ქართული ოცნება" ლევან ხაბეიშვილისგან გმირს ქმნის, მისგან ოპოზიციონერი ლიდერის იმიჯს ძერწავს" - სანდრო თვალჭრელიძის ანალიზი: რა არის ქართული პოლიტიკის მთავარი უბედურება?!
გასულ კვირას სუს-მა ერთსა და იმავე ბრიფინგზე გამოაცხადა ინფორმაცია "ქართული ოცნების" მთავრობაში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძისა და "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის დაკავებაზე. სუს-ს განცხადებაში არ მიუნიშნებია, რომ ამ ორ პირს ან საქმეს შორის რაიმე კავშირი არსებობს. ჯუანშერ ბურჭულაძეს 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ის დაკავებულია სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ფულის გათეთრების ბრალდებებით. სამართლებრივ ენაზე ეს ბრალდებებია "სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება" და "უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება". "თუ წარსულში კორუფციის კუთხით გადაცდომები იყო, ამას სჭირდება რეაგირება პირველ რიგში იმისთვის, რომ პრევენციის ეფექტი მივიღოთ. თუ არ არის ამის მაგალითები, ბუნებრივია, რჩება ცდუნება იმისა, რომ ვიღაცას ხელი წაუცდეს. რა თქმა უნდა, კორუფცია ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დამაზიანებელია. დამაზიანებელია ნებისმიერი სახელმწიფოსთვის და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ კორუფციის აღმოფხვრაზე მაქსიმალურად ვიზრუნოთ", - განაცხადა თავდაცვის ექსმინისტრის დაკავებაზე საუბრისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. სწორედ ამ თემაზე საუბრით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძესთან:
- ის, რაც მოხდა ჯუანშერ ბურჭულაძესთან დაკავშირებით, ჩემი შეფასებით, არის "ქართულ ოცნებაში" მიმდინარე დაპირისპირების, ანუ გავლენების ახლებური გადანაწილების შედეგი. გვარს არ დავასახელებ, მაგრამ მიხვდებით, ალბათ, ვისზეა ლაპარაკი. აღმასრულებელ შტოს ყოფილი პრემიერის გუნდისგან სრულად ათავისუფლებენ და ძალაუფლებაში მოდის მეორე ფრთა. ამ ორ ფრთას შორის უკვე მრავალი წელი მიდიოდა დაპირისპირება. როგორც ვხედავთ, ამ ეტაპზე კობახიძის გუნდმა მოახერხა წარმატების მოპოვება. მოკლედ, ეს არის შიდა ბრძოლები, ამ ორივე ფრთის პატრონი კი, ალბათ, ზის და ღიმილით ადევნებს თვალს მიმდინარე პროცესებს.
რაც შეეხება კობახიძის ნათქვამს, რომ კორუფციის ფაქტები მხოლოდ წარსულში ხდებოდა, ამის არ მჯერა. დარწმუნებული ვარ ამგვარი სქემებით ტენდერები დღესაც იმართება. უბრალოდ, დღეს ამას არ ახმაურებენ, მაგრამ მოვა დრო და ესეც გასაჯაროვდება, როდესაც გავლენების ახალი განაწილება დაიწყება ან ხელისუფლება შეიცვლება. უბრალოდ, ახლა ასე სჭირდებათ და ბურჭულაძის საქმე ამოატივტივეს.
სამწუხაროდ, უხისტესი კონტროლის გარეშე კორუფცია ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის იღებდა სისტემურ ხასიათს. ის ვერავინ ჩაკლა. მისი სრულად მოსპობა ვერსად მოხერხდა, მათ შორის წამყვან, ტრანსპარანტულ ქვეყნებში, თუმცა გააჩნია მასშტაბსაც. მიხეილ სააკაშვილმა მოახერხა ქვედა და საშუალო დონეზე კორუფციის გაქრობა, სამაგიეროდ, ხელი შეუწყო ელიტური კორუფციის სისტემად ქცევას. გავიხსენოთ ისიც, რომ ჯერჯერობით ყველანი საბჭოთა კავშირიდან მოვდივართ, რომელიც თავისი არსებობის ბოლო 30 წლის განმავლობაში კორუფციაში იხრჩობოდა.
- იმავე ბრიფინგზე, როდესაც სუს-მა გამოაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძის დაჭერის ამბავი, ასევე ილაპარაკეს ლევან ხაბეიშვილის დაკავების მიზეზზეც... როგორც სუს-ის მაღალჩინოსნის განცხადებიდან გაირკვა, ის დააკავეს იმის გამო, რომ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს 200 000 დოლარს საჯაროდ ჰპირდებოდა აქციების დარბევაში მონაწილეობაზე უარის შემთხვევაში. სუს-ის შეფასებით, "საქმე შეეხება ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯარო დაპირების ფაქტს".... ეს ვერ ჩაითვლება ნამდვილად ქრთამის მიცემის ფაქტად, ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, ხაბეიშვილის შეთავაზებაც სასაცილო იყო და დაკავების მოტივად გამოყენებაც.
- რაღა დაგიმალოთ და, მეც ასე მიმაჩნია... ჯერ ერთი, ქრთამს, როგორც წესი, ფარულად აძლევენ, ის კი მთელი ქვეყნის გასაგონად ყველა ეთერში გაჰკიოდა. გარდა ამისა, დავიანგარიშოთ, რას სთავაზობდა ხაბეიშვილი დამრბევებს: თითოს - 200 000 დოლარს. სულ ცოტა, 1000 კაცს მაინც ხომ უნდა ეთქვა დარბევაზე უარი, რომ ეს რეალურად ასახულიყო პროცესზე. გამოდის, სულ ცოტა, ნახევარი მილიონი ლარი უნდა გადაეხადა და სად აქვს ხაბეიშვილს ამხელა ფული? გამოდის, ეს პიტალო ტყუილია... მიუხედავად იმისა, რომ მე იურისტი არა ვარ, ჩემი აზრით, ეს ბრალდება იურიდიულად სრულიად გაუმართავი და გაუმართლებელია.
ისე ჩანს, რომ "ქართული ოცნება" ამგვარი აბსურდული ბრალდებით ხაბეიშვილისგან გმირს ქმნის და ვერ გამიგია, ეს რაში სჭირდება. მისგან ოპოზიციონერი ლიდერის იმიჯს ძერწავენ. რა ვიცი, შეიძლება არ სურთ, რომ ეს იმიჯი უფრო ჭკვიანი ადამიანისგან გამოიძერწოს. ჩემი აზრით, ეს აშკარად პროვოკაციას ჰგავს, როგორც ზოგიერთი ე.წ. ოპოზიციონერის რადიკალური განცხადებები სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაზე და ა.შ. ვინც ამას ამბობს, ან პირდაპირ "ქართულ ოცნებაზე" მუშაობენ, ან იდიოტები არიან.
არსებობს მოსაზრება, რომ ხელისუფლებას შეეშინდა ხაბეიშვილის მიერ დაქადნებული 4 ოქტომბრის აქციის. ოპოზიციაში ამის რესურსს ვერ ვხედავ, მით უმეტეს პარტიების ასეთი დაქსაქსულობის ფონზე... საზოგადოებაში არის უდიდესი უკმაყოფილება, მაგრამ ვერ ხერხდება მისი აკუმულირება. მთელი უბედურება ის არის, რომ ჩვენი საზოგადოება ალტერნატივას ვერ ხედავს.
კი ბატონო, გავუშვით "ქართული ოცნება", მერე რას ვშვრებით? - აი, ეს კითხვა აწუხებს ძალიან ბევრ ჩვენს მოქალაქეს.
ათასჯერ მაქვს ნათქვამი, რომ გამარჯვების მისაღწევად საჭიროა კონსოლიდაცია, მაგრამ ჩვენი ოპოზიცია ოპოზიციურ ფლანგზე ვერ იყოფს ადგილს და წარმოიდგინეთ, ძალაუფლების მიღების შემთხვევაში როგორ დაჭამენ ერთმანეთს. 2012 წელს ივანიშვილმა გამარჯვება სწორედ ოპოზიციის გაერთიანებით მოახერხა. ეს კონკრეტული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ჩემი აზრით, ყველაზე ნაკლებად აქტიური იქნება. ელექტორატის დიდი ნაწილი არ მივა საარჩევნო ურნებთან. სამწუხაროდ, ამის აზრს ვერ ხედავენ.
ასევე დაგაინტერესებთ: "საქართველოში ძალიან სახიფათო პროცესი იწყება, რომელმაც შესაძლოა, ქვეყანა გადაიყოლოს" - ვახტანგ ძაბირაძის პროგნოზი: მძიმე შემოდგომის მოლოდინში?!
მიმაჩნია, რომ ოპოზიციას არჩევნებში სრულფასოვნად უნდა მიეღო მონაწილეობა, მაგრამ რადგან ამაზე შეთანხმება ვერ მოხერხდება, საჭირო იყო ერთიანობის შენარჩუნება და ბოიკოტი ყველას უნდა გამოეცხადებინა. ძალა ერთობაშიაო, ძველი ქართული ნათქვამია, თუმცა საქართველოში დაქსაქსვა უკეთ გამოგვდის, ვიდრე ერთიანობა. ოპოზიციაში არ ჩანს ფიგურა, რომლის გარშემოც ყველა გაერთიანდებოდა.
გადავხედოთ ჩვენს უახლეს ისტორიას: ჯერ ხალხი გაერთიანდა ზვიად გამსახურდიას ირგვლივ და გადააგდეს კომუნისტები, შემდეგ ედუარდ შევარდნაძის, მერე მიხეილ სააკაშვილის და ბოლოს ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ. ხალხი მხარს უჭერდა ძლიერ ფიგურას, რომელსაც ყელში ამოსული სისტემის ალტერნატივად მიიჩნევდა. დღეს ასეთი ფიგურა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში არ ჩანს.
ვიდრე ოპოზიციის გამაერთიანებელი ფიგურა არ გამოჩნდება, მე ასეთი დაქსაქსული ოპოზიციის გამარჯვების, არც არჩევნებით და არც მშვიდობიანი რევოლუციით, არ მჯერა. საჭიროა ახალი მიზიდულობის ცენტრი...
თავის დროზე ამგვარ გამაერთიანებელ ფიგურად ქცევის შანსი ჰქონდა მამუკა ხაზარაძეს, "ნაციონალურ მოძრაობასთან" ალიანსში რომ არ შესულიყო და მათსავით არ დაეწყო ლაპარაკი, შემდგომ თავის შეცდომას კი მიხვდა და პოზიციის შეცვლა სცადა, მაგრამ უკვე გვიანი იყო...