სასიკვდილო განაჩენი "ბოროტების იმპერიისთვის" ანუ რა უნდა ისწავლოს დონალდ ტრამპმა რონალდ რეიგანისგან?! - კვირის პალიტრა

სასიკვდილო განაჩენი "ბოროტების იმპერიისთვის" ანუ რა უნდა ისწავლოს დონალდ ტრამპმა რონალდ რეიგანისგან?!

ამერიკულ ჟურნალ Foreign Affairs-ში გამოქვეყნებულია ვრცელი სტატია სათაურით „აშშ-ის მცდარი დიპლომატია რუსეთთან: რა შეიძლება ისწავლოს დონალდ ტრამპმა რონალდ რეიგანისაგან“ (ავტორი - სელესტა უოლანდერი, აშშ-ის უსაფრთხოების ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, პენსილვანიის უნივერსიტეტის ვაშინგტონის ფილიალის დირექტორი, თავდაცვის მინისტრის ექს-თანაშემწე). „პუტინის თვითმფრინავი რომ ანკორიჯში დაეშვა და მასპინძელმა სტუმარ კოლეგას მეფური დახვედრა მოუწყო, ამით კრემლმა აშკარად წარმატებას მიაღწია - გაარღვია საერთაშორისო იზოლაცია და მსოფლიოში ყველას, მათ შორის საკუთარ თანამოქალაქეებს აჩვენა, რომ რუსეთის პრეტენზიები საფუძვლიანია და არავინ ეჭვი არ უნდა შეიტანოს პრეზიდენტის მიერ გატარებულ პოლიტიკაში. დონალდ ტრამპმა ბევრი რამ უნდა ისწავლოს თავისი წინამორბედისაგან - რონალდ რეიგანისაგან, რომელმაც მიხეილ გორბაჩოვი დაამარცხა“, - ასეთია პუბლიკაციის დედააზრი.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

სახელმწიფოთა მეთაურების სამიტი აზარტულ თამაშს წარმოადგენს თავისი მაღალი ფსონებით, რომლებიც გამრღვევი გადაწყვეტილების მიღწევისთვის არის გამიზნული. ჩვეულებრივ, სამიტების შედეგებზე მსჯელობენ იმისდა მიხედვით, თუ რამდენად ხელი შეუწყეს საერთაშორისო რთული პრობლემების გადაწყვეტას. თუმცა ზოგჯერ სამიტების ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგები გამოიხატება იმითაც, თუ რა გავლენა მოახდინეს მათ შეხვედრის მონაწილე ლიდერთა ქვეყნების საშინაპოლიტიკურ ვითარებაზე და მისი ორივე (ან ერთ-ერთი) მონაწილის რეპუტაციაზე.

გასულ თვეში ალასკაზე გამართული რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრა სწორედ ასეთი სახისა იყო - სამიტმა გააძლიერა ვლადიმერ პუტინი, განამტკიცა მისი მმართველობა, შესაბამისად კი, ვადა გაუგრძელა საომარ მოქმედებებს უკრაინაში.

ალასკაზე ანკორიჯის სამიტი საკმაოდ ჰგავს შეხვედრას რეიკიავიკში (ისლანდიაში), აშშ-სა და სსრ კავშირის ხელმძღვანელებს - რონალდ რეიგანსა და მიხეილ გორბაჩოვს შორის, რომელიც 1986 წელს ჩატარდა. იმ დროსაც, როგორც ახლა, ამერიკელი ლიდერი შეხვდა თავის რუს (საბჭოთა) კოლეგას - ქვეყნის მეთაურს - სერიოზული საგარეოპოლიტიკური პრობლემის დასარეგულირებლად. 1986 წელს ამგვარ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენდა გამალებული შეიარაღების შეწყვეტა, ხოლო გასულ თვეში - საომარი მოქმედებების დასრულება უკრაინაში. ორივე შემთხვევაში სამიტები უშედეგოდ დასრულდა: ისლანდიურმა რანდევუმ წარუმატებლობა იმიტომ განიცადა, რომ რეიგანმა უარი თქვა შეეჩერებინა თავისი „სტრატეგიული თავდაცვითი ინიციატივის“ პროგრამა (რუსულ-ინგლისური აბრევიატურით СОИ-SDI), „ვარსკვლავურ ომებად“ წოდებული, რომელიც ითვალისწინებდა საბჭოთა ბირთვული რაკეტების განადგურებას კოსმოსში, მათი სტარტის შემდეგ. ალასკის სამიტიც ომის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის გარეშე დასრულდა.

რა თქმა უნდა, ორივე სამიტმა გავლენა მოახდინა თეთრ სახლზეც და კრემლზე, მაგრამ სხვადასხვანაირად. რაც შეეხება რეიკიავიკის სამიტის მნიშვნელობას მიხეილ გორბაჩოვისთვის, მან ნეგატიურად იმოქმედა საბჭოთა ლიდერის ავტორიტეტზე და დააჩქარა ქვეყნის დაშლა. გორბაჩოვი კრემლში დასუსტებული დაბრუნდა - არ აღმოაჩნდა რეიგანისადმი წინააღმდეგობის გაწევის უნარი და მისმა მომდევნო გადაწყვეტილებებმა საბჭოთა კავშირის დაღუპვის გზა გაკვალა. ვლადიმერ პუტინი კი ალასკის სამიტიდან გამარჯვებული გამოვიდა. ტრამპმა მას ანკორიჯში ხალიჩები გაუფინა და აღფრთოვანებული ლაპარაკობდა რუს კოლეგასთან „ფანტასტიკურ ურთიერთობაზე“. ფაქტი კი ისაა, რომ პუტინს არაფერი არ დაუთმია თავისი „ფანტასტიკური მეგობრისათვის“, ტრამპმა კი პასუხისმგებლობა ომის შეწყვეტაზე უკრაინელ ლიდერს დააკისრა.

ალასკის სამიტის წინ ვლადიმერ პუტინს ძლიერი ოპოზიცია არ ჰყოლია. მისი ამაღლებული განწყობა გასაგებია - რუსი ლიდერი გამარჯვებით ტკბებოდა: მან დონალდ ტრამპი თავის მხარეზე გადაიბირა. რუსული კვლევითი ორგანიზაციის - „ლავადა-ცენტრის“ მიერ აგვისტოს ბოლოს ჩატარებული კვლევის შედეგად გაირკვა, რომ რუსების 79% ალასკის სამიტს ვლადიმერ პუტინისათვის წარმატებულად თვლის, 51% კი აშშ-სთან ურთიერთობის გაუმჯობესების პერსპექტივას ოპტიმისტურად აფასებს. ანკორიჯის შეხვედრის შემდეგ რუსულ მასმედიაში გაჟღერებული შეფასება - „პუტინის დიპლომატიური ტრიუმფი“ - პრინციპში, სიცრუე და სიყალბე არ ყოფილა, რადგან რუსული მედია დასავლური კოლეგების რეპორტაჟებს და კომენტარებს ავრცელებდა, რომლებიც რუსი ლიდერის გამარჯვებას მოწმობდნენ.

ვლადიმერ პუტინი ძლიერია როგორც არასდროს, მას ახლა შეუძლია საომარი მოქმედება უკრაინის წინააღმდეგ იმდენ ხანს გააგრძელოს რამდენიც საჭირო იქნება გამარჯვებისათვის, კრემლის პირობებით.

სასიკვდილო განაჩენი იმპერიისათვის

როცა საბჭოთა კომპარტიის პოლიტბიურომ მიხეილ გორბაჩოვი გენერალურ მდივნად აირჩია, ქვეყანას რეფორმირება ჭირდებოდა. საბჭოთა არმია ავღანეთში იყო „გაჭედილი“: თვითონ გორბაჩოვი ავღანეთის ომს“ სისხლმდენ ჭრილობას უწოდებდა. არაკომპეტენტური ცენტრალიზებული დაგეგმვა ხელს უშლიდა სსრ კავშირში წარმოების ტემპების დაჩქარებას. აშშ-სთან დაძაბულობის განმუხტვას, რომელიც 1960-იანი წლების ბოლოდან 1970-ინი წლების დასასრულამდე გრძელდებოდა, გავლენა არ მიუხდენია სსრკ-ის ეკონომიკის მდგომარეობაზე. კორუფცია და დეფიციტი საყოველთაოდ იყო გავრცელებული.

მიხეილ გორბაჩოვი დაპირდა როგორც კონსერვატორ-რადიკალებს ანუ მკაცრი კურსის გატარების მოსურნეთ, ასევე რეფორმატორებს, რომ აღნიშნულ სერიოზულ პრობლემებს მოაგვარებდა, მაგრამ იგი არ აპირებდა საბჭოთა სისტემის საფუძვლების ძირეულ შეცვლას. ამის ნაცვლად მან თქვა, რომ მიაღწევს წარმოების ტემპების ზრდას და შეამცირებს რიგ არასწორ ხარჯებს. იგი შეეცადა საბჭოთა ელიტის დარწმუნებას, რომ კომპარტია ძველებურად ძლიერია და მას ქვეყნის მართვის უნარი აქვს. მან პარტიას ცენტრალიზებული მართვის ბერკეტები არ ჩამოართვა და ისე გადაწყვიტა ახალი რესურსები აემოქმედებინა - დასავლეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მიზნით, რაც საბჭოთა კავშირს შესაძლებლობას მისცემდა თავდაცვის ხარჯები შეემცირებინა და ეკონომიკის მოდერნიზება დაეჩქარებინა. ამ მიზნით მიხეილ გორბაჩოვმა პოლიტბიუროს სთხოვა მხარი დაეჭირათ აშშ-სთან მოლაპარაკებისთვის, ორივე მხარის სტრატეგიული ბირთვული იარაღის მარაგების შესამცირებლად.

საბჭოთა ელიტამ, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელობის ჩათვლით, დაეთანხმა მხარი დაეჭირა აშშ-სთან ასეთი ხელშეკრულების დადებას, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამერიკელები, ხელშეკრულების ჩარჩოებში, უარს იტყოდნენ „სტრატეგიულ თავდაცვით ინიციატივაზე“, ანუ „ვარსკვლავური ომების“ პროგრამაზე, რომელთანაც შეჯიბრს სსრ კავშირის ეკონომიკა ვერ გაუძლებდა. უშიშროების კომიტეტის ელიტა მიხეილ გორბაჩოვს აფრთხილებდა: სსრ კავშირსა და აშშ-ს შორის შემტევითი და თავდაცვითი შეიარაღების ბალანსი ვაშინგტონის სასარგებლოდ არ უნდა შეცვლილიყო.

საბჭოთა ლიდერი სწორედ ამიტომ გაემგზავრა ისლანდიაში - მას სურდა მთელი მსოფლიოსათვის და ურწმუნო თანაპარტიელებისათვის ეჩვენებინა, რომ შეუძლია გამალებული შეიარაღების შეჩერება და საბჭოთა ეკონომიკური ძალის აღდგენა, მისი ზრდისათვის პირობების შექმნით. მაგრამ მიხეილ გორბაჩოვმა ფიასკო განიცადა - თანაც ყველასათვის დასანახად, რომელიც ერთგვარ სანახაობად იქცა: მთელი მსოფლიო პირდაპირ ტელეეთერში უყურებდა, თუ როგორ თქვა უარი რონალდ რეიგანმა თავისი СОИ-SDI-ს პროგრამის გაუქმებაზე. მიხეილ გორბაჩოვი შინ ცარიელი ხელებით დაბრუნდა და როცა იგი კრემლში მივიდა, მას მოუწია თავი ემართლებინა პოლიტბიუროს გაღიზიანებული კონსერვატორი წევრების წინაშე... თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებიც სამხედრო ხარჯების შემცირებაზე თანხმდებოდნენ. მოკლედ, მიხეილ გორბაჩოვი რთული დილემის წინაშე დადგა - ერთნი შეიარაღების გაგრძელებას ითხოვდნენ, მეორენი - შემცირებას.

ასევე დაგაინტერესებთ: ჩარლი კირკის მკვლელობა: სამოქალაქო ომის საფრთხე აშშ-ში?! - "ამერიკელი მემარჯვენეები აცხადებენ, რომ შურს იძიებენ"

„დაბომბავ ჩემს ქარხანას? დავბომბავ შენს პარლამენტს": პუტინი ესკალაციაზე მიდის - როდის მიიღებს გადამწყვეტ ზომებს ტრამპი ან მიიღებს თუ არა საერთოდ?!

მთავარი გეოპოლიტიკური დილემა: ევროპული ჯარები თუ უსუსური დამკვირვებლები უკრაინაში - როგორ მისცემენ ამ ქვეყანას უსაფრთხოების გარანტიებს?!

The Daily Telegraph-ის სკანდალური სტატია: "ცირკი დასრულდა - პუტინმა ტრამპისაგან სწორედ ის მიიღო, რაც სურდა"

საბოლოოდ, სსრკ კომპარტიის გენერალურმა მდივანმა ფსონი დადო თავის ძირითად მხარდამჭერებზე რეფორმატორების ჯგუფიდან, საკუთარი ხელისუფლების შესანარჩუნებლად. 1987 წელს მიხეილ გორბაჩოვმა გადაწყვიტა ხელი მოეწერა რონალდ რეიგანთან საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის ხელშეკრულებაზე, თუმცა ამით ფაქტიურად აშშ-ის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა არ მცირდებოდა, ანუ ვაშინგტონი გარკვეულწილად მოგებული რჩებოდა. გორბაჩოვმა პოლიტბიუროელი კონსერვატორები გვერდზე გასწია და უფრო მეტად დაეყრდნო მრჩეველ-თანაშემწეებს და მოკავშირე რესპუბლიკებიდან ცენტრში სამუშაოდ გადაყვანილ ზოგიერთ ზომიერ პარტიულ ხელმძღვანელს - ისეთს, როგორიც, მაგალითად, ედუარდ შევარდნაძე იყო, სსრკ საგარეო საქმეთა მინისტრი.

მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში მიხეილ გორბაჩოვმა რიგი მასშტაბური ეკონომიკური და პოლიტიკური ცვლილებები განახორციელა, რომელთა მეშვეობით კერძო ბიზნესს განვითარების შესაძლებლობა მიეცა. გარდა ამისა, მეტი ავტონომიური უფლებები მიენიჭათ მოკავშირე რესპუბლიკებს, რუსეთის სფსრ-ის ჩათვლით. მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ ეკონომიკური ენერგია გამოეთავისუფლებინა და ქვეყანა წინ წასულიყო (რის შედეგადაც ოპონენტებს გენმდივან გორბაჩოვისთვის პრეტენზიების წაყენების შესაძლებლობა აღარ ექნებოდათ), გორბაჩოვისეულმა „პერესტროიკა“-„საჯაროობამ“ ძველი საბჭოური სისტემა კი დაანგრია, მაგრამ ქმედითუნარიანი ახალი სისტემა არ შეუქმნია. სასურსათო მაღაზიებში მოქალაქეთა რიგები უსაშველოდ გაიზარდა, საბჭოთა ქალაქებს „მშიერი ბუნტები“ აზანზარებდა, ხელფასების გადახდა კი ჭიანურდებოდა. იმატა ინფლაციამ...

სხვაგვარად რომ ვთქვათ, თავისი ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით მიხეილ გორბაჩოვმა დაანგრია ის სტრუქტურა, რომელმაც ძალაუფლება მისცა. შეასუსტა რა საბჭოთა პოლიტიკური კონტროლის ინსტრუმენტები, მან სივრცე გაუხსნა ეროვნული მოძრაობებისა და მათი ლიდერების გაძლიერებას მოკავშირე რესპუბლიკებში, მათ შორის საბჭოთა რუსეთშიც, ბორის ელცინის სახით. საბოლოოდ, ეროვნულმა მოძრაობებმა უკვე საკმაოდ ბზარებგაჩენილ სახელმწიფოს ბოლო მოუღეს: 1991 წლის დეკემბერში საბჭოთა კავშირმა, შექმნიდან 69 წლის შემდეგ, თავისი არსებობა შეწყვიტა.

დრო პუტინის სასარგებლოდ მუშაობს...

რა თქმა უნდა, ვლადიმერ პუტინის რუსეთი გორბაჩევისეული საბჭოთა კავშირი არ არის. კრემლში არ არსებობს შემაკავებელი ძალა კოლექტიური ხელმძღვანელობის სახით. პუტინი ანგარიშს არ აბარებს არც პოლიტბიუროს და არც რომელიმე ძველი „კაგებეს“ მსგავს ორგანოს. იგი თვითმპყრობელია და პირადად მართავს ავტორიტარულ სისტემას, რომელშიც თვითონ წარმოადგენს ხელისუფლების ერთადერთი წყაროს. სახელმწიფო ჩინოვნიკები და პრეზიდენტის გარემოცვის წევრი ბიზნესმენები სწორედ ვლადიმერ პუტინს უნდა უმადლოდნენ თავიანთ სტატუსს და სიმდიდრეს, ამიტომაც ისინი კრემლის ბინადარის მიმართ ლოიალურად არიან განწყობილნი და მხოლოდ მას ემსახურებიან. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პუტინი მოწყვლადი არ არის. რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდა ძლიერია, მაგრამ თუ საკმაოდ სერიოზული ეკონომიკური პრობლემები გაჩნდება, რუსული საზოგადოება გამოიღვიძებს. ამასთან, გაუგებარია, როგორი რეაქცია ექნება რუსულ ბიზნეს-ელიტასაც, თუ გარემოება აიძულებს პუტინს მათ ეკონომიკური პრივილეგიები წაართვას.

დღემდე პრეზიდენტი პუტინი ამ რისკებს კარგად უმკლავდებოდა. უკრაინასთან ომის მთელი დროის განმავლობაში რუსეთის ეკონომიკა, დასავლეთის მიერ გამოცხადებული მკაცრი სანქციებისა და ნეგატიური პროგნოზების მიუხედავად, არ დანგრეულა. ამის ნაცვლად რუსული ეკონომიკის კვალიფიციურმა და პროფესიონალმა ხელმძღვანელებმა შეძლეს წარმოების ტემპების 4%-იანი მატების შენარჩუნება (სამხედრო ხარჯების გაფართოების წყალობით). დასაქმება, მოხმარება და კრედიტუნარიანობა მაღალი რჩება, უმუშევრობა თითქმის არ არსებობს. ცხადია, ავტორიტარულ პოლიციურ სახელმწიფოში ძნელია საზოგადოებრივი აზრისა და განწყობების ზუსტად გაზომვა-გაგება, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ რუსეთში მოსახლეობის უკმაყოფილების არანაირი გარეგნული ნიშნები არ არსებობს, ანუ მთლიანობაში ვლადიმერ პუტინის ხელისუფლებას არაფერი ემუქრება.

და მაინც, ეკონომიკაში უარყოფითი სიმპტომები თანდათან აშკარა ხდება: ფართო სახელმწიფო ხარჯებმა ინფლაციის მატება გამოიწვია, რომელმაც 2024 წელს 10% შეადგინა, ხოლო მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით, უკვე 8%-ს აჭარბებს. საერთაშორისო სანქციებიც ნელ-ნელა ეკონომიკაზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს - იზღუდება ვაჭრობა, მცირდება ინვესტიციების მოცულობა და უახლესი ტექნოლოგიების დანერგვა, რაც ხელს უშლის წარმოების ზრდას. რუსეთს შეუძლია გააგრძელოს ნავთობ-გაზის ჩინეთისა და ინდოეთისათვის მიყიდვა, მაგრამ გლობალურ ბაზრებზე დაშვების უფლების შეზღუდვა იწვევს იმას, რომ კრემლი იძულებულია ენერგორესურსების ფასი დასწიოს, რაც შემოსავლებს ამცირებს. რუსეთის არმიას შეუძლია ბევრი ჯარისკაცი გაიწვიოს („დაიქირაოს“) კონტრაქტის საფუძველზე, მაგრამ ასეთი ნაბიჯები სახელმწიფოს სულ უფრო ძვირი უჯდება - რაც დროს გადის, კონტრაქტების ღირებულება მატულობს. გარდა ამისა, არმიაში ფულით გაწვევა, ერთი მხრივ, წარმოებაში სამუშაო ძალის ნაკლებობას იწვევს და, მეორე მხრივ, დიდთანხიანი კონტრაქტი ხელს უწყობს ინფლაციის გაღრმავებას. შეიძლება ითქვას, რომ პუტინზე ეკონომიკური ზეწოლა ნელა, მაგრამ პერმანენტულად ხორციელდება.

სამწუხაროდ, ალასკის სამიტზე მიღწეული წარმატება კრემლს ამ ზეწოლის განეიტრალებაში დაეხმარება. დიახ, მან ვერ მიიღო ტრამპის თანხმობა თავის თავდაპირველ მოთხოვნებზე და შეთავაზებულ კომერციულ გარიგებებზე (მაგალითად, რუსეთის სასარგებლო წიაღისეულის საბადოების ერთობლივ ექსპლოატაციაზე), მაგრამ რუსული ელიტისა და რიგითი რუსი მოქალაქეების თვალში ვლადიმერ პუტინი მაინც წარმატებულია: მან ის იზოლაცია გაარღვია, რომელშიც დასავლეთმა მოაქცია - ევროპისათვის სამწუხაროდ, კრემლის ბინადარის თვითმფრინავი დასავლეთის იმ ქვეყნის ტერიტორიაზე დაეშვა, რომელსაც რუსეთის წინააღმდეგ უამრავი სანქციები აქვს დაწესებული, ხოლო მასპინძელი სტუმარს მეფურ მიღებას უწყობს... პუტინმა გადაავადა და შეიძლება ითქვას, მთლიანად თავი აარიდა ახალ სანქციებს, რუსული ნავთობის ექსპორტის წინააღმდეგ მიმართულს. კრემლის ბინადარმა მსოფლიოს შეახსენა: მოსკოვი მტკიცედ იცავს თავის მოთხოვნებს, რომ უკრაინამ არამარტო ტერიტორიები დათმოს, არამედ შეზღუდოს თავისი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი.

სამიტი დაეხმარა ვლადიმერ პუტინს დააკანონოს მოსკოვის პრეტენზიები და საჩივრები, იმავდროულად კი იმ რუსებს, რომლებსაც ეჭვები ჰქონდათ „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზანშეწონილებაში, მისცა საფუძველი დარწმუნებულიყვნენ, რომ საომარი მოქმედების დაწყება სამართლიანი იყო. იდგა რა ჟურნალისტების წინაშე ანკორიჯში, წარწერის ფონზე „სწრაფვა მშვიდობისაკენ“, პუტინი ლაპარაკობდა რუსეთის „კანონიერ მოთხოვნებზე“, მის სურვილზე „ევროპაში უსაფრთხოების სამართლიანი ბალანსის“ დამყარებაზე, აგრეთვე „უკრაინაში საომარი მოქმედების დაწყების თავდაპირველი მიზეზების“ აღმოფხვრის აუცილებლობაზე. დონალდ ტრამპი კი არაფერს აკეთებდა, რომ პუტინის ასეთი რიტორიკა შეეჩერებინა. ისე ჩანდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დაეთანხმა რუსი კოლეგის მტკიცებას - მოსკოვს უნდა ჰქონდეს ხმის უფლება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გადაწყვეტაში და ამიტომ უნდა მონაწილეობდეს უსაფრთხოების იმ გარანტიების შემუშავებაში, რომლებსაც დასავლეთი კიევს პირდება. პუტინი სამშობლოში ისეთნაირად დაბრუნდა, რომ თავის თანამოქალაქეებს აჩვენა: „მე თავიდანვე მართალი ვიყავი, ამიტომ თქვენ არაფერში ეჭვი არ უნდა შეიტანოთ. დარწმუნებული იყავით, რომ თქვენთვის და თქვენი სახელით ყოველთვის გავიმარჯვებთ“.

პუტინისათვის უმაღლეს დონზე შეხვედრა არ იყო გამიზნული უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად. რუსეთის პრეზიდენტის მიზანს ყოველთვის წარმოადგენდა საერთაშორისო სისტემის დაქვემდებარება და ქვეყნის შიგნით ხელისუფლებაზე მონოპოლიის შენარჩუნება. 2014 წლის პირველივე მოვლენების შემდეგ კრემლის ბინადარმა გრძელვადიანი თამაში დაიწყო. იგი ყოველთვის თვლიდა, რომ დრო მის მხარეზეა და მის სასარგებლოდ მუშაობს. ალასკის სამიტმა მას კიდევ უფრო მეტი დრო მისცა და ძლიერი კოზირებით უზრუნველყო სამხედრო გამარჯვების მისაღწევად.

წყარო