"იმაზე ფიქრი, რომ შეიძლება ბიუჯეტის ფულით რამეს მიაღწიო, ზღაპარია...“ - კვირის პალიტრა

"იმაზე ფიქრი, რომ შეიძლება ბიუჯეტის ფულით რამეს მიაღწიო, ზღაპარია...“

საქართველოს ნაკრებსა და ზოგადად, ქართულ ფეხბურთში არსებულ სიტუაციაზე ჩვენი ფეხბურთის ლეგენდას ვლადიმერ გუცაევს ვესაუბრებით:

- როგორ შეაფასებთ თურქეთთან ჩვენს თამაშს?

- თურქეთთან მატჩი, ფაქტობრივად, გადამწყვეტი იყო, რადგან ოქტომბერში ჩვენ ძალიან რთული მატჩები გველის, სადაც თუ ქულა მაინც ვერ მოვიპოვეთ, მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის ძალიან პატარა შანსი გვექნება. თურქეთთ^ან ერთი ქულა მაინც უნდა მოგვეპოვებინა, რაც, სამწუხაროდ, ვერ შევძელით. ჩემი აზრით, დავითაშვილის გოლის და თურქი ფეხბურთელის გაძევების შემდეგ ჩვენმა ნაკრებმა ბევრად უკეთ ითამაშა და, ალბათ, კიდევ ცოტა დროც რომ გვქონოდა, თავისუფლად შეიძლებოდა ანგარიშის გათანაბრება. დავითაშვილის გოლის შემდეგ თურქები, უბრალოდ, დაკარგული იყვნენ მოედანზე, ბურთს ვეღარ იჭერდნენ და დაცვაშიც დაბნეულები იყვნენ.

- ღირდა სანიოლის ერთგვარი ექსპერიმენტები? თურქეთთან სასტარტო შემადგენლობასა და ტაქტიკურ მონახაზს ვგულისხმობ...

- ჩვენ არ ვიცით, გასახდელში რა მდგომარეობაა, რომელი ფეხბურთელი რა ფორმაშია და ა.შ., მაგრამ, როდესაც მწვრთნელი ხარ, გაქვს მონახაზი და ის აჩვენებს შედეგს, ვიზუალურადაც მოედანზე უკეთესი ჩანს, არ უნდა შეცვალო, თანაც, რომ იცი, რამდენად მნიშვნელოვანი თამაშია. მოკლედ რომ ვთქვა, თუ კარგად მიდის შენი საქმე, შესაცვლელი არაფერია, დინებას უნდა მიჰყვე, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ კიტეიშვილი და ჩაკვეტაძე გვაკლდა, რომლებსაც მიჰყავთ ხოლმე ჩვენი თამაში და ძალიან დიდ როლს თამაშობენ ჩვენს გუნდში. სწორედ ეს ორი ფეხბურთელი გვაკლდა და ძალიან გაგვიჭირდა ნახევარდაცვაში. მათთან ერთად ქოჩორაშვილიც უკეთესია ხოლმე მოედანზე, როგორც ჩამშლელი და ბურთის ამომტანიც მშვენიერია. როდესაც გავიგე, რომ ისინი არ თამაშობდნენ, იმაზე დავფიქრდი, რომ მათი შემცვლელი არა გვყავს.

- რა აკლია, თქვენი აზრით, ჩვენს ნაკრებს, დიდ წარმატებას რომ მიაღწიოს?

- ნაკრები ისეთი რამაა, მარტივად ვერ ახვალ ევროპულ პიედესტალზე. მაშინ უნდა გყავდეს არაერთი ტოპ-დონეზე მოთამაშე ფეხბურთელი ევროპაში, ჩვენ კი ასეთი მხოლოდ რამდენიმე გვყავს. ჩვენ ამ ეტაპზე შეგვიძლია ვეთამაშოთ ისეთ გუნდებს, როგორიც არის რუმინეთი, ბულგარეთი, მოლდოვა და ა.შ. ეთამაშო ისეთ ტოპ-გუნდებს, როგორიცაა ესპანეთი, რომელმაც გვაჩვენა, რომ თურქები დაუმარცხებლები სულაც არ არიან, ძნელია, რადგან ისინი დღეს კოსმოსურ ფეხბურთს თამაშობენ.

როგორი სამწუხაროც არ უნდა იყოს, რეალობა დღეს ასეთია, მაგრამ ყველაფერი წინ გვაქვს.

davita-1757883756.jpg

- ჩვენს ნაკრებს ყოველთვის ეტყობა, როცა რამდენიმე საკვანძო ფეხბურთელი აკლია. ვერასდროს ვაჩვენებთ იმ დონეს, რომელიც გვინდა რომ ვაჩვენოთ. თქვენ ლეგენდარული "დინამოს" წევრი იყავით და თქვენს დროსაც ასე იყო, როცა მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გამოგაკლდებოდათ ხოლმე?

- რა თქმა უნდა, როცა ორი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გამოგვაკლდებოდა ხოლმე, რადიკალურად განსხვავებული გუნდი ვიყავით სტადიონზე.

- საკლუბო ფეხბურთზე რას ფიქრობთ? რა შეიძლება გამოსწორდეს?

- მე ძალიან ხშირად მითქვამს არაერთ გადაცემაში, რომ თუ კერძო ბიზნესი ხელს არ მოჰკიდებს და არ ჩაერთვება ეროვნული ლიგის განვითარებაში, შანსი არ არის, თავისით განვითარდეს. ზუსტად იგივე სიტუაციაა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, სადაც კერძო ბიზნესი არაა ფეხბურთში ჩართული. სადაც კერძო ბიზნესია ჩართული, მაგალითად, დონეცკის "შახტარი", კიევის „"დინამო", ისინი, ასე თუ ისე, ხვდებიან ევროტურნირებზე. იმაზე ფიქრი, რომ შეიძლება ბიუჯეტის ფულით რამეს მიაღწიო, ზღაპარია...

- საბოლოოდ, მაინც ფინანსებთან მივდივართ?

- საბოლოოდ კი არა, პირველ რიგში ფინანსებია პრობლემა. პრეზიდენტი რომ ხარ და ბიუჯეტი არა გაქვს, როგორი ჭკვიანიც არ უნდა იყო, ვერაფერს იზამ.

- ეროვნულ ლიგაში მწვრთნელების დონეზე რას იტყვით?

- მწვრთნელიც სულ უნდა ვითარდებოდეს. თუ საშუალება არა აქვს, რომ ტრენინგებზე წავიდეს, განვითარდეს პროფესიულად, აიმაღლოს კვალიფიკაცია, რომელიმე გუნდში სტაჟირება გაიაროს, განვითარებას ჩამორჩება. ყველა პროფესიაში ასეა. წარმოიდგინე, ექიმი, რომელიც ყოველთვე არ დადის რაღაც კონფერენციებზე და არ იმაღლებს კვალიფიკაციას, რა თქმა უნდა, ჩამორჩენილი ექიმი იქნება ხომ? ასეა ფეხბურთშიც - თუ კლუბს არ შეუძლია გაუშვას კვალიფიკაციის ასამაღლებლად 1 თვით ან 2 კვირით მაინც, მაშინ ვერ განვითარდები იმ დონეზე, რომელიც გინდა.

- თქვენი აზრით, თქვენი ლეგენდარული "დინამოს" გუნდი შეძლებდა დღეს ლიგაზე გასვლას?

- არა მგონია, მაგაზე ლაპარაკი სწორი იყოს. ჩვენ თითქმის 50 წლის წინ ვთამაშობდით. იმ დროს სახლში სტაციონარული ტელეფონიც კი არავის ჰქონდა, ახლა კი შეგიძლია იჯდე მანქანაში და ტელეფონით ესაუბრო ვინმეს, თუნდაც ის აფრიკაში იყოს... ფაქტი ისაა, რომ ჩვენი გუნდი იყო ერთ-ერთი უძლიერესი მსოფლიოში და ბევრი რამ დაამტკიცა. ეს ფაქტია და ვერ გავექცევით, მაგრამ დღეს რა იქნებოდა, ნამდვილად არ ვიცი...

- "მამარდა" რომ უთამაშებელია, რამდენად დიდი პრობლემაა ეს ჩვენი ნაკრებისთვის?

- ნებისმიერი ფეხბურთელისთვის ფორმიდან ამოვარდნა საშინელებაა, მით უმეტეს, მეკარისთვის, რომელსაც შეუძლია დიდ დონეზე თამაში და რიგი მიზეზების გამო ვერ ახერხებს. ეს ეხება მამარდაშვილსაც, იმიტომ, რომ "ვალენსიაში", ფაქტობრივად, პირველი ნომერი იყო. მისი დამსახურებითა და წყალობით არ გავარდა „ვალენსია“ მეორე დივიზიონში, თუნდაც ის, ვინც ახლა დგას მამარდას ნაცვლად „ლივერპულის“ კარში, ალისონი, 2 თვით რომ დასვა სკამზე, რა თქმა უნდა, ის ალისონი ვეღარ იქნება. ასე რომ, რადგან ის არ თამაშობს, ეს მისთვისაც ძალიან ცუდია და ნაკრებისთვისაც, მაგრამ მამარდაშვილი აუცილებლად ითამაშებს დიდ ფეხბურთს.

- თურქეთთან გასვლაზე ჩვენი მატჩი როგორი წარმოგიდგენიათ? რა უნდა შევცვალოთ?

- ჩემი აზრით, ძალიან ძნელი იქნება. ესპანეთთან განადგურების შემდეგ მათ რეაბილიტაცია სჭირდებათ, რაც შეიძლება მალე, რათა საკუთარი თავის რწმენა დაიბრუნონ. თურქეთთან თამაშში ძალიან ბევრი რამ გადაწყდება, იმიტომ, რომ ბულგარეთს ყველა მოუგებს სახლშიც და გასვლაზეც, რადგან, ჩემი აზრით, ნული გუნდია. შესაბამისად, გვიწევს მეორე ადგილისთვის ბრძოლა და თუ თურქეთმა ვერ მოგვიგო, ფაქტობრივად, დაკარგავს მეორე ადგილზე გასვლის შანსს. იგივე გველის ჩვენც. ასე რომ, აუცილებელია კარგად წარმოვაჩინოთ თავი.

- სხვა მატჩებზე რას ფიქრობთ?

- იცი, მე იშვიათად ვუყურებ ფეხბურთს.

- ეგ გამიკვირდა...

- იმიტომ კი არა, რომ არ მიყვარს, უბრალოდ, ერთფეროვანი გახდა. მხოლოდ რამდენიმე გუნდს თუ ვუყურებ, მაგალითად, პსჟ-ს, რადგან განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობს, ასევე „"ლივერპულს"“ და „"ბარსელონას". „რეალ-მადრიდსაც“ კი აღარ ვუყურებ, რადგან ვიცი, რომ იქ მბაპეს გარდა, არაა სხვა ფეხბურთელი, რომელმაც შეიძლება გაგაოცოს ან სიამოვნება მოგანიჭოს თამაშის სტილით. ნაკრებებში ესპანეთი ნომერი პირველი გუნდია. სულ სხვა დონის ფეხბურთს თამაშობენ, სხვა დონის ფეხბურთელები ჰყავთ.

ამიტომ, ჩემი აზრით, ძალიან გაგვიჭირდება მათთან თამაში გასვლაზეც და სახლშიც.

- ესპანეთი არის 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი ფავორიტი?

- რა თქმა უნდა, ამ ფორმაციით რაიმე ძალიან განსაკუთრებული უნდა მოხდეს, რომ ისინი ჩემპიონები ვერ გახდნენ. მათ ერთი წელი კიდევ აქვთ, კიდევ რომ გაიზარდონ და უკეთ შეთამაშდნენ, თანაც ძალიან ახალგაზრდები არიან.

- იამალის ფაქტორი რამხელა იქნება ჩვენს მატჩში?

- ჩემი აზრით, იამალმა შეცვალა ფეხბურთი, იმიტომ, რომ ევროპაში დღეს ძალიან ბევრი კარგი შემტევი თამაშობს, მაგრამ ლამინ იამალი ფენომენია. როდესაც უყურებ ამ ფეხბურთელს, გსიამოვნებს ყოველი მისი ბურთთან შეხება. ასეთი ემოცია მქონდა, როცა მარადონას ვუყურებდი.

- "კვარას" როლი ნაკრებში და თქვენი აზრით, რა უნდა ქნას მან, რომ უკეთესი გახდეს?

- "კვარა" უნიჭიერესი ფეხბურთელია. ეს მან დაამტკიცა და დღემდე ამტკიცებს. მე არ ვიცი, პსჟ-ში რა დავალებას აძლევს მწვრთნელი, მაგრამ - ეს მხოლოდ ჩემი აზრია - "კვარა" მეტ ინიციატივას უნდა იღებდეს საკუთარ თავზე, სულ მიდიოდეს დრიბლინგსა და გამწვავებაზე. რითია გამოწვეული, არ ვიცი, მაგრამ ბოლო თამაშებში ბურთს რომ იღებს, ან უკან აბრუნებს, ან გვერდით აკეთებს პასს და ნაკლებად მიდის გამწვავებაზე, არადა, ზუსტად ამით გაითქვა თავი თუნდაც „"ნაპოლიში". სწორად ამით იყო მთელ იტალიაში გამორჩეული, ახლა კი ნაკლებად აკეთებს ამას. ვიმეორებ, რა დავალებას აძლევს ლუის ენრიკე, არ ვიცი, მაგრამ კარისკენ რომ მირბის, ანუ დაცვაში თამაშობს, ალბათ, არაა მისი საქმე.

ესაუბრა ნიკოლოზ თევდორაშვილი