ შენტრყ-ს ოპერაციის დაწყება. ეს პროგრამა ითვალისწინებს ნატოს წევრი ქვეყნების საბრძოლო თვითმფრინავებისა და საზღვაო პლატფორმების მოქნილ განთავსებას აღმოსავლეთ ფლანგზე, რათა მოწინააღმდეგისთვის რთული გახდეს ალიანსის თავდაცვითი ძალების განლაგების წინასწარ გათვლა. პრაქტიკულად, ეს ნიშნავს, რომ პოლონეთის ცა აღარ არის მხოლოდ ვარშავის პასუხისმგებლობა და მასზე პასუხისმგებლობა კოლექტიურად ნაწილდება, რაც ერთიანობის ძლიერი სიგნალია.
ამ ინციდენტმა პოლონეთის შიდაპოლიტიკურ სივრცეშიც მნიშვნელოვანი ნაყოფი გამოიღო - თავდაცვის სისტემების გაფართოებაზე, რეზერვისტების მომზადებასა და საჰაერო თავდაცვის საშუალებების, განსაკუთრებით მოკლე და საშუალო რადიუსის სისტემების შეძენაზე მყარი კონსენსუსის საფუძველი გახდა.
საერთაშორისო დონეზე კი შემთხვევამ ორი პარალელური შედეგი მოიტანა: ერთი მხრივ, ის აჩვენებს ალიანსის ერთიანობას და ნატოს ოპერატიული შესაძლებლობების ეფექტიანობას, მეორე მხრივ კი, ზოგიერთი განცხადება, მაგალითად, ტრამპის მინიშნება, რომ შესაძლოა საქმე „შემთხვევითობასთანაც“ გვქონდეს, დიპლომატიურ დისკომფორტს ქმნის ვარშავაში, რადგან განსხვავებული ტონი აღიქმება როგორც სიგნალი, რომ დასავლეთში ერთიანი შეფასება ყოველთვის არ არსებობს. ასეთ ფონს დაემატა ირონიული კომენტარებიც - მაგალითად, სოციალურ ქსელებში გავრცელდა ხუმრობა, რომ მეხუთე მუხლი ნიშნავს იმას, ვისაც თავს დაესხმებიან, ნატოს წევრი არ არისო. ამ ფრაზამ თითქოს ერთ წინადადებაში შეაჯამა ალიანსის მუდმივი ცდა, თავიდან აიცილოს პირდაპირი ჩართვა კონფლიქტში, რომელიც შესაძლოა სრულმასშტაბიან ომად გადაიქცეს, რაც სტრატეგიულად სწორია, მაგრამ საზოგადოებაში აჩენს ნატოს მიმართ უნდობლობას და მისი სისუსტის განცდას. შედეგები ევროპისთვის მრავალმხრივია. ერთი მხრივ, Eastern Sentry-ს მსგავსი ოპერაციები აძლიერებს საერთო თავდაცვით ქოლგას და ქმნის განცდას, რომ ნატოს წევრები უსაფრთხოდ არიან, მეორე მხრივ კი არის შიში, რომ ევროპამ შესაძლოა რესურსების ნაწილი უკრაინის მხარდაჭერიდან საკუთარ ცაზე გადაამისამართოს. სწორედ ამიტომ ხშირად გაისმის მოწოდება, რომ უსაფრთხოების სისტემა უნდა იყოს პარალელური - ერთი მხრივ, ევროპული ცის დაცვა, მეორე მხრივ, უკრაინისთვის საჭირო ქოლგის შენარჩუნება.
გვესაუბრება საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი, GIPA-ს პროფესორი თორნიკე შარაშენიძე.
- არავინ იცის, რეალურად რა მოხდა. ტრამპი ერთს ამბობს, სხვები - სხვას. არის განხილვა, ჩავარდა თუ არა ნატო, რატომ არ ამოქმედდა მეხუთე მუხლი და ა.შ.

- რატომ არ ამოქმედდა? ეს კითხვა ხომ რეალურად არსებობს?
- ჩემი აზრით, ნატო ამოქმედდება ნატოს წევრ რომელიმე სახელმწიფოზე სრულფასოვანი თავდასხმის შემთხვევაში. იმის გამო, რომ დრონი შეფრინდა, ომს რუსეთთან არავინ დაიწყებს.
- ჩავთვალოთ, რომ ეს იყო არა შემთხვევითობა, არამედ გამიზნულად გაკეთებული, მაშინ რა მიზანი უნდა ჰქონოდა რუსეთს? ნატოს რეაქციას ცდის?
- თუ ეს იყო გამიზნულად გაკეთებული, შეიძლება იმიტომ, რომ დაენახებინა, რომ მეხუთე მუხლი არ ამოქმედდებოდა. რა თქმა უნდა, კრემლი ამაში დარწმუნებული იქნებოდა. არსებობს ძალიან გადაჭარბებული მოლოდინი ამ მეხუთე მუხლის ამოქმედებაზე. ეს მუხლი ნატოს წევრ ქვეყანაზე მხოლოდ სრულფასოვანი შეტევის შემთხვევაში ამოქმედდება. შესაძლოა რუსეთმა ეს იმიტომაც გააკეთა, რომ ამ მუხლის ამოქმედებაზე გადაჭარბებული მოლოდინი გაექარწყლებინა.
- დიდი ხანია არსებობს ევროპაში რუსეთის შეჭრის მოლოდინი, განსაკუთრებით ბალტიისპირეთში. რამდენად რეალურია ეს საფრთხე დღეს?
- როგორც ვიცით, ბალტიისპირეთში ამერიკელი სამხედროები დგანან და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ სიტუაციაში, როდესაც პუტინმა რაღაც დონეზე მოახერხა, ხაზს ვუსვამ, რაღაც დონეზე, ტრამპთან დაახლოება, რაც აღიზიანებს ევროპას, რაში სჭირდება ამერიკასთან ურთიერთობის კიდევ უფრო გაფუჭება? ანუ მიაღწია იმას, რომ რაღაც დონეზე გათიშა ამერიკა და ევროპა ერთმანეთისგან და დაარტყამს ახლა ბალტიისპირეთს, სადაც ამერიკელი სამხედროები დგანან?
- მაშინ ბალტიისპირეთს რა ინტერესი აქვს, რომ მუდმივად ამ საფრთხეზე ილაპარაკოს.
- როგორც ჩანს, ძალიან ეშინიათ უკრაინის დამარცხების, რადგან ფიქრობენ, რომ უკრაინის შემდეგ რუსეთი მათ მიადგება. ამ შიშში კი ლოგიკა არის. სხვა საკითხია, აპირებს თუ არა რუსეთი ნატოსთან ომს, ვიდრე უკრაინაში ომს დაამთავრებს. ეს ახლა სრული სიგიჟე მგონია, უფრო მეტიც, დატესტვაც კი.
თუ რუსეთი აპირებს ნატოსთან ომს, ომში კი ვგულისხმობ იმას, რომ მაგალითად, თავს დაესხას ლატვიას, ეს მოხდება მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც უკრაინაში ომს დაამთავრებს და თუ ლატვიაში ამერიკელები აღარ იდგებიან.
- ტრამპმა რუსეთს 2-კვირიანი ვადა მისცა, რაც პრინციპში, უკვე ამოიწურა ისე, რომ არც ერთ მხარეს არ გახსენებია. ტრამპის ამგვარი განცხადებებიდან გამომდინარე, შეიძლება თქმა, რომ პუტინი "დალაგდა" ტრამპთან, თუნდაც რაღაც დონეზე? რეალურად რა ხდება ამერიკასა და რუსეთს შორის?

- ბევრი ელოდება, რომ ტრამპი რაღაცას იზამს, მაგრამ რა უნდა გააკეთოს? დარჩა რაიმე სერიოზული ბერკეტი დასავლეთს რუსეთზე ზემოქმედებისთვის? ვინმეს ილუზია აქვს, რომ რუსული ნავთობი მსოფლიოში არ გაიყიდება? თუ არ გაიყიდება, ამას მოჰყვება ნავთობის ფასის კატასტროფული ზრდა და მთელი მსოფლიოს ეკონომიკის კოლაფსი. შესაძლოა ცოტა უფრო იაფად იყიდონ, ვიდრე რუსეთს აწყობს. ეს სხვა ამბავია.
- ეს სიიაფე იმდენად დააზარალებს რუსეთს, რომ სერიოზული ბერკეტი გახდება რუსეთის წინააღმდეგ?
- სწორედ მაგაშია საქმე, რამდენად დააზარალებს ნავთობის სიიაფე. არ იყიდიან ევროპელები? იყიდიან ჩინელები. ცოტა უფრო იაფად, მაგრამ ამით საბოლოოდ რუსეთიც დაზარალდება და ევროპაც. მოგებულები კი ამ ომიდან პირველ რიგში ჩინელები რჩებიან. ყველაზე წაგებულია, ცხადია, უკრაინა, რუსეთი და შემდეგ ევროპა.
- რუსეთისთვის ვადების მიცემა რამდენად ეფექტიანია და საბოლოოდ რა შედეგი შეიძლება ჰქონდეს? ხომ ხედავენ, რომ აქამდე შედეგი არ მოუტანია. რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს ტრამპს, როდესაც ასეთ განცხადებებს აკეთებს?
- როგორც ჩანს, ვიღაცებს აგულიანებს - ეს არის და ეს. ვიღაცებს მართლა სჯერათ, აი, ახლა თითს გაატკაცუნებენ და ყველაფერი დამთავრდებაო.
- ევროპის და რუსეთის ურთიერთობაში რა შეიძლება მოხდეს? მით უმეტეს, ევროპა ამბობს, რომ უკრაინაში ჯარს ჩააყენებს, პუტინი კი პასუხობს, რომ ნებისმიერი სხვა ქვეყნის ჯარი უკრაინაში მისი სამიზნე გახდება.
- ჯარი არ ჩადგება, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით. შეხედეთ, საფრანგეთს ისევ კრიზისი აქვს და წარმოიდგინეთ, ამ სიტუაციაში მაკრონმა ჯარი გაგზავნოს და თუნდაც ერთი სამხედრო დაიღუპოს, ამას რა მოჰყვება.
- სხვა ქვეყნები?
- სხვა ვინ? სად ჰყავთ ევროპის ქვეყნებს ჯარი? ვისაც შედარებით სერიოზული ჯარი ჰყავს ევროპის კვალობაზე, საფრანგეთია და მერე, ალბათ, პოლონეთი. როგორც გითხარით, მეხუთე მუხლის ამოქმედება დამოკიდებულია იმაზე, თუ რას იზამს ამერიკა. მაგალითად, შევიდა პოლონეთი უკრაინაში, ესროლა რუსეთმა, დახოცა პოლონელი ჯარისკაცები და პოლონეთმა შეიძლება მოითხოვოს მეხუთე მუხლის ამოქმედება, მაგრამ ამერიკელებმა შეიძლება უთხრან, რომ შენ უკრაინელების ტერიტორიაზე იყავი და ვერ ავამოქმედებთო - ანუ პოლონეთს სჭირდება ამერიკის გარანტია, რომ მეხუთე მუხლს ასეთ შემთხვევაშიც აამოქმედებს და შესაბამისად, ამერიკელების ნებართვის გარეშე ამას ვერ გააკეთებს. ამ სიტუაციაში კი ამერიკელები მისცემენ ნებართვას? ვფიქრობ, არ მისცემენ.
- ნატოს ეგიდით უკრაინის ტერიტორიის, კონკრეტულად გამყოფი ხაზის დაცვა თუ გაკონტროლება რამდენად რეალურია?
- ჩემი აზრით, ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ ომის დასრულების შემდგომ. ვიდრე ომი მიდის და რუსეთი ისვრის რაკეტებს უკრაინის ტერიტორიაზე, იქ არავინ არ ჩადგება, ევროპელები, მით უმეტეს.
- დღევანდელი მდგომარეობით ომის დასრულების პერსპექტივა როგორია? სულ ცოტა ხნის წინ იყო მოლოდინი, რომ ამ შემოდგომაზე დასრულდებოდა.
- დასრულება დამოკიდებული იყო კომპრომისზე, კომპრომისის მიღწევა კი, როგორც ვხედავთ, ჯერჯერობით შეუძლებელია. რუსეთმა რაც დაიკავა, იმის მიერთებას და დანარჩენი უკრაინის სრულ ნეიტრალიზაციას ითხოვს. ამაზე ცხადია, არ მიდიან, რუსეთის პირობა მიუღებელია. ამიტომაც ომი, ალბათ, იქნება მანამდე, სანამ ერთ-ერთი მხარე სერიოზულად არ ჩამოიშლება.
- ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ნატოს პერსპექტივა როგორია? შეიძლება იმის თქმა, რომ მისი ფუნქცია არ ამოწურულა?
- ჯერჯერობით თავის თავს იცავს და მეტი რა უნდა ქნას. პრობლემა ის არის, რომ თავის დროზე ნატოზე მოლოდინი ძალიან გაზარდეს, აი, ნატო დაიცავს იმათაც, ვინც მისი წევრი არ არისო. რეალურად სისულელე გააკეთეს, როცა არ გაქვს შნო, უნდა შეეშვა, ხომ? მოინდომეს რუსეთის დამარცხება, მაგრამ ჯერ ვერ ამარცხებენ და დაიწყეს ვიშვიში, ვაიმე დავიღუპეთ, ნატო იშლებაო. რატომ უნდა დაიშალოს, როცა თავის ფუნქციას ასრულებს, თავის თავს იცავს.
ილუზიებში ცხოვრობენ და ყველაფერი ამის ბრალია. მე ნატოს ძალიან ბევრ შეხვედრაში მიმიღია მონაწილეობა და შევამჩნიე, რომ ეს ამერიკას ნაკლებად ეხება, მაგრამ ევროპელებს დაეტყოთ გაზარმაცება და პოლიტიკურ პენსიაზე გასვლა. ევროკავშირი ხომ რეალურად ცალკე სამოთხეა, მშვიდად არიან პოლიტიკურ პენსიაზე და ცხოვრებით ტკბებიან. ევროკავშირს ეს პოლიტიკურად ძალიან დაეტყო, დაკარგეს ძველი ფხა, რეალისტურად ვეღარ აღიქვამენ გეოპოლიტიკას. გაიხსენეთ ფონ დერ ლაინის განცხადება, რუსეთი ჩამოიშალა, ჩიპებისთვის სარეცხ მანქანებს შლიანო. ამას რომ ამბობ, საკუთარ თავს ხომ უნდა დაუსვა კითხვა, რუსეთს ამხელა ჩინეთი ჰყავს გვერდზე და ის ვერ მისცემს რუსეთსო? როდესაც ამხელა ეკონიმიკური მონსტრი გყავს ჩინეთის სახით, ეს ხომ მიუთითებს პოლიტიკური კლასის დაქვეითებაზე? ყველაფერი აქედან გამომდინარეობს.
რუსა მაჩაიძე