"ფრონტის ხაზზე ბევრი რამ გადავაფასე. შევიძინე ადამიანები, ვისთანაც სიცოცხლით ვალში ვარ"
უკრაინის თავდაცვის სისტემაში და ფრონტის ხაზზე მნიშვნელოვან ოპერაციებში მონაწილეობისთვის არაერთი ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის უკრაინის ეკლესიის და სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელ კირილ ბუდანოვისგან. სამ წელზე მეტია, რაც დემნა ჩიტიშვილი რუსეთ-უკრაინის ომში "ქართულ ლეგიონთან" ერთად იბრძვის. როგორც ამბობს, ამ ხნის განმავლობაში იყო ტკივილიც და სიხარულიც, გაჭირვებაც, უკან დახევისა და წინსვლის რთული გზებიც. ომმა ერთდროულად წაართვა და შემატა თანამებრძოლები, ნახა, რამდენად დიდი ძალაა ერთობა. "ერთად რომ არ ვყოფილიყავით, მტერი მარტივად დაგძლევდა", - ამბობს და საკუთარ თანამემამულეებს უკრაინიდან სთხოვს საქართველოს საკეთილდღეოდ გაერთიანებას.
- ერთიანობა მხოლოდ ფრონტზე კი არა, სამშობლოს სიყვარულშიც ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენი გაზეთის საშუალებით მინდა ვთხოვო ჩემი მიწის შვილებს, ნუ შეიძულებთ ერთმანეთს, იცოდეთ, მტერს ჩვენი გათითოკაცება უნდა. ჩვენ ერთმანეთისგან განსხვავებული ინდივიდები ვართ: აზროვნებით, რწმენით, მსოფლმხედველობით, მაგრამ ერთი რამ გვაერთიანებს - სამშობლო. "ძალა ერთობაშია" - ამაზე უკეთესი სტრატეგია და გამარჯვების ფორმულა არ არსებობს.
როდესაც რუსეთის უკრაინაში შეიჭრა, კიევის ცენტრიდან პრეზიდენტ ზელენსკის მიმართვა მოვისმინე, მისი სულისკვეთება ვიგრძენი და იმ წუთიდან გადავწყვიტე, რომ უკრაინაში უნდა გამეკეთებინა ის, რაც 2008 წლის აგვისტოს ომში ვერ მოვასწარი. მაშინ ერაყში ვიყავი სამშვიდობო მისიით. როგორც კი საქართველოში რუსეთის შემოჭრის ამბავი გავიგეთ, მაშინვე ჩამოვედით, მაგრამ ბრძოლაში ჩართვა ვეღარ მოვასწარით.
საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2005 წლიდან ვმსახურობდი, მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტროში გადავედი და იქ 2017 წლამდე დავყავი. შემდეგ საცხოვრებლად გერმანიაში გადავედი, თუმცა ყოველთვის მაწუხებდა იმის შეგრძნება, რომ მთავარ მტერთან ბრძოლის შესაძლებლობა ხელიდან გავუშვი. ბიჭები, რომლებიც 2008 წელს დაიღუპნენ, სიკვდილზე მიდიოდნენ იმ რწმენით, რომ მათი თავგანწირვა საქართველოს ერთიანობას მოიტანდა, მე კი ცოცხალი ვიყავი და საქართველოს მიწები ისევ რუსეთს ჰქონდა ოკუპირებული.
- როგორი იყო თქვენი მოლოდინი და რა დაგხვდათ უკრაინაში?
- მანამდე უკრაინაში არ ვყოფილვარ და უკრაინულიც არ ვიცოდი, არც გამართული რუსული. პირველად ლვოვში ჩავედი. ვიცოდი, რომ "ქართული ლეგიონი" მოხალისეებსა და წვევამდელებს იღებდა. მამუკა მამულაშვილს დავუკავშირდი, შევხვდი და მას შემდეგ "ქართული ლეგიონი" ჩემი ოჯახია.
ჩვენი ბრძოლა კიევის გათავისუფლების კამპანიით დაიწყო. ბიჭებს ჰოსტომელში უკვე ჰქონდათ მიღებული პირველი ცეცხლი, ჩემი გამოცდილება კი უფრო სამშვიდობო მისიებს უკავშირდებოდა, სადაც კონვენციური წესები მოქმედებდა, უკრაინაში კი სრულიად სხვა ვითარება დამხვდა, რუსისთვის არც წესი არსებობს და არც მორალი, რუსი ჯარისკაცი აკეთებს ყველაფერს, რაც აკრძალულია.
ყველაფერს თავად ვაწყობდით: კავშირს, მომარაგებას, კოორდინაციას. ხშირად გვიწევდა პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება და სწორედ ამ პროცესმა შეგვაჩვია სირთულეებს და გამოგვიმუშავა იმუნიტეტი.
- როდესაც პირველად დაგჭრეს, შეგეშინდათ?
- პირველ ჭრილობას ძლიერი ადრენალინი მოჰყვა, ჩემში გადარჩენის ინსტინქტი ამუშავდა - ლახტი დავიდე, ხელი დავაფიქსირე და მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ როგორმე იქიდან გამოვსულიყავი. ჩვენ მაშინ უკრაინელების კონტროლირებად ტერიტორიაზე არ ვიყავით, როგორმე უნდა გამოგვეღწია. იმ მომენტში ჩემ გვერდით აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად გამომიყვანეს. საარტილერიო და დრონებით დაბომბვა არ ჩერდებოდა, მიწა იძვროდა, მაგრამ მაინც არ მიმატოვეს. სწორედ ამას ვგულისხმობ, როდესაც ვამბობ ხოლმე, რომ ფრონტის ხაზზე ბევრი რამ გადავაფასე. შევიძინე ადამიანები, ვისთანაც სიცოცხლით ვალში ვარ.
- რა ოპერაცია იყო, შეგიძლიათ დეტალებზე ისაუბროთ?
- დონეცკის ოლქში, ტერიკონებზე ვიყავით, იმ ტერიტორიაზე, რომელიც 2014 წლიდან რუსების ხელში იყო. პოზიცია დავიკავეთ და გავამაგრეთ კიდეც, მაგრამ რუსებმა რეზერვები გადმოისროლეს და დრონებითა და არტილერიით შემოგვიტიეს. დაჭრილები ვიყავით, ზოგი მძიმედ, ზოგი მსუბუქად. სამწუხაროდ, ორი ძალიან მაგარი ქართველის, ბექა ლომაშვილისა და რამაზ ფეტელავას ცხედრების გამოტანა ვეღარ მოვახერხეთ.
- ახლა როგორია ომის დასრულებაზე ხალხისა და მებრძოლების მოლოდინი?
- ომი არავის უნდა. ყველას მშვიდ და წყნარ გარემოში ცხოვრება სურს, მაგრამ სამშობლოს დაცვის მოტივაცია ყველაზე ძლიერია. უკრაინა ახერხებს, რომ ომის პირობებშიც კი გაატაროს მნიშვნელოვანი Iრეფორმები არმიაში. ვგულისხმობ ძველი სისტემიდან ახალ მოდელზე გადასვლას და ახალ გამოწვევებთან ადაპტაციას. სრულფასოვანი რეფორმების შემდეგ უკრაინული ჯარი შეძლებს სერიოზული თავდაცვითი ზღუდის შექმნას.
წარმოადგენდე "ქართულ ლეგიონს", ნიშნავს, რომ ქართველი მებრძოლის სახე ხარ. რასაც აკეთებ, აისახება არა მხოლოდ შენზე, არამედ მთელ "ქართულ ლეგიონზე", "ქართული ლეგიონის" მოქმედება კი საქართველოსადმი უკრაინელი ხალხის დამოკიდებულებაზე აისახება. ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა, რადგან ჩვენ საქართველოს სახელს ვწერთ მსოფლიოს ისტორიაში.
უკრაინამ მოგვცა საშუალება, რომ ვიბრძოლოთ ჩვენი მთავარი მტრის, რუსების წინააღმდეგ. ამისთვის გვაძლევს იარაღს, ცოდნას, ფინანსურ, მაქსიმალურ მხარდაჭერას. ჩვენი ბიჭებისთვის სპეციალური კურსებია უკრაინული ენის შესასწავლად. პრეზიდენტმა და თავდაცვის მინისტრმა ძალიან ბევრი ქართველი მებრძოლი დააჯილდოვა. კიევში გაიხსნა "ქართული ლეგიონის" სახელობის სკვერიც. ეს საქართველოსა და ქართველი ხალხის აღიარებაა, იმის ნიშანი, რომ "ქართულმა ლეგიონმა" ღირსეულად წარადგინა საქართველო. ჯერ კიევში არ ყოფილა შემთხვევა, რომ ბატალიონის ან ბრიგადის სახელი სკვერს ან მოედანს დარქმეოდა. "ქართული ლეგიონი" გახდა პირველი სამხედრო დანაყოფი, რომლის სახელიც ქალაქის რუკაზე აღიბეჭდა. ეს ჩვენთვის უდიდესი პატივია, მით უმეტეს, რომ სკვერი ბუბა კიკაბიძის ქუჩაზეა.
- საქართველოში მიმდინარე პროცესებს როგორ აფასებთ?
- ძალიან მწყდება გული, ასე დაპირისპირებულ ქართველებს რომ ვხედავ. ხელისუფლება, იმის მაგივრად, სიტუაციის განმუხტვას ცდილობდეს, პოლარიზებას აღვივებს. ოპოზიციურ ელექტორატშიც დიდი არეულობაა. ბოლო პერიოდში არაერთი პრეტენზია გამოითქვა, ჯარისკაცები რატომ არიან ჩუმადო. მათი საქმე არ არის გზების დაკეტვა, მარშებზე სიარული, იმაზე ფიქრიც ეყოფათ, რომ რაღაც ფორმით შეინარჩუნონ ის, რაც აქვთ... მათ თქვეს თავიანთი სიტყვა, ხალხის წინააღმდეგ არ წავლენ და გაემიჯნენ ყველანაირ დარბევას. ჯარი თავის საქმეს აკეთებს, უნარჩუნებენ სახეს ჯარს, რომ ბოლომდე არ ჩამოიქცეს. ჯარისკაცმა თავისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა გადადო უკვე იმით, რომ იქ არის... შენ გამო, შენ ხარ მისი სამშობლო... ყველამ საკუთარ თავს ვკითხოთ, განა გადავდე ჩემი სიცოცხლე და ჯანმრთელობა ქვეყნისთვის მის მსგავსად?!
ხათუნა ბახტურიძე