„ცოფი სად იჩენს თავს, წინასწარ არავინ იცის, ამიტომ მთავარია, ვაქცინაციის დონე იყოს მაღალი“ - კვირის პალიტრა

„ცოფი სად იჩენს თავს, წინასწარ არავინ იცის, ამიტომ მთავარია, ვაქცინაციის დონე იყოს მაღალი“

გასულ კვირას მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაჯახავოში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა. 2 თვის ლეკვმა, რომლის დედა ოჯახმა რამდენიმე თვის წინ მიიკედლა, მიმკედლებელი დაკბინა. ინფორმაცია ცოფის შესახებ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა. როგორც უწყებაში ამბობენ, ლაბორატორიული გამოკვლევით ცოფი დადასტურდა. ტერიტორიაზე გამოცხადდა კარანტინი და დაიწყო ცოფის სალიკვიდაციო ღონისძიებები - დაავადების ამთვისებელი ცხოველების ვაქცინაცია, დეზინფექცია, ცხოველთა გადაადგილების შეზღუდვა და უპატრონო და ცოფის ამთვისებელი ცხოველების ჯანმრთელობაზე ზედამხედველობა. მიმდინარე წელს ეს ცოფის მეხუთე შემთხვევაა. ქუჩის ძაღლების პრობლემა რომ მწვავედ დგას ქვეყანაში, ამას ყველა ხედავს. განსაკუთრებით რთული ვითარებაა რეგიონებში. როგორც წესი, რაიონებში შინაურ ცხოველებს აცრას თითქმის არავინ უკეთებს. არადა, თითო ოჯახში ორი ძაღლი მაინც ჰყავთ და ბევრი მხოლოდ ხმელ პურს აჭმევს. ამიტომაც რაიონის ცენტრები სავსეა მიუსაფარი მშიერი ძაღლებით. ქუჩაში ამდენი ძაღლი იმიტომაც მოგროვდა, რომ ადამიანებს როგორც კი მოჰბეზრდებათ ცხოველი, ქუჩაში აგდებენ, ან ისეთ უკაცრიელ ადგილას ტოვებენ, სადაც მოსახლეობაც არ არის და ცხოველი განწირულია. სწორედ ასეთი ძაღლები ხდებიან ცოფის გადამდები. ჩვენ დავუკავშირდით სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის ცხოველთა განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებების ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის მოადგილეს თენგიზ ჩალიგავას და ამ პრობლემაზე ვესაუბრეთ:

- ჩვენთან 5 სექტემბერს შემოვიდა ცოფის საეჭვო შემთხვევაზე შეტყობინება, მეორე დღეს ჩვენმა ინსპექტორმა აიღო ნიმუში, ლაბორატორიაში გადაგზავნა და ლაბორატორიული კვლევით ცოფი დადასტურდა. ბუნებრივია, საკარანტინო ღონისძიებები დაწესდა. ამჟამად მიმდინარეობს იძულებითი ვაქცინაციები. რაც შეეხება ცხოველს, იყო თუ არა აცრილი, მოკვლევით გაირკვა, რომ ის მიკედლებული იყო, შესაბამისად, არ იყო აცრილი და არ ჰქონდა იმუნიტეტი, ვერ იქნებოდა დაცული ამ დაავადებისგან.

დღეს ჩვენი მთავარი პრობლემა, რომ ქუჩაში ბევრი უპატრონო ცხოველია, რაც ზრდის რისკს, რომ დაავადება გავრცელდეს. ამიტომ მნიშვნელოვანია, მოსახლეობას ვთხოვოთ ითანამშრომლონ სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან, ჩაუტარონ ცხოველებს ვაქცინაცია. იმ შემთხვევაში, თუკი თავიანთი სახსრებით ჩაუტარებენ ვაქცინაციას, მისასალმებელია, მაგრამ ჩვენც შეგვიძლია მათი მომართვის შემთხვევაში ნებისმიერი ცხოველისთვის ცოფზე აცრა.

ეს აუცილებელია იმ ფონის შესანარჩუნებლად, რაც დღეს გვაქვს, ცოფი მნიშვნელოვნად შემცირებულია წინა წლებთან შედარებით.

დღეის მდგომარეობით გვაქვს ცოფის 5 დადასტურებული შემთხვევა, შარშან ამ დროს 22 შემთხვევა გვქონდა. ამიტომ ეს ტენდენცია რომ შენარჩუნდეს და უფრო შემცირდეს დაავადების გამოვლინება, მნიშვნელოვანია მოსახლეობასთან თანამშრომლობა.

- რეგიონებში, მაგალითად, მარტვილში, არის სპეციალური სამსახური, რომელიც ამ პრობლემას მოაგვარებს?

- სურსათის ეროვნულ სააგენტოს ყველა რეგიონში აქვს ოფისი, ჰყავს წარმომადგენლები ყველა მუნიციპალიტეტში. ნებისმიერ მუნიციპალიტეტში შეუძლიათ მიმართვა, ან დარეკონ ცხელ ხაზზე, თუმცა ამის საჭიროება ნამდვილად არ არის, რაიონებში სააგენტოს წარმომადგენლებს ყველა იცნობს, რადგან ბევრ ღონისძიებას ვატარებთ მოსახლეობასთან. მთავარია, მოსახლეობის სურვილი, მოგვმართონ და ვითანამშრომლებთ.

- ის ძაღლი დიდი ხანია ჰყავდა მიკედლებული ოჯახს? დაინფიცირების წყაროს დადგენა შესაძლებელია?

- ინფექციის წყაროს დადგენა რთულია. ეს დაავადება ენდემურია, ვირუსი ცირკულირებს გარეულ ცხოველებში ან ქუჩის ცხოველებში, ან პატრონიან ცხოველებში, რომელთაც უფიქსირდება ცოფი. როგორც კი არაიმუნური ცხოველების ვირუსთან შეხება ხდება, ის ინფიცირდება. ასეთია ინფექციის ბუნება და ხასიათი, აქედან გამომდინარე, თვითონ წყაროს დადგენა, სად ჰქონდა შეხება ცოფიან ცხოველთან, ძალიან რთულია. ამიტომ აქვს მნიშვნელობა ცხოველების ვაქცინაციას. თუ ვაქცინირებულია ცხოველი, შემდგომ თაობას, ამ შემთხვევაში ლეკვს, ორი თვის განმავლობაში აქვს იმუნიტეტი, რომელიც მას იცავს.

სად იჩენს თავს ცოფი, წინასწარ არავინ იცის, ამიტომ მთავარია, ვაქცინაციის დონე იყოს მაღალი. ჩვენ ყველა ოჯახში მივდივართ, ვინც თანამშრომლობს ჩვენთან, ყველას ცხოველს ვცრით. თუ ვიღაც არ აცრის თავის ცხოველს, ან ჩვენთან არ თანამშრომლობს, ასეთ შემთხვევაში ქვეყნის ნებისმიერ ტერიტორიაზეა ცოფით დაინფიცირების ალბათობა. ვაქცინა უფასოა, ევროპული წარმოების და ხელმისაწვდომია. თუ ვინმე გადაწყვეტს, რომ კერძო კლინიკაში აცრას თავისი ცხოველი, უნდა იცოდეს, რომ ფასიანია.

- თუნდაც მარტვილში ბევრი უპატრონო ძაღლია და ეს მოსახლეობაში აჩენს შიშს.

- ქუჩის ძაღლებზე სურსათის ეროვნული სააგენტო ვერ აიღებს პასუხისმგებლობას მათი ვაქცინაციის სტატუსზე. მიმკედლებლის პასუხისმგებლობა მნიშვნელოვანია. ისინი უნდა დაგვიკავშირდნენ და ცხოველს ავცრით. სხვა შემთხვევაში უპატრონო ძაღლების ვაქცინაცია შეუძლებელია.

ქუჩის ცხოველების ჰიპერპოპულაცია დიდი პრობლემაა. ეს გავლენას ახდენს ნებისმიერი დაავადების გავრცელებაზე. ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად მილიონობით ვეტერინარულ მანიპულაციას ატარებს, რაც ეტაპობრივად ისახება შედეგზე.

რაც შეეხება კასტრაციას, სტერილიზაციას, სურსათის ეროვნული სააგენტო საპილოტე პროგრამას ახორციელებს. კასტრაცია, სტრელიზაცია და ვაქცინაციის საპილოტე პროგრამა მიმდინარეობს სამ რეგიონში: კახეთში, იმერეთსა და აჭარაში. ის განივრცობა თუ არა სხვა რეგიონებზე, ალბათ, ეს მას მერე გახდება ცნობილი, როცა დასრულდება პროგრამა.

10 სექტემბრის მონაცემებით, თავშესაფარში გადაყვანილი და ცოფის საწინააღმდეგოდ აცრილია 2 113 ძაღლი და კატა. 2085 იდენტიფიცირებულია როგორც დოკუმენტურად, ასევე საყურე ნიშნით (28-ს ჰქონდა საყურე ნიშანი); 1 835 ძაღლს/კატას გაუკეთდა სტერილიზაცია/კასტრაცია. ბუნებრივ გარემოში დაბრუნდა 1 863 ძაღლი/კატა, ამჟამად თავშესაფარში იმყოფება 250 ძაღლი/კატა. ყველა მათგანი ვეტერინარული მანიპულაციების დასრულების შემდეგ ეტაპობრივად დაუბრუნდება გარემოს.

საპილოტე პროგრამის მიზანია ცხოველების პოპულაციის მართვა, მათ ჯანმრთელობაზე ზედამხედველობა, ცოფისა და სხვა დაავადებების პრევენცია. იმავდროულად, მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვა და უსაფრთხოება.

ჩვენ შეგვიძლია რეკომენდაცია და რჩევა მივცეთ ყველას, მიმკედლებლებს და ასევე მათ, ვისაც ცხოველები ჰყავთ, რომ ჩაუტარონ ცხოველებს კასტრაცია და სტერილიზაცია, რათა არ მივიღოთ მათი უკონტროლო გამრავლება ქვეყანაში. როგორც ვთქვი, ვაქცინაცია კამპანიურია - წელიწადში ერთხელ ჩვენი ვეტერინარები სხვადასხვა სოფელში ჩამოივლიან უფასო ვაქცინაციისთვის. თუ რომელიმე მოსახლე არ დახვდათ სახლში, ან ვერ დაიჭირეს ცხოველი, შეიძლება იქ ვეტერინარი ვეღარ მივიდეს, მაგრამ თუ მეპატრონე დაუკავშირდება ჩვენს წარმომადგენლებს, შეგვიძლია მივიდეთ და ცხოველი ავცრათ.

ცოფზე აცრა წელიწადში ერთხელ კეთდება. როდესაც კონკრეტულ სოფელს გრაფიკით მოუწევს ვაქცინაცია, იქ მაშინ მივალთ. ამ კონკრეტული შემთხვევის გამო უკვე მიმდინარეობს იძულებითი ვაქცინაცია. ამას ჰქვია საკარანტინო პროცესი, რომლის დროსაც ორი-სამი კილომეტრის რადიუსში ყველა ცხოველი აიცრება.

სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად 300 ათასამდე შინაურ ბინადარ ცხოველს (ძაღლს/კატას) ცრის.

სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, დროულად ჩაუტარონ შინაურ ცხოველებს ვაქცინაცია, რათა თავიდან აიცილონ ცხოველების ცოფით დაავადება. ცოფის კონტროლის საერთაშორისო გამოცდილება და კვლევები მიუთითებს, რომ უპატრონო და მიკედლებული ძაღლების პოპულაციის კონტროლი და მათი ვაქცინაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს დაავადების გავრცელების შემცირებასა და აღმოფხვრაში.

რა სიმპტომები აღენიშნება ცოფით დაავადებულ ცხოველს

888-1757883371.jpg

დასნებოვნებულ ცხოველს აღენიშნება მოუსვენრობა, გაძლიერებული ნერწყვდენა; უარს ამბობს საკვებსა და წყალზე, ღრღნის უცხო სხეულებს, ჰკბენს ცხოველებსა და ადამიანებს, პატრონსაც კი. არის შემთხვევები, როცა ხდება ზედმეტად ალერსიანი, შეიმჩნევა სიელმე, ხრინწიანი ყეფა. ცოფის დროს ზიანდება თავისა და ზურგის ტვინი. ცოფით ავადდება ყველა თბილსისხლიანი ცხოველი: ძაღლი, კატა, მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი, ცხენი, ღორი, ვირი, მელა, ტურა, მგელი და სხვა. ადამიანი და ცხოველი ინფიცირდება ცოფით დაავადებული ცხოველის მიერ დაკბენის, დაკაწვრისა და დადორბვლის შედეგად. დასნებოვნება ასევე შეიძლება მოხდეს პირის, ცხვირის, თვალის ლორწოვანზე, დაზიანებულ კანის საფარველზე დაავადებული ცხოველის ნერწყვის მოხვედრით. ამიტომ პირველი დახმარების დაუყოვნებლივ აღმოჩენა მსხვერპლისთვის აუცილებელია. პირველ რიგში ნაკბენი უნდა ჩამოიბანოს სარეცხის საპნით და გამდინარე წყლით, ან საპნიანი ხსნარით მრავალჯერადად. ეს პროცესი უნდა გრძელდებოდეს მინიმუმ 10-15 წუთი. შემდეგ ჭრილობა უნდა დამუშავდეს შესაბამისი ხსნარებით და დაეფინოს სტერილური საფენები. თუ ჭრილობა სისხლმდენია, მაშინვე არ უნდა შეაჩეროთ, რადგან სისხლდენისას ცხოველის ნერწყვიც გამოიდევნება. ცოფისგან დაცვის ერთ-ერთი გზაა ანტირაბიული ვაქცინისა და იმუნოგლობულინის დროული ინიექცია. ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უნდა დაიწყოს დაუყოვნებლივ, რათა ორგანიზმმა მოასწროს იმუნიტეტის გამომუშავება უფრო მოკლე დროში, ვიდრე ცოფის ვირუსი ჭრილობიდან ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებას დაიწყებს. ვაქცინაციის სრული კურსი 5 ეტაპისგან შედგება, მათ შორის პირობითი 3 ეტაპისგან. ექიმი კურსს არჩევს ცხოველის მდგომარეობაზე დაკვირვების შედეგად. თუ პაციენტმა დაზიანება მიიღო მსხვილფეხა საქონლისგან (ძროხა, ხბო, ცხენი), დაკვირვების პერიოდი ერთ წლამდე გრძელდება, სხვა შემთხვევაში საკმარისია 10 კალენდარული დღე.

ცოფის საინკუბაციო პერიოდი შესაძლოა 2 კვირიდან ერთ წლამდე გაგრძელდეს. დაავადების სიმპტომების გამოვლინება დამოკიდებულია დაზიანების ხარისხზე. ცოფის პირველადი სიმპტომები ძალიან ჰგავს გაციებას, მოგვიანებით კი შესაძლოა გამოვლინდეს ცხელება, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ყლაპვის გაძნელება, შფოთვა, ჰიდროფობია (წყლის შიში), ჰალუცინაციები, უძილობა, ნაწილობრივი პარალიზება. პაციენტმა შეიძლება შენიშნოს ნაკბენი მიდამოს შეწითლება, უჩიოდეს წვასა და ტკივილს. ცოფით დაავადებულ ადამიანს წყლის დანახვისას ეწყება საყლაპავი და სასუნთქი კუნთების სპაზმი, გამოყოფს დიდი რაოდენობით ნერწყვს. ბოლოს ვითარდება ბოდვა, ჰალუცინაციები, დამბლა. დაავადების პირველი სიმპტომების გამოვლენიდან 7-8 დღეში პაციენტი იღუპება. ცოფის მკურნალობა სიმპტომების გამოვლენის შემდეგ არ ხდება, რადგან ასეთ დროს დაავადების შედეგი 100%-ით ფატალურია. მართალია, ქუჩის ძაღლებსა და კატებში ცოფით დაავადების ალბათობა გაცილებით მაღალია, მაგრამ შინაური ცხოველის ნაკბენიც და ნაკაწრიც, თუნდაც ის აცრილი იყოს, საშიშია და რაბიოლოგთან მიმართვა აუცილებელია. გახსოვდეთ, ცოფის ვირუსი ორგანიზმში არა მარტო ჭრილობიდან, დაუზიანებელი ლორწოვანიდანაც აღწევს, მაგრამ რაც უფრო ღრმა, დიდი და მრავლობითია ჭრილობა, მით მეტად საშიშია! საჭიროა დაუყოვნებლივი კომბინირებული ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რაც ორგანიზმში ცოფის ვაქცინის გარდა ანტირაბიული იმუნოგლობულინის შეყვანას გულისხმობს.

„ქუჩის ძაღლების ერთჯერადი აცრა არ არის საკმარისი, ყოველ წელს სჭირდებათ აცრა“

თიკო კვალიაშვილი, ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტის ხელმძღვანელი:

- 15 წელზე მეტია ჩართული ვარ მიუსაფარი ცხოველების პრობლემების მოგვარებაში. ჩემი ორგანიზაცია ცდილობს ოდნავ მაინც გააუმჯობესოს ქვეყანაში ეს მძიმე მდგომარეობა, ჩვენ ვაჩუქებთ, ვასტერილებთ ცხოველებს, ვუკეთებთ ვაქცინაციას.

ბევრი პატრონიანი ცხოველი არ იცრება, რაც დაბალი თვითშეგნების, პლუს მატერიალური სიდუხჭირის ბრალიც არის. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა რეგიონებში, არადა, ყველამ იცის, რომ ცოფი დიდი საფრთხეა როგორც ცხოველების სიცოცხლისთვის, ასევე ადამიანებისთვის. ერთადერთი, რითიც შეიძლება ვებრძოლოთ მას, არის ვაქცინაცია. მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია დაგვეხმარება ამ პრობლემის მოგვარებაში.

ვაქცინაცია სოფლის მეურნეობის სამინისტროზე დაქვემდებარებული სურსათის ეროვნული სააგენტოს ფუნქციაა. რატომ არ იხარჯება ეფექტურად ვაქცინები და გამოყოფილი თანხები? თუ ასე არ არის, მაშინ რატომ გვაქვს ცოფთან დაკავშირებული პრობლემები?

ევროკავშირის ბევრი ქვეყნისთვის საქართველო ცოფის გავრცელების საშიშ ქვეყნად ითვლება. ამიტომაც ძალიან ჭირს ჩვენი ცხოველების გაყვანა საზღვარგარეთ.

ჩვენი ორგანიზაცია დიდ ფინანსურ რესურსებსა და შრომას დებს, რომ შევძლოთ ცხოველების გაყვანა, მაგალითად, ევროკავშირის ქვეყნებში გასაჩუქებლად. ევროკავშირი ითხოვს ცოფის ანტისხეულების ანალიზს, რომელიც საქართველოში არ კეთდება. ამიტომ გვიწევს საკმაოდ მაღალი ფასის გადახდა და ანალიზის გერმანიის ლაბორატორიაში ჩატარება. გვთხოვენ 90-დღიანი კარანტინის დაცვასაც, ანუ 90 დღე ფიზიკურად ვერ გაიყვან ცხოველს ევროკავშირში, ეს კი დიდ დროსა და ხარჯებთან არის დაკავშირებული და ცხოველთა მოყვარულებს, აქტივისტებს, ძალიან გვიშლის ხელს მეტი ცხოველის გაჩუქებასა და საზღვარგარეთ მათ დაბინავებაში. ნაცვლად იმისა, ხელი შეგვიწყონ ცხოველთა მოყვარულებს, ორგანიზაციებსა და აქტივისტებს, რათა სახელმწიფოსთან ერთად ეფექტურად ვებრძოლოთ მიუსაფარი ცხოველების ამ პრობლემას, პირიქით, ხელს გვიშლიან, ქვეყნიდან ცხოველს ვერ გაიყვან, თუ სპეციალური სერტიფიკატი არ გაიცა. თავიდან 100 ლარი ღირდა, მერე 200, ახლა კი 300 ლარია. იმის მაგივრად, რომ ხელი შეგვიწყონ, თუნდაც საქართველოს მოქალაქეებისთვის იყოს ფიქსირებული თანხა, პირიქით, გვიძვირებენ ყველაფერს.

კვლავ დიდი და უმართავი პრობლემაა გამრავლება. სულ რამდენიმე ინტერმუნიციპალური თავშესაფარი გვაქვს და მათ ძალიან უჭირთ სანიტარიული ნორმების დაცვა, ხშირია შემთხვევები, რომ მათგან გამოსული დასტერილებული ცხოველები ავად არიან. მაგალითად, აქვთ ვირუსი, ჭირი, რომელიც გადამდებია და უმეტესად მთავრდება ფატალური შედეგებით; არის ენტერიტი, რომელიც უმეტესად წლამდე ასაკის ძაღლებს ემართება. მათ მკურნალობა სჭირდებათ, შესაბამისი სამედიცინო დახმარების უქონლობის გამო კი იღუპებიან. იყო ცხოველის დაღუპვის რამდენიმე შემთხვევა, იმიტომ, რომ ცუდად გაასტერილეს.

- ხომ არსებობს სტერილიზაცია-კასტრაციის სახელმწიფო პროგრამა?

- მისასალმებელია, რომ ცხოველების ვაქცინაციისა და სტერილიზაციის საპილოტე პროგრამა ამოქმედდა, რადგან გამრავლება ძალიან დიდ მასშტაბზეა ასული. ამასთან, ქუჩის ძაღლების ერთჯერადი აცრა არ არის საკმარისი, ყოველ წელს სჭირდებათ აცრა. ცოფის მაღალი შემთხვევების მქონე ქვეყნებში წელიწადში ერთხელ სავალდებულოა ცხოველის აცრა.

საქართველოში ადრე გვქონდა კარგი ვაქცინა, რომელიც დიდი ხანია აღარ შემოსულა. თუ ცხოველი ამ ვაქცინით არის აცრილი, შეიძლება დაახლოებით სამი წლის განმავლობაში დაიცვას. როდესაც ამ ვაქცინით ვცრიდით, ცოფის არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა ამ ვაქცინით ვაქცინირებულ ცხოველებში.

უპატრონო ძაღლების პრობლემა თბილისში მეტ-ნაკლებად მოგვარებულია. ასევე კარგი მდგომარეობაა ბათუმში. ბათუმელი ცხოველთა მოყვარულები ძალიან კარგად მუშაობენ. სხვაგან კი ჯოჯოხეთია. ჩვენს ორგანიზაციას წალკაში სამი კამპანია აქვს ჩატარებული. თვითონ წალკაში ვარ გაზრდილი და კარგად ვიცნობ იქაური ხალხის პრობლემებს. მაგალითად, ჩემი მეზობელი, როცა მისი ძაღლი ლეკვებს დაყრიდა, იძულებული იყო, გადაეყარა, დღეს კი მოდის და მთხოვს, გამისტერილე ძაღლი, არ მინდა ქუჩაში გავუშვაო. ეს ნიშნავს, რომ ჩვენმა ორგანიზაციამ იქ უფრო აამაღლა მოსახლეობის ცნობიერება. ხალხმა უნდა შეიგნოს, რომ კასტრაცია-სტერილიზაცია აუცილებელია. სახელმწიფომ ამ მიმართულებით უფრო აქტიურად უნდა იმუშაოს. ყველას უნდა ძაღლის გასტერილება, მაგრამ ეს იმხელა ფასებთანაა დაკავშირებული, რომ ვერ აკეთებენ, მაგრამ არსებობს უფასო სტერილიზება-კასტრაციაც. ზოგს ცხოველის უფასო კასტრაციაზე მოყვანაც ეზარება, უმეტესობა ძაღლის პოსტოპერაციულ მოვლას თავს არიდებს.

- ირკვევა, რომ მარტვილში მიკედლებული ძაღლი ცოფით დაავადებული იყო. რას ურჩევთ მათ, ვისაც ცხოველები ქუჩიდან მიჰყავთ სახლში, როგორ უნდა მოუარონ?

- ცოფი დიდი საშიშროებაა, ამიტომ აბსოლუტურად ყველგან, სასათბურე პირობებში, ოთახშიც რომ გვყავდეს მთელი ცხოვრება ცხოველი, უნდა ავცრათ.

- ამ ზაფხულს თბილისში ცხოველთა მონიტორინგის სამსახურმა დაიწყო კამპანია კარდაკარ. რამდენად გაამართლა ამან?

- ეს ცხოველების აღრიცხვის მიზნით მოხდა, მაგრამ რა აზრი აქვს აღრიცხვას, როდესაც კანონი არა გვაქვს, რომელიც დასჯის უპასუხისმგებლო პატრონს. მაგალითად, აღრიცხული ძაღლი ქუჩაში გააგდეს, ჩვენ ვიპოვეთ, ბაზაში გადავამოწმეთ და დავადგინეთ, რომ თქვენ ხართ პატრონი, მერე რა ხდება, ვერ დაგსჯით, რადგან კანონი არა გვაქვს. ჯერ გადახტი და ჰოპლა მერე დაიძახეო, ასე გამოუვიდა მონიტორინგს. უნდა იყოს კანონი, რომელიც გააკონტროლებს გამრავლებას, დასჯის მოძალადეებს, ცხოველების მიმტოვებლებს.

ბევრი სამუშაოა. მაგალითად, გურჯაანის ინტერმუნიციპალურ თავშესაფარში ჭირია და ჩვენს ორგანიზაციას მოუწია იქ გასტერილებული და ჭირით დაავადებული ერთი ძაღლისთვის ფართობის დაქირავების დაფინანსება, რომ არ მომკვდარიყო. ზოგჯერ თავშესაფრებშიც არ გვიშვებენ. ხელს გვიშლიან მუშაობაში. სახელმწიფოს ბიუჯეტი აქვს, დაალაგონ, დაასუფთაონ თავშესაფრები, დაიცვან სანიტარიული ნორმები, ადამიანური კომუნიკაცია ჰქონდეთ ცხოველთა მოყვარულებთან. გორში შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური თავშესაფარი ერთადერთია, რომელიც აბსოლუტურად ყველა ცხოველის შესახებ დებს ინფორმაციას თავის გვერდზე, რასაც მე ვერ მივაღწიე. მაგალითად, თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარში უამრავი ძაღლია უეცარი სიკვდილით დაღუპული.

ვეტერინარულ კლინიკებში სტერილიზაცია ძვირია, ამიტომ ხალხს მაქსიმალურად უნდა მიაწოდონ ინფორმაცია, ჩავიდნენ კონკრეტულ სოფლებში და კარდაკარ უნდა აცრან ცხოველები, ჩატარდეს უფასოდ სტერილიზაცია და კასტრაცია. ნებისმიერ ადგილას შეგიძლია საველე პირობებში ამის გაკეთება. უბრალოდ, უნდა გყავდეს გამოცდილი სპეციალისტები. მოსახლეობა ჩივის, ძაღლები აგრესიულები არიანო, მაგრამ თუ ცხოველს არ მოვუვლით, ეს ქცევა ბუნებრივია.