„ზვარაკივით იწვა ქართულ მიწაზე მამა ანდრია და სახეზე ოდნავ შესამჩნევი ღიმილი შერჩენოდა“ - კვირის პალიტრა

„ზვარაკივით იწვა ქართულ მიწაზე მამა ანდრია და სახეზე ოდნავ შესამჩნევი ღიმილი შერჩენოდა“

1993 წლის 4 ივლისი. სოხუმთან ახლომდებარე სოფელი კამანი ცეცხლაშია გახვეული. ჰაერში დენთის სუნი ტრიალებს. ავის მომასწავებლად, ერთმანეთის მიყოლებით სკდება ჭურვები, ლამის ცაც დაფლითოს. ქალები და ბავშვები უკვე გაეყვანათ სამშვიდობოს. მრევლის ნაწილი და უმწეონი წმინდა იოანე ოქროპირის სახელობის ტაძარს აფარებენ თავს.

5 ივლისს, გამთენიისას, რუსულ-აფხაზურმა დაჯგუფებებმა ტაძარი ალყაში მოაქციეს და საშინელი წამებით ამოხოცეს ტაძარში შეკრებილი ადამიანები. მტრის ტყვიამ შეიწირა 27 წლის ბერი, ანდრია ყურაშვილიც, რომელსაც ისტორიამ უკვე უწოდა სახელი - გმირი ბერია ანდრია. ბერი, რომელმაც ღვთისა და სამშობლოს სიყვარულს საკუთარი სიცოცხლით უერთგულა.

მამა იოანე (ყურაშვილი), მამა ანდრია ყურაშვილის ძმა: "მამა ანდრია, ერისკაცობაში პაატა ყურაშვილი, იმერეთში, ბაღდათის რაიონში დაიბადა, ელგუჯა და ლამარა ყურაშვილების ოჯახში. დაღუპვამდე წელიწად-ნახევრით ადრე მოინათლა, სულ მალე, 1992 წელს, ბერადაც აღკვეცეს... მერე იყო სხალთა, სადაც ერთი წელი გაატარა მორჩილებითა და თავმდაბლობით...

მამა ანდრია მეუფე დანიელის სულიერი შვილი იყო. 1993 წელს მას ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია ჩააბარეს. სწორედ მისი კურთხევით ჩავიდა აფხაზეთში, სადაც იური ანუას სახსრებით აღდგენილ კამანის ტაძარში მიავლინეს ღვთისმსახურად.

მოგვიანებით გავიგე, სად მსახურობდა. მშობლებმა მთხოვეს, მომენახულებინა, თან უთვლიდნენ, იქნებ ცოტა ხნით ჩამოხვიდეო. ტაძარში რომ მივედი, სეფისკვერებსა და პურებს აცხობდა - მსახურებისთვის და თავშესაფარში მყოფი უმწეოებისთვის. გაუხარდა ჩემი დანახვა და არც მშობლების თხოვნაზე უთქვამს უარი, თქვა, თავადაც ვაპირებდი ჩამოსვლასო. ფეხსაცმელიც არ ჰქონდა - ძველი რეზინის ბოტები გადაჭრა, მეუფისგან კურთხევა აიღო და წამოვიდა.

მონატრებული ადგილები და ახლობლები მოინახულა, თითქოს ყველასა და ყველაფერს დაემშვიდობა და სამ დღეში წავიდა. მოასწრო, სამხედრო ვერტმფრენით ჩაფრენილა აფხაზეთში. არადა, მეუფის კურთხევით შეეძლო ერთი კვირა დარჩენილიყო".

განუწყვეტელი ლოცვისა და მარხვის კვალი სახეზეც დასტყობოდა, ერთიანად უბრწყინავდა. შინ მისული შვილის დანახვაზე დედამ გაოცება ვერ დამალა და მიამიტურად უთქვამს, როგორ სულ ქრისტეს დამსგავსებიხარ, შვილოო. მის სულს მხოლოდ უფალთან ყოფნა და საუბარი სურდა. უბრალოდ, სხვაგვარად ცხოვრება არ შეეძლო... ჰკითხეს თურმე, რატომ იმყოფები ასეთ ღვაწლშიო. ჯერ ორი წელიწადიც არ არის, რაც მოვინათლე, უფალი შევიმეცნე და ამ კურთხეულ გზას დავადექი. მანამდე დრო ტყუილად დავკარგე და ახლა უნდა ავინაზღაუროო, უთქვამს.

მამა იოანე: - მამა ანდრიას დაბრუნებიდან სულ რამდენიმე დღეში კამანში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მტერი სწორედ იქიდან გეგმავდა სოხუმის აღებას.

შეტევა გამთენიისას დაიწყეს. სოფელს, სვანურ დასახლებას, მხოლოდ ზაზა პაკელიანის ადგილობრივების 35-კაციანი რაზმი იცავდა. დილის 5 საათზე დაწყებული ბრძოლა საღამოს 4 საათამდე გაგრძელდა, მაგრამ რას გააწყობდნენ 1500-მდე კბილებამდე შეიარაღებულ მტერთან? ორი კაცი გაუშვიათ სოხუმში ამბის მისატანად, დანარჩენები ბრძოლაში დაიღუპნენ.

სასწაულებრივად გადარჩა იური ანუას ცოლ-შვილი - ზოია ადამია (ამჟამად დედა მარიამი) და მანანა ანუა. მათგან ვიცით, როგორ ვითარდებოდა მოვლენები. ღამით მამა ანდრიამ მრევლი სულიერად მოამზადა უფალთან შესახვედრად. "ვიმყოფებით ზღვარზე, შესაძლოა ნებისმიერ წამს წარვდგეთ უფლის წინაშე", - მიმართა სულიერ შვილებს. უკანასკნელად ჩაიბარა აღსარება და უკლებლივ აზიარა ტაძარში შეკრებილები. მხოლოდ ტაძარს შეხიზნული ხეიბარი ლექსო გაჯიუტებულა და უარი უთქვამს ზიარებაზე. ტაძარზე თავდასხმისას ის ყველაზე სასტიკი სიკვდილით მოკლეს: ჯერ მიჯრით ესროლეს, შემდეგ, უკვე მკვდარს, მთელი მჭიდი დააცალეს.

მოძღვარს წამითაც არ სცილდებოდა იური ანუა, რომელიც იმ ღამით შემოსა მამა ანდრიამ იპოდიაკვნის სტიქარით და სახელად გიორგი უწოდა.

გამთენიისას რუსული და აფხაზური დაჯგუფებები ტაძარს მიადგნენ. კარზე ბრახუნის ხმა გაისმა. იპოდიაკონმა მამა ანდრიას გახედა, მოძღვარმა თავი დაუქნია, ანიშნა, გააღეო. ვინ ხარო, უკითხავთ. აფხაზიო, - უთქვამს ამაყად. "მერედა, აფხაზს აქ რა გინდა?" - შესძახეს. კონდახის ცემით გაიყვანეს ტაძრიდან და ვასილისკოს წყაროსკენ მიმავალ გზას გაუყენეს. ჯერ გაუგონარი სისასტიკით აწამეს, შემდეგ ხეზე ჩამოკიდეს და დაცხრილეს.ჯერი მამა ანდრიაზეც მიდგა. ტაძრიდან გაიყვანეს და მშენებარე სენაკში დაჰკითხეს.

"ეს ღვთის მიწაა", - იყო ბერის პასუხი მკვლელის შეკითხვაზე. მან ამ საუკუნეებს გადააბიჯა და ომი და დაპირისპირება სულ სხვა, სულიერ განზომილებაში გადაიტანა, სადაც არც მტერია და არც გაყოფა.

"ვიცით, რომ მიწა ღვთისაა, მაგრამ ვის ეკუთვნის, ქართველებს თუ აფხაზებს?" - კითხვას აკონკრეტებს ბოევიკი.

"ქართული მიწაა", - 27 წლის ბერის ფოლადივით მტკიცე ხმა გონებას უბინდავს მკვლელს. როდესაც უთხრეს, რომ მოკლავდნენ, ჩაიმუხლა და ლოცვა დაიწყო. ამბობენ, მის მზერას ვერ გაუძლეს და უკნიდან, კეფაში ესროლესო. როგორც ღვთის კაცს შეჰფერის, გულაღმა დაეცა, მკვდარმაც არ მოუდრიკა თავი მტერს.

მამა იოანე: - შეტაკების დროს ქართველ მებრძოლებს ტაძრის სამრეკლოზე აუტანიათ ტყვიამფრქვევი და იქიდან ისროდნენ. ამიტომაც ჩათვალეს, რომ კავშირი ჰქონდა მეომრებთან. სინამდვილეში საბრძოლო ვითარებაში ჩართული არ ყოფილა. მისი იარაღი ჯვარი და ლოცვა იყო.

ცოტა ხნით ადრე მამა ანდრიას მშენებარე სენაკიდან იოანე ნათლისმცემლის დაზიანებული კარედის ხატი გამოუტანია. ხედავო, უთქვამს ჩაფიქრებულს მანანასთვის - სარკმლიდან შეჭრილი ტყვია უფლის წინამორბედის გამოსახულებას პირდაპირ თავის ქალაში მოხვედროდა.

"თქვენი მოძღვარი მოკლეს", - მახვილივით გაიარა დაჭრილების დასახმარებლად მისული მედპერსონალის სიტყვებმა ანუების გულში. მაშინვე გაქცეულან ტაძრის ეზოში. ზვარაკივით იწვა ქართულ მიწაზე მამა ანდრია და სახეზე ოდნავ შესამჩნევი ღიმილი შერჩენოდა.

მოწიწებით მოჰკიდეს ხელი ანუებმა მოძღვრის ჰაერივით მსუბუქ ნეშტს, აღსავლის კარის წინ დაასვენეს და ცისფერი გარდამოხსნა გადააფარეს. სამი დღის შემდეგ დაკრძალეს. სამი დღის განმავლობაში, როგორც ცოცხალს, ისე მოდიოდა ჭრილობიდან სისხლი, ერთიანად ალისფრად შეღება ცისფერი გარდამოხსნის სუდარა. ივლისის პაპანაქება სიცხეში ირგვლივ დახოცილთა სხეულები იხრწნებოდა, მამა ანდრიას სხეული კი უხრწნელი დარჩა.

მამა იოანე: - მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ სისხლი არ შედედებულა. შეფასება უფრო მაღალი იერარქების საქმეა, თუმცა სამედიცინო კანონებით, ეს იშვიათი მოვლენაა.

- მამა ანდრიას სასტიკმა მკვლელობამ ბევრი აფხაზი მეომარი დააფიქრა, განსაკუთრებით ერთი 19 წლის ბიჭი განიცდიდა...

- ეს იყო აფხაზი მეომარი, რომელიც იმ დღეებში მოინათლა. უთქვამს, ამ ომში კაცი არ მყავს მოკლული, მაგრამ მამა ანდრიას მკვლელს მოვკლავდიო. მაშინვე შეაჩერა მანანამ, ამას მამა ანდრია არ დაუშვებდაო. მესამე დღეს დაური ნაღმზე აფეთქდა. უფალმა მამა ანდრიას სიკვდილი არ გვაპატია, ამიტომაც წაიყვანა ჩვენ შორის ყველაზე სუფთაო, სინანულით უთქვამთ აფხაზებს.

მკვლელი მესამე დღეს ნაღმზე აფეთქდა. მან ხელი და ფეხი დაკარგა. როგორც მოგვიანებით გვითხრეს, რამდენიმე წლის წინ ისიც გარდაცვლილა.

მამა ანდრია მრავალშვილიან ოჯახში გაიზარდა. მის მშობლებს კიდევ რვა შვილი ჰყავდათ. მათგან ოთხი მამა ანდრიას არჩეულ გზას დაადგა - ორმა დამ და ნაბოლარა ძმამ მონაზვნობის გზა აირჩია. მამა იოანე მღვდელია და ბაღდათში, ზედა დიმის ტაძარში მსახურობს.

- მამა ანდრიას საფლავი დღემდე აფხაზეთშია. ყოფილხართ მის საფლავზე?

- აფხაზეთში ჩასვლის სურვილი უზომოდ დიდია, თუმცა მღვდლის შესამოსლით ამის მოხერხება შეუძლებელია. აფხაზური მხარე, განსაკუთრებით სამღვდელოება, ეწინააღმდეგება. რცხვენიათ, ალბათ, ჩადენილის.

- გადმოსვენებაზე არ გიფიქრიათ?

- ამის სურვილი მშობლებსაც არ გამოუთქვამთ. მამა ანდრიას ძალიან უყვარდა აფხაზეთი, იქ საქართველოსთვის წავიდა და, როდესაც სამშობლოს დასჭირდა, იქვე აღესრულა. მისი საფლავი აფხაზეთში უნდა დარჩეს. აფხაზეთი საქართველოა.

- მამა ანდრია ბაღდათის საკათედრო ტაძრის ფრესკაზეცაა გამოსახული, მისი კანონიზაციის საკითხიც ხომ არ დგას?

- ჯერჯერობით, შარავანდედის გარეშეა გამოსახული. მისი წმინდანად შერაცხვის საკითხიც დგას, თუმცა მეუფე ეკლესიის გადაწყვეტილებას ელოდება.

"მან კარგად იგრძნო წარმავლობის მთელი აბსურდულობა და ძალიან გააზრებულად მივიდა ბერობის გადაწყვეტილებამდე"

ცირა ყურაშვილი, მამა ანდრიას და: - მამა ანდრიას ხანმოკლე სასულიერო ცხოვრებამ და მოწამებრივმა აღსასრულმა უდიდესი გავლენა მოახდინა როგორც ჩემზე, ისე ჩემს ახლობლებზე, განსაზღვრა ჩემი შემოქმედებითი გზაც. წიგნი "ხიზნები კამანის მონასტერთან", საგანგებოდ მამა ანდრიაზე არ დამიწერია, თუმცა აერთიანებს იმ მოგონებებსა და ნაწარმოებებს, რომელთა შთამაგონებელი და იმპულსისმომცემი ჩემი ძმის სახე იყო. ამ წიგნში ნაჩვენებია ადამიანის არჩევანი გზაჯვარედინზე - ყოფითსა და მეტაფიზიკურს, წარმავალსა და მარადიულს შორის. ამის შემდეგ კიდევ ორი წიგნი გამოვაქვეყნე, სადაც ჩვენი ბავშვობაა აღწერილი, მრავალშვილიანი ოჯახის ტკბილ-მწარე ცხოვრება, უფრო პოეტური თვალით დანახული და მხატვრულ ენაზე გადმოტანილი, თუმცა რაციონალურიც.

ყველაფერი, რაც უკავშირდება მამა ანდრიას, ჩემთვის ძალიან ძვირფასი და მოსაფრთხილებელია. დროდადრო ვცდილობ მისი თვალით - სახარებისეული მიდგომებით - შევხედო მოვლენებს, ხოლო ადამიანურ ურთიერთობებში ყველაზე ფაქიზის და ჯანსაღის შენარჩუნებას, რაც ჩვენს აბურდულ დროში ძალიან მეხმარება მათი ავ-კარგის შეფასებაში.

ჩემმა დამ, მონაზონმა კასიანამ, მორჩილების პერიოდში, ოცი წლის წინ, შეაგროვა მოგონებები მამა ანდრიაზე და ის წიგნად მონასტერმა გამოსცა. წიგნის რედაქტორი რეზი თაბუკაშვილი იყო. მასში შევიდა როგორც ბაღდათელების მოგონებები, ასევე იმ სასულიერო პირებისაც, ვისაც შეხება ჰქონდა მამა ანდრიასთან. ნაცნობ-მეგობრები მის უკიდურესად ადამიანთმოყვარულ, თბილ და ჰუმანურ ხასიათზე საუბრობენ, სასულიერო პირები კი მკაცრ, ასკეტურ ხასიათზე ამახვილებენ ყურადღებას.

მე კი მახსოვს, პატარა როგორ კრეფდა ყვავილებს დედისთვის, ყმაწვილობისას არაერთი ბავშვი გადაარჩინა მდინარეში დახრჩობას, შემდეგ დიდობაში, როგორ მოაგებინა ორთაბრძოლა ჭიდაობაში თავის ნაცნობს იმ მოტივით, რომ გული არ დასწყვეტოდა. მან კარგად იგრძნო წარმავლობის მთელი აბსურდულობა და ძალიან გააზრებულად მივიდა ბერობის გადაწყვეტილებამდე.

მამა ანდრიას აღსრულების შემდეგ თბილისში, მეტროს ესკალატორზე ასვლისას, დავინახე ორი ქალი საპირისპირო, ჩამომავალი ხაზიდან. ერთს გაზეთი "კვირის პალიტრა" ეჭირა ხელში, გადაშლილი იმ გვერდზე, სადაც მამა ანდრიაზე ეწერა სტატია და ის ქალები იცრემლებოდნენ. მაშინ მივხვდი, რამდენად მნიშვნელოვანი იყო სხვებისთვის მამა ანდრიას ასეთი მოწამებრივი აღსასრული.

მამა ანდრია, დღეს, თანამდროვე საქართველოში ძალიან ცუდად იგრძნობდ თავს და უფრო მეტად გაუჩნდებოდა უდაბნოში მოღვაწეობის სურვილი, შორს ადამიანებისგან, მხოლოდ ღვთის თვალში ყოფნა.

შორენა მერკვილაძე