"მითხრა, ლევან აბაშიძეზე ლექსი დავწერე და ამ ტექსტზე სიმღერა უნდა შეიქმნასო. მაშინ ლევანი ახალი გარდაცვლილი იყო" - უცნობი ამბები ცნობილი ჰიტების ლექსების ავტორზე
დოდო გვიშიანის ლექსებზე შექმნილი სიმღერები ყველა თაობის მსმენელისა და შემსრულებლისთვის საყვარელი ჰიტებია, თუმცა ავტორის
შესახებ, თითქმის არაფერია ცნობილი. "დავალ საყვარელ ქუჩემში და მიხარია", "მაღლა-მაღლა რომ დაფრინავ, ვარსკვლავი ხომ არა ხარ?!" "ლოდინის გზაზე სანთელივით სული მელევა", "რა მინდოდა, რა ტყუილად ვმღეროდი", "ზეცამ გიმრავლოს შვილები, როგორც ვარსკვლავნი ცისანი", "ომში წასულო ვაჟკაცო", "რატომ ციმციმებ ბედის ვარსკვლავო"... ეს მის ლექსებზე შექმნილი სიმღერების არასრული ჩამონათვალია.
თამარ გვიშიანი, დოდო გვიშიანის ძმის შვილიშვილი:
- ქალბატონი დოდო პაპაჩემის და გახლდათ, ის მრავალმხრივ ნიჭიერი ადამიანი იყო, გარდა იმისა, რომ საოცარ ლექსებს წერდა, იყო კოსმეტოლოგი, კარგად ხატავდა, ძერწავდა. მისთვის პოეზია სულიერი საზრდო იყო. როგორც ჩანს, ნაკლებად იყო სიცოცხლეში მონდომებული, საკუთარი თავის წარმოჩენაზე. პატარა რომ ვიყავი, ერთ დღეს პაპამ ოჯახი შეგვკრიბა, პირველ არხზე დოდოზე მომზადებული გადაცემა გადიოდა. იქ საუბარი იყო მასზე, როგორც პოეტზე, შემოქმედებით პიროვნებაზე, თურმე ლექსებსაც უძღვნიდნენ. როგორც ვიცი, ნახატების გამოფენაც ჰქონდა. ჩვენს ოჯახში დოდოს 3 კრებული ინახება. ძალიან ახლობლობდა ნანი ბრეგვაძესთან, ეთერ კაკულიასთან, ჟანეტა არჩვაძესთან დაქალობდა. დოდო გვიშიანი 91 წლის ასაკში, 2011 წელს გარდაიცვალა.
კეკელიძის ქუჩაზე ცხოვრობდა, სტუდენტობის დროს ხშირად ვსტუმრობდი, მასთან საუბარი მიყვარდა. ბოლოს ჭარბი წონის პრობლემა ჰქონდა, მეუბნებოდა, შენ მე ძალიან მგავხარ და იცოდე, წონაში არ მოიმატოო. მაშინ პატარა გოგო ვიყავი და მის გაფრთხილებას ბოლომდე ვერც ვიაზრებდი. გამორჩეულად მახსოვს ის დღეები, პაპასთან სოფელში რომ მოდიოდა. მათი შეხვედრები სპექტაკლი იყო. პაპა გორის რაიონის სოფელ ქვემო ხვითში ცხოვრობდა. 3 დედმამიშვილი იყვნენ, თბილისში დაბადებულები და გაზრდილები, მაგრამ დედულეთი გორში ჰქონდათ და ჩემი პაპა იქ დაფუძნდა. ქალბატონ დოდოს ამ სოფელში პაპასთან ერთად, მთელი ბავშვობა ჰქონდა გატარებული. შეხვედრების დროსაც იმდროინდელ ამბებს იხსენებდნენ, ერთმანეთს ლექსებით ეპაექრებოდნენ. კალამი პაპასაც უჭრიდა, უფრო იუმორისტულ სხარტულებს წერდა, თუმცა რამდენიმე ძალიან კარგი ლექსიც ჰქონდა დაწერილი.
ძალიან ვწუხვარ, ამ შეხვედრების არანაირი ჩანაწერი რომ არ მაქვს. პაპა დამიძახებდა ხოლმე, მოდი ჩემთან, აბა, ჩაიწერეო და სტროფებს მაწერინებდა. საბოლოოდ არაჩვეულებრივი ლექსი გამოდიოდა. ახლახან სოფელში რვეული ვიპოვე და ბევრი რამ ვეღარ ამოვიკითხე, გული მემტკინა.
- ქალბატონი დოდოს ოჯახზე რას გვეტყვით?
- დოდო გვიშიანის მეუღლე კარლო ჯორჯანელი, ცნობილი გერმანისტი, შტეფან ცვაიგის ერთ-ერთი პირველი მთარგმნელია. ვაჟი ჰყავდათ - რამაზი, რომელიც სამწუხაროდ რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. მეცნიერი გახლდათ, უნივერსიტეტში ჩემი ლექტორი იყო.
დოდო პაპიდა სოცოცხლის ბოლო წლებში ავადმყოფობდა, გარკვეული პერიოდი საწოლს მიჯაჭვულიც იყო. ჩაიკეტა, ადამიანებთან ნაკლებად ურთიერთობდა, არ უნდოდა, ასეთ მდგომარეობაში ვინმეს ენახა.
- მისი ნახატები სად ინახება?
- ბატონ კარლოს ძმა და ძმისშვილები ჰყავდა. სავარაუდოდ ნახატები და ბიბლიოთეკა მათ საკუთრებაშია.
- მასთან შინ რომ მიდიოდით, თქვენი საუბრებიდან გამორჩეულად რა გახსოვთ?
- ერთ-ერთი ბოლო საუბარი მახსოვს, მითხრა, ლექსი დავწერე ლევან აბაშიძეზე და ამ ტექსტზე სიმღერა უნდა შეიქმნასო. მაშინ ლევანი ახალი გარდაცვლილი იყო. "ომში წასულო ვაჟკაცო" მას მიუძღვნა.
- სხვა ლექსების შექმნის ისტორია ხომ არ იცით, მაგალითად, "ლოდინის გზაზე".
- როგორც მბობენ, ეს ლექსი დოდომ კომპოზიტორ ნოდარ გიგაურს თავად მიუტანა. დოდოს ლექსებზე ნუნუ გაბუნიას აქვს ბევრი სიმღერა შექმნილი.
დოდო გვიშიანზე სტატია "საქართველოს ქალში" დაიბეჭდა, მაშინდელ ლიტერატურულ გამოცემებში მისი ლექსები ხშირად ქვეყნდებოდა და პაპა იმ ჟურნალ-გაზეთებს საგულდაგულოდ ინახავდა.
სულ მიჩნდება კითხვა, რატომ არ ხდებოდა დოდო გურჩიანის პოპულარიზაცია? ასე მგონია, რომ საკუთარ თავს დიდ პოეტად არც მიიჩნევდა. ან კულისებში ყოფნას ამჯობინებდა, მაგრამ კარგად მახსოვს, როგორ უხაროდა ყველა სიმღერა, რომელიც მის ლექსებზე იქმნებოდა.
ძალიან პოპულარულია მისი "კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი", "მაღლა, მაღლა რომ დაფრინავ"... მის ბევრ სიმღერაზე გაკეთდა არანჟირება და თანამედროვე შემსრულებლებმა ახალი სიცოცხლე შესძინეს.
გადმოცემით ვიცი, ძალიან ბობოქარი, ახტაჯანა გოგო ყოფილა, ცხენით ჯირითი უყვარდა. ძალიან ლამაზი ქალბატონი იყო და თაყვანისმცემლების დიდი არმია ჰყავდა.
სულ მგონია, მის ცხოვრებაში ალბათ იყო პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი ამბები, სხვაგვარად ასეთი დონის პოეზია ვერ შეიქმნებოდა. ყველაფერი ხომ პირადი განცდებიდან მოდის.
დოდოს ერთი პორტრეტი გვაქვს, მაგრამ ვინ დახატა, ზუსტად არ ვიცით. ცნობილია, რომ ლადო გუდიაშვილთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა და არ არის გამორიცხული, რომ ავტორი ის იყოს.
"ძალიან უყვარდა თავის სამეგობრო, რომლებიც მის ტექსტებზე სიმღერებს მღეროდნენ"
დოდო ცინდელიანი, დოდო გვიშიანის მეგობარი: - დოდო სახის საოცარ ნიღბებს და მაზებს აკეთებდა და უამრავი მადლიერი მომხმარებელი ჰყავდა. მისი მეუღლე გერმანისტი იყო, ერთად იყვნენ გერმანიაში და იქ ისწავლა. გარდა იმისა, რომ უნიჭიერესი პიროვნება გახლდათ, იყო საოცრად კეთილი, ადამიანური, მხარში მდგომი...
დოდოს პირველი ლექსი, რომელიც ამღერდა "ბედის ვარსკვლავო" იყო, კომპოზიტორი ნუნუ გაბუნია გახლდათ, ნანი ბრეგვაძემ შეასრულა. ამ ამბით უზომოდ ამაყი და გახარებული იყო. მისი ნახატების და ნაძერწების გამოფენაც გაკეთდა, ძალიან ბევრი დამთვალიერებელი მოვიდა, დარბაზში მის ლექსებზე შექმნილი სიმღერები ჟღერდა, რამდენიმე ლექსი თავადაც წაიკითხა. ეთერ კაკულიამ იმღერა.
როგორც კი დროს გამონახავდა, მაგიდას მიუჯდებოდა და ლექსებს წერდა. ძალიან უყვარდა თავისი სამეგობრო, ის ადამიანები, რომლებიც მის ტექსტებზე სიმღერებს მღეროდნენ.
მხიარული, კარგი იუმორის მქონე ადამიანი იყო, ნეტავ ყველამ იცოდეს, როგორი კარგი იყო დოდო.
ავტომანქანა რომ იყიდა, პირველი ავჭალაში მცხოვრებ ნათესავებთან გაემგზავრა. მითხრა, ჩემთან მანქანაში დაჯდომის თუ გეშiნია, არ წავიდეთო. არა, რას ამბობ, შენთან არაფრის მეშინია-მეთქი და გავყევი. ერთ ადგილზე შევჩერდით, მანქანას ვეღარ ქოქავდა, მერე ვიღაც მოვიდა და მან ასწავლა. იცინოდა, მე მეგონა, გაფუჭდაო.
მერე მე სვანეთში წავედი, ერთმანეთს დავშორდით. წლების შემდეგ რომ გავიგე ცუდად იყო, სანახავად მივედი. ვეღარ მიცნო, გული მეტკინა.
წიგნისთვის ლექსების გადაწერა და შერჩევა რომ სჭირდებოდა, ამ საქმეს სულ მე ვუკეთებდი. როგორ ვნანობ, რომ ერთი ხელნაწერიც კი არ მაქვს შემორჩენილი.
თამუნა კვინიკაძე