რა შემთხვევაში მოუწევს ბანკს სესხის ჩამოწერა
ამჯერად ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი ნუგბარა როსტიაშვილი უპასუხებს შეკითხვებს.

თუ იპოთეკით არა მაქვს ჩადებული ბინა და სესხს ვერ ვიხდი, ბანკს აქვს უფლება ბინა გამიყიდოს?
- თუ ბინა არ არის ჩადებული (იპოთეკით უზრუნველყოფილი) კონკრეტული სესხის უზრუნველსაყოფად, მაშინ ბანკს თქვენი ბინის გაყიდვის პირდაპირი უფლება არა აქვს. თუმცა შეუძლია მიმართოს სასამართლოს, თანხის დაკისრების მოთხოვნით შეიტანოს სარჩელი და ასევე მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფა, რაც ნიშნავს, რომ შესაძლოა სასამართლო განჩინებით აგეკრძალოთ ბინის გასხვისება/უფლებრივად დატვირთვა. სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ბანკის მოთხოვნის საფუძველზე გაიცემა სააღსრულებო ფურცელი, რომლის საფუძველზე აღსრულების ეროვნულ ბიუროს შეუძლია თქვენს სახელზე არსებულ ნებისმიერ ქონებაზე დაიწყოს იძულებითი აღსრულება (მათ შორის ბინა, მანქანა ან სხვა ქონება). ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ბინა თავდაპირველად იპოთეკით არ იყო დატვირთული, მაინც შეიძლება გახდეს აღსრულების საგანი.
მყავს ერთი შვილი. 8-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ მეუღლეს გავშორდი. ბინა, რომელშიც ვცხოვრობდით, არის თანაცხოვრების დროს შეძენილი და ქმრის სახელზეა. ჩვენი ქორწინება არ არის სამოქალაქო წესით რეგისტრირებული, რადგან საჯარო რეესტრში არ დაგვიფიქსირებია ქორწინება. მაქვს მხოლოდ ეკლესიის მიერ გაცემული ჯვრისწერის მოწმობა. ქონების გაყოფაზე სასამართლოში რომ შევიტანო საჩივარი, ეს დოკუმენტი გამომადგება თუ არა?
- საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, მეუღლეთა შორის ქონების გაყოფა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ისინი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ. ჯვრისწერის მოწმობას იურიდიული ძალა არ გააჩნია და ქორწინების დამადასტურებელ ოფიციალურ დოკუმენტად არ ითვლება. ამდენად, თუ ქორწინება არა გაქვთ რეგისტრირებული სამოქალაქო აქტების სააგენტოში (იუსტიციის სახლში), მაშინ სამართლებრივად თქვენი ურთიერთობა ოფიციალურ ქორწინებად არ ითვლება. შეგიძლიათ სცადოთ ფაქტობრივი თანაცხოვრების დამტკიცება, მაგრამ ქართულ კანონმდებლობაში ასეთი ინსტიტუტი პირდაპირ არ არის გაწერილი. პრაქტიკაში სასამართლოები, როგორც წესი, ქონების გაყოფას მხოლოდ რეგისტრირებული ქორწინების დროს განიხილავენ.

თბილისში ვცხოვრობ და სახლის წინ მქონდა მანქანა გაჩერებული. მანქანას დაეცა ხე და დამიზიანა, დაზღვეული არ მყავს. აქვს თუ არა თბილისის მერიისთვის მიმართვას აზრი?
- თუ ხე ეკუთვნის თბილისის მუნიციპალიტეტს (ქუჩაზე, სკვერში ან ეზოში დარგული მუნიციპალური გამწვანების ნაწილი იყო), შეგიძლიათ მიმართოთ თბილისის მერიას, გამგეობას. ამ დროს შეგიძლიათ მოითხოვოთ ზიანის ანაზღაურება. მაგრამ მერია, როგორც წესი, ანაზღაურებას იხდის მხოლოდ მაშინ, თუ დადასტურდება, რომ მათ ჰქონდა ვალდებულება ხის მოვლა-პატრონობაზე (მაგალითად, ხე ავარიული იყო, და მოქალაქის მიერ იყო წინასწარ განცხადებული, მაგრამ რეაგირება არ მომხდარა). უბრალოდ, ბუნებრივი მოვლენით (ქარი, ჭექა-ქუხილი) დაზიანებაზე ანაზღაურება იშვიათად ხდება. შეგიძლიათ დაწეროთ საჩივარი თბილისის მერიაში, დაურთოთ ფოტოები და ყველა ის მტკიცებულება, რაც გაგაჩნიათ. თუ მერია უარს იტყვის, შეგიძლიათ უარი გაასაჩივროთ სასამართლოში, მაგრამ თქვენი მოთხოვნის დაკმაყოფილება რეალურია იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ ხე წლებია ავარიული იყო და მერია უყურადღებოდ ტოვებდა.
ვარ "სფერო ჰოლდინგისგან" დაზარალებული. ვიგირავე ბინა 20. 000 დოლარად, კომპანიამ გამიფორმა ხელშეკრულება, სადაც წერია მხოლოდ ასეთი ფრაზა: "კომპანია პასუხს აგებს თავისი ქონებით", თუმცა არ არის მითითებული კონკრეტული ქონება. სამწუხაროდ, მაშინ არ მიმიქცევია ამისთვის ყურადღება. ახლა ვნახე ამ თაღლითურ სქემაზე მომზადებული სიუჟეტიც, საიდანაც ირკვევა, რომ ჩემს მდგომარეობაში ასობით ადამიანია. სასამართლოში სარჩელის შეტანას აქვს აზრი და როგორ უნდა გავარკვიო, მათ სახელზე არის თუ არა დაუყადაღებელი ქონება?
- თუ კომპანიის სახელით გაფორმებულია მხოლოდ ზოგადი ხელშეკრულება ("კომპანია პასუხს აგებს თავისი ქონებით"), ეს არის სისუსტე ხელშეკრულებაში, რადგან კონკრეტული ქონება არ არის მიბმული. შეგიძლიათ შეიტანოთ სარჩელი სასამართლოში და მოითხოვოთ თქვენი თანხის დაბრუნება, ხოლო უზრუნველყოფის მიზნით შეგიძლიათ სარჩელთან ერთად მოითხოვოთ კომპანიის ქონების გასხვისების/უფლებრივად დატვირთვის აკრძალვა. შედეგი დამოკიდებულია იმაზე, აქვს თუ არა კომპანიას რეალური ქონება. თუ უკვე მიმდინარეობს მის მიმართ სხვა სახის დავები, პირველად დაკმაყოფილდება იმ პირთა მოთხოვნა, ვინც პირველი მიმართავს გადაწყვეტილების აღსასრულებლად აღსრულების ეროვნულ ბიუროს. ქონების შემოწმება შეგიძლიათ საჯარო რეესტრში ანდა ნაპრ.გოვ.გე-ზე კომპანიის სახელზე არსებული უძრავი ქონების მოძიებით. თუმცა უმჯობესია, ამონაწერის განახლება მოითხოვოთ, ახალი მდგომარეობით რა სახის ქონება აქვს აღნიშნულ კომპანიას. ასევე, შეგიძლიათ მიმართოთ პოლიციას და პროკურატურას განცხადებით თაღლითობის თაობაზე.
შემიძლია თუ არა დავადგინო, რა ქონებას ფლობდა პირი მის სიცოცხლეში?
- მამკვიდრებლის ქონების სრულ აღწერას შეიცავს სამკვიდრო მოწმობა, რომელსაც გასცემს ნოტარიუსი, თუმცა სამკვიდრო მოწმობა პერსონალური ინფორმაციაა და მხოლოდ მემკვიდრეებისთვისაა ხელმისაწვდომი. მოძიება, თუ რა უძრავი ქონება შეიძლება ჰქონდეს საკუთრებაში პირს, შესაძლებელია საჯარო რეესტრის მეშვეობითაც.
ჩემს მეუღლეს, რომელიც არის უცხო ქვეყნის მოქალაქე, ბინადრობაზე ეთქვა უარი, გვყავს საერთო შვილი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა და ვცხოვრობთ მეხუთე წელია ერთად. მას აქვს ასევე მის სახელზე საქართველოში ბინაც. ამ დრომდე ვიზით შემოდიოდა და გადიოდა. როგორ შემიძლია ამ პრობლემის მოგვარება? უარის მიზეზიც არ ვიცით.
- თქვენ ხართ საქართველოს მოქალაქე და გყავთ საერთო შვილი, ასევე მეუღლეს აქვს ქონება საქართველოში, ეს გარემოებები კარგი საფუძველია ბინადრობის ნებართვის მისაღებად. თუ უარი ეთქვა, აუცილებელია მიმართოს სასამართლოს და გაასაჩივროს უარი. გასაჩივრების პერიოდში ითვლება, რომ იგი კანონიერად იმყოფება საქართველოში, რაც ასევე ერთ-ერთი დადებითი მხარეა გასაჩივრების, რადგან ამ შემთხვევაში პირი არ არღვევს საქართველოში კანონიერად ყოფნისათვის განსაზღვრულ ვადას.
ჩემს მამამთილს ჰქონდა ბაბუის ქონება, რომელიც წლებია გაუფორმებელია. მას ჰყავს და-ძმა და ისინიც გარდაცვლილები არიან. ის სახლი წლებია დაკეტილია და არავინ იყენებს, არც არავის უცდია მისი გადაფორმება. რომ მივმართოთ ნოტარიუსს, დაგვჭირდება თუ არა სხვა შთამომავლების თანხმობა? ხომ არ გახდება ეს სადავო და რა პროცედურების გავლაა საჭირო?
- თუ ბაბუის ქონება დაუფიქსირებელია და თქვენი მამამთილი იყო მემკვიდრე, მაგრამ არ გაიფორმა, დღეს უკვე მემკვიდრეობის უფლება ეკუთვნის მის შვილებსა და გარდაცვლილი და-ძმის შთამომავლებსაც. პირველ რიგში უნდა მიმართოთ ნოტარიუსს, ვინაიდან სამკვიდრო ქონების გახსნისათვის კანონით დადგენილი 6-თვიანი ვადა გასულია, ნოტარიუსი გეტყვით უარს, თუმცა უარი საჭიროა სასამართლოსთვის მისამართად და სამკვიდროს ფაქტობრივი გზით დაუფლების თაობაზე იურიდიული ფაქტის დასადგენად. სხვა მემკვიდრეებს უფლება აქვთ მოგედაონ სამკვიდროზე, თუმცა მათაც მოუწევთ ფაქტობრივი ფლობის დადასტურება. ასევე, შესაძლებელია, რომ ყველა მემკვიდრემ ერთად მიიღოთ სამკვიდრო ქონება, რა თქმა უნდა, თუ ეს თქვენს ინტერესებში შედის.
შეიძლება თუ არა ფიზიკურ პირს ბანკმა დააკისროს კრედიტის წინსწრებით დაფარვის საკომისიო, ანუ პირგასამტეხლო თანხის გადახდა, თუ ის უცხოური ვალუტით გაცემული სესხის ლარში გადატანას ახდენს?
- თუ სესხის ვადამდე დაფარვას აპირებთ, ბანკს შეუძლია დაგაკისროთ წინსწრებით დაფარვის საკომისიო, ეს დამოკიდებულია ხელშეკრულებაზე. თუმცა, თუ საქმე ეხება ვალუტაში გაცემული სესხის ლარში გადატანას (კანონით გათვალისწინებულ კონვერსიას), ბანკს არა აქვს უფლება დაგაკისროთ დამატებითი პირგასამტეხლო.
ონლაინმაღაზიამ თავად გამიუქმა შეკვეთა და ახლა ორი თვეა თანხასაც არ მიბრუნებენ. როგორ შემიძლია დავიბრუნო? ვინ დაიცავს ჩემს უფლებებს, სასამართლოს გარეშე შესაძლებელია?
- საქართველოს მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონის მიხედვით, ონლაინმაღაზიას აქვს ვალდებულება, თანხა დაგიბრუნოთ იმავე გზით, რომლითაც გადახდა მოხდა. თუ 2 თვეა არ გიბრუნებენ, წერილობით მიმართეთ კომპანიას (ელექტრონული ფოსტით ან ოფიციალური წერილით). შემდეგ შეგიძლიათ მიმართოთ საქართველოს კონკურენციის სააგენტოს, ასევე სასამართლოს სარჩელით, თუმცა რა თანხაზეა საუბარი და რამდენად გიღირთ, ეს უკვე შეფასების საგანია და თქვენ უნდა გადაწყვიტოთ.
მაქვს ბანკის ვალი, მაგრამ არა მაქვს ბინა ჩადებული. რამდენიმე თვეა ვერ ვიხდი პროცენტს, თუ ბინა არა მაქვს ბანკში ჩადებული, მაინც შეუძლია თუ არა ბანკს ბინა დამიყადაღოს და შემდეგ გამიყიდოს? ხომ არ ჯობია ბინა სასწრაფოდ სხვაზე გადავაფორმო, ჯერჯერობით საქმის წარმოება დაწყებული არ არის სასამართლოში. რას მირჩევთ?
- დიახ, ბანკს შეუძლია მოითხოვოს ყადაღის დადება თქვენს სახელზე არსებულ ქონებაზე. ასევე შეუძლია მოითხოვოს აუქციონზე რეალიზაცია ვალის ამოღების მიზნით. თუ თქვენს სახელზე ბინა უკვე არის, შესაძლოა გასხვისებამაც ვერ გიშველოთ, რადგან ბანკი მიხვდება, რომ თავის არიდების მიზნით გაასხვისეთ. ხშირად ხდება ამ მიზნით მოჩვენებითი გარიგებების დადება და ამ დროს ბანკი ხშირად ითხოვს მოჩვენებითი და თვალთმაქცურად დადებული ხელშეკრულებების მოშლას.
მაქვს ბანკის სესხი, გასულია უკვე 11 წელი. ემიგრაციაში ვიყავი და ახლა დავბრუნდი საქართველოში, მინდა ხანდაზმულობაზე საჩივრის შეტანა სასამართლოში, რადგან სასამართლოს პროცესები ძალიან იწელება, მითხრეს, რომ აღსრულების ეროვნულ ბიუროში მიმართვაც საკმარისი იქნება ხანდაზმულობის მოსახსნელად. რა დოკუმენტების წარდგენა დამჭირდება ამისთვის?
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, სესხზე ხანდაზმულობის ვადა არის 3 წელი, თუ თქვენი სესხის თაობაზე მიღებულია გადაწყვეტილება და აღსრულების ფურცელი არსებობს, მაგრამ უკვე გასულია 10 წელი, ნიშნავს, რომ შეგიძლიათ მოითხოვოთ აღსრულების წარმოების შეწყვეტა ხანდაზმულობის საფუძველზე. ამისთვის შეგიძლიათ პირდაპირ მიმართოთ აღსრულების ეროვნულ ბიუროს წერილობითი განცხადებით დაურთოთ: პირადობის მოწმობა, თქვენი სესხის/აღსრულების დოკუმენტი (თუ გაქვთ), და დაასაბუთოთ, რომ ვადა გასულია. თუ საქმე ნაწარმოები არ არის სასამართლოში, ამ შემთხვევაში სასამართლოს უნდა მიმართოთ მოთხოვნის ხანდაზმულად აღიარების თაობაზე.
გაზეთ „კვირის პალიტრაში“ გრძელდება მკითხველებისთვის საინტერესო კითხვებზე პასუხების გაცემა. თუ გაქვთ შეკითხვა იურისტთან და გჭირდებათ კომპეტენტური პასუხის მიღება, შეგახსენებთ ჩვენი ფოსტის მისამართს.Tea.khurtsilava@gmail.com ამ ფოსტასა და ასევე ჩვენი საიტის ვებგვერდზე, სტატიის ქვეშ, შეგიძლიათ მოგვწეროთ შეკითხვები და შევეცდებით უმოკლეს დროში მიიღოთ პასუხები