„მთას არ აინტერესებს, ვინ ხარ და როგორი, მისთვის ყველა სულერთია, დაუშვებ შეცდომას და არ დაგინდობს“ - კვირის პალიტრა

„მთას არ აინტერესებს, ვინ ხარ და როგორი, მისთვის ყველა სულერთია, დაუშვებ შეცდომას და არ დაგინდობს“

ბუნების უზომო სიყვარულმა ფოტოხელოვანს უამრავი საოცარი კადრი მოუტანა. მიქაელ ქავთარაძე ფოტოებს ძირითადად დაცულ ტერიტორიებზე იღებს, სადაც ბუნებაც და რელიეფიც გამორჩეულია. დადის ქარაფებზე, ჭიუხებში, ტბებზე... როგორც ამბობს, ხშირად ერთი სასურველი კადრისთვის მთელი კვირაც უწვალია...

საქართველოს სადაც უჭირს - ხანძარი იქნება, მეწყერი, ზვავი თუ ღვარცოფი, დაუყოვნებლივ იქ ჩნდება და სტიქიით დაზარალებულებს ეხმარება. შოვის ტრაგედიის დროს ოპერატიულად შექმნილ ჯგუფთან ერთად მოხალისედ ჩავიდა და სამძებრო სამუშაოებში მონაწილეობდა. სტიქიის ზონიდან პირველი მისი კადრები და ვიდეოები გავრცელდა.

პანდემიის შემდეგ თბილისიდან წავიდა და მშობლიურ ლაგოდეხში, სოფელ პატარა ნაწისქვილარში შეკედლებულ ძაღლ "ბობისთან" და იშვიათი სახეობის ორ თეთრ ბუსთან ერთად ცხოვრობს. სახლის შეკეთება-გადაკეთება გადაწყვიტა, ამბობს, რომ მარტოობამ საკუთარი თავის მეტად შეცნობა და სამყაროს უფრო კარგად დანახვა ასწავლა. "ხოგაის მინდი", თავის ფათერაკიან და საინტერესო ცხოვრებაზე გვიყვება:

- ფოტოაპარატი ცოტა ხნით გვერდზე გადავდე და საცხოვრებლად ლაგოდეხში გადმოვედი. ეპიდემიის დროს დავბრუნდი პატარა ნაწისქვილარში (ლაგოდეხის ბოლო სოფელია, ამის იქით აღარაფერია), თბილისში ყოფნას სოფელი ვარჩიე, სახლში არც არავინ იყო, დედაც გარდამეცვალა... სოფლის სახლს სხვანაირი მიხედვა უნდა, გადავწყვიტე რაღაცები მიმემატებინა. ყველაფერს ჩემი ხელით ვაკეთებ, უბრალოდ, ავდექი და დავიწყე.

ბოლო დროს ფოტოხელოვნებას ყურადღება ვეღარ მივაქციე, თუმცა როცა შემოდგომაზე ფერთა პალიტრა წამოვა, ჩემი სეზონიც დაიწყება, ავიღებ აპარატს და გავუდგები გზას.

მარტო ცხოვრება გახვედრებს, ვინ ხარ და რა შეგიძლია. თავიდან ცოტა ძნელია, მაგრამ თუ სამყაროს მიჰყვები, გზას თვითონ გიჩვენებს. ყველაფერი წარმავალია. აქ თითოეული დღით ტკბები, რუტინულ ცხოვრებაში კი ყოველი დღე ისე გადის, რომ იმ დღეს ვერც აღიქვამ. არსებობს მხოლოდ დღევანდელი დღე, ხვალინდელი იქნება თუ არა, არც ვიცით, ასე რომ, ილუზიებში არ მინდა ცხოვრება. ჩემთვის სოფლად ყოფნა შემეცნებითია, ვიდრე ყოფითი, ბევრი რამ დამანახა, რაც მთავარია, თითოეული დღის დაფასება ვისწავლე.

ისე, სულაც არა ვარ მარტო, მყავს შემოკედლებული ძაღლი ბობი (პოინტერი) და კიდევ ორი თეთრი ბუ. ამ ჯიშს ბუხრინწას ეძახიან და ძალიან უყვართ სახლები, სხვენები. თავიდან მათი მოშინაურება მინდოდა, მერე ვიფიქრე, რატომ უნდა მოვიშინაურო, მაინც ჩემს სახლში ცხოვრობენ-მეთქი. სამყარო ბევრ რამეში გვეხმარება, მაგრამ ჩვენ ვუქნევთ თითს, მე ასე არა, ისე მინდაო. კარგი იქნება თუ ქრისტეს სიტყვებით ვიცხოვრებთ - ხვალინდელმა დღემ იზრუნოს ხვალინდელზე, ამისთვის კი საჭიროა შენ შეიცვალო. ეს იმას კი არ ნიშნავს, არაფერი აკეთო, პირიქით, უნდა აკეთო, ოღონდ არა იმ მიზნით, ეს 10 წლის მერე გამომადგებაო, არამედ თავს დავუსვათ კითხვა, რას გააკეთებდი, შენი ბოლო დღე რომ იყოს და ისე ვიმოქმედოთ.

277942449-1237386686788598-6026961949633906985-n-1757886114.jpg

- უმთავრესად სად იღებთ ფოტოებს, რა უფრო აზარტულია თქვენთვის?

- გადაღებისას ხშირად მივდივარ რისკზე. ეს ისეთი აზარტია, იმ მომენტში სხვა არაფერზე ვფიქრობ. შეიძლება ქარაფზე გახვიდე, ესეც ერთგვარი ადრენალინია - რაც უფრო მიჰყვები რთულ ადგილებს, მით მეტი განცდაა. ჩემთვის მთა მხოლოდ სიყვარული არ არის, ერთგვარი მედიტაციაა. ფოტოებს უმთავრესად დაცულ ტერიტორიებზე ვიღებ, დავდივარ მთაში, ქარაფებზე, ჭიუხებში, ტბებზე... რამდენიმე სეზონი ჩამვარდნია - ხან საშუალება არა გაქვს, როცა გაქვს, ამინდი არ არის... ჩვენთან ნადირის ნახვა იოლი არაა. ყოფილა, უამინდობის გამო კადრის გარეშეც ჩამოვსულვარ, 5 დღე ზედიზედ უწვიმია. ბევრს უკვირს, ამაში ფულს თუ არ გაძლევენ, ამით შენ რა ხეირიო. ეს ჩემთვის გამოწვევაა, უბრალოდ, ასე მსურს, მაინტერესებს და ვაკეთებ, უპირობოა ჩემი გატაცება.

კლდე-ღრეში მარტო, ხანდახან კი მეგობრებთან ერთადაც დავდივარ, მთლად განდეგილობაც არ ვარგა, თუმცა მარტოობაც ერთგვარი თერაპიაა - როცა ადამიანი ქაოსს მოსწყდება, მას სულ სხვა შეგრძნებებითა და სიახლეებით აჯილდოებს სამყარო, გიჩვენებს, ვინ ხარ.

ფოტოგრაფია დიდ ხარჯს მოითხოვს. ბუნების თემა ძვირი სიამოვნებაა და ნაკლებად აინტერესებთ საქართველოში. ერთი კადრისთვის ხან მთელი კვირა მიწვალია. ყველაზე ძალიან ჯიხვების გადაღება მიყვარს, საინტერესოა მათზე დაკვირვება. ამ დროს აუცილებელია მათი ხასიათი და ცხოვრება შეისწავლო და იცოდე, რა პერიოდში სად არიან. ჯიხვები სეზონურად იცვლიან ბინას და მიუვალ ადგილებზე დადიან. ფოტოებს, ძირითადად, ლაგოდეხის ნაკრძალში ვიღებ, აქ ბუნებაც და რელიეფიც რთულია და გამორჩეული.

მოყვარული მთამსვლელი ვარ და ეს მშველის მთაში და ქარაფებზე ხეტიალში. მთამ მასწავლა დაკვირვება, სიფრთხილე. მთას არ აინტერესებს, ვინ ხარ და როგორი, მისთვის ყველა სულერთია, დაუშვებ შეცდომას, არ დაგინდობს. ყოფილა შემთხვევა, იმავე გზით უკან ვეღარ გამოვსულვარ, გზა დამგრძელებია, გავჭედილვარ, მაგრამ ცოდნა გამომდგომია. მთაში რისკების შეფასება, სიფრთხილე, დაკვირვება და ყურადღებაა საჭირო. მთას ამპარტავნება და გაჯიბრება არ უყვარს.

იყო მომენტი, როცა მართლა გადავრჩენილვარ. მთაში ცხენით უნდა ავსულიყავი, მარტო ვიყავი, ერთ ადგილას ცხენი გაჩერდა და ძვრა ვერ ვუქენი, არ უნდა წინ წასვლა, მხოლოდ უკან იხევს. ვიფიქრე, მტაცებლის სუნი აიღო და შეშინდა-მეთქი. ერთ წუთამდე გაგრძელდა ასე. მერე მოვახერხე, დავჯექი ცხენზე და წავედი. ერთი წუთის სავალზე ჩვენ წინ ძალიან დიდი ხე მოტყდა, სადაც, წესით, უნდა გაგვევლო და სავარაუდოდ, მე უნდა დამცემოდა. ამაზე მერე დავფიქრდი, ცხენმა გამაჩერა და გადამარჩინა.

იყო შემთხვევა, როცა მართლა გადავრჩი. კანიონში მანქანით შევდიოდი, ბუჩქებში დავინახე და მინდოდა გადამეღო, არადა, თუ შეგასწრო, ვერ გადაიღებ. მისი კუდით გამოყვანა ვცადე. დაჭერა რომ მოვინდომე, გიურზა ჯოხიდან გამომიძვრა და მე რომ ვერ მომწვდა, მის თავს დაარტყა. შეიძლება მერე მოკვდა კიდეც, არ ვიცი, როცა გავუშვი, ცოცხალი იყო. შეცდომა დავუშვი, გავთამამდი, მაგრამ გამიმართლა.

175787972-1014729612387641-261603478999415950-n-1757886113.jpg

- "ხოგაის მინდი" ტყუილად ხომ არ შეგარქვეს... ამიტომ ხომ არ გაუთამამდი გველს?

- ეგ სახელი ბავშვობაში ვიღაცამ მომაძახა, გველებს რომ ვიჭერდი. მე ის თაობა ვარ, სხვა სათამაშო რომ არ იყო და გველითა და ბაყაყით ვერთობოდით. მეგობრები ჩე გევარასაც მეძახიან, ალბათ, თავისუფლებისა და სიმართლის სიყვარულის გამო, მუდმივად ცვლილებების ძიებაშიც რომ ვარ... ჩემი სამედიცინო ჩანთით თბილისში აქციებზე დავდიოდი, დაშავებულ ადამიანებს ვეხმარებოდი.

- ეს გურიაშიც დაამტკიცეთ, როცა მოხალისედ წახვედით სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად.

- გურიის მერე ხარაგაულშიც გადავედით და რითაც შეგვეძლო, ვეხმარებოდით თოვლში ჩარჩენილებს. მანამდე იყო შოვის ტრაგედია, ბორჯომის ხანძრების დროსაც ტყეში ვიყავი. ჩვენ გამოგვიშვეს, თქვენი აქ ყოფნა აღარაა საჭირო, ყველაფერს ვაკონტროლებთო, და ამის მერე ერთი კვირა კიდევ ენთო ცეცხლი... სხვათა შორის, შოვში პირველი ფოტოები მე გადავიღე, ვიდეოებიც ჩემი იყო. სტიქიის შესახებ 3 აგვისტოს ღამით შევიტყვეთ და მეორე დილითვე გავეშურეთ, სამძებრო სამუშაოებში ვმონაწილეობდით. ამაშიც რელიეფის ცოდნა და გამოცდილება მეხმარებოდა. შოვში უმძიმესი სიტუაცია დაგვხვდა, როცა გრუნტზე გადადიხარ, იცი, რომ შენს ფეხქვეშ ადამიანი ცოცხლადაა დამარხული, საშინელებაა... ყინულის ფენა, კლდის ნაშალი, ხე, წყალი - ყველაფერი არეული იყო. ცხედრების ამოყვანას მხოლოდ მძიმე ტექნიკა თუ გაართმევდა თავს. შოვში ორი დღე დავყავით, როცა მივხვდით, რომ აზრი აღარ ჰქონდა, წამოვედით. ჩვენ გადარჩენილებს ვეძებდით - ასეთ დროს შეიძლება ადამიანი გაექცეს სტიქიას, ტყეში იყოს ან თუ სველია, მერე იწყება ორგანიზმის გაციება და ახლომახლო თუ ვინმე იყო ასეთი, მისთვის უნდა გვეშველა, თუმცა...

483105228-1918469352013658-6985483435568383343-n-1757886114.jpg

- თქვენს პერიოდულ "განდეგილობას" მეგობრები როგორ ეგუებიან?

- მათთვის ცოტათი გაუგებარია თბილისში სახლი გქონდეს და სოფელში წახვიდე. ჩემთვის კი მათი ცხოვრებაა ცოტა გაუგებარი. ტელევიზორსაც არ ვუყურებ, არ მაინტერესებს... ახლა ყველა პოლიტიკოსი, ექსპერტი და მორალისტია... ეს რომ დავინახე, ჩავეხსენი ყველაფერს, მივხვდი, აქეთ უფრო დიდია სამყარო.

მინდა გადავიღო ის, რასაც სხვა ვერ იღებს. არ ვეძებ, ვიღაცამ დამაფასოს, მივხვდი, ყველაზე მაგარი შენი თავის აღმოჩენაა, შენს თავში აღმოჩენილი უნარები და შესაძლებლობები. ჩემთვის მთავარი შეგრძნებებია, რომელიც ქალაქში ნაკლებადაა. ადამიანები მთელ ჯანმრთელობასა და რესურსს იმაში დებენ, რომ სიბერეში კომფორტულად იცხოვრონ. ჩემთვის კომფორტია დღევანდელ დღეს განვიცადო სიცოცხლე, ფიზიკურს არ ვგულისხმობ, თუნდაც დილის ან ყვავილის სურნელს რომ გრძნობ... ვეტყოდი ადამიანებს, მიხედონ თავიანთ სოფლებს, სახლ-კარს.

ადამიანს საარსებო სახსარიც სჭირდება, ხანდახან გამოჩნდება ხოლმე სამუშაო, ფიზიკურ სამუშაოს არ ვთაკილობ, მაგალითად, მშენებლობაზე ან სარემონტო სამუშაოებზე ვეხმარები ვინმეს. ადრე მაღალი შენობების მინებს ვწმენდდი, რაც გართობა უფრო იყო, ვიდრე სამუშაო. ჩემი შემოსავალი ისევ მოგზაურობასა და მთის აღჭურვილობა-აქსესუარებში იხარჯება. ჩემი საქმე არაა ქორწილებისა და ივენთების გადაღება, ფულის გამო ვერ გადავიღებ. მირჩევნია, ფიზიკური სამუშაო გამოჩნდეს და ვიმუშაო, ვიდრე ის ვაკეთო, რაც არაა ჩემი საქმე. ისე, ბევრ მოთხოვნილებას რომ ჩაიხსნი ადამიანი, ხარჯიც ნაკლები გექნება. დასვენება მაინცდამაინც არ მიყვარს, არა მაქვს კლუბებსა და ბარებში ან ზღვაზე დასვენების მოთხოვნილება. სინამდვილეში, ადამიანს ძალიან ცოტა რამ სჭირდება.