რატომ დაიჭირეს ხუთი ყოფილი თავდაცვის მინისტრი
11 სექტემბერს სამართალდამცავებმა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე მძიმე ბრალდებით დააკავეს...
"ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ჯუანშერ ბურჭულაძის მითითებით თავისთვის და ღ.მ.-სთვის გამორჩენის მისაღებად საქართველოს თავდაცვის მინისტრის იმდროინდელმა მოადგილემ გ.ხ.-მ და ამავე სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა ვ.ღ.-მ მინისტრის ახლო ნათესავის ვ.მ.-ს დახმარებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატის შეძენის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით შექმნეს არაკონკურენტული გარემო, რის შედეგადაც არარეალური გარიგებების დადების გზით ხელოვნურად გაიზარდა აპარატის რეალური საბაზრო ღირებულება და 2 მილიონ 606 ათას 72 ლარად ღირებული მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის აპარატი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მიწოდებულ იქნა 3 მილიონ 940 ათას ლარად. დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად თავდაცვის სამინისტროს მიადგა მილიონ 333 ათას 728 ლარის ქონებრივი ზიანი", - აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
ბურჭულაძეს სუს-ი ასევე ედავება განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონებისთვის წარმოშობის წყაროს დამალვასა და შენიღბვას.
"2025 წლის იანვარში ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახმა 544 000 ევროდ შეიძინა ესპანეთში, მალაგის პროვინციაში მდებარე მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლით. ვინაიდან აღნიშნული თანხის კანონიერი წარმომავლობა ჯუანშერ ბურჭულაძესა და მის მეუღლეს არ უფიქსირდებოდათ, აღნიშნული თანხის რეალური წარმომავლობის დამალვა/შენიღბვის მიზნით, 2024 წლის 9 დეკემბერს ჯუანშერ ბურჭულაძის მეუღლესა და მესამე პირს შორის გაფორმდა ფიქციური ნასყიდობის ხელშეკრულება დაბა წყნეთში, ნუშის ბაღების ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონების 620 000 ევროდ მიყიდვის შესახებ. რეალურად კი ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს აღნიშნული ქონება არ გაუსხვისებია და ხელშეკრულების მიზანი იყო მხოლოდ ესპანეთში გადასარიცხი თანხის წარმომავლობის შენიღბვა. ამასთან, დამატებით, გამოიყენა ფიქციური სესხის ხელშეკრულებები. აღსანიშნავია ისიც, რომ ჯუანშერ ბურჭულაძემ დასახელებული 544 000 ევროს უკანონო წარმოშობის დამალვის მიზნით, 2025 წლის მარტში, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში საერთოდ არ მიუთითა ესპანეთში შეძენილი უძრავი ქონება.
ხსენებული მეთოდებით ჯუანშერ ბურჭულაძემ განახორციელა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 1 593 212 ლარის უკანონო/დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაცია". თუკი სასამართლომ ჯუანშერ ბურჭულაძე დამნაშავედ ცნო, მას შეიძლება დაემუქროს თავისუფლების აღკვეთა 9-დან 12 წლამდე.ჯუანშერ ბურჭულაძე თავდაცვის მინისტრის პოსტზე 2021 წლის 22 თებერვლიდან 2024 წლის 8 თებერვლამდე.
1991 წლიდან მოყოლებული, თავდაცვის მინისტრის პოსტი 20 პირს ეკავა და მათგან ოთხი სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ბრალდებით იყო დაკავებული.
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრებიდან პირველად დააპატიმრეს თენგიზ კიტოვანი, რომელიც ამ თანამდებობაზე 1992 წლის მაისიდან 1993 წლის მაისამდე იყო. 1995 წლის 13 იანვარს თენგიზ კიტოვანი დაახლოებით 700 მსუბუქად შეიარაღებული დევნილით დაიძრა მარშით, როგორც ამბობდა, აფხაზეთის დასაბრუნებლად. ზესტაფონთან ისინი შევარდნაძის ხელისუფლების ძალოვანმა სტრუქტურებმა დააკავეს და 1996 წლის ოქტომბერში მას უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების ორგანიზების ბრალდებით 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს, თუმცა პრეზიდენტმა შევარდნაძემ კიტოვანი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სამ წელში შეიწყალა.
ირაკლი ოქრუაშვილი, თანამდებობაზე 2004 წლის 17 დეკემბრიდან 2006 წლის 10 ნოემბრამდე იყო. 2007 წლის 25 სექტემბერს ოქრუაშვილი პრეზიდენტმა სააკაშვილმა ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებსა და მკვლელობების შეკვეთებში დაადანაშაულა. ექსთავდაცვის მინისტრს თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში, ფულის გამოძალვასა და სამსახურებრივ გულგრილობაში დასდეს ბრალი. ოქტომბერში მან უარყო სააკაშვილის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები და აღიარა დანაშაული, რის შემდეგაც 2007 წელს იძულებით იქნა დეპორტირებული საქართველოდან. 2012 წლის 20 ნოემბერს ოქრუაშვილი დაბრუნდა საქართველოში და დაპატიმრებული იქნა. 2013 წელს ირაკლი ოქრუაშვილი პოლიტიკურ დევნილად ცნეს, სასამართლომ ყველა ბრალდება მოუხსნა და გაათავისუფლეს. თუმცა 2025 წლის მაისში ამჯერად საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო რვათვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
ოქრუაშვილის შემცვლელი დავით კეზერაშვილი, სამხედრო უწყებას 2006 წლის 10 ნოემბრიდან 2008 წლის 9 დეკემბრამდე ედგა სათავეში, მათ შორის რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის დროს.
ხელისუფლებაში "ოცნების" მოსვლის შემდეგ, კეზერაშვილის წინააღმდეგ რამდენიმე საქმეა აღძრული. ყოფილი მინისტრი ძებნილად არის გამოცხადებული. 2013 წელს ის საფრანგეთში ინტერპოლმა დააკავა, თუმცა საფრანგეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით მის ექსტრადირებაზე ქართულ მხარეს უარი ეთქვა და კეზერაშვილი 2014 წლის თებერვალში ფრანგული ციხიდან გამოუშვეს. 2024 წლის სექტემბერში საქართველოს პროკურატურამ დავით კეზერაშვილს დაუსწრებლად წარუდგინა ახალი ბრალდებები "ქოლცენტრების საქმეზე".
2012 წლის ნოემბრიდან 2022 წლის მარტამდე თითქმის ათი წელი ციხეში გაატარა ბაჩანა ახალაიამ, რომელიც თავდაცვის მინისტრი 2009 წლის 27 აგვისტოდან 2012 წლის 4 ივლისამდე იყო.
ხუთივე თავდაცვის ყოფილი მინისტრისთვის წაყენებული ბრალდებების უკან მათი დაცვის მხარეები მოიაზრებდნენ პოლიტიკურ მოტივსაც, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ნამდვილად იყო თანამდებობის გადამეტება და კორუფცია და საქართველოს თავდაცვის ზოგიერთი ყოფილი მინისტრი (მათ შორის, ვინც დაპატიმრებას ასცდა) შეიძლება კიდევ უფრო მკაცრ სასჯელსაც იმსახურებდეს იმისთვის, რაც თავისი უცოდინარობით თუ ამბიციებით ქართულ ჯარს, განსაკუთრებით კი ოფიცერთა შემადგენლობას დააწიეს მათი სამხედრო კარიერის დანგრევის სახით.