სკანდალური საქმე: ვის აწყობს საქართველოს „ჰექსოგენის დერეფნად“ გადაქცევა?! - რა იყო საშიში ტვირთის საბოლოო დანიშნულება
გასულ კვირას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ოფიციალური ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, უკრაინული სანომრე ნიშნებით მოძრავმა MERCEDES-BENZ-ის მარკის სატვირთო ავტომანქანამ უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით, რუმინეთისა და ბულგარეთის გავლით, თურქეთიდან გადმოკვეთა სახელმწიფო საზღვარი და საბაჟო-გამშვები პუნქტ სარფის გავლით ქვეყანაში შემოვიდა. მისი გადამოწმების შედეგად ავტომანქანაში ნაპოვნია საგულდაგულოდ შენიღბულ სამალავებში მოთავსებული 2.4 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება ჰექსოგენი.
„ამ ეტაპზე გამოძიებით დგინდება, რომ "ასაფეთქებელი ნივთიერება უკრაინის მოქალაქეს, ზემოთ ხსენებული ავტომანქანის მძღოლს მ.ს.-ს, უკრაინის ტერიტორიაზე დაუდგენელმა პირმა გადასცა შენიღბულ კასრებში მოთავსებული ასაფეთქებელი ნივთიერება და განუმარტა, რომ საქართველოს საზღვრის გადაკვეთის შემდგომ, მათთან კავშირზე მყოფი სხვა პირი გამოართმევდა აღნიშნულ ნივთიერებას. უკვე დაკავებულია ასევე უკრაინის მოქალაქე დ.ჟ., რომელმაც მიაკითხა მძღოლ მ.ს.-ს და გამოართვა სამალავებში განთავსებული დიდი ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება", - აცხადებენ სუს-ში და დასძენენ, რომ „"გამოძიება გაგრძელდება საქართველოში შემოტანილი დიდი ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერების საბოლოო დანიშნულების დასადგენად - მზადდებოდა ტერორისტული აქტი საქართველოში, საქართველო გამოიყენებოდა სატრანზიტო ქვეყნად თუ სხვა".
სახელმწიფო საზღვარზე ასაფეთქებელი ნივთიერების გადმოტანა არც აშკარად და არც შენიღბულად არ შეიძლება. ფეთქებადსაშიში ტვირთის ტრანსპორტირება მხოლოდ ოფიციალური შეთანხმებისა და განსაკუთრებული უსაფრთხოების წესების დაცვით ხდება. თუმცა ვინმემ შეიძლება თქვას, რამხელა ამბავი ატეხეს სულ რაღაც 2,4 კგ ჰექსოგენისთვისო.
ერთი შეხედვით, თითქოს უვნებელი ნათქვამია, როდესაც საბჭოთა წარმოების მარტო ერთ, 10 კგ-იან ტანკსაწინააღმდეგო ნაღმ ТМ-62М-ში 8 კგ-მდე ტროტილია, 2,4 კგ-მა ჰექსოგენმა როგორ უნდა „გადააყირაოს ქვეყანაო, თუმცა, ჯერ ერთი, ჰექსოგენის აფეთქების ძალა 1,3-1,6-ჯერ აღემატება ტროტილისას, და მეორე და მთავარი - პლასტიკური ასაფეთქებელი ნივთიერება С-4, რომლის პლასტილინივით დამუშავება და ნებისმიერ ადგილას მიკვრა შეიძლება, 91%-ით სწორედ ჰექსოგენისგან შედგება.
უკრაინული სატვირთო ავტომობილიდან ამოღებული 2,4 კგ ჰექსოგენის (რომელიც შენიღბვის მიზნით საპოხმასალიან კონტეინერში იდო, იმიტომაც, რომ სამსახურებრივ ძაღლს სუნი არ აეღო) დაყოფა შეიძლება უფრო მცირე ზომის ფორმებად და მათზე დეტონატორების დამაგრება, რის შემდეგაც მზადაა თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა - მსუბუქი მანქანის ჰაერში აწევას 200 გრამი ჰექსოგენიც კი ეყოფა, ხოლო თუკი თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის ირგვლივ მიაკრავენ დამაზიანებელ ელემენტებს გადაჭრილი ლურსმნებისა თუ საკისრის რკინის ბურთულების სახით, მაშინ ის ნამდვილ „ჯოჯოხეთის მანქანად“ გადაიქცევა.
ახლა მთავარი კითხვა ის არის, რა დანიშნულება უნდა ჰქონოდა უკრაინიდან გამოგზავნილ 2,4 კგ ჰექსოგენს? ის საქართველოს გავლით (ისევე როგორც მან უპრობლემოდ გამოიარა რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის სასაზღვრო პოსტები, რაც ევროკავშირისა და ნატოს წევრი ქვეყნების საზღვრებზე უსაფრთხოების ზომების დიდ პრობლემებზე მიუთითებს) რუსეთის ტერიტორიაზე უნდა გადაეტანათ და ჩაეტარებინათ მორიგი სპეცოპერაცია "აბლაბუდა"“ უკრაინის დამბომბავი რუსული თვითმფრინავების აეროდრომებზევე ასაფეთქებლად თუ ეს ჰექსოგენი ობიექტს... საქართველოშივე იპოვიდა?
აქამდე არსებული ისტორიები უფრო იმაზე მიუთითებს, რომ „უკრაინული ჰექსოგენის“ მოგზაურობა რუსეთისკენ უნდა გაგრძელებულიყო და საქართველო მხოლოდ სანტრაზიტო ქვეყანა გახლდათ.
2022 წლის 8 ოქტომბერს (პუტინის 70 წლის დაბადების დღიდან რამდენიმე საათში) ყირიმის ხიდზე, რომელიც კრასნოდარის მხარეს ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულთან აკავშირებს, მოხდა საშინელი ძალის აფეთქება, რომელმაც საავტომობილო ხიდის სამი მონაკვეთი ჩაანგრია 250 მ-ის სიგრძეზე, ხოლო გვერდზე გამავალ სარკინიგზო ხიდზე საწვავით სავსე შვიდ სარკინიგზო ცისტერნას ცეცხლი გაუჩინა. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ყირიმის ხიდზე აფეთქდა 20 ტონაზე მეტი მასის ასაფეთქებელი ნივთიერება (ის ჰექსოგენსაც შეიცავდა), რომელიც შენიღბული იყო სამშენებლო პოლიეთილენის კოჭებში და დატვირთული ტრაილერის ძარაზე. ამ სატვირთო ავტომობილმა ასეთი საშიში ტვირთით უკრაინიდან უპრობლემოდ გაიარა რუმინეთის, ბულგარეთის, თურქეთის სასაზღვრო პუნქტები, შემოვიდა სარფიდან საქართველოში, გადავიდა სომხეთის ტერიტორიაზე, ისევ დაბრუნდა საქართველოში და შემდეგ ზემო ლარსის საზღვრიდან ასევე უპრობლემოდ შეაღწია რუსეთში.
ანუ საქართველოს ტერიტორია ერთხელ უკვე იქნა გამოყენებული „"ჰექსოგენის დერეფნად", რამაც აგრესორი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე განსაკუთრებული სიძლიერისა და სამხედრო-პოლიტიკური მნიშვნელობის აფეთქება გამოიწვია - შედეგად, დროებით მწყობრიდან გამოვიდა ყირიმის ხიდი.
გარდა ამისა, დაფიქსირებულია არანაკლებ ორი შემთხვევა, როდესაც საქართველოზე ტრანზიტით უკრაინიდან რუსეთში ასაფეთქებელი ნივთიერებების შეტანას აპირებდნენ - ბოლო შემთხვევაში გამოყენებული იყო ელექტრომობილის აკუმულატორების სათავსები.
რუსეთი რომ აგრესორია და უკრაინის ოკუპაციას ახდენს უდავოა, მაგრამ საქართველოს ტერიტორიის გამოყენება „"ჰექსოგენის დერეფნად"“ უკრაინიდან რუსეთში ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და მოწყობილობების შესატანად არ ჯდება საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებში. და ერთიც, „უკრაინული ჰექსოგენის საკითხში იკვეთება ერთგვარი პოლიტიკური ნიშანიც - დღევანდელ ხელისუფლებას აწყობს, თუკი გამოძიება გაარკვევს, რომ "უკრაინული ჰექსოგენის" საბოლოო პუნქტი არა რუსეთში, არამედ... საქართველოშივე, თბილისში იყო და ეს დაუკავშირდება მოახლოებულ 4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებს და რადიკალური ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერის დაანონსებულ ძალისმიერად მთავრობის შეცვლას.