"ყველაფერი გლამურული ვერ იქნება" - პატარა, ბნელი ოფისიდან დაწყებული მაღალი მოდის ისტორია - როგორი იყო იტალიელი ბიჭის ცხოვრება პოდიუმს მიღმა
მოდის სამყაროში განსაკუთრებული ადგილი აქვს ჯორჯო არმანის, დიზაინერს, რომელმაც მილანი მსოფლიო მოდის დედაქალაქების რიცხვში შეიყვანა. მოდის ექსპერტები არმანის სამოსს აფასებენ არა მხოლოდ როგორც ტანსაცმელს, არამედ ცხოვრების სტილს, რომელიც ძლიერისა და სუსტის, ქალურობისა და მამაკაცურობის სინთეზია. დიზაინერის გარდაცვალებას გამოეხმაურა საერთაშორისო მედია, მოდის სამყარო, მსახიობები, კინემატოგრაფისტები. მისი შემოქმედებით აღფრთოვანებული ადამიანები არმანის ემშვიდობებიან, "კვირის პალიტრის" მკითხველს კი მოვუთხრობთ პოდიუმს მიღმა იტალიელი ბიჭის ცხოვრების შესახებ.
„ყველაფერი გლამურული ვერ იქნება“
1934 წლის 11 ივლისს იტალიის ქალაქ პიაჩენცაში დაიბადა ბიჭი, რომლის სახელიც მოდის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება. ეს ბიჭი ჯორჯო არმანი გახლდათ. საშუალო სოციალური ფენის იტალიური ოჯახისათვის ომის შემდგომი პერიოდი რთული აღმოჩნდა. პატარა ჯორჯოს ყველაზე ადრეული მოგონება შიმშილს უკავშირდება. ბავშვობაში საარტილერიო ჭურვების სიახლოვეს თამაშისას ერთი აფეთქდა და ჯორჯოს მეგობარი იმსხვერპლა, თავად კი მძიმე დამწვრობა მიიღო. მოგვიანებით იტალიელი დიზაინერი იტყვის: "ომმა მასწავლა ერთი რამ - ყველაფერი გლამურული ვერ იქნება".
1956 წელს არმანიმ უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტზე ჩააბარა, თუმცა მალევე მიხვდა, რომ ეს გზა მისთვის არ იყო. საბოლოოდ, სწავლას თავი დაანება და სამხედრო სამსახურში შევიდა, მალე სწრაფად მოჰბეზრდა და ახალი სამუშაოს ძებნა დაიწყო. მისდა გასახარად, მილანში უნივერსალურმა მაღაზია „La Rinascente“-მ აიყვანა ვიტრინების დეკორატორად. აქ მან თავი სწრაფად გამოიჩინა და დააწინაურეს. მრავალი დიზაინერი თავის ხელობას მოდის სკოლაში სწავლებით იწყებს, თუმცა არმანისთვის განათლება პირდაპირ მაღაზიაში დაიწყო. ის აკვირდებოდა, რა მოსწონდათ მომხმარებლებს და თავად მიდიოდა ქსოვილების შესაძენად. იმდენად გაიწაფა ქსოვილების არჩევაში, რომ ამ სფეროს ექსპერტიც კი გახდა და დაეუფლა კერვის ხელოვნებას. მალე გავლენიან მაღალი მოდის დიზაინერ ნინო ჩერუტისთან დაიწყო მუშაობა. რამდენიმე თვეში ჩერუტიმ სთხოვა, კომპანიას მუშაობის სტილში სიახლე შეეტანა. 1960-იან წლებში საშუალო ფენას მაღალი მოდის სამოსის შეძენა არ შეეძლო, თუმცა სურდათ საკუთარი, გამორჩეული იმიჯი ჰქონოდათ. არმანიმ ზუსტად ეს მიზანი დაისახა, რომ შექმნა ხელმისაწვდომი, თანაც გამორჩეული სამოსი მათთვის, ვინც ე.წ. ჰაუტე ცოუტურე-ს ვერ ყიდულობდა. მაღალხარისხიანი ქსოვილებით შექმნილმა სამოსმა შესაძლებელი გახადა მამაკაცებსაც მოერგოთ მათ ტანზე იდეალურად გამოჭრილი კოსტიუმები, რომელთა წარმოება მასობრივადაც შეიძლებოდა.

პატარა, ბნელი ოფისიდან დაწყებული მაღალი მოდის ისტორია
1966 წელს არმანი ახალგაზრდა არქიტექტორ სერჯიო გალეოტის შეხვდა. მალე გალეოტიმ საკუთარი პროფესია მიატოვა და ჯორჯოსთან, მოდის სფეროში გადაინაცვლა. გალეოტის ჯორჯოს შესაძლებლობების სჯეროდა და დაარწმუნა, რომ წამოეწყო საკუთარი საქმე. ბიზნესის მართვა გალეოტიმ ითავა, თავისი Volkswagen-ი გაყიდა, საწყისი კაპიტალი რომ ჰქონოდათ. მათი პირველი ოფისი პატარა და ბნელი იყო, თუმცა არმანის შემოქმედებამ მოდის სამყაროში ნამდვილი რევოლუცია მოახდინა - მან მამაკაცის ტანსაცმელს მეტი სიფაქიზე შესძინა, ხოლო ქალისას სიძლიერე და თავდაჯერებულობა. „მივხვდი, რომ მათ სჭირდებოდათ ისეთი ჩაცმის სტილი, რომელიც მამაკაცებისას გაუტოლდებოდა, რაღაც ისეთი, რაც მათ კარიერაში მეტ თავდაჯერებულობას და ღირსებას შემატებდა", - თქმა მან. არმანის ელეგანტური კოსტიუმები ქალებს არჩევანის საშუალებას აძლევდა - მძიმე და მოუხერხებელი კაბების ნაცვლად, რომლებსაც მათი დედები სამსახურში ატარებდნენ, ტანზე მორგებული მკაცრი კოსტიუმებით შეეცვალათ. არმანის ტანსაცმელში ქალურობა იგრძნობოდა და, იმავდროულად, თანასწორობის ძლიერი გზავნილიც იყო. 1978 წელს არმანიმ გააფორმა ხელშეკრულება ტანსაცმლის მწარმოებელ GFT-სთან, რაც დიზაინერს საშუალებას აძლევდა მასობრივად ეწარმოებინა მაღალი ხარისხის მზა ტანსაცმელი. მან კონტრაქტი გააფორმა საპროდიუსერო კომპანიასთანაც და რიჩარდ გირს ჩააცვა ფილმში "ამერიკელი ჟიგოლო". 1980 წლის ამ ფილმის თითქმის ყველა სცენაში გირის პერსონაჟი არმანის ტანსაცმელშია გამოწყობილი. ცხრა წლის განმავლობაში ის იქცა აშშ-ში ყველაზე წარმატებულ ევროპელ დიზაინერად. არმანიმ დაიწყო ბრენდის გაფართოება: მან დააარსა როგორც Armani Jeans, ისე Emporio Armani.

არმანი სხვა კომპანიებიდან ინვესტიციების მიღებაზე უარს აცხადებდა. მან თავად ააშენა კომპანია და აქცია იმ გლობალურ ბიზნესად, როგორიც არის დღეს, ამით კი შეინარჩუნა სრული კონტროლი როგორც ფინანსებზე, ასევე შემოქმედებაზე. შედეგად, პიაჩენცაში დაბადებული ბიჭი მულტიმილიარდერი გახდა.
2000 წელს ნიუ-იორკის გუგენჰაიმის მუზეუმში გაიმართა არმანის ნამუშევრების გამოფენა. ეს იყო უდიდესი აღიარება. თავის კარიერის განმავლობაში არმანის სახელს უამრავი საინტერესო ფაქტი უკავშირდება. არმანიმ გაწყვიტა კონტრაქტი ძალიან გამხდარ მოდელებთან. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ერთ-ერთი ანორექსიით გარდაიცვალა.
2010 წელს დუბაიში ბურჯ-ხალიფა გაიხსნა, რომლის ინტერიერის დიზაინზე არმანიმ იმუშავა. მისი კარიერის განმავლობაში არმანის სტილი ყოველთვის თანხვედრაში იყო საზოგადოებაში მიმდინარე ცვლილებებთან. ერთხელ ჟურნალისტს უთხრა: "არასდროს ვკმაყოფილდები, მოუსვენარი ადამიანი ვარ, ამიტომ არასდროს ვნებდები, სანამ არ მივაღწევ იმ შედეგს, რასაც საჭიროდ მივიჩნევ".
ჯორჯო არმანი მილანში, თავის სახლში, 2025 წლის 4 სექტემბერს 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. Forbes-ის მონაცემებით, მისი ქონება დაახლოებით 12.1 მილიარდ დოლარს შეადგენს. არმანის საჯარო პანაშვიდი მილანში, Armani/თეატრo-ში გაიმართა.
8 სექტემბერს, არმანის დაკრძალვის დღეს, მისი სახელობის ყველა მაღაზია, მათ შორის მილანშიც, ერთდღიანი გლოვის ნიშნად დაიხურა.