კოსმოსიდან დაზვერილი თბილისი - რას ეძებდნენ ამერიკელები 60 წლის წინ საქართველოს დედაქალაქში?!
ამბობენ, დროის მანქანა არ არსებობსო, მაგრამ ამის დაჯერება გიჭირს, როდესაც უყურებ ფოტოებს, რომლებზეც მამა-პაპის დროინდელი თბილისია დეტალურად აღბეჭდილი თავისი ქუჩებითა თუ მოედნებით და შეგიძლია იხილო ის სახლიც, სადაც დაიბადე და გაიზარდე.
თუ როგორ გამოიყურებოდა მთელი თბილისი 60 წლის წინათ... კოსმოსიდან, დღეს ამის ნახვა შესაძლებელია, მას შემდეგ რაც აშშ-მა გრიფი "საიდუმლო" მოხსნეს იმას, რაც ექვსი ათეული წლის წინათ განსაკუთრებულ საიდუმლოდ მიიჩნეოდა, რადგან მაშინ სადაზვერვო თანამგზავრები ახალი ხილი გახლდათ და აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოსა და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის სამმართველოს სულაც არ სურდათ, რომ საბჭოთა კა-გე-ბესა და გრუ-ს ზუსტად სცოდნოდათ, თუ რა ტექნიკური შესაძლებლობები ჰქონდა დედამიწის ორბიტაზე გაყვანილ ამერიკულ სადაზვერვო თანამგზავრ KH-7 GAMBIT-ს, რომელმაც 1965 წლის 30 აპრილს დაახლოებით 300 კმ-ის სიმაღლიდან გადაიღო თბილისისა და მისი შემოგარენის 30 კმ სიგრძის ზოლური ფოტოსურათი.
ამ ამერიკულ სადაზვერვო თანამგზავრზე ეყენა სამკამერიანი მოდული, რომელსაც შეეძლო კოსმოსიდან დედამიწის ზედაპირზე გადაეღო 61 სმ-დან 91 სმ-მდე გარჩევადობის ფოტოები, რაც იმხანად საუკეთესო შედეგად მიიჩნეოდა, რაც აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მშიფრავებს საშუალებას აძლევდა ფოტოებზე აღმოეჩინათ და გაერჩიათ სატვირთო ავტომობილი ტანკისგან.
დანამდვილებით ვერ გეტყვით, თბილისში სად ეძებდნენ საბჭოთა ტანკებს ამერიკელი მზვერავები (თუმცა 60 წლის წინანდელ თბილისის თანამგზავრულ ფოტოზე კარგად ჩანს, რომ დღევანდელი მუხიანის დასახლების ადგილას სწორედ სატანკო პოლიგონი გახლდათ), სამაგიეროდ, მათი განსაკუთრებული დაკვირვების საგანს წარმოადგენდა დიმიტროვის სახელობის თბილისის საავიაციო ქარხანა, რომელსაც 1965 წლისთვის ათვისებული ჰქონდა იმ პერიოდისთვის თანამედროვედ მიჩნეული МиГ-21 ტიპის ზებგერითი გამანადგურებელი თვითმფრინავის ორადგილიანი სასწავლო-საბრძოლო ვარიანტის, МиГ-21У-ს სერიული წარმოება, რომლებიც ვიეტნამშიც იგზავნებოდნენ ადგილობრივი მფრინავების მოსამზადებლად, რაც ძალზე აინტერესებდა ამერიკულ დაზვერვას, რადგან იმ დროისთვის აშშ ვიეტნამის ცაში საბრძოლო მოქმედებებს ააქტიურებდნენ.
გარდა ამისა, პენტაგონს ძალზე აშფოთებდა 1960-იანი წლების დამდეგს თბილისის საავიაციო ქარხნის მიერ გამოშვებული ერთ-ერთი ყველაზე საიდუმლო შეიარაღების სახეობა - „ჰაერი-ხომალდის“ კლასის ბირთვული ქობინის მატარებელი К-10 С ტიპის მართვადი რაკეტები, რომლებსაც „ავიამზიდის მკვლელებსაც“ უწოდებდნენ და განკუთვნილნი იყვნენ სწორედ ამერიკული ავიამზიდების ჩასაძირად. 1959-61 წლებში თბილისის საავიაციო ქარხანაში ბირთვული ქობინის გადამტანი 1 669 რაკეტა აეწყო.
მაგრამ ერთია, რა აინტერესებდა ამერიკულ დაზვერვას 60 წლის წინათ, როდესაც თბილისის დეტალურ თანამგზავრულ სადაზვერვო ფოტოებს იღებდა, და მეორე ის, თუ რისი ნახვა შეგვიძლია დღეს თბილისელებს ამ ფოტოებზე. უპირველესად ეს არის დიდი კონტრასტი, განსაკუთრებით სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე (1965 წელს სასტუმრო „აჭარაც“ კი არ იყო, რომელიც საბურთალოს დღევანდელ „ცათამბჯენებს“ შორის აღარც ჩანს). არ არსებობდა ვარკეთილის, ვაზისუბნის, თემქისა თუ გლდანის დასახლებების მაღალსართულიანი კორპუსები...
უბრალოდ, სიტყვებით ძნელია ამ ყველაფრის გადმოცემა, თავად უნდა ჩაუჯდე და დეტალურად დაათვალიერო თბილისის 60 წლის წინანდელი „კოსმოსური ხედები, რათა „დროის მანქანამ“ წარსულში დაგაბრუნოს.
გასაიდუმლოებულ თანამგზავრულ ფოტოებში ასევე მოხვდა ფოთის ფოტოებიც, რომლებიც ასევე ამერიკული KH-7 GAMBIთ-ის თანამგზავრიდანაა გადაღებული, ოღონდ 1964 წლის 5 დეკემბერს.
საქართველოს საპორტო ქალაქ ფოთის აღმოჩენა ამერიკული დაზვერვის ყურადღების არეალში შემთხვევით არ მოქცეულა, რადგან ფოთი საბჭოთა კავშირის შავი ზღვის ფლოტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამხედრო-საზღვაო ბაზა იყო, სადაც სატორპედო და სარაკეტო კატარღებზე მომზადებას გადიოდნენ მოსკოვთან „დაძმობილებული“ აფრიკისა და აზიის ქვეყნების სამხედრო მეზღვაურები, რომლებიც სამშობლოში დაბრუნების შემდეგ შეიძლება აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების პოტენციური მოწინააღმდეგენი გამხდარიყვნენ და პენტაგონს სურდა, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოეპოვებინა ფოთში მათ მომზადებაზე.
დღეს, როდესაც დედამიწის ხელოვნური თანამგზავრებისა და ციფრული ფოტოვიდეოაპარატურის ხარისხობრივი დონე იქამდე გაიზარდა, რომ ორბიტიდან შესაძლებელია ქუჩაში ავტომობილის მარკის ამოცნობაც კი, შეიძლება ისეთი შთამბეჭდავი აღარ იყოს 60 წლის წინანდელი ამერიკული თანამგზავრული ფოტოები, მაგრამ თბილისზე მუდმივი „თვალთვალის“ თავად ფაქტი იქცევს ყურადღებას.
ისე კი, ჩვენი თბილისის ზემოდან დაზვერვა ამერიკელებამდე ჯერ კიდევ გერმანელებმა დაიწყეს და მეორე მსოფლიო ომის დროს, 1942 წლის 12 აგვისტოს, ეს ფოტოც გადაიღეს.
მეორე მსოფლიო ომის ოთხი წლის განმავლობაში ლიუფტვაფემ საქართველოს ტერიტორიაზე თითებზე ჩამოსათვლელი ბომბები თუ ჩამოყარა და არა იმიტომ, რომ ტექნიკურად ვერ შეძლო ან ჰიტლერმა ქართველები დაგვინდო. საქმე ის იყო, რომ გერმანელი პილოტებისთვის ასეთი დავალება არ მიუციათ, თუმცა, როგორც ირკვევა, ლიუფტვაფე მაინც ემზადებოდა სტრატეგიული ობიექტების დასაბომბად, როგორც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ისე თბილისში.
ეს უნიკალური ფოტოსურათი სწორედ გერმანული ლიუფტვაფეს სადაზვერვო თვითმფრინავიდან არის გადაღებული და მასზე ჩანს თბილისის 31-ე საავიაციო ქარხნის საამწყობო საამქროები, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე.
საჰაერო დაზვერვა ფრონტის ხაზიდან მოშორებით, ზურგში (მაშინ ბრძოლები ჩრდილო კავკასიაში, თბილისიდან 150-200 კმ-ზე ჩრდილოეთით მიმდინარეობდა), მიუთითებს, რომ ლიუფტვაფე აგროვებდა კონკრეტული სტრატეგიული ობიექტების განლაგების დეტალურ მონაცემებს, საბჭოთა საავიაციო ქარხნები კი გერმანელი პილოტების პირველი სამიზნეები იყო.
ომის დაწყებამდე თბილისის აღმოსავლეთით საავიაციო ქარხანა არ არსებობდა, მაგრამ გერმანელების სწრაფი შეტევის გამო სტალინმა გასცა ბრძანება საწარმოებისა და სამხედრო ტექნიკის მწარმოებელი ქარხნების საბჭოთა კავშირის დასავლეთიდან აღმოსავლეთში დაუყოვნებლივი ევაკუაციის შესახებ. სევასტოპოლისა და ტაგანროგის საავიაციო ქარხნების ევაკუაცია სამხრეთით, საქართველოში გადაწყდა და მათ ბაზაზე 1941 წლის 15 დეკემბერს შეიქმნა თბილისის 31-ე საავიაციო ქარხანა.
გერმანიის არმიის დაზვერვის, აბვერის აგენტებს არ გამოეპარებოდათ ახალი საავიაციო ქარხნის ამოქმედება თბილისის გარეუბანში, ხოლო როდესაც მალევე ქარხანამ დაიწყო "ლაგგ-3" ტიპის ავიაგამანადგურებლების სერიული წარმოება, რომლებმაც მეტ-ნაკლები წინააღმდეგობა გაუწიეს გერმანულ "მესერშმიტებს", თბილისის საავიაციო ქარხანა ლიუფტვაფეს დასაბომბ სტრატეგიულ ობიექტთა სიაში მოხვდა.
გერმანული სადაზვერვო თვითმფრინავის გადაღებულ სურათზე (ეს ფოტო, სავარაუდოდ, კინოფირის კადრია) კარგად ჩანს თბილისის საავიაციო ქარხნის საამქროები და დამხმარე შენობა-ნაგებობები. ამასთან, ლიუფტვაფეს დეშიფრატორებს ზუსტად აქვთ გაანალიზებული თითოეული შენობის დანიშნულება, რაც ზუსტი საჰაერო დაბომბვის წინა პირობა გახლდათ.
და მაინც, ეს საავიაციო ქარხანა, ისევე, როგორც თბილისი და მთელი საქართველო, საბედნიეროდ, გადაურჩა მეორე მსოფლიო ომის გამანადგურებელ საჰაერო დაბომბვას.
სამაგიეროდ, თბილისის შემოგარენი (მათ შორის „თბილავიამშენის“ აეროდრომი) 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაგვიბომბა მეზობელმა რუსეთმა და ახლაც, დროგამოშვებით, ცხინვალის რეგიონიდან (ახალგორის რაიონიდანაც) უპილოტო საფრენი აპარატებით ზვერავს საქართველოს დედაქალაქს.