"სიყვარული ხან ტანჯავაა, ხან ბედნიერება... დღემდე ვერაფრით გავბედე სიყვარულის ახსნა. ძალიან საყვარელი ადამიანებისთვისაც კი არასდროს მითქვამს "მიყვარხარ!" პირველი სიყვარულის დასასრული მტკივნეული იყო"
"წინა რიგებში არასდროს გამოვჭიმულვარ. ყოველთვის უკან ვიდექი, გზას სხვას ვუთმობდი და ამით არაფერი წამიგია. ცხოვრებაში მეც ბევრი შეცდომა დავუშვი, მათ შორის - მტკივნეულიც"
"ახლა ვეღარაფერს გამოვასწორებ, გვიანია. ღმერთისგან, სამყაროსგან, ზოდიაქოსგან, არის რაღაცები, რაც შენ არ გეხება..."
"ადამიანმა საქმე თავგანწირვით, უშურველად უნდა აკეთო. მაშინ ყველაფერი გამოგივა. არ შეიძლება, საქმე ნახევარი გულით აკეთო"
"ჩვენთვის კი არ უნდა გვინდოდეს ქვეყანა, ჩვენი თავი უნდა გვინდოდეს ქვეყნისთვის", - ამბობს მსახიობი დავით დვალიშვილი. რა აშინებს, როცა საკუთარი ქვეყნის მომავალზე ფიქრობს, რა დროს იბნევა, რა არის მისი ყველაზე დიდი სისუსტე და რა ვერ გაბედა დღემდე? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.
- დაბადების თარიღი...
- 1948 წლის 1-ლი მაისი.
- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- მსახიობი. მაშინ ისეთი მისაბაძი და დიდი მსახიობები გვყავდნენ, მათ რომ ვუყურებდი, სხვა პროფესიაზე არც მიფიქრია.
- ჩემზე ამბობენ...
- კეთილი კაციაო.
- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...
- ალბათ სხვა პროფესიას ავირჩევდი. მთელი ცხოვრება ენთუზიაზმით ვიცხოვრე. ყოველთვის სხვაზე ვიყავი დამოკიდებული. ვფიქრობ, ინდივიდუალურ საქმეს არაფერი სჯობს. მსახიობი რეჟისორზეა დამოკიდებული, ჯგუფური ხელოვნებაა და ძალიან რთულია.
- ჩემი პირველი წარმატება...
- იყო ქუთაისის თეატრში, მაშინ 21- 22 წლის ბიჭი ვიყავი.
- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...
- მამას. თავის დროზე, როდესაც მსახიობობის სურვილი გამიჩნდა, ამ ამბავს სახლში ვერ ვამხელდი. მაშინ მიღებული იყო, მნიშვნელოვანი ნაბიჯები ოჯახთან უნდა შეგეთანხმებინა (ეს კარგი წესია). მამას ჩემი ჩანაფიქრი რომ გავანდე, მითხრა, შენ თუ ასე გინდა, ყველაფერში ხელს შეგიწყობო, მისი მადლობელი ვარ, რადგან მხარდაჭერა იმ ასკაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
- ბედნიერი ვარ, რომ...
- მყავს შვილები, შვილიშვილები, შვილთაშვილები.
- ჩემი სავიზიტო ბარათია...
- ოჯახი. ესაა ყველაზე დიდი სიძლიერეც. ჩემი შემოქმედების ყველაზე დიდი შემფასებლებიც ოჯახის წევრები არიან. ადამიანს უნდა ჰქონდეს უნარი, ჯანსაღი კრიტიკა მოისმინოს და მიიღოს.
- ოჯახის წევრებისგან ასეთი კრიტიკა მოგისმენიათ?
- ახლა იმდენად მაქებენ, კრიტიკა აღარ მესმის.
- ყოველთვის მაქვს სურვილი...
- ვიყო უფრო წარმატებული, ვიდრე დღეს ვარ.
- რომ არა მსახიობობა, ვინ იქნებოდა დღეს დავით დვალიშვილი?
- ტრაბახში ნუ ჩამითვლით, მაგრამ რა პროფესიაც არ უნდა ამერჩია, ალბათ, ყველაფერში წარმატებული ვიქნებოდი.
- თქვენი წარმატება სცენაზე და კინოში რამ განაპირობა, პასუხისმგებლობის გრძნობამ, საქმის სიყვარულმა თუ?
- ადამიანმა ხელი რა საქმესაც არ უნდა მოჰკიდო, თავგანწირვით, უშურველად უნდა აკეთო. მაშინ ყველაფერი გამოგივა. არ შეიძლება, საქმე ნახევარი გულით აკეთო, ბოლომდე უნდა დაიხარჯო.
- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...
- თავმდაბლობა. წინა რიგებში არასდროს გამოვჭიმულვარ. ყოველთვის უკან ვიდექი, გზას სხვას ვუთმობდი.
- თქვენს პროფესიაში ეს წამგებიანი არ არის?
- გულწრფელად გეტყვით, რომ ამით არაფერი წამიგია.
- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...
- ახლა ვეღარაფერს გამოვასწორებ, გვიანია. ღმერთისგან, სამყაროსგან, ზოდიაქოსგან, არის რაღაცები, რაც შენ არ გეხება. ზოდიაქოთი კურო ვარ.
- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...
- ცხოვრება. ისე, როგორც სხვებს, მეც ძალიან ბევრი შეცდომა მაქვს დაშვებული, მათ შორის - მტკივნეული შეცდომებიც.
- პატიება შემიძლია...
- ყოველთვის. ზოგჯერ პატიება შეცდომაც შეიძლება იყოს. როგორი გულნატკენიც არ უნდა ვიყო, მაინც ვპატიობ.
- დავიწყებაც შეგიძლიათ?
- არა, ეს რთულია, ადამიანი არაფერს ივიწყებს.
- როცა მომავალზე ვფიქრობ...
- მეშინია. ამ შემთხვევაში ქვეყნის მომავალს ვგულისხმობ.
- რა გაშინებთ?
- სოფელი დაცრიელდა, ქართველი ერი აღარ მრავლდება, 30 წელიწადში შეიძლება აღარც ვიყოთ. ამას ნაკლებად აქცევენ ყურადღებას, არადა, საგანგაშო მდგომარეობაა.
- ვიბნევი...
- როცა ვიღაც ტყუილს მეუბნება და ფიქრობს, რომ მატყუებს. ასე მოქცევა როგორ შეუძლიათ? ადამიანების უტიფრობა მაბნევს.
- ვნანობ...
- ინდივიდუალური პროფესია არ ავირჩიე.
- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...
- ჯანმრთელად.
- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...
- ბევრ რამეს, ალბათ ჩემი ყველაზე დიდი ნაკლი ეს არის. ამ დროს ძალიან პირდაპირი ვარ, სათქმელს მოურიდებლად ვამბობ და მერე ყველაზე მეტად ისევ მე მაწუხებს. ვფიქრობ, რატომ ვთქვი, რატომ გავაკეთე, ხომ შეიძლებოდა უფრო "რბილი" ფორმა მომეძებნა.
- მეზარება...
- დილით ადრე ადგომა.
- სიყვარული...
- ხან ტანჯავაა, ხან ბედნიერებაა, ხომ ამბობენ, რომ სიყვარული ღმერთია, ე.ი. სიყვარული ყველაფერია.
- პირველად რომ შემიყვარდა...
- ძალიან უბედური ვიყავი. არ ვიცი, ეს განცდა რატომ მქონდა. იმ დროში გოგო რომ შეგიყვარდებოდა, ახლოს არავინ არ უნდა გაკარებოდა, ცალმხრივი სიყვარული კი შარი იყო. ასეთი შარები ბევრი მქონდა. პირველი სიყვარულის დასასრული მტკივნეული იყო.
- მაკვირვებს...
- უკვე აღარაფერი. უმადურობა მაკვირვებდა, მგონი, ამასაც შევეჩვიე.
- ყოველთვის შეუძლია, კარგ ხასიათზე დამაყენოს...
- კარგმა სპექტაკლმა, შვილიშვილებმა.
- ვრისკავ...
- ნაკლებად. წინასწარ გათვლა და დაფიქრება მიყვარს. ასჯერ გაზომვის და ერთხელ გაჭრის მომხრე ვარ.
- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...
- არის სიმსუქნე.
- ვამაყობ...
- .ჩვენი სპორტით, ქართული კულტურით. ისეთი მონაპოვარი გვაქვს, ბევრი ერი რომ ინატრებდა, მაგრამ ჩვენ ვერ ვაფასებთ, როგორც საჭიროა.
- როცა საჯაროდ მაქებენ...
- მრცხვენია. გულის სიღრმეში არის სიხარულიც, მაგრამ ვწითლდები.
- ხშირად მსაყვედურობენ...
- ოჯახში სიფიცხის გამო. წამიერი ანთება და აფეთქება ვიცი.
- ვუფრთხილდები...
- არ მინდა, ვინმეს გული ვატკინო და ასეთ გაფრთხილებს სხვებისგანაც ვგრძნობ. ადამიანი როგორც ექცევა სხვებს, ისე ექცევიან მასაც.
- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...
- ჭკუა.
- ამ პასუხს არ ველოდი, დაწერაც მეუხერხულება.
- არა, არა, დაწერე. ჩემს ხასიათს, ჩემს თვისებებს ვგულისხმობ. მინდოდა, უფრო კარგი განათლება მიმეღო, ეგეც ვერ მოვახერხე.
- ვიტყუები...
- ხანდახან ისე, რომ 1 კვირა ჩემი ნათქვამი ტყუილის თავად მჯერა. ბოროტ ტყუილს არასდროს ვამბობ.
- პიროვნული თავისუფლება...
- პირველ რიგში წესრიგია, კანონის მორჩილებაა. ერთხელ ტელევიზორში მოვისმინე, ვიღაც ამბობდა, უკომპლექსო ადამიანი ვარო. უკომპლექსობა არ არის თავისუფლება, სულ სხვა შემთხვევასთან გვაქვს საქმე.
- როცა მარტო ვარ...
- ბევრს ვფიქრობ, საერთოდ ფიქრი ძალიან მიყვარს, დასკვნების გამოტანაც.
- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...
- ფული "ძალიან ბევრი" არასდროს არის. ჩემ გარშემო უამრავია ისეთი ადამიანი, ვისაც დახმარება სჭირდება და ყველას ხელს გავუწვდიდი. ფულის ხარჯვა მიყვარს.
- თქვენთვის რა სურვილს აისრულებდით?
- არ ვიცი, ფული არ არის ის, რითაც სურვილებს ისრულებენ.
- მენატრება...
- ერთიანი და თავისუფალი საქართველო.
- ბედისწერა...
- ჩემს ცხოვრებაში ყოფილა შემთხვევები, რამაც ბედისწერის არსებობაში დამარწმუნა.
- მაგალითად?
- ერთხელ საჭესთან ჩამეძინა, უეცრად ხელის კვრა ვიგრძენი, გამოვფხიზლდი და გადავრჩი. ეს რა იყო? მანქანაში მფარველი ანგელოზი იჯდა და გადამარჩინა.
- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...
- ასეთ დროს ალბათ მეგობრებთან საქეიფოდ წასვლა, გულის გადაყოლება საუკეთესო წამალია. იმ გამოუვალი მდგომარეობაზე დღეს რომ დიდი ამბავი, ჭირი და უბედურება გგონია, ძალიან გაფორიაქებს და მოსვენებას გიკარგავს, რამდენიმე დღის შემდეგ შეიძლება გაგეცინოს და მიხვდე, სანერვიულო სულაც არ ყოფილა.
- დღემდე ვერაფრით გავბედე...
- სიყვარულის ახსნა. ძალიან საყვარელი ადამიანებისთვისაც კი არასდროს მითქვამს "მიყვარხარ!"
- რა უცნაურია, ამას როგორ ახსნას უძებნით?
- როცა გამოხედვაა, სითბოა, საქციელია, იქ სიტყვების რახარუხი რაღა საჭიროა? ფილმებში გაიგონებ: "მე შენ მიყვარხარ!" იქვე პასუხი: "მეც მიყვარხარ!" მე ამაზე ვწითლდები, მრცხვენია. როცა შეგიძლია, ადამიანს ხელი ხელზე მოჰკიდო, ამით მგონია, რომ ყველაფერს ამბობ. ეს სიტყვა ჩემი შვილიშვილებისთვისაც კი არასდროს მითქვამს.
- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...
- დედაჩემმა მითხრა, "შვილო, ოჯახს არ ეღალატება", მისი ეს ფრაზა ჩემი ცხოვრების დევიზად ვაქციე.
- დაბოლოს გეტყვით...
- ხალხო, ჩვენი ქვეყანა მეტად უნდა გვიყვარდეს. ჩვენთვის კი არ უნდა გვინდოდეს ქვეყანა, ჩვენი თავი უნდა გვინდოდეს ქვეყნისთვის. ამის გააზრება და რეალობაში გადატანა, ამ ქვეყანას ბევრ პრობლემას მოაშორებდა. თითქოს რაც ვთქვი, ყველამ ვიცით, მაგრამ ქმედებებში არ ჩანს და ამაზე ვიფიქროთ!
თამუნა კვინიკაძე