სეპარატისტები ახალ აპარტეიდულ „კანონს“ ამზადებენ - კვირის პალიტრა

სეპარატისტები ახალ აპარტეიდულ „კანონს“ ამზადებენ

აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმი ნოემბერში ახალი "კანონის" მიღებას გეგმავს, რომელიც ტაქსისტობას აუკრძალავს ყველას, ვისაც ე.წ. აფხაზეთის მოქალაქეობა არა აქვს. შეზღუდვის ინიციატივა სოხუმში აფხაზი ტაქსის მძღოლების გაფიცვას მოჰყვა - აფხაზებმა დე ფაქტო ხელისუფლებისგან მიგრანტებისათვის მგზავრთა გადაყვანის აკრძალვა მოითხოვეს. დე ფაქტო ხელისუფლებამ დაპირება გასცა, რომ შეზღუდვების დაწესებაზე "კანონის" მიღება მალე მოხდება. ეს კი ნიშნავს, რომ ტაქსისტობა აეკრძალებათ გალელ ქართველებსაც, რადგან მათ მხოლოდ ბინადრობის მოწმობა აქვთ, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე უუფლებო ცხოვრებისა და ენგურის ხიდზე გადაადგილების ნებართვას იძლევა.

აფხაზი ტაქსისტები სოხუმში 4-5 სექტემბერს გაიფიცნენ და მთავარ მოედანზე საპროტესტო აქცია გამართეს მოთხოვნით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მგზავრთა გადაყვანის სექტორში მუშაობა აეკრძალათ. ისინი აცხადებდნენ, რომ შუააზიელი მიგრანტები მათ შრომის ბაზარზე ავიწროებენ.

"ბევრი მათგანი მართვის მოწმობის გარეშე დადის, ყალბი დროებითი კუპონებით. ამ სექტორში მიგრანტების რაოდენობამ უკვე 200 კაცს გადააჭარბა. მძღოლების თქმით, მათ სტუმრად მოსული მძღოლები ავიწროებენ, ამიტომ გადაწყვიტეს, შეკრებილიყვნენ და პრობლემის გადაჭრის რაიმე ფორმა ეპოვათ", - წერს ტელეგრამარხი "ნიუს აბხაზია".

გაფიცულ ტაქსის მძღოლებს სოხუმის დე ფაქტო მერი და ე.წ. ეკონომიკის მინისტრი შეხვდნენ და განაცხადეს, რომ მიგრანტების მუშაობის შეზღუდვის ინიციატივა უკვე განხორციელების პროცესშია.

ე.წ. მინისტრის თქმით, გაფიცვებამდე "პრეზიდენტს" უკვე გაცემული ჰქონდა დავალება, რომ 10 ნოემბრამდე მომზადებულიყო ცვლილებები "ტრანსპორტის ლიცენზირების შესახებ კანონმდებლობაში უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ტაქსის მძღოლებად მუშაობის აკრძალვაზე", მძღოლების პროტესტის გამო კი ვადამ გადმოიწია და ცვლილებებს 10 ოქტომბრამდე დაამტკიცებენ.

სოხუმის ე.წ. მერმა ასევე აღნიშნა, რომ "პრეზიდენტის" აზრი სრულად ემთხვევა ტაქსის მძღოლების ინტერესებს: "მეც მხარს გიჭერთ. ვფიქრობ, ეს საკითხი მოგვარდება".

იმავდროულად, დე ფაქტო შს სამინისტროს პრესსამსახურმა განაცხადა, რომ მკაცრად შემოწმდება, აქვთ თუ არა მუშაობის ლეგალური ლიცენზია მიგრანტ ტაქსისტებს.

საგულისხმოა, რომ გასულ წელსაც იყო სოხუმში დიდი პროტესტი სამუშაო ბაზრის გამო. მაშინ აფხაზები რუსი გიდების წინააღმდეგ გამოვიდნენ. როგორც აფხაზურ მედიაში დაიწერა, დე ფაქტო ხელისუფლებამ მოსკოვიდან მიიღო დავალება, რომ ტურისტულ სექტორში რუსი გიდებისთვის მუშაობის ნებართვა მიეცათ, რასაც აფხაზების აღშფოთება მოჰყვა, აცხადებდნენ, რომ რუსი გიდები ამახინჯებენ "აფხაზეთის ისტორიას", ტურისტებს ეუბნებიან, რომ აფხაზეთი რუსეთის ნაწილია, ამახინჯებენ ადგილობრივ წეს-ჩვეულებებსა და ტრადიციებს, არ იციან, როგორ მოიქცნენ საკულტო ადგილებში. გარდა ამისა, რუსების ამ ბაზარზე შემოსვლის ნებართვა ნიშნავს, რომ აფხაზები შემოსავლის გარეშე დარჩებიან. ამიტომაც დე ფაქტო ხელისუფლებისგან მოითხოვდნენ, "საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების" უფლებების დაცვას. მაშინ სიტუაცია იმდენად გამწვავდა, რომ ტურიზმის დე ფაქტო მინისტრი იძულებული გახდა გადამდგარიყო. საბოლოოდ აფხაზებმა თავისი გაიტანეს და რუსი გიდები ბაზრიდან გააძევეს.

აქციების პარალელურად დიდი განხილვები გაიმართა ადგილობრივ ტელეგრამარხებზეც, უცხოეთის მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ თუ არა მუშაობის უფლება. "თუ უნდათ, იმუშაონ მშენებლობაზე, ფერმაში ან მეეზოვეებად და დამლაგებლებად, მაგრამ არა ტაქსიზე და მით უმეტეს, არა ექსკურსიებზე. აფხაზეთში არ უნდა ჰქონდეს მუშაობის უფლება არავის, ვინც არ იცის აფხაზური"...

ნაწილის აზრით, აკრძალვის დაწესება დისკრიმინაციაა, რომ ხშირად მიგრანტ ტაქსისტებთან მგზავრობა უფრო კომფორტულია, მანქანა გამართული და სუფთა აქვთ, მაშინ როდესაც აფხაზების მანქანები მოუწესრიგებელია, ხშირად ნასვამებიც არიან, სიგარეტსაც მანქანაში ეწევიან და შენიშვნა თუ მიეცი, გინებას იწყებენ.

ტელეგრამარხი "ამრა-ლაიფის" ცნობით, მიგრანტებისათვის ტაქსის მძღოლებად და გიდებად მუშაობის აკრძალვაზე დავის გამო გულწრფელი კითხვები ჩნდება: "სად შეუძლიათ მიგრანტებს მუშაობა აფხაზური პასპორტისა და აფხაზური ენის ცოდნის გარეშე?"

"კითხვა საკმაოდ აქტუალურია, რადგან მხოლოდ აფხაზეთის მოქალაქეებს სურთ ყველაზე მომგებიან სფეროებში მუშაობა, რაც კონკურენტებისთვის ბარიერებს ქმნის. თუმცა ყველაზე არაპოპულარული ვაკანსიები დიდი ხანია მიგრანტებს ეძლევათ. თქვენი აზრით, შეუძლია თუ არა მიგრანტს ქუჩების დალაგება, მშენებლობაზე მუშაობა, რემონტის ჩატარება, ბალახის თიბვა, ნაგვის მანქანაზე მუშაობა, ბაზარში მტვირთავად ან მზარეულად მუშაობა აფხაზური პასპორტისა და ენის ცოდნის გარეშე?" - ატეხილ ისტერიკას ერთგვარი ირონიით ეხმაურება ტელეგრამარხი.

გაურკვეველია გალის რაიონის მცხოვრებთა საკითხი, შეძლებენ თუ არა ისინი ტაქსის მძღოლებად მუშაობის გაგრძელებას ახალი შეზღუდვების შემოღების შემდეგ. თუმცა ტელეგრამარხებზე წერენ, რომ ახალი "კანონით" ტაქსისტობა გალელებსაც აეკრძალებათ, რადგან მათ არც აფხაზური ენა იციან და არც "აფხაზეთის მოქალაქეობა" აქვთ.

ქართველების კიდევ მეტად შესავიწროებლად წელს ეს უკვე მეორე "კანონი" იქნება. აფხაზებმა ორი თვის წინ ე.წ. სამოქალაქო კოდექსში შეიტანეს ცვლილება, რის მიხედვითაც იკრძალება, რომ ქართველმა აფხაზეთში უძრავი ქონება ანდერძით ან მემკვიდრეობით მიიღოს.

მსგავსი ტიპის აკრძალვა ადრეც არსებობდა, თუმცა ჩანაწერში საუბარი იყო მხოლოდ იმ პირებსა და მათი ოჯახის წევრებზე, ვინც იბრძოდა ან რაიმე ფორმით ეხმარებოდა ქართულ არმიას 1992-93 წლებში. ამჯერად ნორმა გამკაცრდა და ჩაიწერა, რომ "უცხო ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი" ვერ მიიღებს ქონებას ანდერძით თუ მემკვიდრეობით, თუკი მისი ოჯახის რომელიმე წევრი "აფხაზეთის სუვერენიტეტის" წინააღმდეგ ქმედებებსა თუ განცხადებებში იქნება შემჩნეული.

„ქართველების ეთნიკური წმენდა და აპარტეიდი აფხაზებს იდეოლოგიის დონეზე აქვთ აყვანილი“

მამუკა არეშიძე, "სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის" ხელმძღვანელი: - აფხაზები აპროტესტებენ, რომ 200-ზე მეტი მიგრანტი მუშაობს ტაქსისტად და შუააზიელები ლუკმაპურს ართმევენ. მართლაც 200 შუააზიელი ტაქსისტის გამო კი არ დაწყებულა აფხაზების ნერვიულობა?! აფხაზები ცნობილი არიან სიზარმაცით. მათ უყვართ უფროსობა და დირექტორობა - შლაპა, პორტფელი და ჰალსტუხი - გიჟდებიან ამაზე. ძალიან ცოტა თუ მუშაობს, ძალიან ცოტაა აფხაზი ტაქსისტი. მათი ეს ხმაური და შეზღუდვა ირიბად სომხებს ეხება.

აფხაზების მთავარი პრობლემაა სომეხი მოსახლეობა, რომელიც გეომეტრიული პროგრესიით გაიზარდა. მათ დიდ უმეტესობას არა აქვს აფხაზეთის ე.წ. მოქალაქეობა, ძირითადად, რუსეთის მოქალაქეები არიან, კრასნოდარის მხარეში ან მთიან ყარაბაღში დაბადებულები. თუ ვინმე ართმევს აფხაზებს ლუკმაპურს, სწორედ სომხები არიან, მათ ძირითადად, წვრილი ბიზნესი აქვთ და ძალიან ეფექტურად მუშაობენ. გენეტიკურად მოსდევთ შრომისმოყვარეობა და აფხაზებზე კარგადაც ცხოვრობენ, რაც აფხაზებს აღიზიანებთ. ამიტომაც ლაპარაკობენ აფხაზები პრეტენზიებით შუა აზიიდან ჩამოსულ მიგრანტებზე, რეალურად კი გულისხმობენ სომხებსაც, თან იციან, რომ სომხები ბევრნი არიან და ვერ ახერხებენ მათ შეზღუდვას, რაზეც ნერვიულობენ. აფხაზეთში ანტისომხური გამოსვლები პერიოდულად არის ხოლმე, მაგრამ არა მასობრივი პროტესტი. არჩევნების დროსაც იყო ანტისომხური ამბები, მაგრამ პასუხიც მიიღეს. თუკი ყველა დე ფაქტო არჩევნების დროს სომხური ხმების გადანაწილება ხდებოდა, ნაწილი ოპოზიციას აძლევდა ხმას, ნაწილი კი ე.წ. სახელისუფლებო გუნდს. ახლა ამ ე.წ. არჩევნებზე სომეხი მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ ე.წ. სახელისუფლებო კანდიდატს მისცა ხმა და ამით პირდაპირ უთხრეს აფხაზებს, ჩვენ შეგვიძლია გადამწყვეტი როლის თამაში, თუ საჭირო გახდებაო.

- ტელეგრამარხებზე წერენ, რომ ამ ახალი "კანონით" ტაქსისტობა აეკრძალებათ გალის ქართველებსაც.

- მიუხედავად იმისა, რომ ამ ახალ შეზღუდვაზე საუბარი ირიბად სომხების გამო ატყდა, ის ქართველებს აუცილებლად შეეხება. ქართველების ეთნიკური წმენდა და აპარტეიდი აფხაზებს იდეოლოგიის დონეზე აქვთ აყვანილი და ერთი კანონით მეტს მიიღებენ თუ ნაკლებს, ეს ქართველების უუფლებო ცხოვრებას არ შეცვლის. ქართველისგან მტრის ხატი შექმნილია და მისი ამოძირკვის მექანიზმი არ მუშაობს. აფხაზეთში ქართველი აფხაზზე წინ არ უნდა იყოს არაფერში, რადგან აფხაზებს შიში აქვთ, რომ შეიძლება ქართველები გაძლიერდნენ და დაბრუნდნენ. პრინციპში, შეიძლება ბევრი აფხაზი აცნობიერებს ამ აპარტეიდული დამოკიდებულების სიმახინჯეს, მაგრამ ბევრს ასეთი ვითარება ხელს აძლევს, იმიტომ, რომ ქართველის ქონებაზე აქვთ თვალი, ზოგი ქართველის ქონებაშია შეჭრილი და იცის, რომ ქართველების მიმართ მიდგომა რომ შეიცვალოს, შეიძლება კანონიერი პრეტენზიები გაუჩნდეთ ქართველებს. ყველაფრის ეშინიათ: ქართველების აშკარად, სომხების - ფარულად, შუააზიელების ნახევრად აშკარად.

- როგორია აფხაზეთის სეპარატისტების აპარტეიდული რეჟიმი გალში, რა ტიპის პრობლემები აქვთ ქართველებს დღეს?

- ყველაზე დიდი აპარტეიდული კანონია ის, რომ გალში ქართველებს მშობლიურ ენაზე სწავლა აკრძალული აქვთ, მხოლოდ რიგით საგნად ასწავლიან ქართულს კვირაში 2 დღე. ბავშვებსა და მასწავლებლებს აკრძალული აქვთ ქართულად საუბარი დასვენებების დროსაც კი. ეს უკვე არაოფიციალური აკრძალვაა და კონტროლდება. ყველა სკოლასა და საბავშვო ბაღებში დირექტორები აფხაზები ან გააფხაზებული ქართველები არიან. განსაკუთრებით კონტროლდება გალის ზედა ზონის სოფლის სკოლები, იმიტომ, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ ის ბავშვები, ვისაც სწავლის გაგრძელება უნდათ, ქართულის უცოდინარობის გამო წავიდნენ სასწავლებლად ან სოხუმში, ან რუსეთში. ე.წ. ქვედა ზონის სოფლებში კონტროლი ნაკლებად აქტიურია. უფრო სწორად, აფხაზებს რესურსი არ ჰყოფნით, რომ ყველაფერი გააკონტროლონ. მინდა ერთი რამ დავაზუსტოთ - როცა ვამბობთ, რომ დირექტორებად და მაკონტროლებლებად ყველგან აფხაზები არიან, ესეც პირობითია - შეიძლება მეგრული გვარი ჰქონდეს, მაგრამ აფხაზობდეს. მაგალითად, წლების წინ გალის ე.წ. გამგებელი იყო თემურ ნადარაია, წარმოშობით ხობელი. მისი ოჯახის წევრები, ძმაც და ნათესაობა ახლაც ხობში ცხოვრობენ, ეს კი ზოგიერთ აფხაზზე მეტად აფხაზია აფხაზური სეპარატიზმის მხარდაჭერის საქმეში. სხვებიც არიან ასე.

გალში ქართველები ცხოვრობენ მამა-პაპის სახლებში, რომლებიც აფხაზური ე.წ. კანონით მათი საკუთრება არ არის. როცა ოჯახის უფროსი გარდაიცვლება, მის შთამომავალს სახლიდან არავინ გამოაძევებს, მაგრამ პრობლემები ექმნებათ, თუკი გაყიდვას მოისურვებენ. გალელებს აქვთ მხოლოდ საკუთარ სახლში ცხოვრებისა და ენგურის ხიდზე გადაადგილების უფლება, რისთვისაც აქვთ სპეციალური საბუთი, ბინადრობის მოწმობა (ვიდ ნა ჟიტელსტვო) და ამ საბუთის ვადის გასვლის შემდეგ ხელახლა აღების დროსაც ექმნებათ პრობლემები. თუკი ნაცნობი არა გყავს და ქრთამს არ გადაიხდი, შეიძლება შენი საბუთი თაროზე შემოდონ და დარჩე გადაადგილების უფლების გარეშე. ზოგიერთ შემთხვევაში აფხაზური დე ფაქტო ადმინისტრაცია ამ შეზღუდვებს ძალიან აქტიურად ატარებს, ზოგ შემთხვევაში ხდება ამის გაპარება პირადი ურთიერთობებით ან ქრთამით. სამწუხაროდ, დე ფაქტო ადმინისტრაციულ თანამდებობებზე არიან ადამიანები, რომლებიც გუშინწინ იყვნენ ქართველები და დღეს აფხაზები არიან. ეს არის უბედურება და საშინელი რეალობა.

ეკატერინე ბასილაია